ყველაზე ცნობილი მისამართი მსოფლიოში: ბეიკერ-სტრიტი, 221-ბ - კვირის პალიტრა

ყველაზე ცნობილი მისამართი მსოფლიოში: ბეიკერ-სტრიტი, 221-ბ

"შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის" თითქმის ყველა ქართულ, რუსულ თუ ინგლისურ გამოცემას, რომელზეც ქართველ მკითხველს ადვილად მიუწვდება ხელი, საკმაოდ ვრცელი ბიოგრაფიული ნარკვევი ერთვის ავტორის შესახებ. ეგეც რომ არა, - ინტერნეტი ხომ აქვეა და ართურ კონან დოილის არცთუ ხანმოკლე ცხოვრების (71 წლისა გარდაიცვალა) ყოველი დღის აღწერა შეიძლება ნახოს დაინტერესებულმა კაცმა. მით უმეტეს, რომ მწერალს თვითონვე უყვარდა დღიურების წარმოება და ყველაფრის დეტალურად აღწერა.

ცხადია, მიხვდით: მომავალ ორშაბათს "კვირის პალიტრა" პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", სწორედ ართურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს" შემოგთავაზებთ და რა უნდა გითხრათ ახალი?

მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ლონდონელი მაძებარიცა და მისი ბიოგრაფი უოტსონიც ჩვენი ძველი ნაცნობები არიან, მაინც გულწრფელი ვიქნები, თუ გეტყვით: ტელევიზორი გამორთეთ, სავარძელში მოკალათდით და კიდევ ერთხელ დაუბრუნდით XIX-XX საუკუნეთა გასაყარის ინგლისის ბნელ საქმეებს, რომლებსაც საოცარი სიმსუბუქით ჰფენდა ნათელს მისტერ შერლოკ ჰოლმსი.

დღეს დეტექტივებს კომპიუტერული პროგრამები წერენ. ისიც წავიკითხე, მალე ისეთი პროგრამა იქნება მზად, რომელსაც პერსონაჟების რაოდენობას, დანაშაულის სიმძიმესა და სხვა აუცილებელ "საწყის მონაცემს" მიაწვდი და ოპერატორის ბრძანების შესაბამისად ერთ, ორ, სამ და მეტკვანძიან დეტექტივს გამოგიცხობს, თანაც ისეთს, რომ ვერაფერში გამოიჭერ და ფინალსაც ვერაფრით მიხვდები წინასწარ (კომპიუტერია ბოლოს და ბოლოს და ნაბრძანები სწორედ ასეთი ვარიანტი ექნება)...

მაგრამ, აბა, გავიხსენოთ, რამდენი წაგვიკითხავს ისეთი დეტექტივი, რომელსაც კიდევ დავბრუნებივართ და იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ვინ ვინ მოკლა თუ ვინ ვის მოჰპარა, მაინც "ახალივით" ვკითხულობთ?!

თუნდაც კომერციული თვალსაზრისით რომ განვიხილოთ: გამოკითხვა გამოკითხვად და ჩვენი გამომცემლობა ორ რამეზე ხომ მაინც დაფიქრდებოდა, ალბათ (ალბათ-მეთქი, რადგან მე მათთან ამაზე არ მისაუბრია), ეს წიგნი ყველას წაკითხული აქვს და ბევრ მათგანს კი ძველი გამოცემა საკუთარ წიგნის თაროზე უდევს!.. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი "ლოგიკა" არსად მუშაობს: ეს დიდებული წიგნი ყოველწლიურად ასეულათასობით ტირაჟით იბეჭდება მსოფლიოში, გენიალური მაძებარიც თაყვანისმცემელთა ახალ მილიონებს იკრებს, რომლებიც გზავნიან და გზავნიან წერილებს ლონდონში, ბეიკერ-სტრიტის 221-ბ-ში, სადაც შერლოკ ჰოლმსი "ცხოვრობდა" და ახლა კი მისი "სახლ-მუზეუმია".

სხვათა შორის, ეს ბინა სულაც არ არის ზუსტად ის, რომელსაც მწერალი აღწერს.

არა, ბეიკერ-სტრიტი მაშინაც იყო, მაგრამ კონან დოილმა სპეციალურად მიანიჭა სახლს ნომერი 221-ბ, რომელიც მაშინ არ არსებობდა (ქართულ მწერლობაშიც არის ასეთი პრაქტიკა: ჩვენი პროზაიკოსების ნაწარმოებებში შეიძლება შეგხვდეთ ვაშლოვნის 150, წერეთლის 315, ან რუსთაველის 237), მაგრამ, როდესაც მოგვიანებით ბეიკერ-სტრიტი ჩრდილოეთისაკენ კიდევ უფრო გაგრძელდა, 221-ბ იმ შენობათა რიგში იგულისხმებოდა, რომელსაც 215-229 ეწერა საერთო ნომრად და სამშენებლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. რადგან მისამართი "რეალური" გახდა, ლონდონის ფოსტამ შერლოკ ჰოლმსის სახელზე მთელი მსოფლიოდან მოსული წერილების უკან დაბრუნება შეწყვიტა და "ადრესატთან" ზიდვა დაიწყო! ცუდ დღეში ჩავარდა ის საზოგადოება - მშენებლობისთვის ვიღას ეცალა, ასეულობით წერილი მოდიოდა დღეში. მერე გამოსავალი მოძებნეს: საგანგებო შტატი შექმნეს და მდივანი დაუქირავეს "შერლოკ ჰოლმსს", რომელიც ყველას ყველა წერილზე პასუხობდა, რომ მისტერ ჰოლმსი გაურკვეველი ვადით გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით.

