თამარ მეფის ჯვრის თაობებისთვის შემნახველი კაცი პოლიციელის ცემის ბრალდებით გაასამართლეს?! - კვირის პალიტრა

თამარ მეფის ჯვრის თაობებისთვის შემნახველი კაცი პოლიციელის ცემის ბრალდებით გაასამართლეს?!

პოლიციელის ვირტუალური ჟილეტის ჩამოხევისთვის 26 მაისის მონაწილეს 4 წელი მიუსაჯეს

"ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა. მოუფრთხილდით და შეინახეთ. ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება აღდგება, მხოლოდ მაშინ დააბრუნეთ", - ეს ანდერძი გურიის სოფელ აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვან არსენ სალუქვაძეს ეკუთვნის. მისმა შთამომავალმა გია სალუქვაძემ ის პირნათლად აღასრულა. 2007 წელს, მას შემდეგ, რაც ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა, ჯვარი დააბრუნა. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს ჯვარი თამარ მეფისა იყო. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ის ჯვარია, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა თავის ნაშრომში აღწერა და თამარ მეფის ჯვრად მიიჩნია. ამას ადასტურებდა, ძველი ქართული წარწერაც და ჯვრის შიდა ნაწილში დატანებული იმ ძელის მცირე ფრაგმენტი, რომელზეც (წარწერის თანახმად) იესო ქრისტე ჯვარს ეცვა. ამ ჯვრით თამარ მეფე ლაშქარს მიუძღოდა და ბრძოლის წინ ლოცავდა.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, თამარ მეფის ჯვრის პოვნა ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე მომავალს მოასწავებს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინდება. ამბობენ, ილია II-მ ამ ჯვრით 2010 წელს ქართული ჯარი დალოცაო, შემდეგ კი სალუქვაძეების ოჯახი სატრაპეზოდ მიუწვევია და მადლობა გადაუხდია, ისტორიული ჯვარი თაობებს რომ შემოუნახეს.

თუმცა, საზოგადოებამ არ იცის, რომ სალუქვაძეების ოჯახი დღეს განსაცდელშია. დიაკვნის შთამომავალი და ანდერძის პირნათლად აღმსრულებელი გია სალუქვაძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (26 მაისის მოვლენების დროს) დააპატიმრეს. ის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს (ახლახან თამარ მეფის ჯვრის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეპორტაჟი მოამზადა, თუმცა ყველაზე მთავარი - გია სალუქვაძის პატიმრობის ამბავი "გამორჩა")!

ჩვენ სალუქვაძეების ოჯახს ვესტუმრეთ, რათა გაგვეგო, როგორ ინახებოდა მათ პაპისეულ სკივრში ასეთი ისტორიული მნიშვნელობის სიწმინდე 100 წლის განმავლობაში და რა საფრთხეებს გადაურჩა ის. სწორედ  მაშინ შევიტყვეთ გია სალუქვაძის პატიმრობის ამბავიც.

ქეთევან სალუქვაძე, გია სალუქვაძის მეუღლე: "გიას 26 მაისის შემდეგ უთვალთვალებდნენ და სახლიდან არ გადიოდა. ის "სახალხო კრების" წევრი და ირაკლი ბათიაშვილის დიდი ხნის მეგობარია. ოთხი შვილი გვყავს, ჩემი შუათანა ვაჟი ირაკლიმ მონათლა (ნათლობა გიას მშობლიური აჭის მდინარის წყლით ჩატარდა). გია 31 მაისს კვინტრაძის (რომელიც მაღაზიის სახურავზე ვითომ დენით გარდაცვლილი იპოვეს) დაკრძალვაზე იყო. სახლთან ირაკლი ბათიაშვილმა მოიყვანა, სადაც 8 პოლიციელი ჩასაფრებულიყო. გია სწორედ მაშინ აიყვანეს.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს, აჩვენეს ვიდეომასალა, სადაც ირაკლისთან ერთად იყო დაფიქსირებული და მოსთხოვეს, კამერის წინ "ეღიარებინა", რომ ოპოზიციას რუსეთი აფინანსებს, რაზეც უარი განაცხადა. მის ჩვენებაში ვკითხულობთ: "ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მეუბნებოდნენ, ოთხი შვილის მამა ხარ, თუ შინ დაბრუნება გინდა, კამერის წინ უნდა აღიარო, რომ ოპოზიციას რუსეთი აფინანსებსო. რაც არ ვიცი, ის როგორ ვთქვა-მეთქი, გავაპროტესტე". ამგვარად, გიამ შინ დაბრუნებას ციხეში ყოფნა ამჯობინა. მეამაყება, რომ ღირსეულად მოიქცა.

