ფეხშიშველს ყველა კენჭი უნდა ეგრძნო და სტკენოდა! - კვირის პალიტრა

ფეხშიშველს ყველა კენჭი უნდა ეგრძნო და სტკენოდა!

ფილმი "თეთრი ქარავანი" განსაკუთრებით უყვარდა... მარტო იმიტომ არა, რომ თავად მერაბ ელიოზიშვილმა ითამაშა ბალთას როლი, არც იმიტომ, რომ სცენარი იყო მისი... თითქოს ამ ფილმმა გულისგულში გაიარა.

ფილმის გადაღებისას მოხუც მოხევეებთან - სოლომონ და ტასო ალიბეგაშვილებთან იყვნენ ბინად. "სოლომონი ძველი, მოვლილი კაცი იყო - რუსეთ-იაპონიის ომში ვიყავი შორეულში, კუროპატკინის ძროხას ვაძოვებდიო, - სამოცი წლის ამბავს იხსენებდა მჭედელი, ასაკ-მიუხედავად გამრჯე, მშრომელი კაცი. სხვასაც ბევრს მიამბობდა, ზოგს საოხუნჯოს, ზოგსაც სახათაბალო-სათავგადასავლოს", - წერდა მერაბ ელიოზიშვილი. იმათი მოხეურ კილოზე მოყოლილი ამბები უყვარდა... მშრომელ გლეხთან ჩამოჯდომა და მისი მოსმენა მიწაზე ფეხშველ გავლას ჰგავს: საკუთარ კანზე გრძნობ მამულის მიწის სითბოსა და კენჭ-ხიწვებს...

ფეხშველი ისე ვერ გაივლი, სადღაც არ გეტკინოს. ეს ტკივილი კიდევ უფრო აყვარებდა "თეთრ ქარავანსაც" და საქართველოსაც. ტასო უყვებოდა: ჩემი ძმა მარტია მეცხვარე და საქმეზე თავგადაკლული ოცდასამი წლის ბიჭი იყოო, გასაბჭოების შემდეგ ცხვრის ჩამოსართმევად ამოსულან თბილისიდან, თითო-თითოდ დაუწყიათ ცხვრის დათვლა. "სიცივესა და უბალახობაში მოქუჩებულ გერგეთის კალთებზეც, თერგგამოღმა, ყუროს მხარესაც, გათვლას ელოდებიან კინკილ-კინკილ. ძლივსღა უდგას ცხვარს სული. მწყემსები ორმაგად იტანჯებიან. ცალკე ცხვრის შიმშილით, სიცივითა და დაცემით, ცალკე დღედაღამ თოვლში გათოშვით - აღარ შემიძლია, დაო ტასიკო, მე ამის ცქერა, ან მოვკლავ მაგ უსინდისოს, ან მოვეკვლევინებიო..." მართლაც გასულა და ალიყური უჭმევია იმ მაღალჩინოსნისთვის. მერე, ცხადია, აღარ დაედგომებოდა სამშობლოში და ტყე-ტყე გადასულა უცხოეთში...

საბჭოთა მთავრობა კი "ითვლიდა". ჯერ კოლექტივიზაციისათვის, მერე საკუთარი კოლექტიური ქონების დასაცავად. მღრღნელები ბლომად ჰყავდა, ბეღლიდანაც უანგარიშოდ იპარავდნენ, მაგრამ გლეხისას მაინც ითვლიდა.

იჯდა მერაბ ელიოზიშვილი გადაღებასა და გადაღებას შორის თავის მასპინძლებთან და მწყურვალივით ითხოვდა კიდევ და კიდევ მოეყოლათ. თითქოს ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ხელიდან ეცლებოდა ასეთი მომყოლები... ცოტავდებოდნენ, გადასხვაფერებისკენ მიდიოდნენ... ქალაქისაკენ მიმავალ გზას მეტი და მეტი ადამიანი ადგებოდა, ესენი კი - დამრჩენები, განა რამდენ ხანს გაუძლებდნენ სამშობლოს სადარდელის მხრებით ზიდვას...

ფეხშველა სიარული უჭირდა, მაგრამ გადაღებას დასჭირდა და... გული ისე ჰქონდა გაგლეჯილი, ესიამოვნა კიდეც მზით გახურებულ მიწაზე რომ დაეწვა ფეხისგულები. ყველა კენჭი უნდა ეგრძნო და სტკენოდა! მერე კამკამა "დაბურღულ" წყალს შეუშვირა ტერფები: ახლა სიცივემ დაუარა სხეულში... სისხლძარღვებს მიჰყვა და კანის ყველა უჯრედი მოიცვა. ასე ნამდვილი არასოდეს ყოფილა: ასე ტკივილით არასოდეს ჰყვარებია!

სიცოცხლის ბოლომდე ცრემლი ადგებოდა თვალზე "თეთრი ქარავნის" ხსენებისას. სწორედ ამ ნამდვილობის გამოისობით.

"ვინ მოსთვლის, რამდენჯერ დაითვალა ასე თითო-თითოდ  ცხვარიც, მეცხვარეც უნდობლობის ფარზე, დაითვალა, გაითვალა და მატების მაგივრად იკლო. იკლო უნდობლობით, ძალადობით... წახდა კაცი, წახდა ბარაქა, დაქარიანდა ბეღელი...

- თუშური ცხვარი რა იქნა, მაგისი გადაშენება შეიძლებოდაო, განა?! - ვიტყვით, როცა მოგვშივდება...

- ის იმერული, მართლა მომგებიანი, სამ-ოთხ ბატკნიანი მართლა საქურქე ცხვარი რა იქნაო?! - წამოვიყვირებთ, როცა შეგვცივა.

- ქიზიყური კამეჩი რა გვექნა, ხევსურული ძროხაო?! - ვიძახით და ხევსური რა გვექნაო, განა ვიკითხავთ?! ის იმერი რა იქნაო, გმირი, ზრდილი?! - განა ვიტყვით, - ლომგული კახი, დიდიც და პატარაც... ქარცეცხლში ვატარებთ ყველას, ჩვენს გარდა. მოხევე თერგს შესდევს ორჯონიკიძეში, ხევსურნი დაბლა ვიფრინეთ, თუშიღა თუშობს ცოტას სავაჟაოში და განა მოვიკითხავთ", - ჯერ კიდევ ახალგაზრდას უკვნესოდა გული.

აგე, რამდენი წელი გასულა... ახლა თუშებსაც შავი დღე დაადგათ, ისინიც ჩამოიწრიტნენ ბარად. ცხვარი საერთოდ აღარ არის: ჯიში რა მოსაკითხია, თვალის მოსაკვრელადაც გაიშვიათებულია... მოხუცებიც დაილივნენ, ამბის მომტანები და მომყოლები თითო-ოროლაღა დარჩა. ამის მნახველი და გამგონებელი მერაბ ელიოზიშვილი - უკვე 77 წლისა, თავის გულს ასკდებოდა, აღარ იცოდა, როგორ დაეცა ზარი, რომ მის ნათქვამზე კვნესა ამოეყოლებინათ ქართველებს, ერთმანეთი მოეკითხათ: ისევ დგახარ თუ უკვე აღარაო... 18 ივნისს 78 წლისა შესრულდებოდა.

დღეს მას ინახავს მიწა, რომელზეც, ღმერთმა ნუ ქნას, არ დადგეს ქართველი, ფეხშველი ტერფები არ შეახოს და მისგან ამომავალ წყალს გავარვარებული შუბლი არ შეუშვიროს...