როდის გავა ეთერში ბერას ტელევიზია?! - კვირის პალიტრა

როდის გავა ეთერში ბერას ტელევიზია?!

ივლისის მიწურულს ქართულ ტელესივრცეში ახალი არხი გამოჩნდება. მისი დამფუძნებელია ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა, რომელიც ტელევიზიას საკუთარი სტუდიის ბაზაზე ქმნის.ახალ გასართობ-შემეცნებით ტელეარხს ერქმევა გეროგიან დრეამს სტუდიო - გდს. ბერამ ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში, "ფეისბუკზე" განაცხადა და პირველი საიმიჯო ვიდეოკლიპიც გაუშვა ინტერნეტსივრცეში. პრომო-რგოლში ჩანან ცნობილი სახეები, "რუსთავი 2"-ის "კომედი შოუს" ყოფილი მსახიობები: ამიკო ჩოხარაძე, ლევან გოგორელიანი, თემო მჟავია, სანდრო ჟღენტი, დათო გელაძე (ჩელე) და სხვები.

ახალი არხის პროდიუსერის, ელენე კოლელიშვილის განცხადებით, ეს არხი გათვალისწინებულია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის და ვინც მის ყურებას გადაწყვეტს, დიდი ხნით შემორჩება ეკრანს. პროდუქციის უმეტესი ნაწილი ქართული იქნება, ეკრანზე კი გამოჩნდებიან არა მხოლოდ სხვა ტელეარხებიდან ნაცნობი ადამიანები, არამედ ახალი სახეები.

- ეს არხი იქნება აპოლიტიკური, მუსიკალური და შემეცნებითი პროგრამებით უხვად დატვირთული, გვექნება რეალითი შოუები. რამდენიმე გადაცემა უკვე მზად გვაქვს, მათ შორის დილის გადაცემა. დილა ჩვენთან ერთად იქნება ძალიან პოზიტიური და ფერადი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი გადაცემა არავის აქვს.

- როგორ გახვალთ ეთერში, ინტერნეტით თუ საკაბელო არხით?

- ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ინტერნეტით აუცილებლად მივალთ მაყურებლამდე. ორ-სამ კვირაში ეკრანიდან მოგესალმებით.

- ვინ იქნება თქვენი სახე?

- გვეყოლება ისინი, ვისაც მაყურებელი უკვე იცნობს და უნახავს სხვადასხვა არხზე, მაგრამ ახალი სახეებიც შევარჩიეთ.