სახალისო შემეცნებითი ისტორიები - კვირის პალიტრა

სახალისო შემეცნებითი ისტორიები

"თუ..."

ლაკონიურობის კლასიკური მაგალითია სპარტელთა პასუხი მაკედონიის მეფის ფილიპე IIII-ის (ძვ.წ. 359-336) ულტიმატუმზე, რომელმაც მათ შეუთვალა: "გირჩევთ დაუყოვნებლივ დანებებას. ჩემი ჯარით თქვენს მხარეს დავიპყრობ, ქალაქს დავანგრევ, მოსახლეობას მონებად წავიყვან და ბაღებს გავანადგურებ!". ამაზე სპარტელებმა ერთი სიტყვით უპასუხეს: "თუ..."

IV თუ... IIII?

რომაული ციფრი "ოთხი" IV-ის სახით XIX საუკუნიდან გამოიყენება, ხოლო მისი არქაული ფორმა "IIII" ამჟამად მხოლოდ საათის ციფერბლატებზე გვხვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ძველ დროს რომაელები ოთხიანს "IIII"-ის ფორმით იმის გამო წერდნენ, რომ მათი პანთეონის მთავარი ღმერთის, იუპიტერის (IUPPITER) სახელის პირველი ორი ასო (IU) ჰგავდა IV-ს.

საიქიოს ბაჟი

ძველი ბერძნები მიცვალებულს პირში წვრილ ფულს (ობოლს) უდებდნენ. მათი წარმოდგენით, მონეტა მიცვალებულს ქარონისთვის* უნდა გადაეხადა მდინარე აქერონით საიქიოში გადასაყვანად. ასეთივე ტრადიცია ძველ რომაელებსაც ჰქონიათ.

საინტერესოა, რომ დალის სვანეთში (წებელდა) ჩატარებული გათხრებისას აღმოჩნდა სამარხები, სადაც დასაფლავების იგივე წეს-ჩვეულებაა დაფიქსირებული, ოღონდ გაცილებით გვიანდელ, ადრექრისტიანულ პერიოდში.

აპოთეოზი

მეფეების გაღმერთების ტრადიცია ჯერ კიდევ შუმერსა და ძველ ეგვიპტეში არსებობდა. ამ ტრადიციამ ძველი აღმოსავლეთის თითქმის ყველა რელიგიაში დაიმკვიდრა ადგილი. ძვ.წ. IV-IIIსაუკუნეებში მოღვაწე ბერძენი ფილოსოფოსი ევჰემერე, მეტსახელად "უღმერთო", მეტად თავისებურად განმარტავდა გაღმერთების ფენომენს. იგი უარყოფდა ბერძნულ რელიგიას და ამტკიცებდა, რომ ღმერთები თავდაპირველად გამოჩენილი მეფეები, გმირები ან ქურუმები იყვნენ და ისინი სიკვდილის შემდგომ გააღმერთეს. იგი იმასაც ასაბუთებდა, რომ ზევსი რეალურად არსებული ძველი კრეტის ძლევამოსილი მეფე იყო და კნოსოსში მისი სამარხი ნამდვილად არსებობდა. ევჰემერეს მოძღვრება, რომელსაც ევჰემერიზმი ეწოდა, ერთ დროს საკმაოდ პოპულარული იყო ბერძენ საზოგადოებაში.

რესპუბლიკურ რომში გაღმერთების ტრადიციამ ფეხი ვერ მოიკიდა; იულიუს კეისრის გაღმერთების შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე იარსება, მაგრამ ყველა იმპერატორს ეს პატივი არ რგებია, მაგალითად, ტიბერიუსს, კალიგულას, ნერონს, გალბას, ოტონსა და ვიტელიუსს. ტიტუსი იყო უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც გაღმერთების პატივი ერგო. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსს თავის ცნობილ ნაწარმოებში "თორმეტი კეისრის ცხოვრება" მოყვანილი აქვს საინტერესო ამბავი: როდესაც ენამოსწრებულ იმპერატორ ვესპასიანეს სიკვდილის მოახლოება უგრძნია, ჩვეული ირონიით უთქვამს: აფსუს, უკვე ღმერთი ვხდებიო.

ნაფიცი მსაჯულები

ვიდრე რესპუბლიკური რომი იმპერიად გარდაიქმნებოდა, სამართალწარმოება ევალებოდა ტრიბუნალს, რომლის სტრუქტურა დღევანდელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ანალოგიურია. ტრიბუნალში 30 მოსამართლე იყო. მათ კენჭისყრით ირჩევდნენ სენატორების შემადგენლობიდან. თითოეული მოსამართლე ხმას აძლევდა ფარული წესით: ცვილით დაფარულ ხის ფირფიტაზე წერდა ასო A-ს (Absolve – ვამართლებ) ან ასო C-ს (Condemno – მსჯავრს ვადებ). თუ თავს შეიკავებდა, მოსამართლე წერდა ორ ასოს NL (Non Liquet

– გაუგებარია). როგორც ზოგიერთი გახმაურებული სასამართლო პროცესის პრაქტიკა მოწმობს, მოსამართლეთა უმრავლესობა უპირატესობას სწორედ ამ ორ ასოს (NL) ანიჭებდა.

"ბოტულუსი", ანუ "ძეხვი"

უცნობია, ვინ და როდის შექმნა ძეხვის რეცეპტი, ძველ რომში მას "ბოტულუსი" ეწოდებოდა. სწორედ ძეხვის ლათინური სახელიდან მიიღო სახელწოდება მწვავე ინფექციურ-ტოქსიკურმა დაავადება "ბოტულიზმმა".

ომები და არითმეტიკა

კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია დაახლოებით 15000 ომი, მათ შორის ყველაზე ხანგრძლივია:

ჰომეროსის "ილიადაში" აღწერილი ტროას ომი 10 წელი გაგრძელდა;

ბერძენ-სპარსელთა ომი (ძვ.წ. 499-449) ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებსა და აქემენიდურ სპარსეთს შორის 51 წელი გაგრძელდა;

ომი რომსა და კართაგენს შორის (ე.წ. სამი პუნიკური ომი; ძვ.წ. 264-146) 118 წელი გაგრძელდა. საგულისხმოა, რომ მესამე პუნიკური ომი, ფორმალურად 1985 წლის 5 თებერვალს დასრულდა, როდესაც რომისა და ტუნისის მერებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას. ასე რომ, პუნიკური ომი 2133 წელი გრძელდებოდა.