"წიგნის არქეოლოგია", ანუ გადარჩენილი წიგნები - კვირის პალიტრა

"წიგნის არქეოლოგია", ანუ გადარჩენილი წიგნები

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა 100 ტონა მაკულატურიდან 1500-მდე წიგნი გადაარჩიეს

"ჩვენთვის, ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, მედიასახლ "პალიტრასთან" თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია"

როცა წიგნების გადარჩენას ვახსენებ, მახსენდება - ცენზურის მიერ აკრძალულ წიგნებს უყდოდ რომ ინახავდნენ ოჯახებში და ასე გადაარჩენდნენ ხოლმე... ან შორეულ ფერეიდანში საქართველოდან გაჭირვებით მიწვდილ "დედა ენას" ხელით რომ გადაწერდნენ და ასე შესძენდნენ ახალ სიცოცხლეს. ვინ იცის, რამდენი თავგადასავალი ჰქონია წიგნს, რამდენჯერ დაუმალავთ და გადაუწერიათ, რამდენჯერ საიდუმლოდ შეუნახავთ, იმიტომ, რომ წიგნი გახლდათ მთავარი სულიერი ღირებულება...

წიგნის გადარჩენის აუცილებლობა დღესაც აქტუალურია... ამისი აუცილებლობა მას მერე დადგა, რაც მედიასახლმა "პალიტრამ" პროექტი "მაკულიტერატურა" დაიწყო. ეს პროექტი გამოუსადეგარი ქაღალდის - ბლანკების\, რვეულების, ჟურნალ-გაზეთების და წიგნების ახალ წიგნებში გადაცვლის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ საფრთხილოც, რადგან მაკულატურას შეიძლება განძიც გაჰყვეს - წიგნი, რომელიც საჭიროა, იშვიათია, ეპოქის ამსახველია, ჩვენი სიმდიდრეა...

მას მერე, რაც ეს პროექტი ამოქმედდა, მედიასახლმა "პალიტრამ" დახმარება სთხოვა ეროვნულ ბიბლიოთეკას და მისი თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ. მათ მაკულატურაში გაბნეული მნიშვნელოვანი წიგნების მოძიება დაიწყეს.

დალი შალვაშვილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი:

-  უკვე ას ტონაზე მეტი გადავარჩიეთ, კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი. ჩვენ უნივერსალური ბიბლიოთეკა გვაქვს, რაც კი რამ გამოსულა, უნდა გვქონდეს, მაგრამ 90-იან წლებში დიდი ჩავარდნა იყო - აღარ გვაწვდიდნენ ეგზემპლარებს. უამრავი რამ გამოიცემოდა, მაგრამ ჩვენამდე არ აღწევდა. ახლა მოგვეცა უნიკალური საშუალება, შევავსოთ ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა 90-იანი წლების და ბევრად უფრო ძველი გამოცემებით. მაკულატურაში ისეთ წიგნებს ვხვდებით, სხვა ვერსაიდან რომ ვერ შევავსებდით... მაგალითად, 90-იან წლებში აფხაზეთის ომში დაკარგული ნუკრი დოლიაშვილის დედას მცირე ტირაჟით გამოუცია შვილისადმი მიძღვნილი ლექსების წიგნი, რომელსაც ფოტოც ახლავს. დედას იმედი ჰქონია, რომ შეიძლება ვინმეს ეცნო მისი შვილი და სადმე გამოჩენილიყო. ეს წიგნი, შიგ ჩაწყობილი ორი ფოტოსურათით, მაკულატურაში მოხვდა...

- ხომ არ შეგხვედრიათ რამე რარიტეტული გამოცემა?

- იყო მხოლოდ სამი-ოთხი ძველი გამოცემა, რომლის ეგზემპლარებიც ბიბლიოთეკაში გვაქვს და აღარ წამოგვიღია. ასეთი წიგნები სხვა ბიბლიოთეკებისთვის იქნება საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მედიაპალიტრა" ამ წიგნებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, უფასოდ გვითმობს.

ჩვენ ასი ტონა მაკულატურიდან 1.500 წიგნზე მეტი შევარჩიეთ.

გიორგი კეკელიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

- ჩვენთვის, როგორც მთავარი წიგნთსაცავისთვის, ნებისმიერი წიგნი, რომელიც გამოდის საქართველოში, მნიშვნელოვანია. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის შენახვა. თქვენ პირველები ხართ, ვინც დაიწყო ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი. ბეჭდურ წიგნს არა მარტო ლოკალური საფრთხე ემუქრება - ელექტრონული გლობალიზაციის პირობებში არსებობს სხვა ტიპის გამოწვევებიც. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მთავარია, არ დავივიწყოთ ბეჭდური წიგნი. ჩვენთვის   მედიასახლ "პალიტრასთან" თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმიც. გვინდა, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგამომცემლო სახლთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა, ეს იქნება პრეზენტაციის გამართვა თუ სხვა ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა. გვინდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ "პალიტრამ" მოგვაწოდოს თავისი გამოცემების ციფრული ვერსიები, რომელიც აქ შეინახება...

- გადახედეთ გადარჩენილ წიგნებს?

- გადავხედე და გაოცებული ვარ, რომ დღეს შეიძლება ასეთი წიგნები გადასარჩენი გახდეს...

მარიკა დარჩია, მედიასახლ "პალიტრის" კრეატიული დირექტორი:

- ეს მედიასახლ "პალიტრისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი ერთობლივი პროექტია. შეიძლება ამ აქციას "წიგნის არქეოლოგია" დავარქვათ, რადგან ფაქტობრივად მივიწყებული, წლობით მტვერწაყრილი წიგნებიდან ვარჩევთ ძალიან საჭირო, საინტერესო და ზოგჯერ ისეთ წიგნებსაც, რომელთა ეგზემპლარი ასეთ დიდ ბიბლიოთეკასაც კი არა აქვს. გაცნობიერებული გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა წიგნს ეხები, ამიტომ სიამოვნებით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან.

- "მაკულიტერატურა" არაჩვეულებრივი პროექტია, ახლა მას "შვილობილი" პროექტი - "გადარჩენილი წიგნები" გაუჩნდა.

- სხვათა შორის, როგორც კი ვიფიქრეთ, "მაკულიტერატურის" პროექტზე, ისიც გავიაზრეთ, რომ შეიძლებოდა მოეტანათ ღირებული წიგნებიც... ამ შემთხვევაში სიტყვა "დასანანი" ცოტაა, ზოგჯერ სამარცხვინოა, ისეთ ლიტერატურას ვპოულობთ მაკულატურაში ჩაბარებულს. გვაქვს კიდევ ერთი იდეა, რომ სექტემბრიდან მაკულატურის გადარჩევას შეუერთდნენ მწერლები, რომლებიც თავად გადაარჩევენ მაკულატურას და გადარჩენილ წიგნებზე დაწერენ ესეებს. ასე შეიქმნება გადარჩენილი წიგნების ისტორია.

- როგორც გავიგე, მაკულატურაში არის ისეთი წიგნებიც, რომელთა ეგზემპლარები ბიბლიოთეკას აქვს და აღარ სჭირდება. რა მოუვა ასეთ წიგნებს?

- გადაწყვეტილი გვაქვს, წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" გავხსნათ გადარჩენილი წიგნების განყოფილება, სადაც ნომინალურ ფასად გაიყიდება ძველი წიგნები.