ალავერდისკენ გაფრენილი, ცხენზე ამხედრებული გეიდარი...
ალავერდისკენ გაფრენილი, ცხენზე ამხედრებული გეიდარი...
აღესრულა 2012 წლის 6 მაისს... სწორედ მაშინ, როცა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული 5 წუთის დამდგარი იყო...

"ალავერდობის" ყურებისას არაერთხელ მიფიქრია, რომ გეიდარ ფალავანდიშვილი, გარდა იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილს თამაშობდა, თავისი თავიც იყო. ამას წინათ ეს მხატვარმა ზურაბ ნიჟარაძემაც დამიდასტურა: გეიდარს არ სჭირდებოდა თამაში, ის ასეთი იყოო... მართლაც, გეიდარ ფალავანდიშვილის შესრულებული როლები "ალავერდობაში", "მთვარის მოტაცებაში", "ფერისცვალებაში", "ვედრებაში" - საერთო ფესვზეა აღმოცენებული. ეს საერთო ფესვი კი შეუბღალავი ვაჟკაცობიდან მოდის... 

1-ელ ივლისს 75 წლისა
გახდებოდა. ეს პირველი დაბადების დღეა, როცა მისი ახლობლები ამ თარიღს გეიდარის გარეშე ხვდებიან. სწორედ 1-ელ ივლისს გაიმართა მისი სახელობის ტურნირი ჩოგბურთში. ის ხომ არაჩვეულებრივი ჩოგბურთელი იყო. მის თამაშს რომ შეხედავდი, იფიქრებდი, პროფესიონალიაო. ასევე პროფესიონალურად ცურავდა, თხილამურებით სრიალებდა, ფარიკაობდა... ალბათ დაჯერება გაგიჭირდებათ, ჩოგბურთს, რომელსაც ასე კარგად
თამაშობდა, 40 წლისა დაეუფლა. გაგიკვირდებათ, რადგან კარგად არ იცნობდით, თორემ რომ გცნობოდათ, მიხვდებოდით - მას ასაკი დამარცხებული ჰქონდა. წლები სიბრძნეს მატებდა, ჭაღარა მრავლდებოდა, ის კი ძველებურად ახალგაზრდულად, მხნედ გამოიყურებოდა. ვიდრე მძიმე სენს დაუდგენდნენ, სექტემბრის ბოლოს წყალში ისევ ხიდიდან ხტებოდა! ვერც მიხვდებოდით, სამი მეოთხედი საუკუნე თუ უკან ჰქონდა მოტოვებული...
მაგრამ მისი გარეგნული სახე მეორეხარისხოვანი გახლდათ, რადგან მთავარი სული იყო, სული, რომელსაც მსუბუქად ატარებდა, რადგან უყვარდა და უყვარდათ, რადგან ერთგულობდა და ერთგულობდნენ...

ჰო, მისი ერთგულების უნარზე რას არ ჰყვებოდნენ... საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, "საქწყალპროექტის" გენერალურ დირექტორს ისეთი უბრალოებით შეეძლო ხელქვეითებზე ზრუნვა, იფიქრებდი, მხოლოდ ეს მიზანი აქვს, არავინ დარჩეს მიუხედავიო... სიტყვა "ხელქვეითიც" ყურს მოსჭრიდა, კაცი იყო და ადამიანის საზომით იზომებოდა... მისი ხასიათის წყალობა იყო ისიც, რომ მაშინ, როცა უამრავი სამეცნიერო ინსტიტუტი დაინგრა და დაცარიელდა, "საქწყალპროექტში" მუშაობა არ შეუწყვეტიათ და ყველა მანქანა-დანადგარი შეინარჩუნეს.

- მისი პროფესიაც, მოწოდებაც და ჰობიც ჰიდროინჟინერია იყო, - მითხრა გეიდარის ქვრივმა, ქალბატონმა მარინე რჩეულიშვილმა, - უნდა გენახათ, როგორი გატაცებით მუშაობდა საინჟინრო პროექტებზე და როგორ ენანებოდა დრო სხვა საქმისათვის. ფილმში მონაწილეობისთვის მისი დათანხმებაც ამიტომ უჭირდათ... ზღვაზე ისვენებდა გეიდარი, გიორგი შენგელაიამ რომ ჩააკითხა და "ალავერდობაში" გურამის როლის განსახიერება სთხოვა. ძლივს დაითანხმა. ძალიან ღელავდა, თან ძალიან ერიდებოდა - საოცრად მორიდებული კაცი იყო, რასაც ერთი შეხედვით ვერც ამოიკითხავდით... ვერც იმას ამოიცნობდით, რომ "ალავერდობაში" ცხენი პირველად გააჭენა. გაოცებული იყო ცხენოსანი, რომელიც ჯირითის ხელოვნებას უხსნიდა, პირველად შეჯდა და ისე გააჭენა, თითქოს გამოცდილი მოჯირითე იყოო... ფილმში ერთი ეპიზოდია, ცხენიდან ვარდება... ეს ეპიზოდი რამდენჯერმე გადაიღეს, ყოველი გადაღების შემდეგ შინ დაჟეჟილი ბრუნდებოდა, მაგრამ ერთიც არ დაუწუწუნია...

