რას ნიშნავს ტუბებზე გამოსახული სხვადასხვა ფერის მართკუთხედი - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს ტუბებზე გამოსახული სხვადასხვა ფერის მართკუთხედი

ცოტა ხნის წინ "ფეისბუკში" გავრცელდა ფოტო, რომელზეც კოსმეტიკური და პარფიუმერიული ნაწარმის ტუბებია გამოსახული. ტუბებზე სხვადასხვა ფერის მართკუთხედია დატანილი. ვიზუალურ მასალას თან ერთვის პროვოკაციული ტექსტი, - მუქი ფერის მართკუთხედი ნიშნავს, რომ მომხმარებელი 100%-ით ქიმიური შემადგენლობის პროდუქციას მოიხმარს. წითელი ფერის მართკუთხედი თურმე იმის ნიშანია, რომ პროდუქცია 70% ქიმიაა, 30% კი ნატურალური. 100%-იან ნატურალურ პროდუქციას მწვანე მართკუთხედი გამოსახავს. როგორც სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარმა ცხადყო, უმრავლესობა მყისვე საკუთარი ტუალეტის მაგიდას მივარდა და ტუბების დათვალიერება დაიწყო. ჩვენი თავის მოვლის საშუალებებში, პრაქტიკულად, მხოლოდ შავმარკერიანი ტუბები აღმოჩნდა, რამაც ბევრი ქალბატონი კინაღამ დეპრესიაში ჩააგდო. როგორია, გგონია, რომ თავს განსაკუთრებულად უვლი, ყიდულობ ბრენდებად აღიარებულ კოსმეტიკურ ნაწარმს და ამ დროს ეს ვერაგი შავი ან მუქი ფერის მარკერი საწინააღმდეგოს გიმტკიცებს.

გადავწყვიტეთ, დაგვედგინა მუქი ფერის მარკირების საიდუმლო და შესაბამისი მოკვლევა ჩავატარეთ.

პირველად ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკული დაავადებების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და გარემოს ჯანმრთელობის განყოფილების უფროსმა ნია გიუაშვილმა გამოგვიცხადა, რომ მარკერების შესახებ არაფერი სმენია. გვითხრა, რომ ექსპერტ-ტოქსიკოლოგებთან გაივლიდა კონსულტაციას.  მალევე ქალბატონი ნია თავად დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ მართკუთხა მარკირების, როგორც ხარისხის მაჩვენებლის შესახებ ექსპერტ-ტოქსიკოლოგებმაც არაფერი იციან, რადგან ასეთი აკრძალვის შესახებ განმარტება ვერსად მოიძიეს.

მარკირების ამ ნიშნის შესახებ ჰიგიენის ინსტიტუტშიც არაფერი იცოდნენ, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხეს, რომ მართკუთხედს შესაძლოა რაიმე საერთო ჰქონოდა პროდუქციის ხარისხთან. ხელმძღვანელობის განმარტებით, პროდუქციის ხარისხს ადასტურებს ისო-სერტიფიკატი და არა რომელიმე ფერის მარკერი. შესაბამისად, პროდუქცია უნდა შევარჩიოთ არა მართკუთხა მარკერების ან ღირებულების, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად დეტალურად არის აღნიშნული პროდუქციისთვის თანდართულ ანოტაციაში მწარმოებელი კომპანია, პროდუქციის შემადგენლობა და ცნობა, გაიარა თუ არა შესაბამისი კონტროლი.

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემაც კატეგორიულად გამორიცხა მართკუთხა მარკერების პროდუქციის ხარისხთან კავშირი. მისი თქმით, ასეთი რამ აღნიშნული არ არის ევროკავშირის დირექტივებში. შესაბამისად, მარკერი დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ ტუბთან და არა იმასთან, რაც ტუბშია მოთავსებული.

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა ისეთი ქართველი მწარმოებელი მოეძებნა, რომელიც კოსმეტიკურ ან პარფიუმერიულ პროდუქციას ამზადებს და შუშის ფლაკონებში კი არა, ტუბებში ასხამს. აფთიაქში მარტივად მოიძებნა ასეთი, მალამო "კოლხურის".”მათი პროდუქციის ტუბებსაც მხოლოდ შავი ფერის მარკერები "ამშვენებს". კომპანიის ხელმძღვანელობამ დაგვამშვიდა და განაცხადა, რომ მარკერი ტუბის ბოლოში მხოლოდ საწარმოო პროცესში ტექნიკური სიზუსტის დაცვისთვის საჭირო აუცილებელი დეტალია.

გურამ დარსანია, "კოლხური" მალამოს მწარმოებლის, სამედიცინო ფირმა "კარდუს" დირექტორი:”

- აბსოლუტური დეზინფორმაცია და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა არის ის, რომ თითქოს ტუბებზე სხვადასხვა ფერის მარკერი ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის ხარისხს ან მის ნატურალურ, თუ ქიმიურ შემადგენლობას განსაზღვრავს.

ეს მარკერი საჭიროა მხოლოდ ამ პროდუქტის დაფასოებისას. მარკერის მეშვეობით დასაფასოებელი დანადგარის ლაზერული სხივი აკორექტირებს ტუბის სწორ მდებარეობას, რათა მისი ბოლოები დიზაინის მიხედვით შეწებდეს.

ისევე როგორც შტრიხკოდები, მარკერებიც მუქი, ან უფრო ხშირად შავი ფერის არის, რომ ლაზერულმა სხივმა ადვილად მოახდინოს მისი იდენტიფიცირება. თუმცა შესაძლებელია, რომ მარკერი იყოს წითელი, მწვანე და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ფერი იყოს კონტრასტული.

"ფეისბუკში" გავრცელდა ფოტო, რომელზეც კოსმეტიკური და პარფიუმერიული ნაწარმის ტუბებია გამოსახული. ტუბებზე სხვადასხვა ფერის მართკუთხედია დატანილი. ვიზუალურ მასალას თან ერთვის პროვოკაციული ტექსტი:

მუქი ფერის მართკუთხედი ნიშნავს, მომხმარებელი 100%-ით ქიმიური

შემადგენლობის პროდუქციას მოიხმარს

წითელი მართკუთხედი - პროდუქციაში 70% ქიმიაა,

30% კი ნატურალური

100%-იან ნატურალურ პროდუქციას მწვანე მართკუთხედი გამოსახავს

აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია

ტუბზე გამოსახული მართკუთხედების მეშვეობით დასაფასოებელი დანადგარის ლაზერული სხივი აკორექტირებს ტუბის სწორ მდებარეობას, რათა მისი ბოლოები დიზაინის მიხედვით შეწებდეს