სასამართლო პროცესზე ორ პოლიციელს ათქმევინეს, თითქოს გიამ მათ ჟილეტი მაშინ ჩამოახია, როდესაც გიას ასაყვანად სახლთან დახვდნენ. ჩემი ქმარი პროფესიონალი იურისტია და პროცესზე ჰკითხა იმ პოლიციელებს, - კი მაგრამ, ჩემს სახლთან რა მიზნით იყავით ჩასაფრებული, რას აკეთებდითო? საიდუმლო დავალებას ვასრულდებდითო, უპასუხეს. საიდუმლო დავალების შესრულებისას პოლიციელის ჟილეტი არ აცვიათ, არც გეცვათ და მე როგორ ჩამოგახევდითო, უთხრა გიამ. ასეთ ტყუილში არაერთხელ გამოიჭირა ცრუმოწმეები, რომლებიც ჩვენების მიცემის შემდეგ თავაუღებლად გავიდნენ დარბაზიდან.

სიმართლე გითხრათ, შემეცოდა პროკურორი თამარ მესაბიშვილი, არ იცოდა, რა ექნა. მივუახლოვდი და პატარა წიგნაკი ვაჩუქე თამარ მეფის ჯვრის გამოსახულებითა და ლოცვით. ვუთხარი, ეს თამარის ჯვარია, რომელიც სალუქვაძეებმა შემოუნახეს თაობებს, გიამ აღასრულა ანდერძი და ჩააბარა ის საპატრიარქოს, თქვენც თამარი გქვიათ და დაე, ამ ჯვრის მადლმა გიხსნათ ყოველგვარი განსაცდელისგან-მეთქი. ვერაფერი მითხრა, მოსამართლემ კი ბოლოს იცით, რა თქვა? ასეთი დამსახურების კაცი რომ არის გია სალუქვაძე, სწორედ ამიტომ არ უნდა ეცემა პოლიციელებიო. ღმერთი ყველაფერს ხედავს, სამართალი გზა-კვალს ადრე თუ გვიან იპოვის. ახლახან წერილით პატრიარქს მივმართე, შესაძლოა, მან მოითხოვოს უდანაშაულო გია სალუქვაძის შეწყალება. ჩემი მეუღლე ღვთის მოშიში კაცია, სულ ლოცულობს და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებს. ციხეში ჯვრებს, ხატებს აკეთებს, აკურთხებინებს და გვიგზავნის. იმედია, ოჯახს მალე დაუბრუნდება.

"Религия опиум для народа"

ბადრი სალუქვაძე, დიაკვან არსენ სალუქვაძის შვილიშვილი: "კომუნისტებს თანამდებობის პირის გაფუჭება თუ უნდოდათ, ბიბლიას დაუდებდნენ სადმე უჯრაში. ოჯახები ხატებსა და სიწმინდეებს მალავდნენ. პოპულარული იყო ლოზუნგი: "რელიგია ოპიუმ დლია ნაროდა". რა გასაკვირია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აჭის ეკლესიის ჯვარს საფრთხე დაემუქრა. ჯერ ერთი, ეკლესია ბოლშევიკებმა სასუქის საწყობად გადააკეთეს. ქიმიურმა ნივთიერებებმა უძვირფასესი ფრესკები გაანადგურა. კიდევ კარგი, ბაბუაჩემმა არსენ სალუქვაძემ ჯვრის წამოღება მოახერხა. ამ ჯვარს საფრთხე სხვა მხრიდანაც ემუქრებოდა. ისტორიის იმ მონაკვეთში თურქებმა აჭარასთან ახლომდებარე გურიის სოფლებიც დალაშქრეს და ეკლესიები გაძარცვეს. მაშინ ეს ჯვარი აჭის ეკლესიის შესასვლელში ყოფილა დაგდებული. მაჰმადიანებს ხელი არ უხლიათ.

არსენ სალუქვაძე დაბეჯითებით ამბობდა, რომ აჭის ეკლესიაში სასულიერო ცხოვრება აუცილებლად აღდგებოდა. 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღეს, ბაბუაჩემი უცნაური სიკვდილით გარდაიცვალა. მართალია, 104 წლისა იყო, მაგრამ არაფერი აწუხებდა. გარდაცვალების წინადღესაც ბაღჩას ბარავდა. მეორე დღეს წამოწოლილი იყო, ბებიაჩემმა რძე შესთავაზა. მან კი ძალიან მშვიდად უთხრა: "ვარდიკო, ბავშვებს დაალევინე რძე, მე არ მინდა. ახლა მოვკვდები და არ შეგეშინდეს!". ამ სიტყვების დასრულებისთანავე პირი იბრუნა და მოკვდა. ბაბუამ არ იცოდა, თუ ჯვარი თამარ მეფის იყო, მაგრამ როგორც დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიწმინდეს, ისე ინახავდა წითელ სკივრში. პატარებმა ვიცოდით, რომ სკივრში რაღაც ისეთი ინახებოდა, რომლისთვისაც ხელი არ უნდა გვეხლო. მასზე დადებული ბოქლომიც კი მახსოვს.

ბაბუა დროდადრო ჯვარს სკივრიდან ამოიღებდა და მუხლმოყრილი ლოცულობდა.  ბაბუას ერთხანს აჭის ეკლესიაზე ზედამხედველობაც ევალებოდა. ის მისი უკანასკნელი დიაკვანი იყო, ვიდრე ეკლესია მოქმედებას შეწყვეტდა.

