"ოქროს რვეული" მარტოობიდან კაცობრიობას... - კვირის პალიტრა

"ოქროს რვეული" მარტოობიდან კაცობრიობას...

"ერთი წელი მის სამყაროში ვიცხოვრე, ამიტომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა არის დორის ლესინგის ტრაგედია..."

"მე მშურს იმ ხალხის, ვისაც წინ აქვს ამის წაკითხვის ბედნიერება..."

უამრავ წიგნს შორის, თაროზე ერთი დიდი, ფერადყდიანი წიგნი იდო ინგლისური წარწერით "ANSWERS". როცა მწერალი მელაპარაკებოდა და ცხოვრებაში დაგროვილ უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ვგრძნობდი ფრაზასა და ფრაზას შორის, ეს მხიარული წიგნი ისე შემომანათებდა ხოლმე თვალებში თავისი "პასუხებით", რომ ძალაუნებურად მეღიმებოდა... ამიტომ გადავწყვიტე, არც ამ წერილის გამო დამერღვია კანონზომიერება, ამაოდ არ მომეთხოვა პასუხები რესპონდენტისათვის, მხოლოდ მომესმინა ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერლის ირაკლი ლომოურისთვის, რომელიც თავად ეძებს კითხვებზე პასუხს.

- ასე მგონია, არსებითად არ შევცვლილვარ, რაც ვიყავი 17 წლის ასაკში, იგივე ვარ... ალბათ გავიმდიდრე ლექსიკა, ქართული ენის წვდომის სურვილი გაღრმავდა, მაგრამ პრინციპულად იგივე დავრჩი... არც კი გავიზარდე, რადგან ის, რაც ჩემთვის მაშინ იყო ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მთავარი, დღესაც მთავარია - თანაგანცდა. როცა ვწერ, ამაზე ვფიქრობ, თითქოს წერილებს ვწერ ვინმეს. მთავარია, მკითხველმა იგრძნოს ის ემოცია, რომელიც მე მაწერინებს. ემოციური კავშირი თუ დამყარდა, ამაზე მეტის არც მოლოდინი მაქვს და არც პრეტენზია.

წლები დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი - გვირაბის ბოლოს ნათელია და უნდა იარო იმ სინათლისკენ - ღმერთისკენ, ლაბირინთიდან რომ გამოხვიდე... მქონდა განცდა, რომ მეტაფიზიკურად მარტო ვარ სამყაროში. ასეთი განცდით სასოწარკვეთის ზღვარზე ხარ, ცხოვრებას აზრი არ აქვს და შეიძლება თავიც მოიკლა... რთული ვიყავი იმიტომ, რომ მარტო ვიყავი. მერე, როცა თავად გავხდი მამა, ვეცადე, ჩემი შვილების მეგობარი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად არღვევს ეს მარტოობას... ალბათ ჩემი შვილებიც მაინც მარტო არიან. მაგრამ ჩვენსავ მარტოობაშიც გვაქვს დღესასწაულები... არიან ადამიანები, ვინც ამ დღესასწაულს ქმნიან. ასეთი იყო ჩემი მეგობარი, არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი. მეცნიერი, პოეტი... ხვამლის მთაზე მისი ხელმძღვანელობით ეწყობოდა ექსპედიციები, მეც ვმონაწილეობდი. მისნაირები ანიჭებენ ცხოვრებას საზრისს. ბევრი გვილაპარაკია და გვიფიქრია ერთად. ის სოფლები მაჩვენა ლეჩხუმში, რომლებსაც დატბორვა ემუქრება, თუკი ნამოხვანჰესი აშენდება. 14 სოფელი - ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ, წყალში აღმოჩნდება. ეს ულამაზესი კუთხე უნდა განადგურდეს... ვუთხარი ერთხელ: როგორ ლაპარაკობ მშვიდად ამაზე-მეთქი. რას ამბობ, სულ იმას ვფიქრობ, რა ვქნა, ამ საშინელებას როგორ შევუშალო ხელიო. ახლა მე ვფიქრობ: რა გავაკეთო ისეთი, რომ ხელი შევუშალო ამ კუთხის განადგურებას. ეს რაიონი მიგდებული იყო, არაფერი კეთდებოდა. რადგან ბოლშევიკებმა იქ ჰესის აშენება დაადგინეს (ეს იმდროინდელი პროექტია), არაფერი გაუკეთებიათ - მაინც წყალი წაიღებსო... ეს ხალხი დღესაც მიტოვებულია.

