"პროკურატურასთან გადავისხამ ბენზინს და თავს დავიწვავ!" - კვირის პალიტრა

"პროკურატურასთან გადავისხამ ბენზინს და თავს დავიწვავ!"

"რა ესაქმებოდა სახელმწიფოს ჩემს გაჭირვებით შეგროვილ გროშებთან"

"ლიბერთი ბანკში" მივედი და პენსიაც დაყადაღებული დამხვდა"

ანგარიშების დაყადაღებამ უმძიმესი პრობლემები შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილს, - დაყადაღებულია პენსიები, პირად ანგარიშებზე - თანხები, რომელსაც ზოგიერთი სამკურნალოდ წლობით აგროვებდა. მოქალაქეები, რომლებმაც ფონდ "ქომაგს" დახმარების თხოვნით მიმართეს, სავალალო მდგომარეობაში არიან. ზოგს არათუ ფონდი "ქომაგი", "ნაცმოძრაობაც" შუამდგომლობდა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებთან, რათა დახმარება მიეღოთ. რამდენიმე დაზარალებულს "კვირის პალიტრა" გაესაუბრა:

"მივმართავ გულისხმიერ ადამიანებს, - ჩემი შვილი უნდა გადარჩეს, მე თქვენი დახმარება მჭირდება"

ნანა ფეიქრიშვილი, 44 წლის: "უმძიმეს დღეში ვარ. ჩემი 17 წლის ვაჟი ფეხბურთელი იყო. უცბად ძალიან გამაღლდა, მეტრი და 90 სმ-ია. ასეთ სწრაფ ზრდას, როგორც ჩანს, ორგანიზმი ვერ აჰყვა და კუნთებისა და ნერვების გაშეშება დაეწყო. ანგელოზივით ბიჭს დაინვალიდება ემუქრება, სიარული უჭირდა, ტკივილისაგან ყვიროდა, დღეში რამდენჯერმე ვიძახებდი სასწრაფოს. დაავადების მიზეზი ვერ დაადგინეს. ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე თხოვნით, რომ გამოეკვლიათ. სოციალური შეღავათი ჩემზე არ ვრცელდება. არადა, ბავშვს რომ ჯანმრთელობა დავუბრუნო, უამრავი ფული მჭირდება. ბალნეოლოგიურ საავადმყოფოში პროცედურების ჩატარება აუცილებელია. ამ საავადმყოფოს ხელმძღვანელი მიშას მამიკოა. მოკლედ, ჩემს შვილს წყალქვეშა დაჭიმვები და მასაჟი სჭირდება. წყალქვეშა დაჭიმვა (ათჯერ) 350 ლარი ღირს, კონსულტაცია - 50 ლარი. საიდან მოვიტანო ამდენი ფული?

"ნაცმოძრაობის" წევრებმაც მიშუამდგომლეს და საგარანტიო წერილი მომცეს, რომ ექიმისთვის გადასახდელი თანხა გამნახევრებოდა. ქაღალდი ექიმს რომ მივეცი, კინაღამ სახეზე ამაფარა, ფული ხელზე უნდა ავიღო, არავითარი საბუთი არ მაინტერესებსო. ჩამოთვლა გამიჭირდება, იმდენ ორგანიზაციას მივმართე დახმარებისთვის, "ქომაგთან" ბოლოს მივედი. 27 ივნისს ფული დარიცხულა. არ ვიცოდი, თორემ იმ დღესვე გამოვიტანდი! 28-ში პროკურატურაში დამიბარეს, რაღაც ფულის გათეთრებაზე მელაპარაკებოდნენ, გეფიცებით, წესიერად არც მახსოვს.

მითხრეს, ვიღაც ბოროტმოქმედმა თუ ტერორისტმა თქვენს ანგარიშზე თანხა გადმორიცხაო. ისეთ დღეში ვიყავი, არაფერი მესმოდა... შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი საბუთები გადმოვალაგე და მოვითხოვე, ფულს სასწრაფოდ მოხსენით ყადაღა-მეთქი.

ეტყობა, იფიქრეს, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა და კითხვები აღარ დამისვეს. პოლიტიკა ახლა მე ნაკლებად მაინტერესებს, მთავარი შვილის გადარჩენაა და უკან არაფერზე დავიხევ! ორშაბათიდან პროკურატურის წინ აქციას გავმართავ, რომ თანხას ყადაღა მოხსნან. თუ არ გაჭრა, პროკურატურის წინ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ!

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ვთხოვ, ყურადღება გამოიჩინონ, მეც ყოფილი ჟურნალისტი ვარ! არ დატოვოთ ეს თემა გაუშუქებელი. ასევე, მივმართავ გულისხმიერ ადამიანებს, - ჩემი შვილი უნდა გადარჩეს, მე თქვენი დახმარება მჭირდება".

გიული ძნელაძე: "მძიმე ავადმყოფი ვარ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი. პოლისიც მქონდა, მაგრამ აბსურდული მიზეზით ეს დახმარება მომიხსნეს. მარტოხელად აღარ მიმიჩნიეს, რადგან ჩემი ნახევარდა ცოტა ხანს ჩემთან ცხოვრობდა. მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ და საკუთარი თავის მიხედვა მიჭირს. გავიგე, რომ "ქომაგი" ეხმარებოდა გაჭირვებულებს, სამსახურიდან დათხოვნილებს და ა.შ. ამიტომ მეც მივმართე. ისნის პროკურატურის თანამშრომლებისგან გავიგე, რომ  თანხა გადმოურიცხავთ. მანამდე ოთხჯერ მივაკითხე "საქართველოს ბანკს", მაგრამ მითხრეს, არავის არაფერი დაურიცხავსო. პროკურატურის თანამშრომელმა მკითხა, ვინ არის ნატალი კრუშენკო უკრაინაში, რომელმაც ფული გადმოგირიცხათო (იმედია, გვარი არ მეშლება). არ ვიცი-მეთქი. მაშინ რატომ გადმოგირიცხა ფულიო? ალბათ, გაჭირვებულებს გვეხმარებიან-მეთქი. გამომიშვეს, მაგრამ თურმე ანგარიში უკვე დაყადაღებული მქონდა".

ვლადიმერ მირიანაშვილი: "76 წლის ვარ. ინფარქტი ორჯერ გადავიტანე. მუდმივი მკურნალობა მჭირდება და ფული კი არა მაქვს. ამიტომ მივმართე "ქომაგს". ფული რომ ჩაურიცხავთ, პოლიციის თანამშრომლებისგან შევიტყვე. შსს-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დამიბარეს დასაკითხად და იქ გავიგე, რომ ჩემი ანგარიში დაუყადაღებიათ. 300 დოლარამდე ყოფილა გადმორიცხული. წავედი "ლიბერთი ბანკში", იქნებ პენსია მაინც ავიღო-მეთქი და ისიც დაყადაღებულია".

ნანული კურაშვილი: "72 წლის ვარ. 48 წელი ვიმუშავე სკოლაში პედაგოგად, უამრავი ქების სიგელი და მადლობის ბარათი მაქვს. 2010 წელს გამათავისუფლეს 120-ე საჯარო სკოლიდან. ჩვენი რაიონის დეპუტატის ცოლი დანიშნეს დირექტორად, ადრე მასწავლებელი იყო, არაფრისმაქნისად ითვლებოდა და უცბად "პროფესორი" გახდა. მე ამითვალწუნა. ასაკოვანი კი ვარ, მაგრამ იქ ჩემი ტოლები სხვებიც მუშაობდნენ. მან კი მე გამათავისუფლა, იმიტომ, რომ მლიქვნელობა არ დავუწყე. ბოლო წლებში მუხლმა განსაკუთრებით შემაწუხა, მენისკი მაქვს. შვილი მყავს გარდაცვლილი, კუკიაზე, მის საფლავზე რომ ავდივარ, ცუდი გზაა და მუხლიც განსაკუთრებით მაშინ მაწუხებს. ჩამოსვლისას მგონია, სულ გორვა-გორვით დავეშვები და სული აღარ დამყვება, იმდენად მიჭირს სიარული. მენისკის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი. სკოლაში მუშაობის დროს მასწავლებლებმა ლატარია ვითამაშეთ და 900 ლარამდე შევაგროვე, ზედ პენსიის ფულიც დავამატე. ვიფიქრე, ოპერაციას გავიკეთებ-მეთქი. სულ 913 ლარი მქონდა პირად ანგარიშზე "პროკრედიტბანკში". ეს თანხა ოპერაციისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ ფონდ "ქომაგს" მივმართე. პროკურატურაში მითხრეს, რომ თურმე ინგლისიდან 185 დოლარი გადმომირიცხეს, მაგრამ მთლიანი თანხა დამიყადაღეს. კინაღამ შევიშალე, პროკურატურის თანამშრომლებს ვუთხარი, წაიღეთ ის 185 დოლარი და ჩემი სიმწრით მოგროვილი 913 ლარი დამიბრუნეთ-მეთქი. დახმარებას ვინღა დაეძებს, სულ დავიქეცი!.. რა ესაქმებოდა ხელისუფლებას ჩემს გაჭირვებით შეკოწიწებულ გროშებთან? ამბობენ, მასწავლებლები პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყვნენო. ამას ჰქვია პრივილეგირებული?! რითი დამიფასა სახელმწიფომ?!.. მოვითხოვ, სასწრაფოდ მოხსნან ჩემს ფულს ყადაღა".

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში