ქვის ხანაში ვბრუნდებით?! - კვირის პალიტრა

ქვის ხანაში ვბრუნდებით?!

"რაც უფრო მეტად დაგვაჭერენ ფეხს, მით უფრო მეტად გამოვცოცხლდებით"

"რა საჭიროა 24-საათიანი ელექტროენერგია, თუ შეეცდები, საზოგადოება ინფორმაციულ  სიბნელეში ამყოფო?"

რადიო ჩაახშვეს, "თეფშები" დააყადაღეს... ახლა ინტერნეტის ჯერია?

2012 წლის დასაწყისში გავრცელდა ხმა საქართველოში ინტერნეტმოხმარების შესაძლო შეზღუდვის შესახებ და ხელისუფლება ამას ხალხზე ზრუნვით გაამართლებდა -  ისინი ახალი "ნარკოტიკისგან" უნდა ვიხსნათო. კარგა ხანია, გაისმის კიდეც, რომ ინტერნეტს, კერძოდ კი - სოციალურ ქსელებს, სწორედ ნარკოტიკივით შეუძლია ხალხის მიჩვევა და მართვა. ამასთან, მსოფლიომ ნახა, რომ სოციალურ ქსელებს რევოლუციების მოხდენაც შეუძლია. მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევდა, რომ  თუ სოციალური ქსელები ისეთივე საფრთხეს შეუქმნის სააკაშვილის რეჟიმს, როგორიც არაბული ქვეყნების ხელისუფალთ შეუქმნა, მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული ხელისუფლების ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ ის ყველა ხერხით ცდილობს, შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა: სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენა აკრძალა, გლობალ TV-ის ანტენებით კი - დამოუკიდებელი ტელეარხების ყურება. ამიტომაც მიკროავტობუსებში რადიოები დადუმებულია, გლობალ  TV-ის ანტენა-თეფშები - დაყადაღებული. ამ საყოველთაო ინფორმაციულმა ყადაღობანამ ძველი დრო გამახსენა, საბჭოეთის ეპოქა, როდესაც კომუნისტური რეჟიმისადმი მწყრალად განწყობილი და საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი საზოგადოება სადმე, ერთ ოჯახში, იკრიბებოდა "ამერიკის ხმის" გადაცემების მოსასმენად. ეს დრო ძალიან  კარგად მახსოვს და დღევანდელი პროცესების გამო დროდადრო შიში მიპყრობს - ნუთუ წარსულში ვბრუნდებით? თუმცა, ერთი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ XXი საუკუნეში ნიუსის დაპატიმრება-დაჭერა შეუძლებელია.

"ჩემი უფლებაა, ვიცოდე!" - ასე ჰქვია სამარშრუტო ტაქსებში რადიოს აკრძალვის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებულ აქციას, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატა, კერძოდ, "ქართული ოცნების" მაისურიანი ბიჭები საკუთარი რადიოებით ავიდნენ მიკროავტობუსებში და ხალხს საინფორმაციო გამოშვებები მოასმენინეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მძღოლებმა, რომლებიც შეეგუვნენ იმას, რომ დამქირავებელმა კომპანიებმა დაპირებისამებრ ხელფასი არ მისცეს და ძველებურად, წილობრივ ანაზღაურებაზე დატოვეს, შეეგუვნენ იმასაც, რომ დამქირავებელმა სალაროში შესატანი ყოველდღიური წილი გაუზარდა, ამავდროულად მანქანის მოვლა-პატრონობა თავიანთი ხარჯით უწევთ, მაგრამ გაუჭირდათ რადიოს გარეშე მუშაობა. "რადიო აფხიზლებდა დაღლილობით მოდუნებულ გონებას, გვაიმედებდა, გვამხიარულებდა, გვაცოცხლებდა, ქუჩაში ყოფნის თითქმის 18 საათის განმავლობაში გვიამბობდა, რა ხდება ქვეყანაში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს ტელევიზორი, არ გვცალია გაზეთის წასაკითხად. მოკლედ, ჩვენ რადიოთი თავს ჯერ კიდევ სრულფასოვან ადამიანებად ვთვლიდით. დღეს რა ხდება? დავმუნჯდით და დავყრუვდით!" - განაცხადეს მათ.  "ასეთი შეზღუდვები მოთმინების ფიალას გვივსებს. რადიო "ბოლის გამოშვების" შესაძლებლობას გვაძლევდა", - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ვერ ეგუება აკრძალვას და მაინც რთავს ხელის რადიომიმღებს. ვეკითხები, არ გეშინია, რომ სამსახურიდან გაგაგდონ-მეთქი? გამაგდონ, რაც უფრო მეტად დაგვაჭერენ ფეხს, მით უფრო მეტად გამოვცოცხლდებით. ჩვენ მონები არ ვართ. მონა ეჩვევა არსებულ მდგომარეობას, თავისუფალი ადამიანი კი არასოდეს ურიგდება უსამართლობას. ხელისუფლება კარგ საქმეს გვიკეთებს, ჩემსავით ბევრი გამოაფხიზლა ამ რადიოაკრძალვითო, - მიპასუხა.

