"საქართველოს გასანადგურებელი კანონი რუსებთან გარიგების შედეგია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გასანადგურებელი კანონი რუსებთან გარიგების შედეგია"

გასულ კვირას ლილოს დასახლებაში  ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 70-ზე მეტი კაცი მოიწამლა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვები იყვნენ. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

საწარმო "კრისტალი" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა, რომელსაც ქლორით სავსე ავზი ეკუთვნის. მაშველებმა ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, სწორედ ამ დროს ქლორმა მეორედ გაჟონა და ორი მაშველი მოიწამლა. სამართალდამცავებმა კომპანია "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი დააკავეს.

გია გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი: - ისეთ ქვეყანაში, სადაც არაფერს აკონტროლებენ, სადაც იღებენ ისეთ კანონებს, როგორიც ჩვენმა ხელისუფლებამ მარტში მიიღო, კატასტროფები გარდაუვალია. ქლორი მაღალტოქსიკური ნივთიერებაა. ასეთი საშიში ნივთიერება უამრავია საქართველოში. სხვადასხვა საწარმო მასობრივად იყენებს ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მომწამვლელ ნივთიერებებს. ნორმალურ ქვეყნებში ასეთი ნივთიერებების გამოყენებას კანონი არეგულირებს. საქართველოშიც არსებობდა ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი "საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც არეგულირებდა მათი შენახვის, განთავსების, ტრანსპორტირებისა და იმპორტ-ექსპორტის საკითხებს.  კანონი 2010 წელს ხელისუფლებამ გააუქმა. მსგავსი უგუნურება ძნელად წარმოსადგენია.ჩვენს ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არაფრად უღირს.

საქართველოში სხვა უფრო ტოქსიკური ნივთიერებებიც არის, მაგალითად, კალიუმის ციანიდი - შხამი, რომლის მიკროგრამები საკმარისია ადამიანების გასანადგურებლად. სწორედ კალციუმის ციანიდს იყენებენ ტონობით მადნის გამოსაღებად მადნეულის კომბინატში და თანაც ღია გარემოში. მადნის გამოტანის შემდგომ ნარჩენების უზარმაზარი მთებია ბოლნისში წამოჭიმული. ზემოდან მობრტყელებულია და მასზე გამუდმებით ასხამენ კალიუმის ციანიდს. ბევრჯერ კინაღამ ჩამოინგრა ის მთები. ასეთივე მთა ჩამოინგრა რუმინეთში. იქ სწორედ ისეთი ტექნოლოგიით ხდებოდა ოქროს მოპოვება, როგორითაც ბოლნისში. მთის ჩამონგრევას კატასტროფა მოჰყვა, - გაასახლეს უამრავი ადამიანი. მომწამვლელი ნივთიერება მერე მდინარეებში ჩავიდა და მთელ ევროპაში კატასტროფა დაატრიალა.

პარლამენტმა მარტში მიიღო ანტიკონსტიტუციური კანონი, რომლითაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შეთანხმების დადება, რომლის თანახმადაც, თუ პირი გადაიხდის კომპენსაციას, შეთანხმების მოქმედების პერიოდში მისი ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება(!). შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებული იქნება მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან(?!); ანუ კომპანიამ ან რომელიმე პირმა ტყე რომ გადაწვას, ეროვნულ პარკში ხეები გაჩეხოს, წყალში შხამები ჩაასხას, ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებები გამოაფრქვიოს, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები დახოცოს, ყველაფერი ეპატიება. ახლა ვხვდები, ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა მიღებული შეკვეთა რუსული კომპანიებისაგან, რომ ამგვარი კანონი მიეღო.

2012 წლის 15 მაისს ხელი მოეწერა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება "მადნეულისა" და შპს "კვარციტის" მფლობელ რუსულ კომპანია "კაპიტალ ჯგუფს" შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსულ "კაპიტალ ჯგუფს" ეპატია ბოლნისის რაიონის ბუნებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი და ზარალი. ხელისუფლებამ "მადნეულსა" და "კვარციტს" აპატია 1994 წლიდან საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული. პატიების სანაცვლოდ "კაპიტალ ჯგუფმა" 13 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს!

რუსები საქართველოს ოქროს წარმოებას 2007 წლიდან ფლობენ. 2012 წლის 14 ივნისს რუსულმა კომპანია "პრომიშლენი ინვესტორმა" "მადნეული" და "კვარციტი" ისევ რუსულ კომპანია "კაპიტალ ჯგუფს" 120 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. ბოლნისის რაიონი უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, სადაც ნაყოფიერი ნიადაგი წელიწადში სამი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ რეგიონის მიწები ირწყვება კაზრეთის 31-კილომეტრიანი სარწყავი არხით, რომელიც სათავეს იღებს მდინარე მაშავერიდან.

კაზრეთის სარწყავ არხში ჩაედინება კაზრეთულას წყალი, რომელიც დაბინძურებულია ტოქსიკური ელემენტებით. მაშავერის დაბინძურებული წყლით ირწყვება 15 სოფლის სავარგულები!

კვლევებმა ცხადყო, რომ მაშავერა და კაზრეთის სარწყავი არხის წყლები დაბინძურებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მაღალტოქსიკური მძიმე ლითონებით. მდინარეში სპილენძის შემცველობა დასაშვებს 12-17-ჯერ აღემატებოდა, თუთიის - 5-17-ჯერ, კადმიუმის - 2.5-ჯერ. სარწყავ წყალში, რომლითაც 15 სოფელი ირწყვება, სპილენძის შემცველობა დასაშვებს 10-40-ჯერ აღემატება, თუთიის - 2.8-ჯერ, კადმიუმის - 1.2-3.4-ჯერ. სასმელ წყალში კი ამ ნივთიერებათა შემცველობა დასაშვებს 33-ჯერ აღემატება(!). ამის გამო რეგიონის ნიადაგი, სადაც მოჰყავთ კვების პროდუქტები, დაბინძურებულია ამავე ტოქსიკური ნივთიერებებით.

მძიმე ლითონები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებშიც გადავიდა. ასეთი საკვებისა და წყლის ხანგრძლივად მოხმარება ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. მაგალითად, თანდაყოლილ სიმახინჯეს, ანემიას, ონკოლოგიურ დაავადებებს, ტოქსიკოზებს, ალერგიასა და ა.შ.

საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში სიმსივნეების ოფიციალური სტატისტიკა 2-ჯერ, ბოლნისში კი 4-ჯერ გაიზარდა. კაზრეთში ყოველი ათიდან ცხრა კაცი პროფესიული დაავადებით იღუპება და თანაც ადრეულ ასაკში.

მოვლენების ქრონოლოგია ადასტურებს, რომ 2012 წლის 20 მარტს საქართველოს გასანადგურებელი (ეკოციდის) კანონი რუსებთან გარიგების შედეგია. ისინი დიდი თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან. ამასთან, კანონმა აკრძალა მათი საქმიანობის ნებისმიერი სახით გაკონტროლება. ამაზე მეტი დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე რაღა შეიძლება იყოს?! ვეჭვობ, რომ ეს მოღალატური კანონი სწორედ ამ ერთი კომპანიისთვის მიიღეს, რადგან გაირკვა, რომ მოლაპარაკება თებერვალში დაუწყიათ.

ერთი შეხედვით რუსებს რეგიონული ცენტრის შექმნა აქვთ განსაზღვრული, რადგან ამ კომპანიას სომხეთშიც აქვს ასეთივე საბადოები, თუმცა, შეიძლება აქ სხვა შავ-ბნელი კორუფციული გარიგებებიც იყოს. ვფიქრობ, ოქროს ე.წ. მოპოვების უკან შავბნელი გარიგებები იმალება. 2007 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 162 ქვეყანაში საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. თურმე ჯერ კიდევ 2007 წელს 7 მილიარდი ტრიალებდა ხაზინისა და საგადასახადო სისტემის გარეთ. ასე რომ, რა ხდება ოქროს მოპოვების საქმეში, საკითხავია. ნუთუ არ არის დასაფიქრებელი, ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მთავარ მტრად რუსეთს აცხადებს, რუსულ კომპანიას ხელშეკრულებას უდებს და ეუბნება, ყველაფერი გეპატია და რაც უნდა ჩაიდინო ჩემი მოსახლეობის წინააღმდეგ, მომავალშიც გაპატიებთო! ეს ამბავი ევროპელებს რომ მოვუყევით, არ დაიჯერეს და ნოტარიულად დამოწმებული კანონის თარგმანი მოგვთხოვეს. შოკირებული არიან და მალე ამ საკითხზე გაეროში სპეციალური მოსმენა იგეგმება. საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიტანეთ სარჩელი.

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ცვლილებების დინამიკა 2001-2010 წლებში მთლიანად საქართველოს, ქალაქებისა და საწარმოების მიხედვით