აზიიდან აფრიკის გავლით ლიტერატურის ოლიმპომდე - კვირის პალიტრა

აზიიდან აფრიკის გავლით ლიტერატურის ოლიმპომდე

სამი მიზეზი მაქვს, სულაც არ გამხარებოდა "50 წიგნის" პროექტში სწორედ დორის ლესინგის "ოქროს რვეულის" რიგი რომ მოვიდა: პირველი  - რატომღაც მეგონა, რომ ახლა სკოტ ფიცჯერალდის "ნაზია ღამე" უნდა დაბეჭდილიყო, რომელიც თითქმის ზეპირად მახსოვს და იმედი მქონდა, სტატიასაც უცებ "ჩავარაკრაკებდი"; მეორე - ფემინისტები არ მიყვარს და მესამე და მთავარი - ეს "ოქროს რვეული" წაკითხული არ მქონდა და ორიოდ დღეში ვერ მოვასწრებდი (უნდა ვაღიარო, რომ ვერც მოვასწარი)!

ხუთი წლის წინ, როდესაც 88 წელს მიტანებულ ლესინგს ნობელის პრემია მიანიჭეს, პირველად დავინტერესდი ამ მწერლით და დრო მხოლოდ მისი ერთი ნაწარმოებისთვის გამოვნახე - "დღე, როდესაც გარდაიცვალა სტალინი" ("პატრიოტული" მოსაზრებით, სათაურმა დამაინტერესა). ძალიან მომეწონა და მაშინვე ვირწმუნე, რომ ნობელის პრემია დამსახურებულად ექნებოდა მიღებული და არა მისი სოლიდური ასაკის პატივსაცემად, რასაც მანამდე ვეჭვობდი. ეს ეჭვი კი იმ ამბავმა გამიჩინა, რომ როდესაც მწერლისათვის ნობელის პრემიების კომიტეტიდან დაურეკავთ სახლში (დამკვიდრებული ტრადიციაა - თვითონ ატყობინებენ ლაურეატებს სასიხარულო ამბავს), მოახლეს უთქვამს, - ქალბატონი საყიდლებზეა წასულიო, ხოლო შინ დაბრუნებულ ლესინგს ასეთი კომენტარი გაუკეთებია ამ ამბავზე:

- უკვე 30 წელია, მასახელებენ კანდიდატად. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, მაღირსეს...

ჰოდა, მეც ვიფიქრე, "პენსიასავით" გამოუწერეს საპრემიო მილიონი-მეთქი, თანაც საპრემიო კომიტეტის ოფიციალური ფორმულირება სწორედ მისი ლიტერატურის საზოგადოებრივად აქტუალურ (კონკრეტულად - ფემინისტურ) ღირებულებებს უსვამდა ხაზს და არა მხატვრულს...

...გადავხედე ახლა იმას, რაც დავწერე და, მგონი, ჯერჯერობით მწერლის ლანძღვა უფრო გამოდის, ვიდრე სარეკლამო-საპრეზენტაციო სტატია, არადა, როდესაც "დღე, როდესაც გარდაიცვალა სტალინი" დავასრულე, მაშინვე გადავწყვიტე, მისი სხვა ნაწარმოებებიც წამეკითხა, მაგრამ დღემდე, სანამ "სამსახურებრივად არ დამევალა", ვერ მოვახერხე.

კარგია, რომ "ოქროს რვეული" საკმაოდ დიდტანიანი ნაწარმოებია და ორ წიგნად გვიწევს დაბეჭდვა - ორი კვირის შემდეგ კიდევ მექნება საშუალება, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ რომანზე. დღეს კი, როდესაც მხოლოდ პირველ ნაწილს ვასრულებ, ერთი რამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა: ვიზიარებ ავტორის გულისწყრომას და აღშფოთებული ვარ, რომ ნობელის პრემიების კომიტეტმა ამდენ ხანს დააყოვნა მისთვის ჯილდოს გადაცემა, რადგან 87 წლის ასაკამდე რომ გარდაცვლილიყო, მწერალ-ნობელიანტთა კოჰორტას ძალიან ღირსეული წევრი აღარ ეყოლებოდა - წესდების მიხედვით ხომ მხოლოდ ცოცხალ მწერლებს ანიჭებენ ამ პრემიას (სხვათა შორის, ახლაც ცოცხალია და ჟურნალისტებსაც იღებს, შემოდგომაზე 93 წლისა გახდება).

დორის ტაილერს (ლესინგი მისი მეორე ქმრის გვარია) ბავშვობაში ვერავინ უწინასწარმეტყველებდა მწერლობას - საშუალო განათლებაც კი არ დაუსრულებია ოფიციალურად და არც ინტელექტუალთა გარემოში გაზრდილა. 1919 წელს სპარსეთში დაიბადა. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო, დედა - მედდა. მათ ჰოსპიტალში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც ალფრედ ტაილერი მსოფლიო ომის ფრონტზე მიღებული ჭრილობის გამო ფეხის ამპუტაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

6 წლისა იყო მომავალი მწერალი, როდესაც მისი ოჯახი სპარსეთიდან ბრიტანეთის აფრიკულ კოლონიაში - სამხრეთ როდეზიაში გადასახლდა (ახლა რომ ზიმბაბვე ეწოდება). ამ ქვეყნის მთავარ ქალაქში - სოლსბერიში (დღევანდელი ხარარე) ცხოვრებას კოშმარივით იხსენებდა შემდგომში. საერთოდ, ხშირად ასეა: რადგან ბავშვობაში მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს დიდი გავლენა აქვს ხოლმე მწერალზე, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას განსაკუთრებული ბავშვობა აქვს - ან ძალიან დალხენილი, ფანტასტიკური ზღაპრის მსგავსი, ან პირქუში და საშინელი... დორის ლესინგიც, მისივე თქმით, ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება.

იქ, აფრიკის სიყრუეში, როდეზიის "ქალაქ" სოლსბერიში, ჯერ კათოლიკურ სკოლაში დადიოდა, შემდეგ გოგონებისათვის გახსნილ ცოტა უკეთეს სკოლაში, მაგრამ 14 წლისამ იქ სიარულიც შეწყვიტა. სამაგიეროდ, ძალიან ცნობისმოყვარე იყო - მეტროპოლიიდან ჩამოსულ არც ერთ გაზეთსა და ჟურნალს არ ტოვებდა წაუკითხავს, თავისი ოჯახისა და ახლობელთა ყველა წიგნიც წაკითხული ჰქონდა და სოლსბერის ბიბლიოთეკაც "ათვისებული". ძალიან ახალგაზრდამ წერაც დაიწყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ ჟურნალისტობდა - პატარ-პატარა წერილებს აქვეყნებდა ადგილობრივ გაზეთში... თუმცა ეს მხოლოდ მშობლებისათვის მატერიალურად გვერდში დგომის სურვილით იყო გამოწვეული - არ ულხინდათ.

ამის გამო სატელეფონო სადგურშიც მუშაობდა ღამის მორიგედ და მდიდარ მოხუცებსაც უვლიდა... ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა ბავშვობისა და ყმაწვილქალობის კოშმარებში, თორემ არც სადისტი მამა ჰყოლია და არც ბოროტი დედინაცვალი, რომ მისთვის ბავშვობა გაემწარებინათ - პირიქით, რაც შეეძლოთ, ხელს უწყობდნენ, როდესაც მას წერის ნიჭი აღმოაჩნდა.

20 წლისა ჩარლზ უიზდომს გაჰყვა ცოლად, რომელიც საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, ქალ-ვაჟიც ეყოლათ, მაგრამ დორისს უკვე "მწერლობის ჭია ღრღნიდა",  რაც სულაც არ მოსწონდა მის კონსერვატორ მეუღლეს და ოთხი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაცილდნენ - ქალმა საკუთარ თავს სძლია და შვილები მამასთან დატოვა - ასე აჯობებდა მათთვის.

თუმცა მოგვიანებით, როდესაც მეორე ქმარს - გერმანელ ემიგრანტ გოტფრიდ ლესინგსაც დაშორდა, მისგან მხოლოდ გვარი კი არ "დაიტოვა", არამედ ვაჟიც და შვილთან ერთად, 1949 წელს, 30 წლის მომავალი დიდი ინგლისელი მწერალი პირველად ჩავიდა ინგლისში.

იმავე წელს დაიბეჭდა მისი პირველი რომანი - "ბალახი მღერის", რომელმაც მაშინვე მიიქცია ყურადღება, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი შოკში ჩააგდო საზოგადოება, როდესაც ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და სამხრეთ აფრიკასა და მის მშობლიურ როდეზიაში გამეფებულ აპარტეიდის რეჟიმს დაუწყო კრიტიკა.

ცხადია, როდეზიაში მაშინვე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს და პირველმა ქმარმაც შემოუთვალა, - შვილებს ისევე ვერ იხილავ, როგორც საკუთარ ყურებსო, მაგრამ უკვე პოპულარულ დორის ლესინგს ეს დიდად არ უდარდია: მან იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც შვილები მისით იამაყებდნენ!

ასეც მოხდა, თუმცა მოგვიანებით "კომუნიზმის ბაცილამ" გაუარა და მწერლობაშიც სხვა სფერო აირჩია - ფანტასტიკის ჟანრში სცადა ბედი. შედეგი - სრული ტრიუმფი!

თუმცა, ამაზე ორი კვირის შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე "ოქროს რვეულის" კითხვა დაიწყეთ...