"წლის საპატიო მჩეხველი" ხეთაგური და ყველაზე გულარხეინი ხაჩიძე - კვირის პალიტრა

"წლის საპატიო მჩეხველი" ხეთაგური და ყველაზე გულარხეინი ხაჩიძე

ტყე გაუჩეხე შვილებსა?!

ცოტა ხნის წინ ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა "წლის საპატიო მჩეხველად" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაასახელა. ორგანიზაციის განმარტებით, ერთი წლის მანძილზე უკანონოდ 224. 574  კუბური მეტრი ხე მოიჭრა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი: - გადავწყვიტეთ, ყოველ წელს გამოვავლინოთ "წლის საპატიო მჩეხველის" ვინაობა. 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის ივნისამდე მონაცემებით ამ ნომინაციაში გაიმარჯვა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რომლის უწყებამაც საქართველოს ეკოსისტემას უდიდესი ზიანი მიაყენა ტყის სექტორში განხორციელებული ბარბაროსული ქმედებებით. შარშან განხორციელებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, ბუნებრივი რესურსების მართვის უფლება მიენიჭა ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი 1.961.098 ჰა გადავიდა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელში. ერთი წლის მონაცემებით, საქართველოს რეგიონების მიხედვით, ტყის უკანონო ჭრის სტატისტიკა კუბური მეტრის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება.

თბილისი - 20.000

აჭარა - 29.000

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39.585

გურია - 10.989

იმერეთი - 9.000

რაჭა-ლეჩხუმი და

ქვემო სვანეთი - 14.000

შიდა ქართლი - 7.000

მცხეთა-მთიანეთი - 30.000

კახეთი - 20.000

ქვემო ქართლი - 8.000

სამცხე-ჯავახეთი - 37.000

ჯამში, ერთი წლის მანძილზე უკანონოდ მოიჭრა 224.574 კუბმ.

ტყეების კატასტროფული მდგომარეობა არის შედეგი იმ არაპროფესიონალური და დაუდევარი მიდგომისა, რომელსაც ხეთაგურის უწყება იჩენს სატყეო სექტორის მიმართ. ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია 1.961. 098 ჰა ტყის მასივი. ამ უზარმაზარ ტერიტორიას იცავს უაღრესად ცოტა, 481 ტყის მცველი, რეინჯერი. თითო მცველს უწევს 4.158 ჰა ტყის მასივის დაცვა, რაც შეუძლებელია. სამინისტროს ინფორმაციით, ტყის მცველებს არ გააჩნიათ არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა და იარაღი, შესაბამისად, არ ძალუძთ ტყის საფუძვლიანად დაცვა. რეინჯერებს მიზერული ხელფასი აქვთ (თვიურად 500 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თვიური გასამრჯელო კი 7.986 ლარია) და რისკზე არ უღირთ წასვლა. არ კონტროლდება იჯარით გაცემული ტყის მასივების მდგომარეობა, კანონით დაშვებული ჭრის გარდა იქაც მიმდინარეობს უკანონო ჭრები. არ ჩატარებულა და არ ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რამაც ზაფხულში შეიძლება ჰექტრობით ტყის მასივი გაანადგუროს. ადრეც და ახლაც ვეწინააღმდეგებით ტყეების გრძელვადიან - 49-წლიან იჯარას, სანამ ამ კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდება და არ გაუქმდება ტყეების გრძელვადიანი იჯარა, ცუდი დღე გველის.