მალე პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა: მოშორებით, ბეიკერ-სტრიტის 239 ნომერში, რომელიც აღწერით ზუსტად ემთხვევა მისის ჰადსონის სახლს, სადაც ჰოლმსი და უოტსონი ოთახებს ქირაობდნენ, ჰოლმსის მუზეუმი გაიხსნა და ლონდონის მერიისგან იმის ოფიციალური უფლებაც მოიპოვეს, რომ ნომრად არა კუთვნილი 239, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილი 221-ბ მიეღოთ. მეტიც, ლონდონის მერიის კონსერვატორმა მესვეურებმა ისიც კი დაუშვეს, რომ ე. წ. ლურჯი ფირფიტაც მიაკრეს კართან (ასეთი ფირფიტები უამრავია ლონდონში - იმ სახლებზე, სადაც გამოჩენილ ხალხს უცხოვრია, ოღონდ რეალურებსა და არა პერსონაჟებს) წარწერით: "ამ სახლში 1881-დან 1904 წლამდე ცხოვრობდა მაძებარ-კონსულტანტი შერლოკ ჰოლმსი".

თუკი ლონდონში მოხვდებით, გირჩევთ მეტროსადგურ ბეიკერ-სტრიტიდან მერილებონ-როუდისკენ გაუყვეთ და იქამდე არმისული, ოთხსართულიან სახლში შეხვიდეთ, 6 გირვანქა სტერლინგი არ დაიშუროთ და იქ ყველაფერს ნახავთ: ჰოლმსის ვიოლინოს, მის ქუდს, ბუხრის თაროზე დანით მიჭედებულ წერილებს, ქიმიური ცდებისთვის საჭირო მოწყობილობას, უოტსონის რევოლვერს...

და მაინც, იმის მიუხედავად, რაც ზემოთ დავწერე (ჰოლმსზე უკვე ყველამ ყველაფერი ვიცით-მეთქი), მაინც შეიძლება ერთ საინტერესო სიახლეზე ვისაუბროთ:

მოქმედება 1890 წლის ნოემბრიდან 1891 წლის იანვრამდე ხდება. ჰოლმსს გალერეის მფლობელი ედმუნდ კარსტერსი აცნობებს, რომ ირლანდიელი მძარცველების ბანდამ მატარებლიდან მისი რამდენიმე სურათი გაიტაცა. დეტექტივმა მაკპარლენდმა ბანდა გაანადგურა, მაგრამ ერთი მათგანი გაიქცა... აქ ჩვენი ძველი ნაცნობი ლესტრეიდიც ერთვება საქმეში და სხვებიც... ჰო, რა თქმა უნდა, მთხრობელი ისევ უოტსონია... იცით, რა არის ეს? რა და - 300-ზე მეტგვერდიანი რომანი "აბრეშუმის სახლი", რომელიც მხოლოდ შარშან იხილა მკითხველმა, ხოლო მისი ავტორი ენტონი ჰოროვიცი გახლავთ.

არ ვიცი, "ქაჩავს" თუ არა ჰოროვიცი კონან დოილამდე (მხოლოდ ახლა დავიწყე კითხვა), მაგრამ ეს ის კაცია, რომელიც რამდენიმე ასეულ მსურველს შორის ამოირჩია სპეციალურმა ჟიურიმ და ართურ კონან დოილის შთამომავალთა კრებამ და სწორედ მას მისცა უფლება, შერლოკ ჰოლმსის შესახებ მოთხრობების წერა განეგრძო.

კარგია ეს თუ ცუდი, დრო გვიჩვენებს. ერთი კი ცხადია, ჰოროვიცისა და მისი კოლეგების (ფსევდოდოილებს ვგულისხმობ) არსებობა იმ ინტერესმა გამოიწვია, რომელმაც "შერლოკიანა" შვა - დიდ მაძებარზე ნაყალბევი 1945 წლის შემდეგ 100-ზე მეტმა(!) ადამიანმა დაწერა, გამოსცა და დიდი ტირაჟით გაყიდა.

ვნახოთ, რადგან კონკურსში გაიმარჯვა, იქნებ ჰოროვიცმა მართლაც გაგვიცოცხლოს ჰოლმსი, მანამდე კი, "კვირის პალიტრასთან" ერთად შეიძინეთ ჰოლმსის "ნამდვილი" თავგადასავალი და ყველა დროის უდიდესი დეტექტივი კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ.