გოგი თოფაძე: "უნდა შევაჩეროთ ქართული სოფლის "გენოციდი" - კვირის პალიტრა

გოგი თოფაძე: "უნდა შევაჩეროთ ქართული სოფლის "გენოციდი"

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონით აიკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება(!)"

როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე წარდგა, პრიორიტეტებს შორის დაზღვევა და სოფლის მეურნეობა დაასახელა. "ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ეს დარგი ჟანგბადია საქართველოსთვის. არ მინდა ვთქვა, რომ ის ბიძინას ეჯიბრება. მან უბრალოდ, ნათლად დაინახა, რომ სოფლის მეურნეობის გარეშე პერსპექტივა არა აქვს ქვეყანას და ამიტომაც დაიწყო სოფლის მეურნეობით" - გვითხრა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ, რომლის აზრით, სოფლის მეურნეობის იგნორირება ქართველი ხალხის გენოციდის ტოლფასია, რადგან საქართველოდან ემიგრირებულთა უმრავლესობა სოფლის მცხოვრებია. მისი აზრით, როცა სოფელზე ვლაპარაკობთ, მთავარი საზრუნავი კონკრეტული ადამიანია იმ კონკრეტული პრობლემებით, რაც სოფლის დაქცევას მოჰყვა.

მრეწველთა ლიდერ გოგი თოფაძესთან საუბარი დღეს ყველაზე აქტუალური თემით დავიწყეთ:

- თქვენი აზრით, ბანკ "ქართუს" აქციების დაყადაღებას რა შეიძლება მოჰყვეს?

- რაც უნდა უკანონობა ჩაიდინოს ხელისუფლებამ და რა კანონებიც უნდა მიიღოს რეალური პოლიტიკური კონკურენტის საწინააღმდეგო, არაფერი გამოუვა.  დაინახეს რეალური, ხალხისთვის მისაღები, ქვეყნის გადამრჩენი ადამიანი რომ გამოჩნდა და ამიტომ იღებენ აბსურდულ კანონებს, აყადაღებენ ბანკს და ასეთ დამსახურებულ კაცს მოქალაქეობას ართმევენ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოთმინებიდან გამოიყვანოს ბიძინა და ქუჩაში გავიდეს, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს, რადგან თავიდანვე თქვა, მინდა კანონიერად მოვიდე ხელისუფლებაში არჩევნებით და ამას მსხვერპლი არ მოჰყვესო. ყველაფერს აიტანს და მაინც თავისი პროგრამითა და ავტორიტეტით მოვა ხელისუფლებაში. ძალიან უზღუდავენ ბიძინას ფინანსების ხარჯვას, მაგრამ ხალხი კარგად ხედავს, რასაც უპირებენ ამ კაცს. შეხედეთ, რა ხდება ჩვენს შეხვედრებზე. ბიძინას ერთი კაპიკი რომ არ ჰქონდეს, ხალხი მაინც ენდობა. ხალხმა კარგად გაიგო, რამდენი სიკეთე აქვს ამ კაცს გაკეთებული თავისი ქვეყნისთვის და რამდენად სტკივა გული, როდესაც მისი ქვეყანა უფსკრულის პირას დგას და მისი გადარჩენა უნდა. ბიძინას ბევრ ქვეყანაში შეეძლო წასულიყო და იქ ეცხოვრა, მაგრამ მას უნდა საკუთარი გამოცდილება და ფინანსები თავის ქვეყანას მოახმაროს. ხალხმა ეს გაიგო და ამის უკან მობრუნება აღარ შეიძლება.

- სხვათა შორის, მერეთში არ ჩანდა, რომ ხელისუფლების მომხრეები შეეგუვნენ მარცხს.

- ბიძინა ამასაც არ შეუშინდება. პროვოკაციებს ბევრგან დაახვედრებენ, ეს ხელისუფლების (თავისივე თანამშრომლებით) მოწყობილი აგრესია იყო, მაგრამ ხალხი როგორ დადგა მერეთში, ესაა მნიშვნელოვანი. საქართველოში იმდენად გაჭირვებულია ხალხი, შიში მოეხსნა. თბილისმა, ქუთაისმა, გურიამ და მცხეთამ დაგვანახა, რომ ხალხს აღარ ეშინია. რა აქვს დასაკარგი ქართველ გლეხს? თოხი და ბარი? ან რას წაართმევენ ინტელიგენციას, სპორტსმენებს, მეცნიერებს? ვერც ბიძინას დააკლებენ რამეს და ვერც ხალხს შეაშინებენ, რადგან სასოწარკვეთამდეა მისული ხალხი.

- თქვენ ყოველთვის ყურადღებას ამახვილებდით საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე. ამ მიმართულებით რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას?

- ბოლო დროს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა "ექსპერტების ჯგუფმა" აქტიურად დაიწყო საქართველოში სოფლის მეურნეობის უპერსპექტივობაზე საუბარი. ვფიქრობ, ამ მოსაზრებებით ცდილობენ, ბოლო ოც წელიწადში დაშვებული ის შეცდომები გაამართლონ, რამაც ქართული სოფლის დანგრევა და განადგურება განაპირობა. აბსურდული ციფრებით მანიპულირებენ და გამოგონილი არგუმენტებით აპირებენ დღევანდელი ხელისუფლების დანაშაულის დაფარვას, რასაც მე ქართული სოფლის გენოციდს ვუწოდებდი. ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგია დღევანდელი სოფელი ქვის ხანის მეურნეობით, დეფიციტური მუშახელით, შემცირებული მოსავლითა და სრულად დაცარიელების პერსპექტივით. ის, რაც დღეს ქართულ სოფელში ხდება, მხოლოდ არსებობისათვის ბრძოლაა, ამიტომაც სოფლები ცარიელდება და დამუშავებული მიწების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელმა ხელისუფლებამ და მისმა წინამორბედმაც კარგად იციან, საქართველო არის და იქნება აგრარული ქვეყანა, რომ სოფლის მეურნეობას და მასთან დაკავშირებულ გადამმუშავებელ მრეწველობას აქვს პოტენციალი, ეკონომიკის თითქმის 70% შეადგინოს.

სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირება, არა უცოდინარობა, არამედ შეგნებული მავნებლობაა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბენდუქიძე ამ ჯგუფის იდეოლოგია, ის და მისი მიმდევრები სოფლის მეურნეობას საბჭოთა გადმონაშთად მიიჩნევენ და მის განვითარებას საქართველოში აბსოლუტურად შეუძლებლად აცხადებენ, სოფლის მეურნეობის აღორძინებისაკენ გადადგმულ ნებისმიერ ქმედებას საქართველოს ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნად გადაქცევას უწოდებენ. უპერსპექტივობას კი იმით ასაბუთებენ, რომ ზრდას სჭირდება აგროსაწარმოები ბევრი მიწით, რაც საქართველოში არა გვაქვს, რომ სოფლად მცხოვრებ 700 ათას ოჯახზე მოდის დამუშავებისათვის ვარგისი 700 ჰექტარი მიწა. ანუ ერთ ოჯახზე მხოლოდ 1 ჰექტარი მიწა. რეალურად კი ეს მაჩვენებელი 4 ჰექტარზე მეტია. გაიხსენონ, როგორ თანამიმდევრულად და გამიზნულად მოისპო მთელ საქართველოში სარწყავი სისტემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა გამოსაყენებელი სახნავ-სათესი და სხვა დანიშნულების მიწის ფართობებს. განადგურდა მელიორაცია და ირიგაცია, სწორედ ამან შეამცირა დამუშავებისათვის ვარგისი ფართობების მოცულობა, სწორი მოვლის შემთხვევაში კი მისი ფართობი ბევრად მეტი იქნებოდა. ეს არის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა.

