"მადლობა, რომ ხალხს მოუთხრეთ, რა დღეშიც ვართ" - კვირის პალიტრა

"მადლობა, რომ ხალხს მოუთხრეთ, რა დღეშიც ვართ"

"მას შემდეგ, რაც  ჩვენზე დაწერეთ, იმდენი დახმარება შემოგვივიდა, დახარისხებას ვერ ავუდივართ"

"მშიერი ბავშვების დანახვისას, აზრი არ აქვს თვალის დახუჭვას"

"თუ აქამდე ბავშვები მყავდა შეფარებული, ახლა მათი დედებიც ჩვენთან ათევენ ღამეს"

რადგან მადლი ჩუმ სიკეთეს უფრო აქვს, ჩვენც ვერიდებით იმაზე წერას, თუ რა გამოხმაურება მოსდევს იმ წერილებს, რომლებიც განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებზე მოგვითხრობენ. ასე იყო თბილისის ბავშვთა საქველმოქმედო სახლთან დაკავშირებითაც. მაგრამ როცა სახლის დირექტორმა, დავით კინწურაშვილმა მითხრა, - "კვირის პალიტრას" იმდენი მადლიერი ჰყავს, რომ ხალხს სიკეთის გაკეთების საშუალებას აძლევთ, როგორ შეიძლება ამაზე არ დაწეროთ! თანაც ამ ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რას ხმარდება მათი სიკეთე, რაში იხარჯებაო! დავფიქრდი, - ეს კაცი მართალია, - ხალხს სიკეთის გაკეთება უნდა, მაგრამ ხშირად ნდობა აქვთ დაკარგული და ვერ აკეთებენ. მაგრამ თუ გამოჩნდება ვინმე, ვისი ნდობაც შეიძლება, ხალხი, მიუხედავად ყველაფრისა, უკანასკნელ პერანგსაც კი გაიხდის, სხვას რომ ჩააცვას. არაფერი ჯობია, როცა გენდობიან და მით უფრო, როცა ამას მადლი მოსდევს.

როცა ვკითხულობდით კომენტარებს, რომელიც "ფართოდ გახელილი თვალების საიდუმლოს" ("კვირის პალიტრა" #27) მოჰყვა, გულით მიხაროდა, -  ყველა, ვინც გვწერდა, იმ ასეულობით ბავშვის გვერდით დავიგულე, რომელიც ქუჩაში დაწანწალებს. აი, ზოგიერთი მათგანი:

"სახელმწიფოს რომ უნდოდეს ამ ბავშვების შველა, უშველის, მაგრამ არ უნდა. ამიტომ სხვა რა გზა გვაქვს, ბავშვებს ისევ ხალხი უნდა დაეხმაროს და იმდენჯერ, რამდენჯერაც გახდება საჭირო".

"ნუთუ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ხელისუფლებაში არ გამოჩნდება კაცი, რომელიც ამ ბავშვების გასაჭირს გულთან მიიტანს?"

"დათო ბიძია, მაგარ რისკზე წასულხარ, ხალხი საკუთარ შვილებს ვერ ინახავს, შენ სხვის შვილებს ზრდი და ისიც შემოწირულობით, მადლობა "კვირის პალიტრას", რომ თქვენზე გვიამბო. ახლა ჯერი ჩვენზეა"

"დათო ბიძია"  ამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ვინახულე ვაჟა-ფშაველას #32-ში. კაცი, რომელიც მხოლოდ შემოწირულობებით აჭმევს, ასმევს, აცმევს, ასწავლის და ღამით ერთიმეორეზე შეკუჭულ საწოლებზე აძინებს ათეულობით ბავშვს, ისევ თავში იცემს ხელს, რადგან უადგილობის გამო კიდევ ათეულობით ბავშვი ვერ შეუფარებია. განსაკუთრებით ბოლო დროს გაუჭირდა, როცა ბავშვთა სახლების მასობრივი დახურვა დაიწყო და იქიდან გამოშვებული პატარების მშობლები "დათო ბიძიას" შესტირიან, -  გვიშველე, ბავშვები შიმშილით გვეხოცებიანო. ის კი ჯადოქარი არ არის, რომ ყველა ბავშვი დაიტიოს, აჭამოს და გაათბოს! როცა მივადექი, ფურცლებში თავჩარგულმა ვერ შემამჩნია. ისე, იქ ისეთი რამ ხდებოდა, ჩემს მისვლას მაინც ვერ გაიგებდა, - უკვე იმდენი ბავშვი ჰყავდათ, ოთახებში ვერ ეტეოდნენ.

აქ რა ხდება-მეთქი და - ბატონმა დავითმა ხელი ჩაიქნია, - ჯერ კარგ ამბავს გეტყვით, - მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" ჩვენზე დაწერეთ, იმდენი დახმარება შემოგვივიდა, დახარისხებას ვერ ავუდივართ. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ თუ აქამდე ბავშვები მყავდა შეფარებული, ახლა მათი დედებიც ჩვენთან ათევენ ღამეს, ბევრ მათგანს სხვადასხვა თავშესაფარში ყოფნის ვადა გაუვიდა და წასასვლელი არსად აქვსო.

