წისქვილს დაპატრონებული ეშმაკები, დაჭედებული ლენინი და სახალხო "კლოუნი" - კვირის პალიტრა

წისქვილს დაპატრონებული ეშმაკები, დაჭედებული ლენინი და სახალხო "კლოუნი"

ქუთაისში მას ყველა იცნობს. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გიზო კაკაურიძე ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვეა, სცენას ჩამოშორდა. დარდობს, ენატრება სცენაც და მაყურებელიც. ქუთათურები ამბობენ, მისი დანახვაც საკმარისია, რომ ხასიათი გამოგვიკეთდესო. ბატონი გიზო ჩვეული იუმორით შემხვდა - ახლა რომ მიყურებ, ცოტა დავძაბუნდი, მარა ეს ტაიმ-აუტია, მალე ისევ სცენაზე გავალო. მსახიობმა საუბარი ბავშვობის გახსენებით დაიწყო:

- ხონის რაიონის სოფელ ბესიაურში  დავიბადე. სოფელს ორი მდინარე ჩამოუდის - სემი და კილასკურა. იქვე წისქვილი იდგა. დიდი მაკვარანცხი ბავშვები ვიყავით - მძღოლებს ბენზინს ვპარავდით, წისქვილის სათავესთან წყალზე ვასხამდით და ცეცხლს ვუკიდებდით, მერე კი გულიანად ვიცინოდით, როცა პორფილე მეწისქვილე სოფელში ხალხს შეყრიდა და თვალებგაფართოებული ერთსა და იმავეს დაუსრულებლად ჰყვებოდა: - ხალხო, ჩემი თვალით დავინახე, წყალს ცეცხლი რომ მოეკიდა, მერე ღარს ჩაჰყვა,  წისქვილის ქვეშ გაძვრა და მეორე მდინარეში გადავიდაო. საცოდავს ეგონა, ეშმაკი აჩენდა ცეცხლს და შეშინებული წისქვილში აქვსენტია ნოქარს იტოვებდა ხოლმე. ამ დროს ყარაული ჟორჟიკა მაღაზიაში მშვიდად ჭამდა პეჩენიებს, მშვენივრად იცოდა, რაცხა ეშმაკებიც დადიოდნენ ბენზინით და ცეცხლით.

შვიდი წელი სოფელ დედალაურში ვსწავლობდი. ერთხელ, ისტორიის გაკვეთილის დაწყებამდე, კლასელებმა სსრკ ისტორიის წიგნზე გამოსახულ ლენინის თავს ზედ შუბლზე დიდი ლურსმანი ისე დავაჭედეთ, წიგნის ბოლოში გავიყვანეთ და გადავღუნეთ... ისტორიას  სკოლის დირექტორი იონა კუჭავა გვასწავლიდა, შემოვიდა საკლასო ოთახში, დაჯდა და წიგნი მოითხოვა. ჩვენმა კლასელმა ჰამლეტამ მიურბენინა წიგნი. დირექტორმა გადაშლა მოინდომა, მაგრამ წიგნი მთლიანად ამოტრიალდა; კიდევ სცადა, მაგრამ ნურას უკაცრავად - ვერ გახსნა. ბოლოს ლურსმანი შენიშნა და დააჩერდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ვგრძნობდით, რომ მეხი გავარდებოდა და აჰა, ისიც:

- რა არის ეს, მღუპავთ?! აჭერინებთ ჩემს თავს, თქვე არამზადებო?! - მერე მიმოიხედა და გულთმისანივით წამოიძახა:

- კიკვიძე და კაკაურიძე, ადექით ზემოთ!

რა უნდა გვექნა - ხომ ვერ გავიქცეოდით. სახეაჭარხლებულები წამოვდექით. ყვირილზე სასწავლო ნაწილის გამგე ნიკოლოზ კაპანაძე შემოვარდა - რა ხდება, კლავთ ვინმეს, თუ რა ამბავიაო.

- ა, ბატონო, ლენინი დააჭედეს ამგენმა! - ბრაზს ვერ იკავებდა დირექტორი.

დაბნეულმა სასწავლო ნაწილის გამგემ, - ნუ გადამრიეთ, სად ნახეს ამ ღლაპებმა ლენინიო? დირექტორმა პასუხად ისტორიის წიგნი მიაჩეჩა ხელში. ნიკოლოზ კაპანაძე დიდხანს დაჰყურებდა ხან წიგნს და ხან ლურსმანს. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ მისი სუნთქვა არღვევდა. მერე როგორც იქნა, ამოთქვა: - კაცო, შიგ შუბლში არ აქვს გაყრილი, ამ უპატრონოებს ცოტა დაბლა მაინც დაეწიათ! რა გვეშველება ახლა, ჯერ ამათ მშობლებს დაიჭერენ, მერე ჩვენო.

მაშინ არავის უთქვამს, კრინტი არავისთან დაძრათო, მაგრამ ყველა ვხვდებოდით, რომ ეს ამბავი უნდა დაგვევიწყებინა...

ჩამთავრდა სკოლის ხანა და დადგა დრო, როდესაც უნდა გადამეწყვიტა, სად ჩამებარებინა. ჩემი მონაცემებით მოხიბლული ყველა ახლობელი საარტისტოზე ჩაბარებას მირჩევდა. მეც ყაბულს ვიყავი და თეატრალურისკენ თავაწეული გავემართე.

- ალბათ, არც თეატრალურში გაკლდათ კურიოზები.

