სამაგიდო წიგნი ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეა! - კვირის პალიტრა

სამაგიდო წიგნი ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეა!

ჩვენი მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ივანე ჯავახიშვილის ნაშრომს - "ქართველი ერის ისტორია", ტომებად მიიღებს

როცა პირველად ვნახე, სად მუშაობდა ივანე ჯავახიშვილი, მისმა მოკრძალებულმა ბინამ საოცრად მომხიბლა. სხვაგვარად ვერც წარმოვიდგენდი: სწორედ ასეთი სადა სახლი უნდა ჰქონოდა მეცნიერს, რომელიც მართლაც თავგანწირული იყო საკუთარი საქმისათვის...

მითხრეს, ამ ოთახში ხშირად წვიმა ჩამოდიოდა და დიდ მეცნიერს თავისი მაგიდა და ხელნაწერები ერთი კუთხიდან მეორეში გადაჰქონდა ხოლმეო... მეცნიერი, რომელიც სულიერ ასპექტში უნივერსიტეტის მაშენებელი გახლდათ, ხელმოკლეც იყო და დაუცველიც, ოღონდ ეს ყველაფერი მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან უმთავრესს - ერის ისტორიას ემსახურებოდა, მისი სიღრმისეული გააზრებით იყო დაკავებული.

"ისტორიკოსი მოვალეა... მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული... ის მეცნიერი, რომელიც მეცნიერების წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, იმავ დროს ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, იმიტომ, რომ ყოველ განათლებულ ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი", - წერდა ივანე ჯავახიშვილი. სწორედ ამითი ფასობს მისი ნაშრომი "ქართველი ერის ისტორია", რომ მეცნიერულ შესწავლას ეფუძნება და დღემდე ანგარიშგასაწევ წიგნად რჩება... ის იმდენად აქტუალურია, რომ "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა ხელმისაწვდომი გახადოს ყველასათვის, მისი ხელახალი გამოცემა მოამზადოს და შესთავაზოს მკითხველს.

შემთხვევითი არ არის, რომ მეცნიერმა თავის ნაშრომს "საქართველოს ისტორია" კი არა, "ქართველი ერის ისტორია" დაარქვა... ქართველ ერზე ხაზგასმა და აპელირება ისედაც ცხადია, როცა მეცნიერი ისტორიულ ნარკვევს წერს, მაგრამ ამის სათაურში გამოტანა და აქცენტირება ლამის გმირობის ტოლფასი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრს ეს სიტყვათშეთანხმება - "ქართველი ერი" წონასწორობას აკარგვინებდა.

მარიამ ლორთქიფანიძის მოგონებიდან: "ყოველი ლექციის ბოლოს რამდენიმე წუთს ტოვებდა შეკითხვებისთვის. რადგან ცუდად ესმოდა, გვთხოვდა, რომ შეკითხვები წერილობით მიგვეწოდებინა.

ერთ მშვენიერ დღეს რვეულის პატარა ფურცელი გადასცეს. ბატონმა ივანემ წაიკითხა: - "არსებობს სტალინის მოძღვრება, რომ ქართველები ერად ჩამოყალიბდნენ XIX საუკუნის 60-იან წლებში, თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას?"”ხომ წარმოგიდგენიათ, რა სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა აუდიტორიაში? ყველას ერთი ფიქრი უტრიალებდა, - რა მოხდება? ბატონმა ივანემ წყნარად აიღო ეს ქაღალდი, დაკეცა, წვრილ-წვრილად დაანაკუწა, მელნის ჩასადგმელში ჩაყარა, მერე ჩაალაგა თავისი ბარათები, მოჰკიდა პორტფელს ხელი და გავიდა. გაოგნებულები გამოვედით გარეთ. მე, აღშფოთებულს იმით, თუ რატომ არ გასცა პასუხი, ჩემი მეგობრები მაწყნარებდნენ ივანე ჯავახიშვილის საქციელი ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოო. მერე მივხვდი, რომ მართლაც, ეს ყველაზე მართებული ქმედება იყო - ჯავახიშვილმა ამ შეკითხვის ავტორი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. საბედნიეროდ, უკვე ჩავლილი იყო რეპრესიების ტალღა. თანაც ივანე ჯავახიშვილი აკადემიკოსი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო და ასეთი რამ აღარ ემუქრებოდა, თორემ ეს ამბავი რომ სათანადო ადგილზე მივიდოდა, ეს ცხადზე ცხადია.

ივანე ჯავახიშვილს მთელი ქალაქი აღმერთებდა. როცა ვიღაცამ ხმა მოიტანა მისი გარდაცვალების თაობაზე, წამსვე მთელი თბილისი ქუჩაში გამოფინა.…

მახსოვს მისი დაკრძალვა. მე და ჩემი მეგობარი ნიკო ქანთარია ერთი საათით ადრე გამოვედით სახლიდან, მაგრამ წყნეთის ქუჩას რომ მივუახლოვდით, წინ წამოსვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ძლივს მოვახერხეთ უნივერსიტეტის ღობესთან მისვლა. იმას აქეთ ვერაფრით შემოვაღწევდით.

მახსოვს, როგორ გამოასვენეს და ისიც, რომ ჩვენ ირგვლივ ყველა - ქალიც და კაციც - ქვითინებდა. მთელმა ქართველმა ინტელიგენციამ დაიტირა ივანე ჯავახიშვილი, რადგან მას აიგივებდნენ ეროვნულობასთან. მისი დამსახურება იყო მოკრძალებული დამოკიდებულება ქართული უნივერსიტეტის მიმართ. მამაჩემიც კი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მის წინ გავლისას ჩერდებოდა, ქუდს მოიხდიდა, თავს დაუხრიდა და შემდეგ აგრძელებდა გზას".

ივანე ჯავახიშვილმა სისტემაში მოიყვანა და მეცნიერულ საფუძველზე ააგო ქართველი ერის ისტორია. ის არ იყო იაფფასიან გრძნობებზე მოთამაშე კაცი, რომელიც "ადვოკატურ" ნაშრომს დაწერდა მხოლოდ საკუთარი ხალხის მოსაფერებლად, წარსულში, როგორც ტკბილ სიზმარში ჩაძირავდა საზოგადოებას და ამით დაკმაყოფილდებოდა. რასაც აკეთებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალზე იყო ორიენტირებული, ერის გამოფხიზლება ჰქონდა მიზნად დასახული და სამშობლოს სულიერი სიმრთელე, მშობელი ხალხის სწორი რეალიზება - ოცნებად. წერდა: "ადვოკატური" ისტორიის დაწერა მხოლოდ იმ მეცნიერს შეუძლია, ვინც არავითარ ზნეობრივ მოვალეობას არა გრძნობს მეცნიერების წინაშე... გაზვიადებულ ადვოკატურ ისტორიის საჭიროებას მხოლოდ ის უნდა გრძნობდეს, ვინც წარსულში ეძებს ხსნას... ამგვარი სურვილი აზრადაც არ უნდა მოუვიდეს იმ ეროვნების წარმომადგენელს, რომელიც სიცოცხლესა და მოქმედებაზე ფიქრობს... მას არ უნდა დაავიწყდეს, რა დიდი ღვაწლიც უნდა მიუძღოდეს ეროვნებას წარსულში, თუ იგი აწმყოში არას წარმოადგენს, ბრწყინვალე წარსული ვერას უშველის".

P.S. ჩვენი მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "ქართველი ერის ისტორიას" ტომებად მიიღებს. ეს სამაგიდო წიგნი გახლავთ არა მარტო მეცნიერთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც "სიცოცხლესა და მოქმედებაზე" ფიქრობს, საქართველოს მოქალაქეა და ზნეობრივად მიაჩნია, იცნობდეს თავის ქვეყანას.