"კვირის პალიტრას" ტყეებში მოსალოდნელი კატასტროფული სიტუაციის შესახებ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და რაიონებიდანაც ურეკავენ. ერთ-ერთ მისამართზე გამაოგნებელი სურათი დაგვხვდა. იმერეთში, რიკოთის უღელტეხილზე მდებარე მონაკვეთს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა საკალმახე ღელეს ეძახის. თუმცა, დიდი ხანია ამ ღელეში კალმახი ბრაკონიერებმა გაწყვიტეს მომწამვლავი ნივთიერებებითა და ელექტროაპარატით. ღელეც მხოლოდ კარგ ამინდში ეთქმის, თორემ მთაში მცირეხნიანი ძლიერი წვიმაც საკმარისია ღვარცოფად რომ იქცეს და გზად ყველაფერი გაანადგუროს. ტყისმჭრელების მიერ საგანგებოდ გაჭრილ გზას ტყის შუაგულში, ასევე საგანგებო მოედანზე გაჰყავხარ. აქედან სამანქანო გზა უძვირფასესი წაბლის კორომებისკენ მიდის. მოედანზე მხოლოდ უქმად მდგომი ტრაქტორი, მორების სათრევი მსხვილი თოკები და მოჭრილი ხეები გვხვდება. მათ შორის მცირე ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ მორების უმეტესობა საღია. ეს ხეები რომ არ მოეჭრათ, შესაძლოა საუკუნეებისთვის გაეძლო. წინასწარ ვიცოდი, რომ ტყისმჭრელები იქ არ დამხვდებოდნენ. დასაზვერად წავიდნენ. მოსაჭრელად დანომრილის გარდა, სხვაც ბევრი აქვთ შესათვალიერებელი. ალბათ ჩამოსვლა დააგვიანდებათო, - გამაფრთხილა ინკოგნიტო ინფორმატორმა. მეგზურად უბრალოდ გზის მცოდნე გავიყოლე. ამ ადგილებში ტყის ჩეხვა შარშან შემოდგომაზე დაუწყიათ. აქაურების თქმით, უმოწყალოდ ანადგურებდნენ წაბლის ხეებს. მოედანზე ჩამოტანის და დამუშავების შემდეგ ნარჩენებს იქვე ტოვებენ, ან ღელეში ყრიან. წაბლის ჯირკები წყალში ათწლეულობით არ ლპება. ამიტომაც მათი ღელეში ჩაყრა საშიშია. დაგროვებულ მასას მოვარდნილი წყალი გაიტაცებს და სანაპიროზე მცხოვრებთა ეზოებს, სამეურნეო ნაკვეთებსა და სატრანსპორტო მაგისტრალს კარგი დღე არ დაადგება. ბრაკონიერების ბოროტმოქმედების ბრალია შარშან, რიკოთზე დატრიალებული უბედურება - მოვარდნილმა წყალმა სასადილოში მომუშავე ექვსი კაცი შეიწირა. - დღეს თუ ტყეს უდიერად მოექცევი, ხვალ თავზე დაგემხობა მეწყრად და ღვარცოფად. ისეთი ხალხი მოჰყავთ სამუშაოდ, რომელსაც დაქირავებული მკვლელივით წესად აქვთ ტყის ჩეხვაო, - ამბობენ ხეველები.

...ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ტყისმჭრელებიც გამოჩნდნენ, მათ შორის არასრულწლოვანიცაა. ერთმა - ვინმე მაღლაკელიძის დავალებით ვმუშაობთ, ლიცენზიაც გვაქვს. დღეში 50 ხეს ვჭრითო. ვეკითხები, - გსმენია დარიგება, -"ტყე შეუნახე შვილებსა"-მეთქი? აგდებით მიქნევს ტყისმჭრელი ხელს და კითხვას მიბრუნებს, - ჩემს შვილებს ვინ შეინახავსო? კი მაგრამ, შვილების შესანახად ყველაფერზე უნდა წახვიდე-მეთქი?.. ხვალ მანქანა მოვა და ამ ხეებს ალბათ თერჯოლის ხის დამმუშავებელ საამქროში წაიღებენ, იქიდან უცხოეთის გზას გაუყენებენ. ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ "ტყის საპატიო მჩეხავის" გარდა, "ყველაზე გულგრილი და გულარხეინი მინისტრის" ტიტულის შემოღებასაც გეგმავს, ეს გოგა ხაჩიძეს უნდა გადავცე, რომლის საფიქრალი სამინისტროს შენობის ფარგლებს არ ცდებაო.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)