- ინსტიტუტში "კლოუნი" შემარქვეს. რას არ ვიგონებდი და ვის არ ვაჯავრებდი. მესამე კურსზე ბატონი აკაკი ვასაძე გვიკითხავდა ლექციებს. ჩვევად ჰქონდა, დაწყებულ რეპეტიციაზე მოდიოდა. სტუდენტებმაც არ ვიცოდით, როდის შემოაღებდა კარს და სულ დაძაბულები ვიყავით. ერთხელ ინსტიტუტში ვერ მოვიდა. ჯგუფში ეს არავინ იცოდა, მე კი საპროფესოროსთან ყური მოვკარი, არ მოვაო და რის გიზო ვიქნებოდი, თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებდი!

ვხედავ, ყველანი რეპეტიციას გადიან. კართან დავდექი და ბატონი აკაკის ხმით მათ გასაგონად ხმამაღლა წარმოვთქვი: - გენერალურ რეპეტიციას დავამთავრებ თუ არა, მოვდივარ-მეთქი და კარი შევაღე. ჩემკენ რომ არავინ გამოიხედა, ისევ აკაკის ხმით შევძახე: - გეყოფათ, აღარ აპირებთ დასვენებას-მეთქი! გაოცებისგან პირდაღებულმა კურსელებმა ახლა კი შემომხედეს - არავინ ელოდა ბატონი აკაკისგან ამის თქმას. მე რომ შევრჩი, განრისხებულები ჩემკენ გამოემართნენ. მივხვდი, უნდა გამესწრო, თორემ ფეხქვეშ გამიგდებდნენ.

გურამ საღარაძეც, რომელიც მეტყველებას გვასწავლიდა, ხანდახან, რეპეტიციაზე რომ მიესწრო, აუდიტორიიდან ცოტა ადრე გადიოდა, მაგრამ როგორც კი ბატონი "აკაკის" ხმას გაიგებდა, - სად იპარები, დაბრუნდი უკანო, ფეხაკრეფით ბრუნდებოდა აუდიტორიაში. ახლაც მეცინება, როდესაც ვიხსენებ რამდენი ადამიანი გამიცურებია.

გავიდა დრო და ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გამანაწილეს. სახასიათო და ლირიკული როლების პარალელურად, კომედიურსაც ვთამაშობდი. 1980 წელს ირაკლი აბაშიძის 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე, გოგი ქავთარაძის დაჟინებული თხოვნით, როგორც იუმორისტი, მაყურებლის წინაშე წარვდექი. წლების განმავლობაში ახალ-ახალ ნომრებს ვქმნიდი.

1997-98 წლებში ოტია იოსელიანი ჩვენს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. თავად უხვი იუმორით დაჯილდოებულს ძალიან მოსწონდა ჩემი ხუმრობები. ოტიას პაროდიებს რომ ვაკეთებდი, კმაყოფილი იღიმოდა. მეუბნებოდა, - ასე მგონია სცენაზე შენ კი არა, მე ვდგავარო.

ერთხელ მე და ოტია ერთ ღონისძიებაზე მოვხვდით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ვარდების რევოლუციის" ღვაწლსა და წარმატებულ რეფორმებზე ლაპარაკობდნენ. ერთი ნაციონალი თუთიყუშივით იმეორებდა, - "ვარდების რევოლუცია" ისე მოვახდინეთ, წვეთი სისხლი არ დაღვრილაო. უყურებს ოტია და ძარღვები ებერება, ითმინა, ითმინა და ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა, - რაია, ამ ნაციონალებს რომ დოუჩემებიათ უსისხლოდ მოვახდინეთ რევოლუცია, სისხლი მაგათ არა აქვთ და საიდან უნდა გამოსდენოდათო. სტუმრები უხერხულად კი იშმუშნებოდნენ, მაგრამ სიცილს ვერ იკავებდნენ ენამწარე ოტიას ხუმრობაზე.

- როგორც ვიცი, სატირისა და იუმორის თეატრი ჩამოაყალიბეთ.

- სტუდენტი ვიყავი, როცა კოტე მახარაძემ ჩემი იუმორისტული ნომერი ნახა და მითხრა, - შეგიძლია გააკეთო იუმორის თეატრი, რაც ახლა წარმოადგინე, ამის გაკეთებას ბევრი მსახიობი წლები უნდებაო.

გამოხდა ხანი და ეს სურვილი ავისრულე. 12 წელი იარსება ჩვენმა თეატრმა. რა არ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში: უამრავი მაყურებელი, სითბო, სიყვარული, ტაში და ოვაცია. ერთხელ ცხონებულმა მამაჩემმა მკითხა, რამდენი გაქვს ხელფასი თეატრშიო. 150 მანეთი-მეთქი. მერედა, რას აკეთებო? ხალხს ვაცინებ-მეთქი. ბიჭო, 150 მანეთად თუ ხალხს აცინებ, დაეტიე სახლში სულ გარე-გარე რომ დადიხარ, 200 მანეთს მოგცემ და მეც გამაცინე, მამა ვარ შენიო...

ბედნიერი კაცი ვარ, რომ ქუთათურებმა შემიყვარეს. ძნელია, ქუთაისელ მაყურებელს იუმორის ხელკავი გამოსდო - თვითონ არიან საოცრად ენამახვილები და როცა მათი მქუხარე ტაში და შეძახილები მესმის,  - ყველა დარდი და სიმძიმე სადღაც ქრება.

გურამ სოზაშვილი