ძნელი იყო, ეთამაშა გურამ რჩეულიშვილი -  უფროსი მეგობარი და ცოლისძმა, მისი თაობის გეზის მიმცემი, ნიჭიერი და ამოუცნობი, ტრაგიკულად გარდაცვლილი... ვინ იცის, რა ქარიშხალი უტრიალებდა გულში, როცა მართლა ქარიშხალივით მიაგელვებდა ცხენს ალავერდის ტაძრისაკენ. ხმამაღლა ამას არასოდეს იტყოდა. ის ხომ უფრო დუმილის კაცი იყო. სამსახურში, უამრავი წიგნითა და ფურცლით დაფარულ მაგიდასთანაც, კედელზე გაკრულ საქართველოს რუკებს შორის, ვინ იცის, რამდენი ფიქრი მოჰბჯენია ყელში ცრემლად... მაგრამ არც ცრემლის კაცი ყოფილა. მდუმარედ გადაჰქონდა ქვეყნის სადარდელიც და საკუთარიც...
უკვე სნეულს მეუღლესთან საუბარში ის პირველი დღე გაუხსენებია, როცა ერთმანეთს შეხვდნენ და "გული გადაუტრიალდა"...

თვალცრემლიან ქვრივს ვკითხე, - და როდის იყო ის პირველი შეხვედრა-მეთქი.

- 1957 წელს... ჩემი ძმა - გურამი ბაკურიანში იყო, ჩამოვიდა... დამპირდა, ისევ წავალ და შენც წაგიყვანო. სიტყვას ვერ გატეხდა... მის მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი... მაშინ შევხვდით პირველად ერთმანეთს. როცა გურამი გარდაიცვალა, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. მაშინ გეიდარი ოცდაერთი წლის იყო, მე - ოცისა...

- ბოლოს, როცა მძიმედ იყო ავად, სასოწარკვეთა არ დასტყობია?
- არა... ავად რომ გახდა, ღმერთს უნდა შევთხოვო, სიყვარულის უნარი ბოლო წუთამდე არ დამიკარგოსო. ასეც იყო, ბოლო წუთამდე სიყვარულს გასცემდა და ჩვენგანაც იღებდა. ამბობდა კიდეც: ბედნიერი კაცი ვარ, ყველა მიყვარს და ყველას ვუყვარვარო.

ბოლო დღეები ლოცვაში გაუტარებია... მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტოა - ჭაღარა, თეთრწვეროსანი, დაჟინებით უყურებს ფოტოკამერას, თითქოს მოიწევს, უნდა, მთელი სიბრძნე და სიყვარული, რაც 74 წლის მანძილზე დაუგროვებია, ჩვენამდე მოიტანოს. მოაქვს კიდეც. მის გამოხედვაში იკითხება ის ძველი, ცხენზე ამხედრებული გეიდარი, ალავერდისკენ გაფრენილი... გურამ რჩეულიშვილი, მუცალი, თარაშ ემხვარი - დათმენილი საიდუმლოთი და ტკივილით სავსე, მდუმარე ან ძუნწად მეტყველი... ფალავანდიშვილებისა და ციციშვილების (დედის შტოს) საუკეთესო თვისებების გამგრძელებელი და მომსახურე...

აღესრულა 2012 წლის 6 მაისს... სწორედ მაშინ, როცა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული 5 წუთის დამდგარი იყო...
ნანა
19 მარტი 2014 11:51
ჩემი უსაყვარლესი მსახიობი არაჩვეულებრივი ქართველი გენიალური ძმა ალბათ ბევრმა არ იცის როგორ უვლიდა გეიდარი მის დას დალი ფალავანდიშვილს მძიმე ავადმყოფს ერთი წუთი არ მოშორებია გვერდიდან გარდაცვალებამდე,დასანანია კარგი ქართველი რომ შემოგეცლება,ნათელში ამყოფოს მისი სული. :(
gerchi
06 ივლისი 2012 11:59
აფსუს! ესეთი სულის ადამიანებით ფასობდა თბილისიც და მთელი საქართველოც.შეუცვლელი,უმასღლესი ზნეობის მატარებელი,ღირსებით მაცხოვრებელი ხალხი იყვნენ გეიდარი და მისი დარი ქართველები.ნათელი დაუმკვიდროს!
elene
05 ივლისი 2012 23:35
ვინ შეავსებს ამ სიცარიელეს,ე.წ.დღევანდელი ელიტა? მიდის დიდებული თაობა

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები