რა ძალა აქვს ქართულ სიმღერას - კვირის პალიტრა

რა ძალა აქვს ქართულ სიმღერას

ნორვეგიელმა ქართველი კაცი უკანასკნელ გზაზე  "წინწყაროთი" გააცილა, პატარა გოგონა კი "ბატონებისგან" სიმღერით იხსნა...

როგორ მოხვდა ნორვეგიელი სვენი "საოცრებათა ქვეყანაში"

"გვინდა, თითის ანაბეჭდივით დავტოვოთ ჩვენი კვალი ამ საქმეში"

საქართველოსა და ქართულ კულტურას ნორვეგიელი სვენ ვონგი შემთხვევით კი ეზიარა, მაგრამ ამან მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა...თავიდან საქართველოს მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს, ტელევიზიით მიღებული შემზარავი ინფორმაციით იცნობდა... მერე კი, შემთხვევით, ოსლოს ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში საოცარ ჰანგებს მოჰკრა ყური...

- პროფესიით მუსიკისმცოდნე ვარ და დავინტერესდი მისი წარმოშობით. კონსულტანტმა მითხრა, ქართული ხალხური სიმღერააო. იმ პერიოდში ოსლოს უნივერსიტეტში სადისერტაციო თემას ვარჩევდი. ამ უჩვეულო პოლიფონიისა და ჟღერადობის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, ამ თემაზე გამეკეთებინა ნაშრომი. მოსვენება დავკარგე, მინდოდა, ამ საოცარი მუსიკის ქვეყანაშიI ჩამოვსულიყავი. 1996 წლის ზამთარში ჩამოვედი კიდეც აქაურობის გასაცნობად. მაინტერესებდა, ვისთან შემეძლო თანამშრომლობა და სადისერტაციოდ საჭირო მასალის მოპოვება...

ანსამბლ "ლაშარის" წევრებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, სხვადასხვა შემსრულებელსაც შევხვდი. მივხვდი, რა ფენომენთან მქონდა საქმე, იმასაც, რომ ამ საოცრებასთან საზიარებლად მარტო თეორია არ იყო საკმარისი და მეც ავმღერდი. ჩემი მასწავლებელი გიორგი უშიკიშვილი გახლდათ. სიმღერებიც ჩავწერეთ და კონცერტებიც გვქონდა. რამდენიმე წლის წინ, ქობულეთში, ნაქირავები ბინის მეორე სართულზე, რეპეტიციას გავდიოდით და უცებ კარზე კაკუნი შემოგვესმა. სახლის მეპატრონე იყო. მოგვიბოდიშა, - თუ არ შეწუხდებით, ჩემს პატარა შვილიშვილს "ბატონებზე" სიმღერა უმღერეთო. თხოვნა შევუსრულეთ... გამიჭირდება რაიმეს დაბეჯითებით თქმა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მეორე დილით ის პატარა უკვე ეზოში თამაშობდა. ბატონ ანზორ ერქომაიშვილისგან გავიგე, - ადრე გურიაში ჰქონიათ ასეთი ტრადიცია...

- საქართველოში დაფუძნება როგორ გადაწყვიტეთ?

- ჩემი მეუღლე ქართველია, ოსლოში ნორვეგიული ენის შესასწავლად იყო ჩამოსული. 2000 წელს სვეტიცხოველში ჯვარი დავიწერეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამშობლო ნორვეგიაა, საქართველოში თავს ისევე ვგრძნობ, როგორც იქ. აქ დაკეტილი კარი რომ დამხვედროდა, შესაძლოა, ეს ვერ გადამეწყვიტა, მაგრამ ქართველებმა გულში ჩამიხუტეს. ჩემი სულის მეორე ნახევარი აქ ვიპოვე. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, ჩემს ქართველ მეგობრებს და ქართულ ეკლესიას ამ სითბოსა და სიყვარულისთვის.

ხშირად ჩამოდიან სტუმრები ნორვეგიიდან. მათ საქართველოს ლამაზ კუთხეებს ვაცნობთ. რამდენიმე თვის წინ ტურისტული სააგენტო შევქმენით, რაც მეტ შანსს მოგვცემს, ძირფესვიანად გავაცნოთ უცხოელებს საქართველოს ისტორია, ვაზიაროთ ამ მშვენიერებას. გვინდა, თითის ანაბეჭდივით დავტოვოთ ჩვენი კვალი ამ საქმეში. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ემოციებით ტოვებს საქართველოს ნორვეგიელი ან თუნდაც სხვა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი, როდესაც მას ტრადიციულ ქართულ სუფრასთან შეუძლია  მოისმინოს ამა თუ იმ ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები. ამ დროს მე და ჩემი მეუღლეც აქტიურად ვერთვებით საქმეში, თამარი ლექსებს კითხულობს, მე - ჩემს მეგობრებთან ერთად ვმღერი.

- ბატონო სვენ, ქართულად ბრწყინვალედ ლაპარაკობთ...

- ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა, სახელმძღვანელოებიც მაქვს, მაგრამ პრაქტიკა უკეთესია. ერთხელ, ბაზრობაზე, მძიმე ზურგჩანთამოკიდებულმა ჯიბეში ხელის ფათური ვიგრძენი. მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ გვიანი იყო... მერე იმ ახალგაზრდებს ავედევნე... უნდა გენახათ მათი განცვიფრება, როცა ქართულად მოვკითხე ჩემი ნივთი. თავიდან ვთხოვე, ნივთები დაებრუნებინათ, ტკბილად საუბარმა რომ არ გაჭრა, "ლაშარის" ბიჭების ნასწავლი უწმაწური სიტყვები გამოვიყენე... ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, სულ "შენი ჭირიმეთი" და ნორვეგიულ ფეხბურთის გუნდზე საუბრით დამემშვიდობნენ. ჩემი ნივთიც დავიბრუნე და თან მათ დავუმეგობრდი. ასეთი უცნაური ურთიერთობა ალბათ, მარტო საქართველოში შეიძლება იყოს.

- როდემდე აპირებთ საქართველოში დარჩენას?

- ამას წინათ ბორჯომის რაიონში, ჩემი მეუღლის სოფელში ვიყავით. მეზობლად მოხუცი კაცი უკვე რამდენიმე დღე უგონოდ იწვა. მისი მეუღლე მოვიდა და მოკრძალებით მთხოვა, - ახალგაზრდობაში კარგი მოლხენა უყვარდა და იქნებ ბოლო წუთები სიმღერით გავულამაზოთო. გავყევი და "წინწყარო" ვუმღერე. სიმღერის დასრულებისთანავე მოხუცმა თვალი გაახილა, ხელი გამომიწოდა, - გმადლობო, ძლივს ამოთქვა და სული დალია. ქართულმა სიმღერამ თავისი მაგიური ძალით იმოქმედა... ჰოდა, მეც ერთი ფეხი ამ მაგიური სიმღერისკენ მაქვს და მეორე - სამსახურისკენ. ორივეზე მყარად ვდგავარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ამ ყველაფერს თქვენი ხალხის სიყვარულიც ხომ ემატება. ეს არის უმთავრესი...

გურამ სოზაშვილი