რამაზ შენგელია - ადამიანი გოლი
რამაზ შენგელია - ადამიანი გოლი
ტაბლოზე აკიაფებული ასე ნაცნობი და საყვარელი - "#11 - შენგელია..."

ქართული ფეხბურთის ცის კაბადონს კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მოსწყდა. გასულ კვირას მეხივით გადაუარა საქართველოს გულისჩამწყვეტმა ამბავმა - რამაზ შენგელია გულის შეტევით გარდაიცვალაო...
ამ საოცარ კაცზე ნეკროლოგის წერა შეუძლებელია. ის ცოცხალივით უნდა გყავდეს გულის სიღრმეში, რათა მივიწყების მტვერი არასოდეს წააყარო. ის ხომ ლეგენდა იყო, რომელმაც იმდენი სიხარული აჩუქა მილიონობით გულშემატკივარს, ვერც ენა იტყვის და ვერც კალამი აღწერს.

უადგილოა იმ ტიტულების და
რეგალიების ჩამოთვლა, იმ მედლების და თასების აღნუსხვა, რომელიც რამაზ შენგელიას უმდიდრეს კოლექციაში ინახება. მან და მისმა თაობამ მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც პატარა საქართველოს იმ დროში და იმ წყობილებაში ხელეწიფებოდა. მან შეძლო ყველაზე მთავარი - ხალხის სიყვარულის მოხვეჭა და დრო უკვე ვეღარაფერს დააკლებს მის სახელს. ლეგენდები
ხომ ეპოქებს თან დაჰყვებიან მარადიულ მანათობლებად...

პირველი ელდის მერე მისი თამაშის ფრაგმენტები გახსენდება. მე იმ თაობისა ვარ, მისი პირველი თამაში რომ მახსოვს "დინამოსა" და ნაკრებში. იმ ვარსკვლავთკრებულში ადგილის დამკვიდრებას უამრავი პიროვნული თვისებების თანხვედრა სჭირდებოდა და რამაზი მოსვლისთანავე ამ ანსამბლში ჩაეწერა. 20 წლის ჭაბუკმა შეძლო და ეპოქის განუყრელ მემატიანედ იქცა...

საქართველოს ბევრი დიდი ფეხბურთელი ახსოვს, მაგრამ გოლის გატანის მისებრი ნიჭით და ალღოთი დაჯილდოებული -  ცოტა! გოლები ნებისმიერი გემოვნების და ფანტაზიის, არნახული სილამაზის... არ დარჩენილა იმ დროის საუკეთესო გოლკიპერი, მისი დარტყმულის შემდეგ ბურთი რომ არ გამოეტანა კარის ბადიდან... არ ისვენებდა, არ გაჩერდებოდა, მეურვეებს წამის მეასედებში მოსწყდებოდა და ააკიაფებდა ტაბლოზე ასე ნაცნობ და საყვარელ გვარს: "#11- შენგელია..."

საოცრად თავმდაბალი გახლდათ, მორცხვად იღებდა ქებას. ბევრჯერ შევხვედრივარ და მისაუბრია წარსულის დიდებაზე, ლეგენდარულ "დინამოზე... ისეთი სითბოთი გადმოგცემდა ყველაფერს, ისე გაგიცოცხლებდა მივიწყებულ ფრაგმენტებს, კალამს გვერდზე გადადებდი და ერთზეღა ფიქრობდი - არაფერი გამოგრჩენოდა მისი მოგონებების სკივრიდან...

ლაღი, ნამდვილი ქუთათური იუმორი ახლდა რამაზის საუბარს, გულიანი ხუმრობა. ახლაც მეღიმება მის მიერ გახსენებულ ერთ ისტორიაზე: "1987 წელს გერმანულ "ვერდერთან" უეფას თასის მატჩი გვქონდა სათამაშო... ჩვენამდე გერმანელებმა მოსკოვის "სპარტაკს" მოუგეს ბრემენში 6:2(!). იმ წელს "დინამოს" ვერ ედგა კარგი დროება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევდა, "სპარტაკი" კი ჩემპიონი იყო. როგორია, ამისთანა გუნდმა ასეთი ანგარიშით წააგო და ვინ იცის, ჩვენ რა გველოდა. თამაშის წინ, როდესაც სტადიონზე მივდიოდით, ავტობუსში მე და ჭომამ (თენგიზ სულაქველიძემ) მოვითათბირეთ - როგორც კი პირველ წუთებში გოლებს გაგვიტანენ, თეთრი მაისურები გავიხადოთ, ავაფრიალოთ და დავიძახოთ: - კაპუტ, კაპუტო(!)..."
ვისაც აღარ ახსოვს, შევახსენებთ იმ თამაშის ამბავს: მე-10 წუთზე მართლაც უკვე 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ რამაზ შენგელიამ იქვე ისეთი გოლი გაუტანა გალაღებულ გერმანელებს, ტრიბუნები წამოშალა ფეხზე...

ის თუ გახსოვთ, როტერდამის "ფეიენოორდს" რა დღე აყარა... ნამუსგარეცხილი მსაჯის წყალობით ბეწვზე ეკიდა მომავალი ფინალის ბედი და ჰოლანდიელთა დაცვას რამაზმა ისეთი გაუნელებელი ცეცხლი შეუნთო, რეტი დაახვია ყველას... ორი გოლი არ ჩაუთვალეს, პენალტიც "აიკიდა" და არ მისცეს, მაგრამ ის ჟინი, რაც ამ უსამართლობის შემდგომ ბოლომდე შემორჩა, მეტოქისთვის საბედისწერო გამოდგა - ვერავინ გააჩერა, ვერც ჩეხით, ვერც - ოსტატობით... დასდევდნენ უმწეო ბავშვებივით...

ფინალში ჰოპემ რომ გოლი გაგვიტანა, მეგონა, სამყარო გაჩერდა და მზე დაბნელდაო, - ასე მითხრა... მაგრამ იცოდა, რომ იმ თამაშის წაგება არ იქნებოდა... ჰოდა, იქით "დაუბნელა" მზე "კარლ-ცაისს" - ორი კაცი დააწვინა ფინტებით და გუცაევს "ლანგარზე დადებული" საგოლე პასი მიართვა...
"ბასტიას" რომ "გაუკეთა" თბილისში თამაში იმ საოცარ 81-ში, გახსოვთ?... ჯერ ანგარიში გახსნა და მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თანაც როგორი: სადღაც აუტის ხაზთან მიიღო ბურთი, მეტოქეს თავზე გადაუტარა, წაიღო შუაში, კედელი "გააგორა", ელვისუსწრაფესად გაიხსნა, ისევ თავად ჩაიგდო ბურთი... პაუზა... მეკარე და ორი მცველი ამაოდ გასრიალდა... და ტაბლოზე ისევ რამაზ შენგელია(!)... ჟრუანტელი დაგივლის ამის გახსენებაზე...
და კიდევ რამდენი სიხარული, მისი საოცარი თამაშით მოგვრილი... ვინ აღწეროს... ვინ მოთვალოს... ვაჟკაცი იყო, საკუთარი "მე"-ს ღირსებით მატარებელი, ძლიერი ნებისყოფითა და წესიერებით(!). წესიერება და პატიოსნება მისი სავიზიტო ბარათი გახლდათ, აკი ამიტომაც უყვარდა ყველას გულწრფელი სიყვარულით...

P.S. საქართველო დამწუხრებულია რამაზ შენგელიას წასვლით... თუმცა, მხოლოდ საქართველო?.. თვალი გადაავლეთ რუსულ ინტერნეტსაიტებს და მერწმუნეთ, აგეტირებათ... დღევანდელი აბურდული პოლიტიკის მიღმა ყოფილი საბჭოეთის ყველა კუთხეში ჯერაც შემორჩენიათ ლეგენდარული ქართველი ბომბარდირის უანგარო სიყვარული...

ერთს გამოვყოფ მხოლოდ იმ აურაცხელი სამძიმრის წერილებიდან, რომელიც კრასნოიარსკელ გულშემატკივარს დაუწერია: "მშვიდობით, რამაზ, ეპოქის სიამაყევ!".

"კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს რამაზ შენგელიას ოჯახს და სრულიად საქართველოს. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
- რამაზ შენგელიას გოლები
- რამაზ შენგელიას გარდაცვალებას რუსული მედია ეხმაურება
fani
25 ივნისი 2012 19:55
დიდი მადლობა იმ სიამოვნებისატვის რასაც სტადიონზე სიარული ერქვა,ტქვენი ტამაშის ყურება და ერტმანეტის პატივისცემა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები