გაიმეტეთ გული და ფული საქართველოს გადასარჩენად! - კვირის პალიტრა

გაიმეტეთ გული და ფული საქართველოს გადასარჩენად!

მავანთ კიდევ ჰყოფნით თავხედობა, რომ აღმავალ ეკონომიკაზე მითებით "დაგვაბოლონ"

ქართველობას, ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, ერთი სენიც სჭირს - ყოვლად შეუწყნარებელი უდარდელობა. წინათ კიდევ რა გვიჭირდა, ერის ჭირისუფლობის განცდა ასე არ გვქონდა მოჩლუნგებული. დღეს ისეთ ქაოსში ვართ გახვეულნი, საკუთარი სახლის კარის ზღურბლის იქით, უკაცრავად და, ფეხზე გვკიდია, რა მოხდება. ქვეყნის ბედი თითქოს გვაღელვებს, სახეც შეიძლება დავიმწუხროთ, მაგრამ თითის განძრევა არ გვინდა სამშობლოს საკეთილდღეოდ. სუფრაზე და ტრიბუნებთან, იცოცხლე, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების სროლა ვიცით საქართველოს სიყვარულზე, მაგრამ რეალურად, სხვისი ჭირი ღობის ჩხირად გვიჩანს და ვერ გაგვიგია, რომ, რაც ჩვენს მამულს ეხება, ყველაფერს თუ არ უჭირისუფლა ქართველმა კაცმა, პირადი კეთილდღეობა, ერთხელაც იქნება, ოხრად დარჩება.

«კვირის პალიტრა» დიდი ხანია ამახვილებს ყურადღებას საქართველოს დემოგრაფიის უმძიმეს მდგომარეობაზე. საპატრიარქოსა და ცალკეული სპეციალისტის გარდა, არც გაგვიგია, რომ ვინმეს განგაშის ზარები შემოეკრას. არადა, გადაშენების გზაზე რომ ვდგავართ, ეს უკვე ბავშვმაც კი იცის. ჩვენი სპეციალისტების თუ არ სჯერათ, უცხოელებს ხომ აღმერთებენ? ჰოდა, აგერ, ბატონო, გაერომაც დაასკვნა, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა განახევრებული იქნება(!). წესით, ხელისუფლება დღენიადაგ ამ საშიშროებაზე უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ აბა, სად სცალიათ საამისოდ? ამ ხელისუფლებაში ხომ ყველაფერი პირადულით იწყება და მთავრდება. აქ ხომ "მე" იციან და არა - "ჩვენ. და კიდევ უკვირთ, რატომაა ჩვენი სამშობლო შავ დღეში!..

ვიცი, ახლა უნდა ემცხეთოს მავანს და მოჰყვეს მტკიცებას, რომ ჩვენი ეკონომიკა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს არ ჩამოუვარდება; რომ აქ დემოკრატია შირაზის ვარდივით ყვავის; რომ ერის ბედზე მოფიქრალ ხელისუფლებას ღამე არ სძინავს და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრით უსკდებათ თავი...

ეს არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ ჯერ კიდევ როდის თქვა ჩვენმა სულკურთხეულმა მგოსანმა: "მეფე რომ «პიუ-პიუს» დაუკრავს, ხალხი «ვაი-ვაის» იმღერებსო. ასეა ყველგან, სადაც სამშობლო არ სტკივათ და სახრავად მიაჩნიათ მხოლოდ. ჰოდა, ერთხელაც ერის სატკივარი ძლიერთა ამა ქვეყნისათა სახლებშიც რომ შეაღწევს, ზოგიც მერე «იტანცაონ პოლკა-მაზურკა»...

ქვეყანაში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს; ერის საჯიშე თაობა უცხოეთშია გაკრეფილი და მამულისთვის დასახარჯ ენერგიას ლოგინად ჩავარდნილი გადამთიელის მოვლა-პატრონობაში ხარჯავს; ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, დღესვე რომ დავიწყოთ გამრავლება, 2020 წლამდე მაინც ვარდნა გვექნება და მერეც ჰა და ჰა, ან გვეშველება, ან - არა; ოჯახები უსახსრობისა და გაჭირვებისგან პანტაპუნტით ინგრევა; შვილებს რა აჭამონ, ყოველ ცისმარე დღეს იმაზე ფიქრი ჰკლავთ მშობლებს და... ესენი კი გადმოდგებიან ტრიბუნებზე ან სახურავზე და... ტაშ-ტაშ-ტაშ-ტარამ-ტარამ! ანაღვლე, რა მოხდება 2050 წელს, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა მათ შემდეგ საქართველოში.

ჩვენ რა ვქნათო, სხვის მაგივრად ხომ არ გავაჩენთ ბავშვებსო, - ქირქილებს და იკრიჭება ზოგი დიდმოხელე. რა უნდა ქნათ? არ უნდა მოიპაროთ, არ უნდა გამოხრათ ელიტური კორუფციით საქართველო და კიდევ თავი ქვას უნდა ახალოთ და პირობები შეუქმნათ ხალხს, რომ შვილის გაჩენაც შეძლონ და გაზრდაც. ერთი, სამშობიაროებში შეიხედეთ და გაიკითხეთ, რა ჯდება ბავშვის გაჩენა და გამოყვანა. ყველაფერს დიდი ფული უნდა, დიდი!!! პოლისებს აძლევენ და ამ პოლისებზე ცალკე ექიმები ბუზღუნებენ: - დაახვიეთ ეს ფარატინა ქაღალდები და ვინც მოგცათ, იმათ "მიართვითო... ის დრო წავიდა, როცა ღარიბი პაციენტების გაჭირვებით გულაჩუყებული ჰიპოკრატეს ფიცის მსახურნი ბალიშის ქვეშ ჩუმად უტოვებდნენ ფულს ავადმყოფებს. არც ექიმებს გაემტყუნებათ ახლა, უჭირთ და რა უნდა ქნან? ყველაფერი ისევ სახელმწიფოს უგუნურებამდე მიდის. არ შეიძლება, რომ ამ დეპუტატებმა და მთავრობის დიდმოხელეებმა მართლა შემოიჭირონ ქამრები და დანაზოგი ფული დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ? რა თქმა უნდა, მთავარი სახელისუფლებო ნებაა, რომელიც არა და არ ჩანს და არც ეშველება ამ პრობლემას, თუკი მთავრობამ არ იზრუნა.

არა, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, მაგრამ ეს ოხერი ფული ხეს არ ასხია და ამ მათხოვრული ხელფასებით რომ ეს პრობლემები გადაჭრა, კიო თუ არა, ბენდუქიძე მაინც ხომ უნდა იყო? რადგან ფოკუსნიკობა და მაკვარანცხობა ამ ხალხს არ შეუძლია, ისევ ლოდინს ამჯობინებს - აი, ხვალ ან ზეგ გამოსწორდება ცხოვრებაო და... გვიკაკუნებს ამასობაში დემოგრაფიული ზამთარი და ყინულიანი ხელებით გვახრჩობს.

მიგრაციის მასშტაბები რომ ასეა გაზრდილი, რა გგონიათ, ჩვენნაირი პატარა ქვეყანისთვის ეს კატასტროფა არ არის? მიდიან და მიდიან ქართველები უცხოეთში, ტოვებენ ფუძეს და მერე ნოსტალგიით გულგამოჭმულები სხვების მონებად არინ ქცეულნი. ურიის ვალს იდებენ, ოღონდ კი იმ დასაქცევ ვიზებს ეღირსონ. ზოგი ამასაც ვერ ახერხებს, საზღვარზევე აკავებენ და წამოკიდებული ვალებით სასოწარკვეთილი ხშირად თვითმკვლელობით ასრულებს გაძაღლებულ სიცოცხლეს. ვინც მაინც გააღწევს, უმრავლესობა ასე ფიქრობს: ერთი-ორი წელიწადი დავრჩები უცხოეთში, წელზე ფეხს დავიდგამ, ფულს დავაგროვებ და დავბრუნდები საქართველოშიო...

აღარ ბრუნდებიან ერთ-ორ წელიწადში! არ ყოფნის ორი წლის შრომა, თუნდაც ათი წლისა მათ გაჭირვებას. ორი წელი, უკეთეს შემთხვევაში, აღებული ვალების გასტუმრებას უნდებიან, მერე იწყებენ დაგროვებას. არადა, რას აგროვებენ? მათხოვრულ გროშებს! ვიღაცას თუ ჰგონია, რომ იქ ჩასულ ქართველებს ადგილობრივების დარად უხდიან, ძალიან ცდება. მონებივით ამუშავებენ და გასამრჯელოდ გროშებს ძლივს იმეტებენ. ხმას ამოიღებენ და წამსვე გამოაბუნძულებენ დეპორტაციით. ჰოდა, ნერვებდაწყვეტილები და უმწეობით გულადუღებულები თანხმდებიან ყველანაირ საზღაურზე. ბევრი ოჯახებით მიდის, იქ ფუძნდება. ჩადით ათენში, ნიუ-იორკში, პარიზში, სტამბოლში, თელ-ავივში... დედამიწის რომელ კუთხეში არ შეხვდებით გადახვეწილ ქართველებს, სამშობლოზე დარდით გაჭაღარავებულებს, მძიმე შრომით განახევრებულებს, ოჯახის ნატვრით ცრემლგამშრალებს... ზოგს 10 წელია შვილები არ უნახავს. პაწიები დატოვეს და მათთვის ლუკმაპური რომ არ მოეკლოთ, უძლებდნენ გაუსაძლისს. შრომა და ჯაფა რა ბედენაა, შვილის უნახაობაზე დიდი ტანჯვა არის კიდევ რამე ამქვეყნად?.. აქ კი «ტანცაობენ» დიდმოხელენი - ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალა და საქართველო აღმავლობის გზაზეაო(?!). თუ რაიმე ინახავს დღეს საქართველოს, იმ შვილებს დანატრებული ქართველების მიერ გამოგზავნილი ფული! ეს არის ჩვენი ეკონომიკაც და "«აღმავლობაც». მაგრამ იძულებით შუაზე გაწყვეტილი ოჯახების ცრემლებზე აგებული ეკონომიკა ააშენებს საქართველოს?..

რამდენი ქართველი იქ ქორწინდება და სხვის ჯიშს ამრავლებს, ამაზე ფიქრობს ვინმე? ყველა ბედნიერად ამყოფოს ღმერთმა, მაგრამ ჩვენ რომ ვილევით და ვჩანაგდებით? განახევრებას ვიღა ჩივის, ხვალ და ზეგ უარესი მოგველის...

დრო იყო, ელინი ფილოსოფოსები აქ ჩამოდიოდნენ ცოდნის გასამყარებლად და დღეს აგერ, მეზობელ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე ცხვრის ფარასავით ერეკებიან ქართველებს გროშ-კაპიკად! უცხოეთი იქით იყოს, აქვე, საქართველოში მიწა აღარ გვაქვს, სულ გადამთიელებს მიჰყიდეს და იმათ ეხვეწებიან ქართველები - გვამუშავეთ, თქვენი ჭირიმეო(?!).

ამის შემდეგ მავანთ კიდევ ჰყოფნით თავხედობა, რომ აღმავალ ეკონომიკაზე მითებით «დაგვაბოლონ»! და კიდევ ჰყოფნით სინდისი, რომ გვასულელონ, დემოგრაფიული კატასტროფა აღარ არის საგანგაშო, ბუნებრივი მატება გვაქვსო!.. ეგ სტატისტიკა ფუჭია და პრობლემას ვერ გადაჭრის. მცირე მატება მართლაც არის, მაგრამ რომელი კუთხეების ხარჯზე? ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთისა(?!)... დაითვალა ვინმემ, რამდენი ქართველი გაჩნდა ამ სხვა ეროვნების ხალხით დასახლებულ კუთხეებში?.. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ მე ჩემი მტკივა, და ხმაც აღარ ამოვიღო? ამით ხომ თავს მოვიტყუებთ და მეტი არაფერი...

წლები კი გარბის ულმობლად... ცალკე იქ წასული ქართველები ილევიან უსაშველო მონატრებით, ცალკე - აქ დარჩენილნი მათი უნახაობით(!). ზოგი ისე ჩადის საფლავში, შვილის, დედის, და-ძმის ცრემლი ვერ მიჰყვება... რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი სისხლი და ხორცი დაიტირონ, მერე უკან ვეღარ წავლენ სავიზო პრობლემების გამო და მათაც იგივე ბედი ელით საქართველოში - უმუშევრად, ულუკმაპუროდ, ღვთისა და ბედის ანაბარა მიგდებულებს...

არ ვიცი, კიდევ რა გითხრათ... რაც ზემოთ ითქვა, ისედაც ყველამ იცის და ესეც უბედურებაა, რომ ამ ჩვენს დაქცევას ვერაფრით ვშველით. არადა, განგაშის ზარები რომ დაარისხოს ხელისუფლებამ, რომ გაითავისოს საკუთარი ხალხის უბედურება, კიდევ შეიძლება საქმის გამოსწორება. უწმინდესი თავდადებად აცხადებდეს მესამე და მეტი ქართველის ამქვეყნად მოვლინებას, პირადად ნათლავდეს მათ და ამ ფონზე ხელისუფლების წევრები მეწველ ძროხებად ქცეულ ბიზნესმენებს ეღადავებოდნენ - მეჯვარედ წამოგყვები, მეტი რაღა გინდაო(?!)...

ოხრად დაგვრჩება განძიც და ქონებაც, თუ არ გავერთიანდით და არ ვუშველეთ ამ სატკივარს. როგორ და რანაირად, ეს სპეციალისტებმა უკეთ იციან. დაუძახეთ, ჰკითხეთ, დაეხმარეთ და გაიმეტეთ გული და ფული საქართველოს გადასარჩენად!..