"ჩემთან რომ ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა" - კვირის პალიტრა

"ჩემთან რომ ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა"

გადაღებაზე იზა ყავარჯნებით იდგა. როცა დავიძახებდი, - "მოტორ!" გაუშვებდა ყავარჯნებს ხელს და იყო ჩვეულებრივი იზა...

"გადავწყვიტე, ბრძოლაში ჩავერთო..."

"ხრუშჩოვის შეურაცხყოფისთვის სკოლიდან გამრიცხეს"

სახლი, რომელიც უნდა აეშენებინა - ააშენა... მერე რა, რომ ბინა, სადაც ცხოვრობს, მოკრძალებულია, კედლებზე მთელი ის საუნჯეა თავმოყრილი, რაც შექმნა, რაც უფალმა არგუნა: დიდი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... მერე როლები, კადრები მეუღლის - იზა გიგოშვილის შემოქმედებიდან. აქვეა შვილების შემოქმედების ამსახველი კადრებიც, მათი წარმატებების მატიანეც... აქ იკითხება ის დღეებიც, რომლებიც სამეფო უბნის თეატრის მშენებლობას შეალია... ცხადია, ოჯახთან ერთად, რადგან მერაბ თავაძე არასოდეს ყოფილა მარტო...

ჩემი დილა

უფროსი ძმა მყავდა, რომელიც დაიღუპა, სხვა დედმამიშვილი არ მყოლია...

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით მათემატიკას, მაგრამ... ხრუშჩოვის შეურაცხყოფისთვის სკოლიდან გამრიცხეს. დღეს რომ ჩემგან ინტერვიუს იღებთ, იმ მგლის ბილეთის დამსახურებაა... რომ არა ის, ხელოვნებაში არ წავიდოდი. ვიქნებოდი კარგი ინჟინერი, მაგრამ... მგლის ბილეთით ან თეატრალურში უნდა შევსულიყავი, ან უცხო ენათა ინსტიტუტში. თეატრალური ვარჩიე. "ზღვის ბილიკს" იღებდნენ და ამირჩიეს, როგორც ცურვის მცოდნე სტუდენტი. ამ ფილმში შევხვდი ბატონ სერგო ზაქარიაძეს. იმას, რაც ბატონმა სერგომ მასწავლა, ვერც ერთ ინსტიტუტში ვერ ისწავლი. ვნახე, რეზო ჩხეიძესთან და სულიკო ჟღენტთან ერთად "ჯარისკაცის მამის" სცენარს როგორ ამუშავებდა, ამან სხვა თვალით შემახედა მსახიობის პროფესიას.

ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი... ალბათ გახსოვთ "თოჯინები იცინიან". იცით, რა ბიჭები მოვიდნენ გადაღებაზე გასასინჯად? ვფიქრობდი, ამათ მერე ვინ ამირჩევს-მეთქი!.. "თოჯინები იცინიან" როგორ დამამახსოვრდა? თავიდან მრცხვენოდა, პლეხანოველი გახლდით, სხვანაირი მენტალიტეტი გვქონდა. ვიოლინოზე სიარულს თავი მარტო იმიტომ დავანებე, რომ ფუტლარი არ მეტარებინა. ახლა ძალიან ვნანობ! დედიკოს ბიჭი არასოდეს ვყოფილვარ, ძალ-ღონე არ მაკლდა, ვჩხუბობდი კიდეც. ფილმში კი - დედიკო, ბებიკო, მამიკო... მაშინ მეგონა, სირცხვილი იყო ასეთი როლის თამაში. მერე ეს უხერხულობა გაქრა.

ინსტიტუტის შემდეგ რუსთაველის თეატრში მოვხვდი. იდგმებოდა მიხეილ თუმანიშვილის "ფედრა". მე და ბადრი კობახიძე სცენაზე ვდგებოდით და იწყებოდა მონოლოგი. მოკლე ქიტონი მეცვა, პრაქტიკულად შიშველი ვიყავი. წინა რიგები გავსებული იყო გოგონებით, თვალს არ მაშორებდნენ. მერე ყოველ სპექტაკლზე სულ ამ რიგებს ვაკვირდებოდი - ერთი და იგივე გოგოები მოდიოდენ, ვბრაზობდი... იცინოდნენ: თავაძეს თავისი მაყურებელი ჰყავსო...

ჩემი შუადღე

მე და ჩემი პირველი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით... მერე იზა გიგოშვილი, ჩემი იზო გახდა ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი. ის თეატრით ცხოვრობდა. ამიტომაც გადავდე თავი და თეატრი შევქმენი. მისთვის მინდოდა ყველაფერი...  40 წელი ვიყავით ერთად.

იზა ძალიან პირდაპირი იყო, ეს უშლიდა კიდეც ცხოვრებაში ხელს. თავდადებული და დიდი პროფესიონალი გახლდათ. როგორ ახერხებდა, რომ ოჯახი მისთვის ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს თეატრშიც მაქსიმალურად დახარჯულიყო, არ ვიცი.

ვითამაშე კინოში, თეატრში ბევრი მთავარი როლი შევასრულე, მაგრამ იერუსალიმი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო. დღეს იქ წასვლა იოლია, მაშინ ეს რა იყო, იცით? ყველას ვუხსნიდი: წარმოიდგინეთ, ეს არის ჩვენი წინაპრების პილიგრიმული გზა-მეთქი,  ვერ იგებდნენ, რატომ მივდიოდით მაინცდამაინც ფეხით. იზას სურვილი იყო, რომ ფეხით წასულიყო. პატრიარქმა დაგვლოცა და  გვითხრა: უნდა იცოდე პატიება, შეიძლება ადამიანი შეცდეს, მაგრამ უნდა მიუტევოო...

1993 წელს მახსოვს ბნელი ღამეები, თოვლი... თეატრი გაჩერებული იყო, მოვაგროვე მსახიობები სხვადასხვა თეატრიდან და გერმანიაში წავიყვანე. იქ დავდგით სპექტაკლი. ბედნიერები იყვნენ, უცებ ამ სიბნელიდან და გაჭირვებიდან მოხვდნენ განსხვავებულ სამყაროში, სადაც მუშაობის ყველანაირი პირობა ჰქონდათ...

უმთავრესი - როდესაც მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები შევუდექით სამეფო უბნის თეატრის შექმნას... თეატრი არასოდეს ყოფილა მხოლოდ შენობა, თუ მასში არ დევს სული, ყველაფერი იშლება. ჩვენ სული შთავბერეთ დანგრეულ, დალეწილ შენობას და დღეს ეს თეატრი არსებობს.

ჩემი საღამო

დედაჩემი 98 წლისა გარდაიცვალა. ვეხვეწებოდი: - დედა, ორი წელიწადიც მაჩუქე-მეთქი. ძლიერი ქალი იყო. ამ ხნისას იმდენად გახსნილი გონება ჰქონდა,  შვილიშვილები ამბობდნენ, - ნეტა, ბებიას დავემგვანოთო. დედას წასვლა იყო ტრაგედია. ბურჯი გამოგვეცალა. დღეს მე ვარ ბურჯი. მყავს ხუთი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. ახლა რომ არ დაიბნეთ: იზას ქალიშვილი - ია არის ჩემი შვილი, ჩემი გაზრდილი. სულ ვეუბნებოდი, ვინმემ რომ თქვას, ჩემი შვილი არა ხარ, არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი! მისი შვილები ბაბუას მეძახიან და ასეც არის. ახლა იმათ გაუჩნდათ შვილები... დიდი ბაბუა ვარ მათი!

მყავს სამი ვაჟი: ზვიადი, გიორგი, ნიკა და ერთი გოგონა - ედუკი! ედუკი ძველი აფხაზური სახელია, ჩემს დიდ ბებიას ერქვა. დედაჩემმა მთხოვა, გოგონა თუ მეყოლებოდა, დამერქმია... ის 12 წლისაა და ჩემსავით მოცურავეა...

ყველაზე მძიმე დღეებზე მეკითხებით? ამის გახსენება ძალიან მიჭირს. ჩემს გადაღებაზე იზა ყავარჯნებით იდგა. როცა დავიძახებდი, - "მოტორ!" გაუშვებდა ყავარჯნებს ხელს და იყო ჩვეულებრივი იზა. არ მინდოდა მეთქვა "სტოპ!" ამას ვიტყოდი თუ არა, ისევ ყავარჯნებზე დგებოდა.

შინ მეუბნებიან, - ფარდები დაძველდა,  რატომ არ ცვლიო... ვერ ვცვლი, იზას ნაყიდია. ყველაფერი, რაც იზას უყვარდა, ისევე არის ამ სახლში, გარდა იმისა, რომ სურათები შევმატე. ეს სურათები მაცოცხლებს...

კაცი ბოლომდე უნდა იბრძოდე... სამეფო უბნის თეატრს მართმევდნენ.  7 წელი მიმდინარეობდა  სასამართლო. ვხედავდი ადამიანები, რომელთაც არაფერი აინტერესებდათ. ვხედავდი მათ შუშის თვალებს. ძალიან მებრძოლი უნდა იყო, ამას რომ გაუძლო. მე გავუძელი. დღეს კი იგივე ამბავი დატრიალდა... კინოსტუდია "ქართული ფილმი" გასხვისებულია. სახელმწიფომ წაიღო. რაც დარჩა, იმის წაღებაც უნდათ. გადავწყვიტე, ბრძოლაში ჩავერთო...

29 ივლისს 70 წლის ვხდები. ამ გადასახედიდან რა როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი? თარაშ ემხვარი! თეატრში კონსტანტინე გამსახურდია მოვიდა ოჯახთან ერთად... ეს ის თარაშია, მე რომ დავწერეო... ეს იყო ძალიან დიდი შეფასება. მაშინ 26-27 წლის ვიყავი... თარაშ ემხვარი დარჩა მნიშვნელოვან როლად, მიუხედავად იმისა, რომ 55 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები თეატრში.

კინოში... "თოჯინები იცინიან" - ხალხს უყვარს, იმიტომ რომ ისეთი ჯგუფია შეკრებილი: სესილია, იპოლიტე, ეროსი მანჯგალაძე, მარინე თბილელი, სანდრო ჟორჟოლიანი...

რაც შეეხება ჩემს ფილმებს, ბოლო სამ ნამუშევარს, როგორც ტრილოგიას, ისე აღვიქვამ - საუკუნის დასაწყისი, შუა და ბოლო ("მე დავბრუნდები", "ბრავო, ალბერ ლოლიშ" და "ხვეული კიბით"). ამას წინათ ვუყურებდი "ბრავო, ალბერ ლოლიშის"... რაც მთავარია, აზრია მნიშვნელოვანი: საკმარისია ოდნავ აფრინდე, იმწუთას გესვრიან და ჩამოგაგდებენ...

გზავნილი

გული მტკივა, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად წიგნიერია. ეს ერის კატასტროფაა, რაც ათეული წლების მერე გამოჩნდება. ჩვენს სამშობლოს მინდა ვუსურვო გამარჯვება. ღირსია საქართველო, რომ ბედნიერი იყოს...

იხილეთ სიუჟეტი: მერაბ თავაძე სიყვარულზე, ოჯახსა და თეატრზე