წმინდა ჯვარი 1921-დან 1946 წლამდე არსენ სალუქვაძის ოჯახში ინახებოდა სოფელ აჭში; 1949-დან 1973 წლამდე სოფელ ბოხვაურში არსენის მეორე ვაჟის, ე.ი. მამაჩემის, ბენიამინის ოჯახში, ბოლოს კი ჩემი ძმისშვილის გია სალუქვაძის ოჯახში. ბაბუაჩემის უფროსი ვაჟი 1937 წელს დახვრიტეს, მენშევიკების მხარდაჭერაშიE დასდეს ბრალი. ასე რომ, განსაცდელი სალუქვაძეების ოჯახს თითქოს თან დაჰყვებოდა.

გავეცანი ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებს, რომელშიც თამარ მეფის ჯვარს აღწერს და ამ დოკუმენტებში ქექვისას აღმოვაჩინე ექვთიმე თაყაიშვილის ფოტო, სადაც მეცნიერის უკან სწორედ ეს ჯვარი ჩანს. ძვირფასი ქვები ჯვარს ამოცლილი აქვს. არ ვიცი, როდის ან სად არის ეს ფოტო გადაღებული, თუმცა, აშკარაა, ბაბუაჩემმა ჯვარი მას შემდეგ შემოინახა, ექვთიმემ საქართველო რომ დატოვა.

ლია სალუქვაძე, გია სალუქვაძის და: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩვენთან საუბრისას ბრძანა, როგორც კი ამ ჯვარს ხელი ვახლე, იმ ადგილიდან, სადაც ძელიცხოვლის ნაწილია დატანებული, დიდი ენერგია ვიგრძენიო".

შემოქმედის მიტროპოლიტი მეუფე იოსები: "ამ ჯვრით თამარ მეფე ჯარს ლოცავდა. ეს რომ დიდი სიწმინდეა, ფაქტია. ეს მადლი გია სალუქვაძეს, რომელიც ახლა განსაცდელშია, წინ დაუხვდება".

წერილი პატრიარქს

ქეთევან სალუქვაძემ პატრიარქს სთხოვა, უსამართლოდ დატუსაღებული გია სალუქვაძის შეწყალების რეკომენდაციით შესაბამის კომისიას მიმართოს.

"თქვენო უწმინდესობავ, ალბათ, მხოლოდ მაღალმა ღმერთმა უწყის, თუ როგორ მერიდება თქვენი შეწუხება, თუმცა გამოუვალმა მდგომარეობამ მაიძულა და გამაბედვინა, გადამედგა ეს ნაბიჯი. ჩემი მეუღლე გია სალუქვაძე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება. ეს ის გია სალუქვაძეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ პატივი დასდეთ და ოჯახთან ერთად მიიწვიეთ საპატრიარქოს სატრაპეზოში. გია მძიმე ავადმყოფია, რომელსაც განუწყვეტელი მკურნალობა ესაჭიროება. მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი ოჯახის უბედურებაც გარდაუვალია.

თქვენთვის მლოცველი ოჯახის დედა ქეთევან სალუქვაძე"

რა წერია თამარ მეფის ჯვარზე?

ჯვარზე ძველქართულად არის ამოტვიფრული: "ჰოი, ძელო ცხოვრებისაო, მეოხ ეყავ შენთა მაკურთხეველთა დღესა განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიას-ღვთისმშობელისა ოქროისა და ვერცხლი წმინდისა. უფლებასა დედოფლისა თამარისა ადიდენ ღმერთმან"

საიდუმლოებით მოცული აჭის მონასტერი

აჭის ეკლესიასთან თამარ მეფის ციხესიმაგრეცაა, სადაც გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფემ საყდარში წმინდა გიორგის შეავედრა თავისი ქვეყანა. ჯარმა წარმატებას მიაღწია და შეიქმნა ტრაპზონის იმპერია, მადლიერების ნიშნად მეფე თამარმა საბოძვარი შესწირა წმინდა გიორგის ხატს, რომელთა შორის იყო თამარის საწინამძღოლო ჯვარი. დიმიტრი ბაქრაძის გადმოცემით, აჭის პატარა ტაძარი უძველესია, ის მე-8 ან მე-9 საუკუნეში აშენდა. ტაძრის გვერდით მდინარე მიედინება, ამბობენ, რომ ტაძრიდან გამომავალი გვირაბი მდინარის ქვეშ გადის და ბევრ საიდუმლოს ინახავს. ერთ-ერთი ვერსიით, არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ადგილზე თამარ მეფის საგანძური ან თუნდაც საფლავი აღმოჩნდეს.

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- საიდუმლოებით მოცული აჭის მონასტერი და თაობებს შემონახული თამარ მეფის ჯვარი

- 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გია სალუქვაძის ოჯახი ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობს