"ბიძინამ, დამინახა თუ არა, შეჰყვირა, აკაკი წერეთელი მოსულაო" - კვირის პალიტრა

"ბიძინამ, დამინახა თუ არა, შეჰყვირა, აკაკი წერეთელი მოსულაო"

"იმედი არასდროს კვდება!"

"ხალხისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ"

"ქალამანი გამიცვდა, მე კი სამართალი ვერ ვიპოვე"

სოციალურ ქსელებში ლეო ფურცხვანიძის ერთი ფოტო ძალიან პოპულარულია. ფოტოზე 80 წლამდე მამაკაცის სევდიან, მაგრამ იმედით სავსე მზერას შენიშნავთ, რომელსაც ასეთი წარწერა ახლავს: "იმედი არასდროს კვდება!" "კვირის პალიტრა" ლეო ფურცხვანიძის ცხოვრებით დაინტერესდა და მას ჭიათურაში ესტუმრა.

- ჩემი ცხოვრება დარდითა და ტკივილით არის სავსე, დიდ უსამართლობას წავაწყდი, ვიფიქრე, რკინის ქალამანს ჩავიცვამ და სამართლის ძებნაში ქვეყანას შემოვივლი-მეთქი, მაგრამ ქალამანი გამიცვდა, მე კი სამართალი ვერ ვიპოვე.

- რა შეგემთხვათ?

-  ახალგაზრდობაში მაღაროში მარგანეცს ვამუშავებდი. 30 წლისამ ოჯახი შევქმენი. 3 ქალიშვილი შეგვეძინა: ხათუნა, ქეთინო და მაკა. ხათუნა 26 წლის იყო, როცა სისხლის გათეთრება აღმოაჩნდა. მეუღლეს ამ ამბავს ვუმალავდი, შვილი კი სამკურნალოდ თბილისში დამყავდა.  ხათუნა 34 წლისა გარდაიცვალა. პირველი შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ოდნავადაც არ იყო განელებული, რომ  2001 წელს თავს მეორე უბედურება დაგვატყდა. შუათანა ქალიშვილი, ქეთინო 37 წლის იყო, სიცოცხლით სავსე და ჯანსაღი, მომიკლეს!.. როცა თავს ბოროტმოქმედი დაესხა. ქეთინო სტუდენტობის დროინდელ მეგობართან იყო სტუმრად ქუთაისში.  ღამით ქეთინო, მისი მეგობარი გოგო და მისი მული სახლის პირველ სართულზე იყვნენ, ბავშვებს მეორე სართულზე ეძინათ. შუქი ჩაქრა, ქეთინოს მეგობარი შვილების დასახედად კიბეზე ავიდა, სადაც დანით შეიარაღებული თავდამსხმელი დახვდა და 16 ჭრილობა მიაყენა. ხმაურზე ქეთინომაც აირბინა კიბეზე და იმ ავაზაკმა გულის არეში დაჭრა. როგორც მითხრეს, სისხლისგან დაცლილა. სანიტარმა მითხრა, სიკვდილის წინ უნდოდა, რაღაც დაეწერა, მაგრამ არ დასცალდაო. ეს არ იყო ყაჩაღური თავდასხმა. ვფიქრობ, ანგარიში გაუსწორეს ქეთინოს მეგობარს, რომლის რაღაც საიდუმლო ჩემმა შვილმაც იცოდა. მისი მეგობარი (16 ჭრილობით) გადარჩა, ქეთინო კი დაიღუპა.

ბოროტმოქმედის აღწერილობის მიხედვით ფოტორობოტიც შექმნეს, მაგრამ დამნაშავეს მაინც ვერ მიაგნეს. 7 წელი ვიარე წინ და უკან, მაგრამ არავის უცდია, გაერკვია, იყო თუ არა ეს პირადი ანგარიშსწორება. 2007 წელს ქუთაისის შსს-ს სამმართველოს უფროსმა მითხრა, დაგვანებე თავი, თორემ კიდევ რამე პრობლემა არ შეგექმნასო. გავიფიქრე, ერთი შვილი დამრჩა და ისიც არ მომიკლან-მეთქი. იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ რაღაც შეიცვლება და ამ საქმეს გამოიძიებენ.

ჩემი მეუღლე ორი წლის წინ წაიქცა, ბარძაყის ძვალი გაუტყდა. ოჯახი მთლიანად ჩემს კისერზეა. სადაცაა 80 წელი შემისრულდება, მე კი თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ.

- ბიძინა ივანიშვილს მხარს რატომ უჭერთ?

- ბიძინას მამას ვიცნობდი, წესიერი კაცი იყო. ერთხელ პურისჭამის დროს თქვა,  ძალიან კარგი ბიჭი მეზრდება, იმის იმედი ნამდვილად მაქვსო. ბიძინა ივანიშვილი რომ გავიცანი, მამამისის ნათქვამი გამახსენდა.

- სად გაიცანით?

- აქ შეხვედრა ჰქონდა პენსიონერებთან. ჩემი ქალიშვილის მულმა წერილი დამიტოვა, იქნებ ბიძინას გადასცეო, სადაც წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა. ბიძინა გამოსვლას მორჩა და კარისკენ გამოემართა, გამოსასვლელში ვიდექი, დაცვამ მითხრა, გვერდზე გაიწიეო. ვთხოვე, ნუ გამწევ, კარგად უნდა დავინახო ეს კაცი-მეთქი. ამასობაში მოვიდა ბიძინა, გასწია დაცვა და დამინახა თუ არა, შეჰყვირა, უი, აკაკი წერეთელი მოსულაო და გადამეხვია. მერე გადამკოცნა და მკითხა, ბიძია, ხომ არ გიჭირს რამე, რით დაგეხმაროო. ვუთხარი, თუ ხელისუფლებაში მოხვედი, მაშინ შეგაწუხებ ჩემი შვილის საქმეზე, ახლა კი ეს სხვისი წერილი უნდა გადმოგცე-მეთქი.

- მას შემდეგ ივანიშვილის აქციებს ესწრებით?

-  ვესწრები, აბა რა. თავიდან თბილისის აქციამ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება,  მერე ქუთაისისა და ოზურგეთის აქციებსაც დავესწარი, მხოლოდ მცხეთაში არ ვყოფილვარ, "კარდაკარის" პროგრამაში ვიყავი ჩართული და სამუშაო დღე არ გავაცდინე. სადაც შევდივარ, ყველგან მეუბნებიან, მობრძანდი, ბატონო ლეო, ყველა კითხვაზე გიპასუხებთო. უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. ვისაც ოჯახის წევრი სახელმწიფო სტრუქტურაში ჰყავს დასაქმებული, მაწერინებს, რომ არ არის პასუხისთვის მზად. აი, ასეთი ვითარებაა ჭიათურაში. ახლახან გამგებლის ოჯახშიც ვიყავი. კომუნისტი მოსულაო, გამაქილიკეს. მეც  პირდაპირ ვუთხარი, დავუშვათ, ვარ კომუნისტი და თქვენ კაპიტალისტი, მაშინ გაიხედ-გამოიხედეთ, ბაბუებო, ხომ ჩატარდა საფრანგეთში არჩევნები, დამარცხებულმა გამარჯვებულს ჩამოართვა ხელი და ქე წავიდა სახლში! ასე უნდა ისწავლოთ მოქცევა-მეთქი. არაფერი უთქვამთ.

იცით, ჭიათურაში როგორი ვითარებაა? ჯერ ერთი ძმა, ყოფილი არქიტექტორი ილო ჩიკვილაძე იყო გამგებელი (ზედიზედ ორი ვადით), მერე მისმა ძმამ პროკოფიმ, უშიშროების ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაიკავა ეს პოსტი. მიშას ძალიან გაუჭირდა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, მაშინ გადაიყვანეს გამგეობაში უშიშროების თანამშრომლები და პროკოფიც გამგებელი გახდა. ის მერაბიშვილის კადრია და იმასაც ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებზე ჭიათურის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

- რაც თქვენი ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, ძალიან პოპულარული გახდით.

- ხალხისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ. ადრე 50 წლის ადამიანი რომ გარდაიცვლებოდა, ვფიქრობდი, რამდენი უცოცხლია-მეთქი, ახლა 80-ისა ვხდები და მაინც მინდა სიცოცხლე. ახალგაზრდობა იღუპება და განვიცდი. ქვეყანას ასეთი დემოგრაფიული პრობლემა არასდროს ჰქონია. რას გეტყვით, ბაბუა, იცი? სექსი რა იყო, ეს ბებიაჩემსა და ბაბუაჩემს სკოლაში არ უსწავლიათ, მაგრამ 8 შვილი ჰყავდათ. დიდმა ბაბუამ 16 შვილი გაზარდა. მთავარია, ახალგაზრდობას ეკონომიკურად შეუწყო ხელი, რომ დასაქმდეს, იარსებოს და გამრავლდეს.

გაჭირვებულ ადამიანს კომუნალურ გადასახადებს უმაღლესი ტარიფით რომ გადაახდევინებ და მერე არჩევნების წინ ორიოდე თვით ადრე 20-ლარიან ვაუჩერს მიუგდებ, ეს საქმეს არ შველის. განა ეს ვაუჩერი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის? გაიძახიან, ბიძინა ივანიშვილის ფული რუსულიაო. თბილისს, ბაკურიანსა და ათას რაღაცას რომ აშენებდა, დამსახურებულ ხალხს ეხმარებოდა და ამდენ სიკეთეს აკეთებდა, მაშინ არ იყო მისი ფული რუსული?

- თქვენი აზრით, რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი ჭიათურაში?

- ვფიქრობ, ეს არჩევნებს უკავშირდება. სოფელი ხრეითი, სადაც მთავრობის სხდომა ჩაატარა, სხვა სოფლებთან შედარებით მჭიდროდ დასახლებულია, თუმცა, მას ბევრი არავინ დახვედრია. მახსოვს სააკაშვილი რომ გადადგა და მეორედ იყარა კენჭი, მაშინაც ჩამოვიდა. ხალხი კი ჩამოჰყვა, სოფლებიდანაც ელოდნენ მოსახლეობის შეკრებას, მაგრამ თითქმის არავინ მივიდა. იქვე ახალგაზრდები ლუდს სვამდნენ და მიშას "შიკრიკებმა" პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიპატიჟეს, მათ კი უარი უთხრეს. ამბობდნენ, პრეზიდენტი გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და ისე წავიდაო. მას შემდეგ პირველად ჩამოვიდა გასულ კვირას ჭიათურაში, მაგრამ უკეთესად არც ახლა დახვედრიან.

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე

ჭიათურელი "აკაკი წერეთელი" - "ქართული ოცნების" აქციის ცნობილი ფოტოგმირის ისტორია