- ქუჩის ბავშვებს ვერ იღებდით და ახლა მათ მშობლებს რას მოუხერხებთ?

- არ ვიცი.. ეს მშობლები იმათ რიცხვს არ განეკუთვნებიან, ვინც ბავშვებს აჩენენ და ქუჩაში ყრიან. პირიქით, შვილებს რომ აჭამონ, დღედაღამ მუშაობენ. მათი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ   ქმრებმა სახლები გაუყიდეს. ასეთები იმდენად ბევრნი არიან, ტელეფონის ხმაზე შიში დამეწყო, ბავშვის მიღება რომ მთხოვონ, რა ვუპასუხო-მეთქი.  ამას წინათ ქალმა დამირეკა, - ვიცი, რომ ადგილი არ გაქვს, მაგრამ ჟინვალში ჩამოდი, ნახე, სად ვცხოვრობ და ჩემს შვილს მაინც წაიყვანო! ცოტა დასვენება ხომ არის საჭირო, რაიმე გზა რომ გამონახო, ამიტომ მშობლებს ვთხოვეთ, აგვისტოში იქნებ ცოტა ხნით  ნათესავთან მაინც წაიყვანოთ ბავშვები-მეთქი. არც ერთს არ გვაქვს მისასვლელიო და მოულაპარაკებიათ, - მოდი, რაიმე თავისუფალი ფართი ვნახოთ და დროებით შევიდეთ. სახელმწიფო რომ ნახავს, რა დღეშიც გვყავს შვილები, იქნებ ქუჩაში არ გაგვყაროსო. კონსტიტუციის ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებლიდან საავადმყოფო გადაუტანიათ. იქ მისულან, თან ბავშვებიც წაუყვანიათ. დილით არც ერთი ბავშვი რომ არ დამხვდა,  მეც იქ წავედი.

მოკლედ, აქეთ პოლიცია ეჯაჯგურებოდა მათ, იქით ზოგიერთი დევნილი მობინადრე ხვდებოდა ცემა-ტყეპით - მაგ ოთახებში ჩვენ უნდა შევიდეთო. გასაგებია, რომ ეს დედები უკანონოდ მოიქცნენ, მაგრამ ასეთი სისასტიკის არსს ვერ ვხვდები. ერთი კია, სახელმწიფო რომ დაინტერესებულიყო ამ ხალხის ბედით, ეს არ მოხდებოდა. ამიტომ, სხვა გზა არ გვაქვს, - უმორჩილესად ვთხოვთ ხელისუფლებას, გამოძებნოს რაიმე თავშესაფარი ამ დედებისა და მათი შვილებისათვის. უკვე რამდენი დღეა, იატაკზე სძინავთ. როცა ამის ფონზე ვხედავ, რა გამოხმაურება მოჰყვა "კვირის პალიტრაში" ჩვენზე დაბეჭდილ წერილს, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ხალხს მოუთხრეთ, რა დღეში ვართ, - ჩვენ ხომ შემოწერილობის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ტელევიზიებმაც მიგვიწვიეს და შეგვპირდნენ, ჩვენი დახმარება ერთჯერადი არ იქნებაო. შემოწირულობით დატვირთული ხალხი კი თითქმის ყოველდღე მოდიოდა. ერთ დღეს ვიღაც კაცი დაგვადგა თავზე, მოგვათვალიერა და, - რა გჭირდებათო. სარეცხი მანქანაო, კი ვუთხარით, მაგრამ მერე გაგვეცინა, - რისი მომტანიაო. მეორე დღეს კი სარეცხი მანქანის ფული დაგვიტოვა. სასწაული არ არის?

ერთმა ქალბატონმა იმდენი რამ მოგვიტანა, ძლივს გადმოვზიდეთ მანქანიდან, თან იმას გვეხვეწებოდა, ოღონდ ბავშვები ქუჩაში არ გაუშვათ და რამდენჯერაც დაგჭირდებათ, იმდენჯერ დაგეხმარებითო.

კომპანია "ბეკოც" დაგვეხმარა... რა ვიცი, როგორ ჩამოვთვალო, ბავშვთა სახლის ანგარიშზეც შემოვიდა შემოწირულობები...

გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენოთ, - მშიერი ბავშვების დანახვისას, აზრი არ აქვს თვალის დახუჭვას,  ეს ტვირთია და თვალის დახუჭვით ვერ მოიშორებ. პირიქით, უფრო და უფრო დამძიმდება...

P.P.S. ვისაც სურვილი აქვს "მომავლის სახლს" შეეწიოს, საბანკო რეკვიზიტებს ვთავაზობთ:

"თიბისი" ბანკი.

კოდი: 220101850;

ანგარიში:

GE42TB7621136080100002GEL; ფონდის საიდენტიფიკაციო კოდი: 205164052.