"არასდროს ვისურვებდი მათთან ერთად სცენაზე დგომას" - კვირის პალიტრა

"არასდროს ვისურვებდი მათთან ერთად სცენაზე დგომას"

"ყველაფერი, რაც ჩემში მოგწონთ, გენეტიკურია. რაც არა - ჩემი ბრალია"

"ძალიან მინდა, ჩემი ათი წლის ვაჟიშვილი ისე გაიზარდოს, კაცის სახელი ჰქონდეს ქვეყანაში"

"დღეს ჩემნაირების ადგილი არ არის სცენაზე!"

მორიგი პაემანი "პალიტრას" მომღერალ ლიზა ბაგრატიონთან აქვს. ყველასათვის საყვარელი ხელოვანი დღეს რატომღაც არსად ჩანს და როგორც თავად ამბობს, კარიერაში იძულებითი პაუზა აქვს.

- რატომ არ ჩანს ლიზა ბაგრატიონი არსად - არც სცენაზე არც ტელევიზიით?

- არ ჩანს კი არა, ვერ ჩანს! არ მეძახიან, ალბათ არ მოვწონვარ. დღეს, ალბათ, ჩემნაირების ადგილი არ არის სცენაზე. ამას ბევრი სარჩული შეიძლება გამოეკეროს, მაგრამ მე შემოქმედებით პაუზას ვარქმევ.

- ეს თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს ხომ არ უკავშირდება?

- ცხადია, ეს პოლიტიკური ფაქტორის გავლენაც არის. თუმცა მთავარია, რომ რასაც მე ვაკეთებ, დღეს აღარ არის აქტუალური. დღევანდელ სასცენო და საესტრადო შემოქმედებაში არ არის ჩემი, ნატო მეტონიძის, მაია ჯაბუას მსგავსი მომღერლების ადგილი.

- ის, რომ დღეს ე. წ. რესტორნის მომღერლები დგანან სცენაზე და თუნდაც თქვენ მიერ ჩამოთვლილ შემსრულებლებს აქვთ "შემოქმედებითი პაუზა", ქართველი ერის გემოვნების პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს?

- 21-ე საუკუნეში გემოვნებას აყალიბებს მედია - ტელევიზია, რადიო, პრესა. დღეს საზოგადოებას გემოვნებას განუსაზღვრავს ხალხი, ვის ხელშიც არის არჩევანის ის ბერკეტი, თუ რა შეიძლება მიაწოდო მასას.

ჩათვალეს, რომ ბევრად იოლია რესტორანი გადმოიტანო ყველგან და ტაშ-ფანდური ყველასთვის საყვარელი მუსიკა გახადო.

ალბათ ეს არის ჩვენი გამოლაყების კიდევ ერთი საშუალება, რომელმაც ხუთიანზე იმუშავა.

სიმღერის უფლება აქვს ყველას, ვისაც ჰყავს მსმენელი და ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია, ვისი შემოქმედებაც ("შემოქმედება" - ხმამაღალი ნათქვამია!) საზოგადოების ნაწილისთვის მისაღებია. მე არ ვერჩი იმ ხალხს, ვინც დღეს მღერის, მაგრამ გული მწყდება, რომ ჩვენს საზოგადოებას არჩევანის თავისუფლება არა აქვს. თუმცა, არასოდეს ვისურვებდი მათთან ერთად სცენაზე დგომას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ერთ კონცერტში არ ვმონაწილეობდეთ და არ იყოს განხილვა, ვინ უფრო აქტუალურია, ვინ გახსნას და დახუროს კონცერტი... მათთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ზოგადად, ჩვენი პრობლემაა, რომ ეს მიმდინარეობები დღეს პოპულარულია. ვიღაცას მივიჩნევ კოლეგად, ვიღაცას - არა, მაგრამ ამას არავის ვაგრძნობინებ. არსებობენ ერთი პროფესიის ადამიანები, ერთნი ჭანჭიკს იგონებენ, მეორენი - თვითმფრინავს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს,  მაგრამ ის ხალხი, ვინც წყვეტს, ვისი ხმა როგორ, როდის და რა სიხშირით ჟღერდეს რადიოსა თუ ტელევიზიაში, კეთილსინდისიერნი უნდა იყვნენ, უნდა მისცენ საზოგადოებას არჩევანის უფლება. ვიმეორებ, თუ ყველას შემოქმედებას ექნება არსებობის თანაბარი უფლება, დაე, მსმენელმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა. შესაძლოა, ერთხელ ბედმა გაგიღიმოს და ერთხანს პოპულარული იყო (ამის ბევრი მაგალითი გვაქვს), მაგრამ შემდგომში არავის ემახსოვრები. ღირებული კი დიდხანს რჩება...

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ღვინის კომპანია "ბადაგონში" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ვმუშაობ. მაქვს ძალიან კარგი სამსახური და მყავს ოჯახი - მეუღლე, ვაჟიშვილი, მშობლები, უამრავი მეგობარი. მოწყენილი, უსაქმური და უქნარა არა ვარ.

- რთულია იყო ბაგრატიონთა შთამომავალი?

- მე ვიყავი ჩვეულებრივი საბჭოთა ბავშვი. ვიზრდებოდი ისე, როგორც ყველა ბავშვი. ჩვენთვის არ არსებობდა ეროვნება, რელიგიური უმცირესობები თუ უმრავლესობები, თავადები თუ გლეხები. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ძალიან ცელქი და, შესაბამისად, ცოტა მკაცრადაც მზრდიდნენ, ჩემს სულიერ თავისუფლებას ვერაფერი მოერია. ყველა დღე, თვე თუ წელი, რაც ჩემს ბავშვობას უკავშირდება, ყველაზე ტკბილი და სათუთად მოსაგონებელია. ლაღი ბავშვობა მქონდა. დღევანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, ძალიან მეცოდებიან. იგრძნობა განსხვავება სკოლებში, ოჯახებში, ჩაცმაშიც კი. დღეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან, ხშირად ნიჭიერები იჩაგრებიან...