საქართველოს მოსახლეობის 47% სოფლად ცხოვრობს. ეს ექსპერტები, "ბენდუქიძის მიმდევრები", სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აბსურდული სტატისტიკის და არა სოციალური პასუხისმგებლობის პრიზმიდან უყურებენ და გვიმტკიცებენ, რადგან მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 8%-ია, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა არ უნდა განავითაროსო. როგორ ფიქრობთ, ეს უცოდინარობაა თუ დანაშაული? მე, პირადად, მიზანმიმართული მავნებლობა მგონია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ემიგრაციისათვის, სიღატაკისა და შიმშილისათვის უნდა გაიწიროს, რაც წარმატებით განახორციელა კიდევაც ხელისუფლებამ. კატასტროფული დემოგრაფიული სურათი გვაქვს გურიაში, აჭარაში. რაც ჩაი მოისპო, ამ რეგიონის მცხოვრებნი თურქეთში გადადიან ჩაის საკრეფად, მაშინ, როცა საქართველოს უნიკალური კლიმატური მდებარეობა აქვს ჩაის კულტურის მოსაყვანად.

ასეთივე ვითარებაა მეხილეობაში, მეციტრუსეობაში, მევენახეობაში. წელს ატმის უხვი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ხილი ულპებათ კახეთში, ვერ ყიდიან, თბილისში კი ხილის ფასს ცეცხლი უკიდია და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელია.

შემზარავია, რომ ციტრუსი საქართველოში მაროკოდან და ალჟირიდან შემოგვაქვს, კიტრი და პომიდორი - ირანიდან, კარტოფილი და ბოსტნეული - თურქეთიდან, ნიორი და ხახვი - ეგვიპტიდან და ირანიდან. ეს ხალხის გენოციდია.

ვნახოთ, როგორი შემზარავია სტატისტიკა: ხორბალი წელს მხოლოდ 47 ათას ჰექტარზე დაითესა, რაც შარშანდელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი სარეკორდოა, 2011 წელს წინა წელთან შედარებით კარტოფილის იმპორტი 19, 4-ჯერ გაიზარდა. ეს კატასტროფაა ქვეყანაში, სადაც კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა.

1,2-ჯერ გაიზარდა ხახვის იმპორტი, 3,4-ჯერ - სტაფილოსი, 1,6-ჯერ - კიტრის, სიმინდის იმპორტმა კი 3-ჯერ მოიმატა.

2004-2011 წლებში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 2,5-ჯერ. საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული აგროსასურსათო პროდუქციის 80% იმპორტირებულია.

- ბატონო გოგი, თქვენ მაგალითები მოგყავთ საბჭოთა ეპოქიდან, ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოში კი სხვა ფაქტორები მუშაობს. იქნებ მართლაც მითია, რომ სუბსიდირება განავითარებს სოფლის მეურნეობას, რომ სოფლის მეურნეობის სტიმულირება გაზრდის ექსპორტს? მით უმეტეს, რომ საკმაოდ დიდია საფრთხე, სახელმწიფო სუბსიდია არაეფექტურად დაიხარჯოს?

- თქვენც და იმათაც, ვინც განვითარებულ სოფლის მეურნეობას ქვეყნის ჩამორჩენილობად მიიჩნევენ, მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ქვეყნების სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მაგალითები მინდა შევახსენო. განსაკუთრებით გამოვყოფ შვეიცარიას, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო საბანკო სისტემა და სუპერთანამედროვე წარმოება აქვს, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის 25% სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანით და მისი გადამუშავებით ივსება. სოფლის მეურნეობა შვეიცარიაში იმდენად მნიშვნელოვან დარგადაა მიჩნეული, რომ კონსტიტუციაში ცალკე პარაგრაფია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, დაეხმაროს სოფლის მეურნეობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოსახლეობის ადგილობრივი სოფლის პროდუქტით გარანტირებულ მომარაგებაში, ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის განსახლების დეცენტრალიზაციას. შვეიცარიის სოფლის მეურნეობის სუბსიდირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და 70%-ს შეადგენს (ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 35%-ია).

- სოფლის მეურნეობის რომელ დარგს აქვს განვითარების პერსპექტივა მძაფრი კონკურენციის პირობებში, როდესაც აღარ არსებობს გასაღების გარანტირებული ბაზრები?

- შეგახსენებთ, - უახლოეს წარსულში საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტის 350-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო იყო, ეს წარმოებები ათასობით ჰექტარ მიწას ფლობდნენ და თავად ამუშავებდნენ მოწეულ პროდუქტს. "ბენდუქიძეები" ირონიით გვიპასუხებენ, - რად გვინდა პროდუქტის მოყვანა, რეალიზაცია, გადამუშავება, ექსპორტზე გატანა, არარენტაბელურია, არაკონკურენტულიო. ეს თვალში ნაცრის შეყრაა. ესეც შეგნებულად კეთდება გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის წასახალისებლად და მხარდასაჭერად, შედეგად

საქართველო გადაიქცა უვარგისი, უგემური პროდუქტის გასაღების ბაზრად. როგორც ვიცი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონით აიკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება(!).

ქართული სოფლის პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და გამორჩეული გემოსია, როგორც ხილი და ბოსტნეული, ისე მეცხოველეობის პროდუქტები. აბა, რატომ გააქვთ იაპონელებს ჩვენი მწვანილი და მაწონი? ალპურ მდელოზე გაზრდილი ცხვარი რატომ არის ასე პოპულარული უმდიდრეს არაბულ ქვეყნებში? რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

თუნდაც, ეთერზეთების წარმოება ავიღოთ, - საქართველოში 14 ქარხანა-მეურნეობა მუშაობდა. მაღალი ხარისხის ეთერზეთებს ვაწარმოებდით: ვარდის, ჟასმინის (ჟასმინის პლანტაცია მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ სამეგრელოში იყო) და ა.შ., ეს პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გადიოდა. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ვიღაცას პასუხი აუცილებლად მოეთხოვება იმ დარგების მიზანმიმართული განადგურებისათვის.

- მინდა გკითხოთ გადამმუშავებელი მრეწველობის პოტენციალზეც? რამდენად რეალურია კვების მრეწველობის აღორძინება და თუ რენტაბელურია, რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში?

- როდესაც ეროვნულ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის 8%-იან წილზე ლაპარაკობენ, შეგნებულად მალავენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაზე გადამმუშავებელი წარმოებაა მიბმული. ეს ერთი ციკლია, ჩვენი მცირემიწიანობის გამო მოყვანა-გადამუშავება ერთ რეგიონში უნდა ხდებოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აბა, დაიანგარიშონ ამ ვაიექსპერტებმა, ამ 8%-ზე რამდენად მეტია ჩაის, ღვინის, ეთერზეთების, საკონსერვო და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის შემნახველ-გადამმუშავებელი წარმოებისა და კვების მრეწველობის ერთიანი წილი, რამდენი ათასი კაცის დასაქმებას, ქვეყნისთვის რამხელა შემოსავალს, რამდენ აღორძინებულ სოფელს, ემიგრაციიდან დაბრუნებულ და სამშობლოში დასაქმებულ რამდენ ადამიანს, ოჯახებში რამდენ დოვლათს ნიშნავს.

შეგნებული მავნებლობის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ნავთობპროდუქტების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით საჭმლის ზეთის იმპორტი ხორციელდება (წელიწადში დაახლოებით 120 მილიონი დოლარის). ამ იმპორტს, როგორც სხვა პროდუქტების შემოტანას, ხელისუფლებასთან დაკავშირებული 4-5 კომპანია ახორციელებს. მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტს, არაერთხელ შემიმოწმებია იმპორტირებული ზეთის ხარისხი და ბევრჯერ მითქვამს, რომ უხარისხო და ჯანმრთელობისათვის საზიანოა, არ შეიძლება არარაფინირებული და მინარევებით სავსე ზეთის რეალიზაცია, ისევე როგორც საღებავით სავსე ჩაის და სხვა გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა.

ქართლსა და კახეთში მზესუმზირა დიდ ფართობებზეა დათესილი, დღეს თუ ფერმერი ჰექტარზე 1-1,2 ტონა მოსავალს იღებს, თანამედროვე აგროტექნიკისა და სელექციის გამოყენებით შესაძლებელია ჰექტარზე 3 ტონა მზესუმზირის მოსავლის მიღება. აბა, დათვალონ ამ ექსპერტებმა, ხელისუფლების ნება რომ იყოს, ხელი შეუწყოს, უფრო სწორად, ხელი არ შეუშალოს ზეთის წარმოებას საქართველოში, რამდენი ათასი კაცი დასაქმდება მხოლოდ ამ დარგში. 45-50 ათასი ტონა მზესუმზირა რომ მოვიყვანოთ, საქართველოს მოთხოვნას საჭმელ ზეთზე სრულად დავაკმაყოფილებთ და ათასობით დასაქმებულ ფერმერს და ათობით ამუშავებულ რენტაბელურ საწარმოს მივიღებთ. გადამუშავებული მზესუმზირის ნარჩენები კი შესანიშნავი კომბინირებული საკვებია მეცხოველეობისათვის.

აუცილებლად მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისში მუშაობდა შესანიშნავი ზეთსახდელი ქარხანა, სადაც საჭმლის ზეთი, კარაქი, სხვადასხვა სახის მაიონეზი და კვების სხვა პროდუქტები იწარმოებოდა. მის ნარჩენებზე მუშაობდა თბილისის საპნის ქარხანა, რომელიც რამდენიმე სახის საპონსა და შამპუნს აწარმოებდა, რაც საექსპორტოდაც გადიოდა.

სოფლის პროდუქტის ასეთი კომპლექსური გამოყენება მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა მთელი ევროპის ეკონომიკა განადგურებული იყო, სწორედ ასეთი მეთოდით, ე.წ. "ბუჩქური სტრატეგიით" მოხდა მისი აღდგენა.

- თქვენ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ხართ, როგორია კოალიციის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია? რა არის იმის გარანტია, რომ ეს სტრატეგია რეალისტური იქნება?

- ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის აღორძინება იქნება. ის სოფელში დაიბადა და გაიზარდა, თავად უმუშავია მიწაზე. უზარმაზარი გამოცდილება აქვს აგრობიზნესში, უდიდეს ჰოლდინგს ფლობდა რუსეთში. ამიტომაც კარგად იცის, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, აუცილებელია თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი კადრების მომზადება, ვიცი, ბიძინა აპირებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას, სადაც აგროტექნიკოსებსა და მენეჯერებსაც მოამზადებენ.

ბიძინა ივანიშვილმა ქართული სოფლის პრობლემები რომ კარგად იცის და მისი გადარჩენის სტრატეგია დიდი ხანია შემუშავებული აქვს, ისიც მოწმობს, რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ვაზის, მარცვლეულისა და ხილის უნიკალური ქართული ჯიშების გადარჩენა და სელექცია.

შეიქმნება "სოფლის მეურნეობის განვითარების" ფონდი, სადაც საწყის ეტაპზე თავს მოიყრის 1 მილიარდი ლარი. აგროსასურსათო სექტორის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული კონცესიური სესხები და გრანტები და კერძო ინვესტიციები. ჩვენი პროგრამით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებამ სოფლის მეურნეობაში უნდა შეადგინოს ბიუჯეტის ხარჯების არანაკლებ 5%, დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ეს თანხა კონკურენტუნარიანი აგროსამრეწველო პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.