სტეფან ბანდერა: "ასეთი ფაქტები გულისამრევია" - კვირის პალიტრა

სტეფან ბანდერა: "ასეთი ფაქტები გულისამრევია"

"საქართველოში უკვე არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან"

"ინფორმაციის დაბლოკვამ, თავის დროზე, საბჭოთა კავშირი დაანგრია"

"სიმართლეს, რომელსაც არავინ გადმოსცემს, ბუმერანგის ეფექტი აქვს"

ცნობილი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე დასაკვირვებლად "ღია დემოკრატიის კომიტეტის" მოწვევით ჩამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, სტეფან ბანდერას იმაზე შემაშფოთებელი ვითარება დახვდა, ვიდრე წარმოედგინა, რაზეც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- საქართველოში 2008 წელსაც ვიყავი. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სულ სხვა ვითარება იყო. საზოგადოების ნაწილი მაშინაც ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებას, მაგრამ არ იყო გაერთიანებული. ახლა გაერთიანებულან ბიძინა ივანიშვილის გარშემო. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ საქართველოშიც ისეთივე პროცესები დაიწყებოდა 2004 წლიდან, როგორიც უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდგომ. შეიძლება ითქვას, მაშინ იქ "მედიარევოლუციაც" მოხდა.

- "მედიარევოლუციაში" რა იგულისხმეთ?

- უკრაინაში სახელისუფლებო არხებზე მომუშავე ჟურნალისტები ცდილობდნენ დახმარებოდნენ სხვა ჟურნალისტებს. ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი ვახტანგ ყიფიანი "ნარინჯისფერ რევოლუციამდე" სამთავრობო ტელევიზიაში მუშაობდა. მას ერთი პოლიტიკური სტრატეგიის მქონე ჯგუფი პერიოდულად აძლევდა მითითებას, შემდეგი დღისთვის რა ინფორმაცია უნდა გასულიყო "ახალ ამბებში". ვახტანგ ყიფიანი ამ ინსტრუქციებს ორი წელი აგროვებდა და ოპოზიციას უზიარებდა. შესაბამისად, ჟურნალისტებს ექმნებოდათ წარმოდგენა, თუ როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, იცოდნენ, რას ებრძოდნენ და თავად რა უნდა ეკეთებინათ. ვახტანგ ყიფიანმა რევოლუციის შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც წიგნი, რომელშიც ამ ინსტრუქციებიდან "საუკეთესოები" მოხვდა. საქართველოში ეს არ იგრძნობა, ჟურნალისტები არ არინ სოლიდარული ერთმანეთის მიმართ.

- დღევანდელ ვითარებაში სიტუაციას ძაბავს ისიც, რომ თუ სახელისუფლებო მედიასაშუალების ჟურნალისტს თავს დაესხმებიან, მაშინ აუცილებლად დასჯიან დამნაშავეებს, ხოლო თუ არასახელისუფლებო მედიასაშუალების ჟურნალისტი აღმოჩნდება იმავე ვითარებაში, ფაქტს რეაგირება არ მოჰყვება.

- ერთადერთი გამოსავალი არსებობს, - ჟურნალისტების თავში უნდა მოხდეს რევოლუცია, რათა გააცნობიერონ, თუ რა როლი აქვთ საზოგადოებაში. შეიძლება გამოსავალი იყოს ისიც, რომ ნაკლებად ფორმალურ გარემოში ხშირად შეხვდნენ სახელისუფლებო და არასახელისუფლებო მედიიის მუშაკები, რათა იკამათონ, იმსჯელონ. როცა ჟურნალისტი მარტო არ ხარ, იცი, რომ შენისთანა სხვაც ბევრია, მაშინ ძლიერი ხარ. აზროვნების ამ ცვლილებით უნდა დაიწყოს ყველაფერი.

- როდესაც არასახელისუფლებო მედიის, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული მედიასაშულებების წარმომადგენლები ჩადიან რეგიონებში, მათ პროსახელისუფლებოდ განწყობილი ჟურნალისტები ხვდებიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

- გავეცანი ეკატერინე დუგლაძესთან, ნათია როყვასა და სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირებულ შემთხვევებს. ჩანაწერები ადასტურებს, რომ "კოლეგებმა" მუშაობის საშუალება არ მისცეს. ასეთი ფაქტები გულისამრევია. მე ასე რომ მომქცეოდნენ, რას მოვიმოქმედებდი, არც კი ვიცი. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" და მათი მსგავსი, აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და დაგმონ! საქართველოში უკვე არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის ინტერესებშიც უნდა იყოს ამის აღკვეთა.

არა მხოლოდ მთავრობისთვის არის ეს ცუდი, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

თუ დადასტურდება, რომ ამა თუ იმ პირს ფულს უხდის მთავრობა იმისთვის, რომ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალონ ან ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ხელისუფლებისთვის დიდი შავი ლაქა იქნება.

საქართველოში ცარისტული მენტალიტეტია დამკვიდრებული, - ერთი მხრივ, ადამიანი ფიქრობს, რომ მოვა ხელისუფლებაში როგორც მეფე და ყველა პრობლემას მოაგვარებს; მეორე მხრივ კი, არსებობს კატეგორია, რომელსაც სურს, მართლაც მეფე მოვიდეს და მათ ყველა პრობლემა გადაუწყვიტოს. ერთგვარი ბატონყმური დამოკიდებულება აქ წლების განმავლობაში არსებობდა. საქართველოს ძალიან ცოტა გამოცდილება აქვს კარგი მმართველობისა და კარგი ხელისუფლების ყოლისა. მაგრამ თუ ერთხელ ამას გემო გაუგეთ, აღარც მოგინდებათ სხვაგვარი ხელისუფლება.

- თქვენ დაგმეთ კარალეთში მომხდარი დაპირისპირება. როგორ ფიქრობთ, ეს ინსპირირებული იყო?

- ვიდეომასალაში ჩანს, რომ ხალხი ცდილობს, გაყაროს "ქართული ოცნების" წევრები. როგორღაც შემზადებული იყვნენ, გაეყარათ და მათთვის არავითარი შანსი არ დაეტოვებინათ. უფრო მეტს ვერ ვიტყვი, რადგან თავად იქ არ ვყოფილვარ. აღმაშფოთებელია, რომ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ვინც იყო.

- თქვენ დაინტერესებული იყავით, გაგერკვიათ, რატომ არ გაგრძელდება ე.წ. "მასტ ქერის" პროგრამა არჩევნების შემდეგ. თუ შეიძლება, დააზუსტეთ, ვის ესაუბრეთ ამ საკითხზე და რა პასუხი მიიღეთ?

- ვესაუბრე საზოგადოებრივი მაუწყებლის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ხელისუფლებასთან დაახლოებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ამ შეკითხვაზე პასუხი ვერავინ გამცა.

საქართველოში ამომრჩეველს დაახლოებით იმ ავადმყოფის მდგომარეობაში ამყოფებენ, რომელსაც ერთხანს აწვდიან ჟანგბადს, შემდეგ კი გაუთიშავენ, რაც საშინელ რეაქციას იწვევს.

ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ამომრჩეველი ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტისთანავე. მას არ ეცოდინება, რა ხდება და ამის გაგებას ქუჩაში შეეცდება. ეს კი არჩევნების შემდეგ არაკონტროლირებად ვითარებაში შეიძლება გადაიზარდოს. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც "მასთ ქერის" პროგრამა საარჩევნო კოდექსზეა მიბმული. კანადაში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც საკაბელო ოპერატორი უარს ამბობს არხის გადაცემაზე პოლიტიკური მიზეზის გამო, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ეს აღძრავს რასიზმს, სიძულვილსა და ა.შ. თქვენთან კი რეალობა სხვაგვარია. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობას ეშინია, რომ ოპოზიციურმა არხებმა შეიძლება რაღაც ამოქექეონ და თავად სურთ გააკონტროლონ, რა სახის ინფორმაცია გავრცელდება ეგზიტპოლებით.

ინფორმაციის დაბლოკვა ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის. ამან თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაანგრია. სიმართლეს, რომელსაც არავინ გადმოსცემს, ბუმერანგის ეფექტი აქვს.

სირცხვილი იქნება საქართველოსთვის, თუ "ვარდების რევოლუციის" გმირი საქმეს (დემოკრატიული ღირებულებების დაუცველობით) საპირისპირო ტიპის რევოლუციამდე მიიყვანს.

დღეს სიტუაცია საკმაოდ რთულია. არსებობს სააკაშვილისა და ივანიშვილის ნაკრებები, მაგრამ არ გყავთ საქართველოს ნაკრები. ვხედავ, ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც მზად არიან, ითამაშონ საქართველოს ნაკრებში. ასეთივე პირები არიან ოპოზიციაშიც. ბევრი არაფერი ვიცი ირაკლი ალასანიას შესახებ, მაგრამ მან წინა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპონენტს ხელი ჩამოართვა. ვფიქრობ, ისიც მზადაა საქართველოს ნაკრებში ითანამშრომლოს. საბოლოოდ ხომ ქვეყანამ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს? ამიტომ საჭიროა ისეთი ადამიანები მომრავლდნენ, რომლებიც ამ ნაკრებში ითამაშებენ და ასეთ შემთხვევაში, პროცესები დემოკრატიულად წარიმართება.

სტეფან ბანდერა

სტეფან ბანდერა სხვადასხვა დროს მუშაობდა კანადასა და უკრაინაში; იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი 5 სატელევიზიო არხზე, მუშაობდა რეპორტიორად და რედაქტორად რამდენიმე გამოცემისთვის, მათ შორის "კიევის პოსტისთვის". სტეფან ბანდერა გამოცდილი ექსპერტია, რომელიც შეუერთდა "ღია დემოკრატიის კომიტეტს" არჩევნებზე მონიტორინგის მიზნით.