ცოტნე ზურაბიანი,"ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი:

- მგზავრები პოზიტიურად შეხვდნენ ჩვენს ”რადიოაქციას. მათ შესანიშნავად იციან, რომ ხელისუფლებას ეშინია ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების და ამიტომაც ბოლშევიკური მეთოდებით ახშობს თავისუფალ სიტყვას. რაიონებში ყოფნის დროს ასეთ ფაქტს შევესწარით: თუ  შევარდნაძის დროს უშუქობით გაწამებული ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი მოსახლეობა ტელევიზორის საცქერლად იმ ოჯახებში იკრიბებოდა, სადაც  გენერატორი ჰქონდათ, ახლა იკრიბებიან იმ ოჯახში, სადაც დგას "გლობალ TV"-ის ანტენა. რა საჭიროა 24-საათიანი ელექტროენერგია, თუ შეეცდები, საზოგადოება ინფორმაციულ  სიბნელეში ამყოფო? გვჯერა, ჩვენი კამპანიის დამსახურებაც არის, რომ ხელისუფლებამ საკაბელო ტელევიზიით ყველა არხის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. სანამ ”გლობალ TV-ის ანტენები დაყადაღებულია და ყველა მედიასაშუალებას თანაბარი, დამოუკიდებლად მუშაობის პირობები არ ექნება, ჩვენი მოძრაობა არ შეწყვეტს საპროტესტო აქციებს. MUST CARRY-ზე თანხმობა არის ხელისუფლების  მცდელობა, საერთაშორისო საზოგადოებას თავი დემოკრატებად მოაჩვენოს. მჯერა, სააკაშვილის მომხრეებიც კი არ იწონებენ რადიოს აკრძალვას, თორემ ტრანსპორტში მოწინააღმდეგეები აუცილებლად შეგვხვდებოდნენ. ყველა ხვდება, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით ქვეყანას ქვის ხანაში დაბრუნებას უპირებენ.

P.S. გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი მეც  ჩამეტარებინა. საინფორმაციო გამოშვების დაწყების წინ სამარშრუტო ტაქსიში ავედი, ჩავრთე რადიო 103,9-ზე და რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვების დაწყებას დაველოდე. წამყვანმა ტექსტის წაკითხვა დაიწყო თუ არა, ჯერ მძღოლმა დამიძახა, აუწიე ხმასო, მერე ვიღაც ქალბატონმა უკანა სავარძლიდან...

"როცა ინფორმაციის მიღების ყველა საშუალებას გისპობენ, იწყებ გამოსავლის ძიებას. პროტესტის გრძნობა ზვავდება, ჯებირებს არღვევს და ამსხვრევს ყველაფერს, რაც ადამიანთა თავისუფალ ნებას წინ ეღობება.

ეს კარგად უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ, რადგან მას არაერთი ასეთი ზვავი უნახავს - თავადაც ხომ ასეთივე ზვავით მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუ ყველა საინფორმაციო საშუალებას გამოგვირთავთ, ყველანი ერთ ადგილზე შევიკრიბებით და ეს იქნება გადამწყვეტი შეკრება. ხალხის ტალღას ვერაფერი შეაჩერებს!" - მითხრა სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთმა მგზავრმა, პედაგოგმა ეკა ებრალიძემ, რომელიც სახელისა და გვარის დაფიქსირებასაც არ მოერიდა.

ბოლომდე მიიყვანს საქმეს აქამდე თავისუფალი სიტყვის დევნაში გართული ხელისუფლება? ვიმედოვნებ, რომ - არა.

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიკროავტობუსებში რადიოს გათიშვა

- ჩხუბი ზესტაფონში "გლობალ ტვ"-ის ანტენების დამონტაჟების გამო

- "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მედიის მხარდამჭერი საყვირების აქცია გამართა