"ჩემი მოსაზრებების გამო ოსებმა მოღალატედ შემრაცხეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი მოსაზრებების გამო ოსებმა მოღალატედ შემრაცხეს"

"ცისკრის", "მნათობის" თუ სხვა ლიტერატურული გამოცემის ყოველ  ნომერში მოუთმენლად ველოდი მზია ხეთაგურის ახალ ლექსებს, რადგან ვიცოდი, წავიკითხავდი ლამაზ, მგრძნობიარე და ამაღლებულ სტრიქონებს. ქალბატონი მზია ეროვნებით ოსია, მაგრამ მისი პოეზია, ყოველი სიტყვა ისეთი მადლიანი ქართულით არის დაწერილი, წამით ეჭვიც კი შეგეპარება მის ოსურ წარმომავლობაში.

- ქალბატონო მზია, ცხინვალი თქვენი ტკივილიცაა და სიხარულიც. მოდი, ჯერ იმ ცხინვალში გადავინაცვლოთ, სადაც ბევრი ფერადი დღე გახსოვთ...

- მე მერაბ ელიოზიშვილის ცხინვალი მახსოვს, როცა ამ პატარა და კოხტა ქალაქში სიცოცხლე დუღდა. სუფევდა სიყვარული და მეგობრობა, მაშინ არ არსებობდა სამარცხვინო დაყოფა: ის ქართველია, ოსი, რუსი, ებრაელი და სომეხი. ერთმანეთს ადამიანობით აფასებდნენ და არა ეროვნებით. მახსოვს ჩვენი ჩუქურთმიანი და ბელეტაჟიანი ქართული სახლი გოგებაშვილის ქუჩაზე. მამაჩემი, ვლადიმერ ხეთაგური, პროფესიით ოპერატორი იყო. იგი სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე გახლდათ. მამა ამ ბაკქანალიას ვერ მოესწრო, თორემ გული გაუსკდებოდა. დედა, ქრისტინე თედიაშვილი, პედიატრი, ოლქის მთავარი ექიმი გახლდათ. მყავს ტყუპისცალი და, ია, რომელიც დედის გზას გაჰყვა. მე კი თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე.  ბავშვობიდან ბევრი ეპიზოდი ნათლად შემომრჩა, განსაკუთრებით კი დედის წერილები. იგი მუდამ დაკავებული იყო თავისი საქმით, რომელიც უზომოდ უყვარდა, ამიტომ სისხამ დილით გადიოდა შინიდან და მე და ჩემს დას გვიტოვებდა წერილებს, - "ჩემო საყვარელო შვილებო, ია და მზია. აბა, თქვენ იცით, დღეს რა სარგებლობას მოუტანთ ქვეყანას!" - ვკითხულობდი ქაღალდზე ლამაზად გამოყვანილ ასოებს და მერე სულ იმის ფიქრში ვიყავი, რა გამეკეთებინა ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ. ერთხელ მუცლის ტიფი გავრცელდა, საავადმყოფო ავადმყოფებით გაივსო და დედამ  ჩვენს სახლში ორი ოთახი გამოუყო თავის პაციენტებს.

ცალკე თემაა ცხინვალის ქართული სკოლა, რომლის დირექტორიც 30 წლის განმავლობაში ვახტანგ კასრაძე იყო. სკოლას ყველა "ვახტანგის სკოლას" ეძახდა. მახსოვს, ზაფხულობით, ოსების, რუსების, ებრაელების და კიდევ სხვა ეროვნების ოჯახებს სათითაოდ დაივლიდა და ყველას უხსნიდა, რომ შვილი ქართულ სკოლაში შეეყვანათ და ასე გამოეხატათ პატივისცემა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობდნენ. ვეჭვობ, ვახტანგის სკოლადამთავრებულს მონაწილეობა მიეღო იმ ომში. სწორედ ვახტანგის საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა გიორგი ბესთაუთი, რომელმაც ბრწყინვალედ თარგმნა ოსურ ენაზე "ვეფხისტყაოსანი". თარგმნის პერიოდში საშინელი დაავადება აღმოაჩნდა. გიორგი ამბობდა, - ჯერ არ მაქვს უფლება, მოვკვდე, რადგან პოემის თარგმნა არ დამიმთავრებიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონეზე იცოდა ქართული, რომ "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას შეეჭიდა.

- ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ხშირად ამბობდით, ოსები ქართველების გარეშე, როგორც ერი, ვერ იარსებებსო.

- ასეც იქნება, თუ არ მოვეგებით გონს. ჩემი მოსაზრებების გამო ოსებმა მოღალატედ შემრაცხეს, ჩემი ფოტოები ქალაქში გამოაკრეს და ჯილდოც კი დააწესეს იმისთვის, ვინც მე ცხინვალში ცოცხალს ან მკვდარს ჩამიყვანდა.

მოგვიანებით, 2005 წელს, როცა უცხოელებთან შეხვედრა ჩაატარა ორგანიზაციამ "ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის", მე, როგორც ოსმა ქალმა, გავაკრიტიკე ის უცხოელები, რომლებიც ოსებს და ქართველებს შერიგებისკენ მოგვიწოდებდნენ. მაშინ ვთქვი: სხვისი დარიგება ამ საკითხზე არ გვჭირდება, ეს პრობლემა არასოდეს გვქონია ქართველებთან, ყოველთვის მეგობრულად ვცხოვრობდით. რაც რუსები ჩაერივნენ ჩვენს ურთიერთობაში, მას შემდეგ აირია ქვეყანა-მეთქი. შეხვედრას გაეროს წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინიც ესწრებოდა. მას მოეწონა ჩემი გამოსვლა და ითხოვა, იმ ქალთან მინდა ფოტოს გადაღებაო. მერე კი ნელი გურგენიძესთან (ორგანიზაციის ხელმძღვანელი) და ჩემთან ფოტო გადაიღო.

- თქვენ ქართულ მხარესაც აკრიტიკებდით...

- დიახ, ვაკრიტიკებდი და ახლაც იმავე აზრზე ვდგავარ, რომ ოსებსა და აფხაზებთან ურთიერთობაში შეცდომები დავუშვით. მრავალი წლის განმავლობაში ოფიციალური დოკუმენტები რუსულ ენაზე იწერებოდა და ლამის სახელმწიფო ენად გამოგვიცხადეს რუსული. ეროვნული მოძრაობის მერე კი ოსს და აფხაზს ერთბაშად ყველაფერი ქართულად მოვთხოვეთ. მოწოდება კი ისმოდა, - ერთად დავდგეთო, მაგრამ ეს სიტყვები ფიტულივით იყო, ცარიელი, ქმედებისგან სრულიად განსხვავებული.  ძალიან ავჩქარდით, არადა, ნელ-ნელა და თანამიმდევრულად ყველაფერს კარგად მოვახერხებდით. ამაზე მეტი შეცდომა რა გინდათ, როცა ჩვენ თავად ვუწოდებთ დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობას სამხრეთ ოსეთს!

- თქვენ მწერალ ვანო ჩხიკვაძის მეუღლე იყავით, თქვენს სიყვარულზე ლამის ლეგენდები დადიოდა.

- ჩემს დაბადების დღეზე გორის თეატრის მსახიობებმა ახალგაზრდა გორელი კაცი  გამაცნეს, - ეს ვანო ჩხიკვაძეა, ძალიან ნიჭიერი პოეტიო. მაშინ ვანო ჯერ კიდევ არ წერდა პროზას. მე 24 წლის გახლდით, გაშორებული ვიყავი პირველ ქმართან და მყავდა 4 წლის გოგონა. როგორც ვანომ მოგვიანებით მითხრა, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ვანოს მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, რომ მას ცოლად მოვეყვანე. არც დედაჩემს უნდოდა ვანო სიძედ, რადგან აცნობიერებდა, რომ ეს წინააღმდეგობები ადრე თუ გვიან იმოქმედებდა ჩვენს ურთიერთობაზე.

მაინც შევუღლდით. იმ პერიოდში ქუთაისის თეატრმა მე მსახიობობა შემომთავაზა, ვანოს კი ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელობა, თან დაუმატეს, ამდენ მითქმა-მოთქმას მოშორდებითო. სიხარულით წავედით. იქ ორი წელი ვიყავით. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლას სცენაზე ვასო გოძიაშვილიც დაესწრო და მითხრა, - შენ მარჯანიშვილის თეატრში უნდა ითამაშოო. მოულოდნელი წინადადებისგან დავმუნჯდი და მივაჩერდი. მან კი, - გაიგე, რაც გითხარიო? მერეღა ამოვიღე ხმა და არტისტულად მივუგე, - გავიგე, ჩემო რომეო-მეთქი. გაეცინა და როგორც ახასიათებდა, მხრები აიჩეჩა, - ვაი, რომეოსთვის "სლიშკომ" ბებერი ვარო. მანამდე ვანოც მეუბნებოდა, რომ ჩემი ადგილი დედაქალაქის თეატრის სცენაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, არჩევანის წინაშე დამაყენა - ან მე, ან თეატრიო. ისე მიყვარდა, დაუფიქრებლად ვუპასუხე, - რა თქმა უნდა, შენ-მეთქი და ასე დავემშვიდობე ჩემს ოცნებას. რამდენიმე ხანში, "ძველი ვოდევილების" ნახვის მერე ბატონი ვასო მოვინახულე. დამინახა და გაკვირვებით წამოიძახა: - "ვაა, გოგოჯან, სად გაქრი? ან "ადრესი" დაგეტოვებინა, ან "პარტრეტიო".

რაც შეეხება ჩემსა და ვანოს ურთიერთობას,  ჩვენ შორის ბევრი უთანხმოება დაგროვდა წლების მანძილზე, რომლის პატიებაც ბოლოს ვეღარ შევძელი და განშორება გარდაუვალი აღმოჩნდა. მახსენდება ერთი ამბავი: ჩვენთან ხშირად მოდიოდა ერთი მამაკაცი, რომელიც  ვანოს დაუმეგობრდა. თითქმის ყოველდღე გვსტუმრობდა და ერთხელაც, როცა აღარ გამოჩნდა, მოვიკითხე. ვანოს სიცილი აუტყდა და მითხრა, - გეტყვი მისი გაუჩინარების მიზეზს, ოღონდაც არ დასცინოო. თურმე ის იმ დროს მისულა ჩვენთან სახლში, როცა მე არ ვიყავი. დამთვრალა და ვანოსთვის უთქვამს, - არ ვარ კარგი კაცი, რადგან შენი ცოლი მიყვარს და ვიტანჯებიო. იმდენად გულწრფელი იყო, რომ ვანოს იქით დაუმშვიდებია, - მესმის შენი, რადგან მეც ძალიან მიყვარს და მეც ვიტანჯებიო. მე და ვანო დიდი ხანია, რაც დავშორდით, მას უკვე მეორე ოჯახი ჰყავს. ჩვენი ვაჟი ახლა 37 წლისაა. ჩვენ ერთად ვიყავით 22 წელი. მე დღესაც  მის ყოველ ახალ ნაწარმოებში ვგრძნობ, სად ვიგულისხმები, ალბათ, ისიც ასეა, ხვდება, რომელი სიტყვა ეკუთვნის მას.

- ბატონ ვანოს ერთ-ერთ ნაწარმოებში ნათქვამი აქვს: "ალბათ, ყველაფერი ერთხელ ხდება ცხოვრებაში, ერთხელ და იმ ერთის გარშემო ტრიალებს სხვა დანარჩენი".

- მთავარი და მნიშვნელოვანი მართლაც ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში. სიყვარული ერთადერთია, თუმცა ზოგჯერ ობიექტები იცვლებიან... გარინდების ჟამს, როცა საკუთარ წარსულს თვალს გადაავლებ, თურმე ის გყვარებია და ის ყოფილა ერთადერთი, რომლის გარშემოც დატრიალდა შენი შემდგომი ცხოვრება. ამ მოგონებითა და გრძნობით მოგვრილი ღიმილი კი მზიდან ჩამოღვენთილი თაფლის წვეთივითაა - ტკბილი და ოქროსფერი...