"რომ იდგე, არ უნდა გაჩერდე" - არქივი - კვირის პალიტრა

"რომ იდგე, არ უნდა გაჩერდე" - არქივი

"ადრე გავრბოდი, ვჩქარობდი, ახლა სამოცდაათის გავხდი და ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, მივდივარ, ოღონდ ნელა. ერთი კია, როცა ასე ნელა მოძრაობ, უკეთ მოჩანს განვლილი გზა. მოჩანს, რაც გინდოდა და არ გააკეთე, რაც არ გინდოდა და გააკეთე, რაც გინდა და ვეღარ გააკეთებ. ისიც კარგად მოჩანს, რაც ირგვლივ ხდება...

შენი და სხვისი - კარგიც და ავიც. დამოუკიდებლობისთვის ვიკლავდით თავს და რა მივიღეთ მის მეოცე წლისთავზე? - ერთი უნიჭოდ დადგმული გაუგებარი სპექტაკლი.

მკითხავთ, მაშინ რატომ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ? უკეთესი დროების მოლოდინში ვარ და ვაკეთებ, უკან არასდროს ვიყურები".

ჩვენ გავიხედოთ უკან, დასაწყისისკენ.

გოგი ხარაბაძე მყარად დგას, რადგან არ გაჩერებულა.... წელს, პეტრე-პავლობას, მას 70 წელი შეუსრულდება.

სიტყვის მცველისხვა რა უნდა უწოდო კაცს, რომელიც სიტყვებს აგროვებს, იცავს დაკარგვის, გადავიწყებისა და აუგი მოპყრობისგან, ამუშავებს როგორც ძვირფას ქვას, მერე, მათგან სასწაულებს ქსოვს და არიგებს.

ვინ მოთვლის მათ რაოდენობას, იმ დღიდან, რაც ისინი პირველად ახმიანდნენ რუსთაველის თეატრის სცენაზე, კინოფილმებში, ტელე და რადიოეთერში და ბოლოს, დისკებიდან.

ათასობით სულჩადგმული, ამღერებული ქართული სიტყვა, არა მხოლოდ ქართველი გენიოსებისა.

ჰო, თეატრიდან დაიწყო ყველაფერი, რუსთაველის თეატრის სცენიდან, სადაც გოგი ხარაბაძემ სხვებისთვის - გაბედულად და შეუპოვრად, თავისთვის დიდი მღელვარებით, ფორიაქითა და მოკრძალებით შედგა ფეხი და მერე იარა თითქმის 40 წელი.

ყველა თეატრს აქვს თავისი სული, ჰყავს დიდი სახელები, აქვს ბიოგრაფია და თამაშის წესები. ის ან გაქცევს თავის ნაწილად, ან არა, ან მიგიღებს, ან არა. მაშინ იმ თეატრმა მიიღო, ნიჭიერი, წამლეკავი ენერგიის ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც ორმოცდაათამდე სახე შექმნა, - დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი - ტიტუსი, ილია, ოიდიპოსი, კლარენსი, ლენინი, მეფე ლირი.... ხასიათების, ეპოქების, კულტურათა დაუსრულებელი ორომტრიალი, დიდი მისტიფიკაცია, სადაც დაუწერელი კანონებით დასაშვებია ის, რაც დაწერილი კანონებით იკრძალება.

"თეატრში - ილუზორულ, გაჩახჩახებულ სამყაროში, როგორც ტაძარში, მონუსხული შევდიოდი.

გარდერობში წლობით ნადები კოსტიუმების, ჩრჩილისა და ნაფტალინის, ყვავილების, ტყავის ფეხსაცმლის, გრიმის, ოფლისა და სარეცხი საპნის, შიშველი სხეულის, იაფფასიანი ოდეკოლონის, პარიკებისა და გახამებული ჟაბოების, ქალის, ალკოჰოლის, მეხანძრეების სახელდახელოდ მომზადებული კერძების, მტვრის, ფერუმარილისა და ეროსის დამათრობელი სურნელი ძალიან ახალგაზრდამ, ყმაწვილმა კაცმა შევისუნთქე და გავბრუვდი. ასე გაბრუებულმა, დატყვევებულმა, დაბანგულმა მოვიარე მსოფლიოს დიდი ქალაქები. ყველგან ფეხზე დამდგარი მაყურებელი გვიკრავდა ტაშს. 50 წლისა გამოვფხიზლდი, იმიტომ, რომ უფრო ძლიერი გრძნობა შემომეფეთა - თავისუფლება და მის მორევში ჩავიძირე!"

თავისუფლების წყურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თეატრიდან წავიდა. ორ მოსაზრებასაც შევაშველებ თეატრის თემას და თქვენთან ერთად განვაგრძობ გზას:

"აქტიორის პროფესია ტრაგიკულია, რადგან ის სხვაზეა დამოკიდებული და ვერასდროს შეიგრძნობს რა არის თავისუფლება", - ეს სიტყვები გოგი ხარაბაძეს ეკუთვნის, თანაც, მაშინ არის ნათქვამი და განცდილი, როცა მისი დრო იდგა, როცა მთავარ როლში იყო.

"გოგი ხარაბაძეს თავისი თეატრი აქვს, მან ვერ მოძებნა რეჟისორი, რომელიც ამ თეატრს ბოლომდე გახსნიდა", - ეს უკვე, რეჟისორ რობერტ სტურუას მოსაზრებაა.

შეიძლება ასეც იყო - ვერ მოძებნა, შეიძლება ეძება და ვერ იპოვა, შეიძლება არც მოინდომა მოძებნა, რომ მერე განეცხადებინა, მე არავის მსახიობი არა ვარო. ასეც გამოვიდა, დარჩა საკუთარ თავთან, არჩევანსა და სიტყვასთან, რომელიც უყვარდა.

აქედან რა გამოდნა, მერე ვილაპარაკოთ, კინოს ვერ გამოვტოვებთ.

"გიორგობისთვიდან" "შანტრაპამდე"

ეს ხარაბაძის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმების სათაურებია, ორივე მაესტრო იოსელიანის გადაღებულია, ორივე რეჟისორის ფილმია, თუმცა, ოთარ საკანდელიძემ, ასე ერქვა ხარაბაძის გმირს "გიორგობისთვეში," 22 წლის მსახიობს დიდი პოპულარობაც მოუტანა და უარყოფითი გმირის დამღაც აჰკიდა. თუ ჩვენს მეგობარ ნოდარს და კიდევ რამდენიმე როლს არ გავითვალისწინებთ, რეჟისორები ვერ გაექცნენ იოსელიანის გავლენას და გაჩნდა უარყოფით გმირთა მთელი გალერეა... და დაიწყო კიკუს ღირსების დამცველთა, სეთურიძის, ფორიას, ჩიტუნელას და სხვათა მტრების თავდასხმები მსახიობზე.

ტყუილად არ უთქვამს, მსახიობი მასალაა სხვის ხელში, არჩევანი არა აქვსო. მაგრამ თუ ნიჭი, სურვილი და ნებისყოფა გაქვს, აუცილებლად მოიპოვებ არჩევანის თავისუფლებასო და ასეც მოხდა. მისი არჩევანი გალაკტიონი იყო - უბრალო და გენიალური გალა, რომელთანაც სიტყვა აკავშირებდა და შეიქმნა "მარტოობის ორდენის კავალერი," გალაკტიონის ჯერჯერობით ერთადერთი კინოსახე.

ბესიკ ხარანაულმა დაუწერა ფილმის ნახვის შემდეგ - გალაკტიონს რომ ენახა შენი გალაკტიონი, აუცილებლად გეტყოდა "კარგია, ძამიკო, კარგიო".

სატელევიზიო ქადაგებანი

არა, ტელეთეატრის გამოტოვება არ იქნება. აბა, იქ გამოჩნდა თუ გამოჩნდა სიტყვის სიყვარული, თანამოდარდეობა და მცველობა. გაგიკვირდებათ, მაგრამ გაქანებულ საბჭოთა ეპოქაში ტელეეთერში გადიოდა რეჟისორ თემურ სუმბათაშვილთან ერთად შექმნილი ერთი მსახიობის მონოსპექტაკლები - ქართველ კლასიკოსთა პუბლიცისტიკა და წმინდა ოთხთავი, რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარული და ოფიციოზისათვის არასასურველი ტექსტები, რომელთაც ინიექციის ეფექტი ჰქონდა, წამალივით შედიოდა მაყურებლის სისხლში და დროთა განმავლობაში გავლენას ახდენდა მის ცნობიერებაზე. მაშინ რეზო ინანიშვილმა, სიტყვის დიდოსტატმა და დამფასებელმა, გოგის ამ სპექტაკლებს "ეროვნული მატიანე" უწოდა, ოთარ იოსელიანმა კი სატელევიზიო ქადაგება და მსახიობის როლი იმ საზოგადო მოღვაწეობას შეადარა, რომელსაც წვლილი შეჰქონდა საზოგადოების გამოღვიძებაში.

რეზონანსი მართლა დიდი იყო, გოგი ხარაბაძეს მაშინ რუსთაველის ეროვნული პრემია მიენიჭა.

სინტაქსური სპექტაკლები

"წინა საუკუნეში მსახიობი ვიყავი, 21-ეში სხვისი აზრების გადმოცემას საკუთარის ჩაწერა ვამჯობინე", - ერთ მშვენიერ, უფრო სწორად, ტკივილით დამძიმებულ დღეს, განაცხადა გოგი ხარაბაძემ, ისევ სიტყვას მიაკითხა და წერა დაიწყო.

მისი ცხოვრების სიტყვით დადგმული სპექტაკლები, მოგონებები, სახეები.... წიგნები ადამიანებზე, სამშობლოზე, რწმენაზე, ღირსებაზე.

ორი მოჰიკანის შეფასებას გაგაცნობთ და ისევ გავუყვები გზას:

"გოგი ხარაბაძე პოეტური ბუნებისა და ლიტერატურის მოყვარული მსახიობი კი არ არის მხოლოდ, არამედ ორი მუზის ქვეშევრდომია, ორი შემოქმედებითი სტიქიის მატარებელია საკუთარ არსებაში. მსახიობიცაა და მწერალიც. გულახდილად რომ ვთქვა, ჩემთვის ორივე ერთნაირად საინტერესოა და ძვირფასი".

ოთარ ჭილაძე

"შენ გაიმარჯვე თეატრსა და კინოში, ახლა მწერლობაშიც გამოჩნდი როგორც შეუდარებელი და თავისთავადი მწერალი. ყოველივე ამას უნიკალური ტალანტი ჰქვია".

ჭაბუა ამირეჯიბი

ჟამი სიტყვების შეგროვებისა

ეს ამაღლებული, საკრალური ჟამი, მოულოდნელად, სრულიად ჩვეულებრივ, ხმის ჩამწერ სტუდიაში დადგა. სტუდიას "სანო" ჰქვია. იმისთვის, რომ მიგახვედროთ 8 წლის განმავლობაში 120 დისკზე ჩაწერილი მასალის მოცულობა, უნდა წარმოიდგინოთ ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, ქართული პოეზიის ანთოლოგია, "ვეფხისტყაოსანი", სახარება და ბოლოს ყველაფრის მწვერვალი - ბიბლია. საკმარისია, საჭიროებს კომენტარს? არც მასალას და არც მის განმხორციელებელს ბადალი არა ჰყავს, ამას უკეთ დრო გვიჩვენებს, როცა იმ სტუდიაში ჩამოთლილი, ჩამოსხმული სიტყვა კიდევ უფრო გავრცელდება და შეავსებს სივრცეს, სადაც უეჭველად ძევს ჩვენი ძლიერების გასაღები.

პატრიარქი და წიგნთაწიგნი

აუდიობიბლიას საქართველოს პატრიარქმა საუკუნის პროექტი უწოდა, გოგი ხარაბაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს - ბიბლიის თანამედროვე ენაზე გადამწერნი და უფლის სიტყვის გამავრცელებელნი. "რომ არ ყოფილიყო უწმინდესის ლოცვა და მფარველობა, რომელიც წარმოუდგენელ ძალას მაძლევდა, არც აუდიობიბლია იქნებოდა" - დაბეჯითებით იცის ხოლმე ბატონმა გოგიმ თქმა და თუ გულისყურით მოისმენთ და გაიაზრებთ კიდეც რაზეა ლაპარაკი, ეჭვს ნამდვილად ვერ შეიტანთ ამ სიტყვებში.

მას განსაკუთრებით წყალობს პატრიარქი, იუმორით უყურებს მის ადამიანურ სისუსტეებსაც, მსოფლიოში სახელგანთქმულ მსახიობს ეძახის, უსმენს მის ჩანაწერებს და როგორც ბრძანებს, მოგზაურობის დროსაც კი თან დააქვს.

ისევ თავისუფლების შესახებ

"ვგრძნობ თუ არა თავს ბოლომდე თავისუფალ ადამიანად? - არა! როცა ქვეყანა, შენი სამშობლო არ არის თავისუფალი, მარტოს ვერ გექნება ეს განცდა. სამშობლოს თავისუფლების გარეშე მხოლოდ გიჟია თავისუფალი".

რას აკეთებს ასეთ დროს გოგი ხარაბაძე? ზის და მუშაობს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე.

გლამურულ ღონისძიებებში არ მონაწილეობს, ხელმწიფის ნავში ჩახტომისთვის თავს არ იკლავს, ბრწყინვალების ორდენებზე არ ნადირობს, იცის, რა არის ღირსება; იცის, რომ აქვს და უყვარს სამშობლო, კიდევ, უყვარს სიტყვა, რომელსაც ემსახურება. ზის და მუშაობს...

გალაკტიონის ერთ ლექსს რაღაც სხვანაირად კითხულობს. ასე მგონია, ძალიან მისია. წერილსაც გოგი ხარაბაძეზე, რომელსაც სიტყვით შეუძლია აამოძრაოს მთელი სამყარო, გალაკტიონის შეგონებით დავამთავრებ: "სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე... ოღონდ არ გაბედო, რომ შენ დაიღალე".

თამარ ცაგარეიშვილი