NO COMMENT! - კვირის პალიტრა

NO COMMENT!

ხელისუფლებამ სოფელ ბორითში ივანიშვილის აშენებული საავადმყოფო დაარბია(?!)

"შეიძლება ხალხი ასე გძულდეს?"

ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში შექმნილ პრობლემებს ფინანსური და ეკონომიკური სირთულეებით, წარსულში ჩატარებული არასწორი რეფორმით და ათასგვარი მიზეზით ხსნის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯანდაცვის სფეროს ასეთ კრახს სხვა მიზეზები აქვს... შეიძლება არ მოგწონდეს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ უნდა გინდოდეს მისი აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფო, რომელიც შენივე მოსახლეობის გადასარჩენად აშენდა და ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა. ხარაგაულის მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ სოფელ ბორითში ივანიშვილის აშენებული საავადმყოფო დაარბია.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: "ეს უნდა ყოფილიყო მაღალტექნოლოგიური ემერჯენსის ტიპის სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც უფასოდ მოემსახურებოდა არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მაღალმთიან სოფლებსა და ტრასებზე ავტოკატასტროფაში დაშავებულ მოქალაქეებს. ივანიშვილმა საავადმყოფოს ვერტმფრენიც შეუძინა ოპერატიული სამედიცინო დახმარებისთვის. მოიწვია სპეციალისტები და მოამზადებინა ბრიგადები, რომელთაც ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველეყოთ. ეს იყო მაღალი სტანდარტის საავადმყოფო, საკუთარი ასაფრენი მინდვრით. გახსნამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, რომ საავადმყოფო დაარბიეს, - შევარდა პოლიცია და გამოაძევეს მუშები.

ხარაგაულის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა პირადად დააზიანა უძვირფასესი აპარატურა.

მერე ვიღაცამ უთხრა, ყველაფერს ვიდეოთვალი აფიქსირებსო და, რა თქმა უნდა, ვიდეოკამერებიც დაამსხვრიეს. ამ ბარბაროსობის შემდეგ დალუქეს საავადმყოფო, ცოტა ხნის წინ კი ხარაგაულში ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ჭიაბერაშვილი ჩაბრძანდა და განაცხადა, რომ ბორითის საავადმყოფოს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია "ირაოს" გადასცემს, "ირაო" კი თვითონ გადაწყვეტს, როგორი პროფილის იქნება საავადმყოფო.

იმას, რაც ბორითის საავადმყოფოში ჩაიდინეს, ბოროტების მეტს ვერაფერს უწოდებ. შეიძლება ხალხი ასე გძულდეს? რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდა ეს ცენტრი? ამ მაგალითითაც ხომ კარგად ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხისადმი. ივანიშვილს იმის საშუალებაც არ მისცეს, თბილისში უფასო სამედიცინო ცენტრი გაეხსნა. მე ვსვამ კითხვას, რას ნიშნავს ეს, თუ არა საკუთარი ხალხის სიძულვილს?"

ირაკლი ღარიბაშვილი, ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელი: - ივანიშვილი არა მარტო ბორითში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავდა უფასო გადაუდებელი სამედიცინო ცენტრების გახსნას.  უკვე მომზადებული იყო პროექტები, რომელიც ემერჯენსისა და სასწრაფო დახმარების კლინიკების გახსნას, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვასა და სპეცბრიგადების მომზადებას ითვალისწინებდა.

კლინიკები უფასოდ მოემსახურებოდნენ მოქალაქეებს. პირველი საცდელი კლინიკა გურიაში, ურეკში გავხსენით, რომელმაც ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. ურეკის საცდელი კლინიკის ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ დავრწმუნდით, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა. ურეკის კლინიკა ზაფხულობით ათასობით მოქალაქეს ემსახურება. საკურორტო სეზონზე უბედური შემთხვევები და კრიზისული სიტუაციები  მრავლად არის.

მომდევნო კლინიკა ბორითში ავაშენეთ. საავადმყოფო აღიჭურვა ულტრათანამედროვე ტექნიკით, ერთ კვირაში უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენი მუშა-მოსამსახურეები შენობიდან გამოყარა. ვითხოვეთ, მოგვეცით დრო, რომ სამუშაო დავასრულოთ, რომ გამართული ცენტრი გადავცეთ სახელმწიფოს-მეთქი, მაგრამ კატეგორიული უარი გვითხრეს.

- ბიძინა ივანიშვილი საავადმყოფოებს სახელმწიფოს გადასცემდა?

- ეს კლინიკა ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ააშენა ჩვენივე სამშენებლო ასოციაცია "ატუმ". რასაც ვაშენებდით, ყველაფერს საჩუქრად გადავცემდით სახელმწიფოს, მხოლოდ მართვის უფლებას ვიტოვებდით. რაც მთავარია, საავადმყოფოებს ჩვენივე ფონდი აფინანსებდა და მოსახლეობის მომსახურება უფასო იქნებოდა. ერთი სიტყვით, ბორითის კლინიკა არ გაგვახსნევინეს, თორემ წასართმევი რა იყო, ისედაც სახელმწიფოსა და ხალხს არ ვჩუქნიდით?! ახლა არ ვიცი, რა ხდება საავადმყოფოში, აღარ გვიშვებენ, მაგრამ შევიტყვეთ, რომ საგანგებოდ დაუზიანებიათ...

ხარაგაული რთული რეგიონია, იქ ხშირია კატასტროფები, უბედური შემთხვევები. ამიტომ შევარჩიეთ სოფელი ბორითი, რათა სწრაფად მოხერხებულიყო დაშავებულის საავადმყოფოში მიყვანა. ამისათვის გათვალისწინებული გვქონდა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის - ვერტმფრენით მომსახურება, მაგრამ ვინ დაგანება?"

მხოლოდ ბანანის რესპუბლიკები გვისწრებენ

საქართველოში კერძო სექტორის დანახარჯი ჯანდაცვაზე 78,5%-ს შეადგენს. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაბალი განვითარებით საქართველო მსოფლიოს ათეულში შედის. ამ რეიტინგში მხოლოდ ე.წ. “ბანანის რესპუბლიკები” გვისწრებენ:

1. ბურუნდი - 91,4%;

2. მიანმა - 86,9%;

3. გვინეა - 85,9%;

4. პაკისტანი - 83,6%;

5. ლაოსი - 81,4%;

6. კონგო - 81,3%;

7. კამერუნი - 78,8%;

ტოგო - 78,8%;

8. საქართველო - 78,5 %;

9. ტაჯიკეთი - 77,5 %;

10. კოტ დ'ივუარი - 76,4 %;