გვართან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ შატალოზე მივდიოდით ვაკის პარკში და ავტობუსში კიბეზე ვიდექი. გაჩერებაზე ამოვიდა მოხუცი ქალი, ჩანთა მდრუზა და დამიყვირა: - რას გაჯგიმულხარ ბაგრატიონივით, ჩაიწიე, სხვებიც გაგვატარეო... მქონდა ასაკთან დაკავშირებული კურიოზებიც. ერთხელ ტაქსიში ჩავსხედით მე და ჩემი მეგობარი ნინო ნოდია (ზუზუ), სკოლის გაკვეთილებზე ვლაპარაკობდით და ტაქსის მძღოლმა გადმოგვყარა, - ვის აშაყირებთ, თქვენ ფულის გადახდა არ გინდათო -  დიდი ქალი ვეგონე, არადა სკოლაში ვსწავლობდი... ჩემი სიყმაწვილე მძიმე იყო - დაიწყო ომი, უშუქობა, უგაზობა, სიცივე, პურის რიგები... მაგრამ ალბათ ასაკის გამო, იმის გამო, რომ მომავლის იმედი მქონდა, სულ ოპტიმისტი ვიყავი... იმ მძიმე პერიოდს უფრო კარგად გავუძელი, ვიდრე იმას, რაც დღევანდელ განათებულ და გაზიფიცირებულ საქართველოში ხდება.

- როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები სცენაზე?

- ყოველთვის ვამბობ, რომ სცენაზე შემთხვევით მოვხვდი, თუმცა, ათი წლის წინ, როდესაც ფეხმძიმობის გამო შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მივხვდი, ეს საქმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემთვის. მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესიაა და სერიოზულად უნდა მოვკიდო ხელი. დავიწყე მეცადინეობა... 2006 წელს გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი - ანგარიში იმისა, თუ რას წარმოვადგენ. რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს, რამაც დამტოვა სცენაზე, იყო დუეტი მამუკა ჩარკვიანთან, რომელიც ჯემალ სეფიაშვილის საღამოზე შევასრულეთ, მანამდე ოჯახურ გარემოში ვმღეროდი. ეს სიმღერა ძალიან შეუყვარდა ქართველ მსმენელს.

- ყოველთვის მომხიბლავი ხართ. როგორ უვლით თავს, თუ ეს გენეტიკის დამსახურებაა?

- გმადლობთ. ყველაფერი, რაც ჩემი მოგწონთ, გენეტიკურია, რაც არა - ჩემი ბრალია. ამას ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ. ვერ ვაიძულე თავი, ვივარჯიშო და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვრო.

- როგორი მეუღლე და დედაა ლიზა ბაგრატიონი?

- ვცდილობ, კარგი ვიყო, თუმცა, ვიცი, არ გამომდის. რაც დრო გადის და ასაკი მემატება, ვხვდები: ოჯახის, ადამიანების, სიყვარულის, გვერდში დგომის, ერთმანეთის ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარების ფასი ამქვეყნად არაფერია. არანაირი სიმდიდრე არ ღირს იმად, რასაც ადამიანების სიყვარული ჰქვია. არაფერი ამაზე დიდი, ამაზე მნიშვნელოვანი და სანუგეშო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში განსაკუთებით ვცდილობ, ვიყო ძალიან ყურადღებიანი დედა და ჩემს შვილს ვასწავლო, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ძალიან მინდა, ჩემი ათი წლის ვაჟიშვილი გაიზარდოს ქართველ კაცად, კაცის სახელი ჰქონდეს თავის ქვეყანაში. ვცდილობ, იყოს ეკლესიური, ოჯახთან და ფესვებთან მჭიდროდ დაკავშირებული. მიხარია, რომ უყვარს და აინტერესებს ისტორია. გვინდა, ბევრი ადგილი მოვიაროთ...

ყოველთვის ვამბობ: არ ვიცი, რით დავიმსახურე, მაგრამ დღეს გვერდით მყავს ის ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი. ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, ამდენი უნდა გვეწვალა ერთსაც და მეორესაც, რომ ამ მდგომარეობამდე მივსულიყავით - ერთმანეთისთვის არაფრის ახსნა არ დაგვჭირვებოდა. მთავარი კი, რაც ჩვენ შორის არსებობს, რა თქმა უნდა, სიყვარულია, შემდეგ - მეგობრობა და საერთო ინტერესები. ღირებულებები აბსოლუტურად იდენტური გვაქვს. ეს არის დიდი ბედნიერება.

- დაბოლოს, როდის დაუბრუნდება დიდ სცენას ლიზა?

- არ ვიცი. ეს პრობლემაა ამ ქვეყანაში. მთავარია, მალე მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს. ამჟამად ჩემი დრო არ არის. ძალიან ბევრ შენიშვნას ვიღებ: რატომ მოიქეცი ისე, რომ დღეს ჩვენ არ გისმენთო. მაპატიეთ, მე ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვასრულებ და ყოველთვის შევასრულებ. მე ჩემი სამშობლოს ერთ-ერთი მოლეკულა ვარ და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს.

არასოდეს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. შემოქმედი, რომელიც ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის ფანატიკოსი ხდება, დეგრადირდება.

ძალიან მინდა მოვესწრო იმ საქართველოს, სადაც ჩემი პოლიტიკური შეხედულება მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემით დაფიქსირდება და ყველას გვექნება მოქალაქეობრივი ვალი, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც არსებობის ღირსია და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო რუკაზე.

ქეთი საგინაშვილი