ფართოდ გახელილი თვალების საიდუმლო - კვირის პალიტრა

ფართოდ გახელილი თვალების საიდუმლო

"გული მიკვდება, როცა მთხოვენ, კიდევ ერთი მშიერი ბავშვი მივიღო, არადა, რა ვქნა, არ შემიძლია..."

"გვინდოდა სიმსივნით დაავადებული ბავშვების ნატვრა აგვესრულებინა, მაგრამ 45 ბავშვიდან ოცი ისე გარდაიცვალა, ვერ მოვასწარით - ფული ვერ ვიშოვეთ"

"ხალხმა რომ ვეღარ შემოგვწიროს, ეს ბავშვები ალბათ ისევ ქუჩაში უნდა გავუშვათ"

ვაჟა-ფშაველას #32... შეიძლება ამ ადგილას ხშირად გაგივლიათ, მაგრამ არ იცით, რომ აქ ბავშვთა თავშესაფარია.

"მომავლის გზაში" შევაბიჯე თუ არა, ტელეფონის გაბმული ზარი მომესმა, - ასე გაბმულად იმიტომ რეკავენ, რომ მიტოვებული და მშიერი ბავშვები მივიღოთ, მაგრამ ამდენი სად დავატიოთ, არც საწოლი გვყოფნის და აღარც პურიო, - მეუბნება ერთი აღმზრდელი.

ისე, ასეთი სახლების კარს მიღმა ერთი სამყაროა, - ქუჩას გამოგლეჯილი ბავშვები სევდიანი თვალებით. მათ შემყურეს ერთი და იგივე კითხვა გიტრიალებს, - რატომ აქვთ მიტოვებულ ბავშვებს ფართოდ გახელილი თვალები? იქნებ მათ თვალებს  ჩაწოლილი დარდი აფართოებს?!

აი, აქაც ოთხი წლის მარიამი სკამზე შემომჯდარა, გადახოტრილი თავი ჩემკენ მოუტრიალებია და ასეთი თვალებგაფართოებული მიცქერის:

- "რატომ მოხვედი?"

- "ისე, მინდა შენზე ყველას მოვუყვე".

მარიამს ოდნავ ეღიმება. ის ამ სახლში შიმშილისგან ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს.

ზაზა და ნათიაც. მათი დედა ღამის სამ საათზე ხიდიდან ხტებოდა. შვილებიანად პოლიციამ მოიყვანა ბავშვთა სახლში.

- აღარ ვიცოდი, რა მექნა, - თითქმის ჩურჩულით მიყვება დათო ძია (ასე ეძახიან ბავშვები ამ სახლის დირექტორს დათო კინწურაშვილს). პოლიციელებს ვუმტკიცებდი, - აქ დედების თავშესაფარი არ არის, ბავშვებს დავიტოვებ, დედას კი შეუძლია ნახოს შვილები-მეთქი. აბა, რა ვქნათ, ისევ ქუჩაში ხომ არ დავტოვებო... დარჩა ის საცოდავი ორი კვირა, მერე სადღაც ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო და მასავით უპატრონო ქალს შეეფარა. ერთხელ კი წაიყვანა ბავშვები, მერე - ვეღარ... უკან რომ მოიყვანა, აქეთ დედა ტიროდა, იქით შვილები, - დედიკო, ნუ მიგვატოვებო, ეგონათ, დედა სამუდამოდ ტოვებდა. ვეფერებოდით, დარჩით, ჩვენც გვიყვარხართ, დედა ისევ მოვაო... ისინი კი - ჩვენ მარტო დედიკო გვინდაო. მერე ის საწყალი კვირასაც რომ ვეღარ მოვიდა,   ბავშვი ჩემთან წავიყვანე. ზაზამ ჩემი გოგონას სათამაშოებს რომ შეხედა, ჩუმად მკითხა, - დათო ძია, შენი შვილი მდიდარიაო? შენც ხომ მდიდარი ხარ, ბავშვთა სახლშიც ხომ ბევრი სათამაშო გვაქვს-მეთქი, ამდენი რომ არ გვაქვსო?! მერე ჩუმად ორცხობილა ჩაიდო ჯიბეში. არ შევიმჩნიე. ცოტა ხანში თავად მოვიდა, - დათო ძია, არ გეგონოს, მოვიპარე, ჩემს დაიკოს როცა მოშივდება, ვაჭმევო...

- შესაძლებელია კვირა დღეებში სხვებმაც წაიყვანონ ეს ბავშვები შინ და თავიანთ შვილებთან ერთად ამყოფონ?

- რატომაც არა, მაგრამ ასეთი ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა. ცუდად ვხდები, როცა მთხოვენ, კიდევ ერთი მშიერი ბავშვი მივიღო. რა ვქნა, არ შემიძლია, არადა ქუჩები მაწანწალა ბავშვებით ივსება. დედებს ყოველთვის უჭირდათ შვილებთან დაშორება და ბავშვთა სახლებში გაგზავნა, ახლა კი აქეთ გვეხვეწებიან, - ოღონდ შვილები შიმშილით არ დაიხოცონ,  წაიყვანეთო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვიჭირს, მაინც გადავწყვიტეთ  ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს შეძლებისდაგვარად  დავხმარებოდით. პროექტი გვაქვს ასეთი, - დღესასწაულებზე  თითო ბედნიერ დღეს ვუწყობთ - ან გაგვყავს ონკოლოგიური საავადმყოფოდან, ან იქვე ვუმართავთ ზეიმს. დღიურებიც გავაკეთებინეთ და სურვილები ჩავაწერინეთ. გვინდოდა მათი ნატვრა აგვესრულებინა, მაგრამ 45 ბავშვიდან ოცი ისე გარდაიცვალა, ვერ მოვასწარით - ფული ვერ ვიშოვეთ. არადა, რა ძნელად შესასრულებელი ნატვრა მათ ჰქონდათ... ერთი ცხრა წლის გოგონა წერდა, მინდა ზღვა ვნახოო. ისე გარდაიცვალა, ზღვაზე ვერ წავიყვანეთ. ისიც არ ვიცი, ჩვენს სახლს ხვალ რა ელის, ხალხმა რომ ვეღარ შემოგვწიროს, ალბათ ისევ ქუჩაში უნდა გავუშვათ ბავშვები. ამაზე ფიქრიც კი მზარავს.

P.S. "მომავლის სახლიდან" გზას დამძიმებული გამოვუყევი. იქ ცხელ ასფალტზე პატარა გოგონას ეძინა. ჭუჭყიანი ხელი ხურდიან ჯამში ჰქონდა ჩაყოფილი - არავინ წამართვასო.  არ გავაღვიძე. რა უნდა მეთქვა. ჩემი სათქმელი გვერდით მდგომმა ქალბატონმა თქვა, - ჩვენს ხელისუფლებასაც სძინავს, თორემ ეს საცოდაობა ჩემმა მტერმა ვერ დაინახაო!

P.P.S. ვისაც სურვილი აქვს "მომავლის სახლს" შეეწიოს, საბანკო რეკვიზიტებს ვთავაზობთ:

"თიბისი" ბანკი.

კოდი: 220101850;

ანგარიში:

GE42TB7621136080100002GEL; ფონდის საიდენტიფიკაციო კოდი: 205164052.