საქართველოში წიგნის კითხვის მოდა დაბრუნდა! - კვირის პალიტრა

საქართველოში წიგნის კითხვის მოდა დაბრუნდა!

"პალიტრა L "-ის მომდევნო დიდი პროექტი ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიაა"

"ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულ-განათებული კაცები არა ჰყავს", - წერდა ილია ჭავჭავაძე და გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც გადაწყვიტა, უძლურებასთან თავისებური წიგნისმიერი” ბრძოლა გამოეცხადებინა, ყველაფერი ეღონა, რომ ქვეყანას მცოდნე, გონებაგახსნილი კაცები არ დაჰკლებოდა. მისმა მონდომებამ ნაყოფი ნამდვილად გამოიღო. საქართველოში ფაქტობრივად შეიცვალა წიგნის ბაზარი და აქტუალური გახდა, როგორც ჩვენი ეროვნული საგანძური - ქართული კლასიკა, ისე მსოფლიო შედევრები, სამეცნიერო ლიტერატურა თუ ბავშვებისათვის გამოცემული შემეცნებითი წიგნები. თითქოს ვიღაცამ მიძინებული ენერგია გამოაღვიძა და გზა მისცა: ერთმანეთს მოჰყვა სერიები "ქართული პროზის საგანძური" და "დიდი მხატვრები", "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ" და "საქართველოს ისტორია" ოთხ ტომად, "ჩემი რჩეული"  და დისნეის ზღაპრები ბავშვებისათვის... ეს ცხადია, არასრული ჩამონათვალია. აღმოჩნდა, რომ მკითხველები ისევ არსებობენ, თანაც ძალიან ბევრნი და მათ ისევ სწყურიათ ლიტერატურასთან შეხება, აინტერესებთ არა მარტო შედევრებად აღიარებული წიგნები, არამედ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურაც. მითი, რომ წიგნისთვის არავის სცხელა და კითხვა აღარ არის აქტუალური, - დაიმსხვრა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის აქტიურობამ ერთ მნიშვნელოვან "მოდას" მისცა დასაბამი - წიგნის კითხვის მოდას.

მხატვრულ ლიტერატურას მაინც ჰყავდა ერთგული მკითხველი, მაგრამ სრული სკეპსისი იყო სამეცნიერო, შემეცნებით ლიტერატურასთან დაკავშირებით... და აი, საქართველოს ისტორია - წიგნი, რომელიც ქართველი მეცნიერების დაუღალავი შრომის შედეგია, უკვე სამგზის დაიბეჭდა ახალი ტირაჟით...

მარტო ესეც არ გახლავთ საკმარისი... "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა თანამედროვე საგამომცემლო ტექნოლოგიები და მიდგომა გაევრცელებინა უმნიშვნელოვანეს წიგნზე

"ვეფხისტყაოსანზე" და მკითხველისათვის მიეწოდებინა სრულიად ახალი, ადვილად აღსაქმელი ფორმატით დაბეჭდილი შემეცნებითი წიგნი რუსთველის უკვდავ ქმნილებაზე

- აქაც წარმატება! პირველი ტირაჟი თითქმის უკვე გაყიდულია.

ცხადია, ყველა საქმეს განვითარება სჭირდება, ყველა ბრძოლას - გაგრძელება. ასე პოპულარულ და მკითხველისაგან ატაცებულ ახალ ფორმატში

მომდევნო წიგნი დავით აღმაშენებელი, მისი ეპოქა და ისტორია იქნება,

წიგნი უკვე დაბეჭდილია და სინგაპურიდან გემით მოემართება.

მკითხველმა უკვე იცის, რომ გამომცემლობა "პალიტრა L" ითვალისწინებს მის ინტერესს, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადოს წიგნი მოსახლეობისთვის. საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, მოგეხსენებათ, "კვირის პალიტრასთან" ერთად, ცალკეულ ტომებად მხოლოდ 9 ლარად არის ხელმისაწვდომი. დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა, გამომცემლობაში რეკავენ, ამ წამოწყებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ითხოვენ, მხოლოდ ამ ოთხტომეულით არ დასრულდეს წიგნები საქართველოს ისტორიაზე. შეგვიძლია დაინტერესებული მკითხველი გავახაროთ და გაცნობოთ, საქართველოს ისტორიის 4-ტომეულის შემდეგ თქვენ ივანე ჯავახიშვილის უნიკალური ნაშრომი გელით - "ქართველი ერის ისტორია", ასევე 4 ტომად.