"ჩვენს ჟურნალისტებს ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ჟურნალისტებს ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ"

ბოლო დროს უცნაური ტენდენცია დამკვიდრდა, არასახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებს რეგიონებში სახელისუფლებო მედიასაშუალებების სავიზიტო ბარათებით აღჭურვილი თანამშრომლები დასდევენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. "კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, ვინ დევნის ჟურნალისტებს. ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის დირექტორს მანანა ელიაშვილს ვესაუბრეთ:

- ვითარება დღითი დღე რთულდება. მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში ერთი და იმავე მეთოდით გაუსწორდნენ ლაგოდეხში, საგარეჯოსა და გარდაბანში ჩვენს ჟურნალისტებს.  "ინფო 9"-ის ჟურნალისტს კარალეთში თავს დაესხნენ, ოპერატორს უმოწყალოდ სცემეს. დაზარალებული გორის საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, კამერამ დააფიქსირა გოგონა (ის სხვა ვიდეოფირზეც ამოვიცანით), ჩემს ჟურნალისტს რომ დასდევდა ლაგოდეხში და ეკითხებოდა, ვინ ხარ, როდის მერე დაინტერესდი ლაგოდეხის ამბებითო. მარნეულშიც იგივე მოხდა, ჩვენს ჟურნალისტს პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ასევე იყო სიღნაღში, ქუთაისში და ლანჩხუთშიც.

სიღნაღში ჩვენს ჟურნალისტს გამგეობის თანამშრომელი დასდევდა და მუშაობაში ხელს უშლიდა. როცა გამგეობაში ჟურნალისტი შევიდა და ერთ-ერთ  პირს კომენტარი სთხოვა, მდევნელმა რესპონდენტს უთხრა, გიკრძალავ, "ინფო 9"-ს კომენტარი მისცეო და ისიც ბრძანებას დაემორჩილა(!).

- ამ პირების ხელისუფლებასთან კავშირი დადასტურებულია?

- ხშირად მდევნელები თავს ჟურნალისტებს უწოდებენ. მათ შორის არიან ადგილობრივი სახელისუფლებო ტელევიზიების თანამშრომლებიც და გამგეობის ან მერიის თანამშრომლებიც. მაგალითად, ქვემო ქართლის ტელევიზია "მეოთხე არხი" დათო კირკიტაძის ახლობლებისაა. მისი წარმომადგენლებიც ჩართული არიან ჩვენი ჟურნალისტების დევნაში. ეკატერინე დუგლაძეს ქუთაისის მერიის თანამშრომლები რომ ავიწროებდნენ, არც ეს არის ძნელი დასადგენი. ჩვენმა კორესპონდენტმა თეა ზარნაძემ მდევნელს ჰკითხა, მე "ინფო 9"-ის გვერდზე ვტვირთავ ჩემს მასალებს და თქვენ სად უნდა გამოაქვეყნოთო. პასუხად მიიღო, ჩემი საქმეა რასაც ვიზამ, მინდა გამოვაქვეყნებ, მინდა არაო.

ლაჩხუთში მაია გუგეშაშვილს "რეალ TV"-ის ჟურნალისტი სოფო ქანთარია დასდევდა და ეკითხებოდა, სავიზიტო ბარათი რატომ არა გაქვთ, ყველაფერ ოპოზიციურს რატომ აშუქებთო. ეს პირები ხელისუფლებისგან ფინანსდებიან თუ არა, უნდა გამოიძიონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეკატერინე დუგლაძემ სამართალდამცველებს კიდეც მიმართა და სთხოვა, საქმიანობაში ხელის შეშლისგან დაეცვათ, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მას არა მარტო ხელს უშლიდნენ მუშაობაში, მაშინაც კი, როცა შვილთან სოფელში წასვლა გადაწყვიტა, იქაც გაჰყვნენ, მაღაზიაში შევიდა ბურბუშელას საყიდლად და იქაც შეჰყვნენ. მოკლედ, ნამდვილი ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს.

ჩვენი ოპერატორი ლექსო ალექსიშვილი და ჟურნალისტი ლექსო ნადირაძე საშინლად არიან ნაცემი. ლექსო ალექსიშვილს გამეტებით რომ სცემდა 8-9 კაცი, ლექსო ნადირაძე და მძღოლი მის დასახმარებლად მივარდნილან და ხელიდან ძლივს გამოუგლეჯიათ. ალექსიშვილი არასრულწლოვანია, 17 წლის. მან ტვინის შერყევა მიიღო. გორის საავადმყოფოში რომ ვნახე, აქეთ-იქით დადიოდა. გავოცდი, რატომ არ წევხარ-მეთქი. მითხრა, ექიმმა ტვინის შერყევა კი დამისვა დიაგნოზად, მაგრამ წოლითი რეჟიმი არ დამინიშნაო(?!). მას იმ დროს ტკივილგამაყუჩებელი წამალი ჰქონდა მიღებული. ექიმმა, ჟურნალისტის თავდამსხმელისთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, ლექსოს რატომღაც წოლითი რეჟიმი არ დაუნიშნა(?!). ეს უზნეობაა!

- როგორც ვიცი, როცა "ქართუს" დირექტორატში ცვლილება მოხდა, თქვენ ოფისში შესვლაც გაგიჭირდათ.

- დიახ, ახალმა დირექტორატმა შეზღუდვები დააწესა, რის გამოც რამდენიმე ხანს თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ გვქონდა ("ინფო 9"-ის რედაქცია "ქართუს" ცენტრალური ოფისის შენობაშია. - ე.ა.). კარგა ხანს ვარკვევდი, ვის ეხებოდა და ვის არა აკრძალვა, შემოუშვებდნენ თუ არა ადვოკატს, რომელიც ჩვენს დაზარალებულ ჟურნალისტსა და ოპერატორს იცავდა. მხოლოდ მედიის აქტიურობის შემდგომ, როცა ამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა, აკრძალვები გაუქმდა.