ნამოხვანჰესის ინვესტორი კორეული და თურქული კომპანიები, წავიდნენ, მაგრამ მთავრობა ამ საქმეს გააგრძელებს, იპოვის ახალ ინვესტორს... ხუდონჰესმა რა ხეირი დააყარა ქვეყანას? სიმბოლურად ერთ ლარად ინდოელებს გადასცეს ყველაფერი, თუ დაარღვევს კონტრაქტს, ის, რაც ერთ ლარად გადასცეს, საბაზრო ფასად უნდა გამოისყიდონ. უნდა დატბორონ და ჩაძირონ საქართველო. რისთვის? იმედი მაქვს, ოქტომბერში შეიცვლება ყველაფერი და მოვლენ ადამიანები, ვისაც თავისი ქვეყანა არ ემეტება ჩასაძირად და გასაყიდად...

მდუმარედ ვუსმენდი ირაკლი ლომოურის თითქმის მონოლოგს... სულაც არ მინდა, პათეტიკურად გამომივიდეს, მით უმეტეს, რომ თავად ირაკლი დაცლილია პათეტიკისგან. ის უფრო წერილების კაცია, დაჯდება და მოგწერს მოთხრობად, ან იქნებ რომანადაც კი... დაახლოებით ისე, როგორც დორის ლესინგმა მისწერა თავისი მარტოობიდან კაცობრიობას. ეს წიგნი ორშაბათიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა 50 წიგნის სერიით... ლესინგი იმიტომაც ვახსენე, რომ ნობელის 2007 წლის ლაურეატი ქალი სწორედ ირაკლი ლომოურმა თარგმნა ქართულად. როგორც თავად მითხრა, თარგმნისას ერთი წელი მის სამყაროში იცხოვრა და დიდი სიამოვნებაც მიიღო, ამიტომ მასზე უკეთ არავინ იცის, რა არის დორის ლესინგის ტრაგედია...

- დორის ლესინგს ფემინისტის და ქალების უფლებისთვის მებრძოლის სახელი აქვს, ამიტომ ცოტა ეჭვით შევუდექი მის "ოქროს რვეულზე" მუშაობას. მეგონა, მართლა ფემინისტი იყო... არადა, მივხვდი, პირიქით - ეს ანტიფემინისტური რომანია. ეს ავტორის ცხოვრების გულწრფელი და მართალი აღწერაა, ამდენად, ძალიან ღრმაა. ლესინგი შეგნებულად, პოზიციის დონეზე თანაუგრძნობს ფემინისტებს... მაგრამ ოცნებობს, ცოლად გაჰყვეს საყვარელ კაცს... სამყაროში ხდება ტრადიციული ოჯახის რღვევა. ქალი ხდება დამოუკიდებელი. ანა ვულფი - რომანის გმირი, ავტორის ალტერ ეგოა. ის და მისი მეგობარი არიან თავისუფალი ქალები, არ ჰყავთ ქმრები, ჰყავთ შვილები... თავისუფლად ცხოვრობენ. ეს ადრე სოციალური მოვლენა არ იყო, ახლა ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათ ეს არ მოსწონთ, კი არ უნდათ, ასე იცხოვრონ, ასე გამოვიდა... ჩვენ გავდივართ ახლა იმავე ფაზას, რაც მათ, დასავლეთში მაშინ გაიარეს. დორისი იდეალისტია, არ შეუძლია შეეგუოს უსამართლობას...

მე მშურს იმ ხალხის ვისაც წინ აქვს "ოქროს რვეულის" წაკითხვის ბედნიერება...

- რითი შეიძლება ლესინგი გგავდეთ... იქნებ ილუზიებითა და მათი მსხვრევით...

- დორისზე მეც ბევრი ვიფიქრე და ძალიან მომინდა, რომ იმ დროს, როცა ახალგაზრდა იყო, შემძლებოდა და გამეცნო... ამიტომაც მინდა დავწერო მოთხრობა, სადაც ლესინგი იქნება პერსონაჟი. ზოგჯერ ამბობენ, "ოქროს რვეულში" პათოლოგიური რაღაცებიცააო.. ამისი დაწერა როგორ შეიძლებაო... შეიძლება, რადგან სამყაროა არანორმალური... ეს თანამედროვე ადამიანის ტრაგიკული ბედია. ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს მართალი, ეძებს სიყვარულს - განწირულია და მისთვის წერა, ერთი მხრივ, გადარჩენის საშუალებაა.

P.S. ირაკლი ლომოურის ნათარგმნი "ოქროს რვეულის" მეორე ტომი, სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდ წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", მომდევნო "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.