ორმოცდაათ თუმნად ავაზაკი აკაკის მოკვლას აპირებდა - კვირის პალიტრა

ორმოცდაათ თუმნად ავაზაკი აკაკის მოკვლას აპირებდა

იქნებ კიდევ ერთი შეხება მგოსნის შემოქმედებასთან იქცეს მისი ცხოვრების საიდუმლოს გასაღებად...

აკაკი წერეთელი - მგოსანი, რომელიც ერმა შეიყვარა და რომლის სახელსაც ნამდვილი სახალხო დღესასწაული დაუკავშირა. ის ყველას უყვარდა. თაყვანისმცემლები თაიგულებით ხვდებოდნენ სადგურზე საჩხერეში მიმავალ თუ იქიდან დაბრუნებულ პოეტს. მისთვის  სპეციალურ წარმოდგენებს მართავდნენ, ეტლებს ვარდებით რთავდნენ, რომ საყვარელი მწერალი პატივით მიეყვანათ დანიშნულ ადგილამდე. თუ არსებობს ნამდვილი სახალხო სიყვარული, აკაკი წერეთელი ნამდვილად ცხოვრობდა ამ სიყვარულით გარემოცული... მისი პოეზია ზეპირად იცოდნენ, მისი ხუმრობები ხალხში ფრთიან გამონათქვამებად დადიოდა.

"ჩემი რჩეულის" სერიით, ჟურნალ გზასთან ერთად, მკითხველი აკაკის ხუთტომეულს მიიღებს. ეს წიგნები კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ მის ეპოქაში და იმ სიყვარულის მიზეზსაც გააცნობიერებთ, რომლის გამოც აკაკი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად...

ამჯერად მინდა ერთი ამბავი გაგახსენოთ, რომელიც თავის დროზე აკაკის მეგობარმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ,  სოსიკო მერკვილაძემ დაწერა: "1882 წლის 25 ენკენისთვეს დილის მატარებლით აკაკი იმერეთიდან ჩამოვიდა ტფილისს, ჩამოხდა სასტუმრო "ივერიაში" და დაიკავა მე-4 ნომერი. მეც იქვე, მე-5 ნომერში ვიდექი. ჩემ გვერდით იდგნენ ჩემი ნათესავები.

იმ ღამეს თორმეტ საათამდე ყველანი აკაკისთან ვიყავით და ვტკბებოდით მისი მოსწრებული მჭევრმეტყველური საუბრით. შემდეგ ჩვენს ოთახებში წავედით მოსასვენებლად.

მე ლოგინზე წამოვწექი და ხოზე მარმოლის პოლიტიკურ რომანს ვკითხულობდი. აქ აღწერილია ჩვენს ერსავით დაჩაგრულ-დამონებული ერის თავგამოდებული და მედგარი ბრძოლა და წიგნმა ისე გამიტაცა, ძილი დამიფრთხო. სამი საათი გახდა. ყველას ეძინა. უცებ ფაჩუნი მომესმა. დავუგდე ყური, მაგრამ ისევ სიჩუმე ჩამოდგა. ორი წამის შემდეგ ისევ მომესმა ფაჩუნი, თითქოს ვიღაცა მოაბიჯებდა. ვიფიქრე, კატა არის-მეთქი, რადგან წინა კარი დაკეტილი იყო და იქ მუდამ მეკარე იდგა, ეზოში კი არავის შეეძლო შემოსვლა. ისევ მივდე ბალიშზე თავი, მაგრამ მალე კვლავ შემომესმა ფეხის ხმა, შემდეგ კარის ჭრიალიც. გავვარდი გარეთ და უცებ დავინახე, რომ აკაკის ოთახში ვიღაც შევიდა. მეც უკან მივყევი. ღია კარიდან შემოსულ შუქზე დავინახე, რომ აკაკის საწოლთან ავაზაკს გაპრიალებული ბებუთი შეემართა. ის იყო, მშვიდად მძინარე პოეტისათვის გულში უნდა ჩაეკრა, რომ მივვარდი, მარცხენა ხელი ვტაცე საყელოში და სახეში მარჯვენა მუშტი ჩავარტყი, შემდეგ მარჯვენა მაჯაში ჩავავლე ხელი და შევძახე: - დააგდე ხანჯალი, თორემ გაგათავე-მეთქი. ავაზაკმა ხელი უშვა იარაღს, რომელმაც აკაკის ლოგინთან წკრიალი მოიღო.

მგოსანი შეკრთა...

ხმაურზე სასტუმროს ბინადარნი გამოცვივდნენ და ვეცით ავაზაკს. იგი უცებ გავათრიეთ მოსამსახურეების განაპირა ოთახში.

- შემიბრალეთ, ნუ მომკლავთ... სიმართლეს გეტყვით... წაიღეთ ეს ხუთი ათთუმნიანი, რომლებიც იმ კაცის მოსაკლავად მომცეს... ყველაფერი წაიღეთ, მხოლოდ ნუ მომკლავთ... ნუ დამახრჩობთ...

- არა, მაგ ფულს საიქიოში გაგატანთ... თქვი, ჩქარა, ვინ გამოგგზავნა? ვინ მოგისყიდა? რათა? რისთვის?! - ვუყვიროდით მკვლელს.

- რას სჩადიხართ, მართლა არ მოკლათ ეგ კაცი! - მოგვესმა უცებ უკნიდან აკაკის მწუხარე, აკანკალებული ხმა.

შევკრთით. მგოსნის ფერმკრთალმა სახემ ჩვენც დაგვაფიქრა. ვუთხარით, თქვენი მოკვლა უნდოდაო. მან მოგვიგო:

- დიახ! მე უნდა მოვეკალი, ხანჯალიც ჩემს საწოლთან გდია, მაგრამ მაინც გთხოვთ, გაათავისუფლოთ, ნურც სცემთ და ნურც პოლიციას გადასცემთ!

ავაზაკმა დაიჩოქა აკაკის წინ და ტირილით უთხრა:

- ბატონო! მე თქვენ არ გიცნობდით. თქვენი თავი მხოლოდ ვაგზალში მაჩვენეს. თქვენთან ხომ თავის დღეში საქმე არ მქონია. ღმერთმა ჰკითხოს იმათ, რომელთაც შემაცდინეს და აი, ამ ხუთი ათთუმნიანით ჭკუა და ნამუსი დამაკარგვინეს.

- ჩაიდე ეგ ფული და წადი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! - უთხრა წყნარად მგოსანმა...

ავაზაკი გარეგნობით ავლაბრის კინტოს ჰგავდა, ყარაჩოღული სამოსი ეცვა.

აკაკის მოთხოვნით, მას გატეხილი თავი და თვალ-წარბი შევუხვიეთ, წინკარი გავუღეთ და გავუშვით".

აკაკის დიდსულოვნება გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ განა საკვირველი არ არის იმ კაცის ამბავი, ვინც ვიღაც ხარბ ვიგინდარას ორმოცდაათ თუმნად აკაკის სიკვდილი შეუკვეთა?

აკაკი წერეთლის მსუბუქ ჰანგებად დაღვრილი შემოქმედება, მისი თეთრი წვერი, მისი თაყვანისცემის კადრები რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას, ხანდახან გვავიწყებს, რომ მგოსანს ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა, იმაზე კი არც ვფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრი რამ იყო საიდუმლოებით მოცული... იქნებ სწორედ კიდევ ერთი შეხება მგოსნის შემოქმედებასთან იქცეს მისი ცხოვრების საიდუმლოს გასაღებად...