რას ნიშნავს იყო სახელმწიფო? - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს იყო სახელმწიფო?

კარგა ხანია გვესმის ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების შეფასება, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ ჩამოყალიბდა. ამ აზრს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ დაგროვილი პრობლემები და სუსტი საზოგადოებრივი ინსტიტუტი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოებრიობის საკითხზე გაცილებით ღრმა და საფუძვლიანი პასუხები გვჭირდება... რას ნიშნავს იყო სახელმწიფო? ამ საკითხებში გარკვევა ისტორიკოს დავით პაიჭაძესთან ვცადეთ.

სახელმწიფო ხარ, თუ...

სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკისა და გარეგანი ფორმების მიუხედევად, საქართველო დღეს მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი და ფორმალურად წარმოადგენს სახელმწიფოს. დღეს საქართველოს აქვს საზღვრები (თუმცა პრობლემური), ჰყავს ხელისუფლება, ჯარი, აქვს ფულის ნიშანი, მაგრამ ეს გახლავთ ფორმა...

როცა ამბობენ საქართველო, როგორც სახელმწიფო ვერ შედგაო, შინაარსს გულისხმობენ. ჩვენში სახელმწიფოს რაობის განსაზღვრების ორგვარი მიდგომაა. ერთი განსაზღვრებით - სახელმწიფო არის ძალმომრეობის ინსტიტუტი; მეორე, ლიბერალური გაგებით - სახელმწიფო არის მოქალაქეთა შეთანხმების შედეგი. თუ პირველი განსაზღვრება ტოტალიტარულ სახელმწიფოს მიესადაგება, მეორე - ცივილიზებული სამყაროსათვის დამახასიათებელი ლიბერალური სახელმწიფოა.

დასავლური სახელმწიფო

საზოგადოება და სახელმწიფო, თანამედროვე გაგებით, წმინდა ევროპული მოვლენაა, რომელიც სათავეს ევროპული ფეოდალიზმიდან იღებს. ევროპეიზმი სამ ძირითად მოვლენას ეფუძნება: ქრისტიანობას, ფეოდალიზმს და ბერძნულ-რომაულ სამართალს. ეს ძირითადად საკუთრების ხელშეუხებლად ცნობას გულისხმობს.

პლატონი წერს: "სახელმწიფო დაიწყო მაშინ, როცა ვიღაცამ შემოღობა ტერიტორია და თქვა, - ჩემიაო". სახელმწიფო არის ინსტიტუტი, რომელიც მესაკუთრესა და საზოგადოებას შორის არეგულირებს ურთიერთობას, იცავს საკუთრებას. დასავლეთში არსებობდა საკუთრების (მიწის მფლობელობის) ორი ფორმა: აბსოლუტური ფლობა, ანუ ალოდიური საკუთრება - მემკვიდრეობით მიღებული ან ბრძოლით და შრომით მოპოვებული მიწა; დროებითი ფლობა, ანუ ლენური საკუთრება - მიწა განსაკარგავად გადაცემული აქვს დიდებულს, მაგრამ თუ მონარქს გაანაწყენებს, ჩამოართმევენ.

"ალოდიური თავისუფლება" ევროპაში იმთავითვე ლენური სისტემის შეზღუდვად და პიროვნების თავისუფლების საფუძვლად აღიქმებოდა. მეცნიერები მესამე წოდების, ანუ ბურჟუაზიის აღმოცენების წინა პირობად სწორედ "ალოდიურ თავისუფლებას" მიიჩნევენ. მის უგულებელყოფას ავტოკრატიულ დიქტატურამდე მივყავართ.

აღმოსავლური სახელმწიფო

აღმოსავლეთში სრულიად საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ალოდიური, ანუ აბსოლუტური საკუთრების ფორმა ფაქტობრივად არ არსებობს. იკვეთება ცენტრალური ხელისუფალის ავტორიტარიზმი (უსიტყვო მორჩილება). ბუნებრივია, ამგვარ პირობებში ეკონომიკურად დამოუკიდებული არავინ არის, ასეთი ადამიანი კი მოკლებულია თავისუფალი არჩევანის საშუალებას, იძულებულია, იმოქმედოს კონიუნქტურის გათვალისწინებით, მისი ქმედება მოკლებულია რაციონალიზმს. ასეთ შემთხვევაში ბალანსი არ არსებობს და ყველაფერი ერთი კაცის გადაწყვეტილებით ხდება. სადაც არ არსებობს კერძო საკუთრება, დიქტატურამდე მივდივართ. თუ ჩემი არაფერი მაბადია, ხელში შევყურებ მეფეს, ხალიფას თუ ცეკას მდივანს, შესაბამისად, თუ მინდა არსებობა, მას უნდა ვემსახურო.

საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების გზა

გეოგრაფიული ფაქტორის გამო, საგარეო გარემოებები საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების საქმეში განმსაზღვრელ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ კიდეც.

როდესაც ქართულ ფეოდალიზმზე ვსაუბრობთ, როგორც გამონაკლისზე აღმოსავლურ სივრცეში და მას ევროპულ ფენომენად მივიჩნევთ, ვგულისხმობთ მიწაზე აბსოლუტური საკუთრების მფლობელობის სისტემის არსებობას, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დასტურდება. ამას გულისხმობდა ივანე ჯავახიშვილი, როდესაც ქართულ ფეოდალიზმს ევროპული ფეოდალური სისტემის ნაწილად განიხილავდა. ქართული "მამულიც" ტიპოლოგიურ თანხვედრას ამჟღავნებს ევროპულ "ალოდთან". არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში აბსოლუტიზმის განვითარება და მესამე წოდების - "ქალაქელთა" არსებობის ნიშნებიც. ამდენად, საკუთრების რომაული სამართლებრივი გაგება საქართველოში იმთავითვე აღიარებულად უნდა მივიჩნიოთ. ანტიკური ფილოსოფიის გავლენა კი სახეზეა რუსეთთან შეერთებამდე. ამის ბრწყინვალე მაგალითია დავით აღმაშენებლის ქმედება ლიპარიტ ბაღვაშის შემუსვრისა და მისთვის კლდეკარის საერისთაოს ჩამორთმევის შემდეგ. ლიპარიტმა თავის მამულს შეაფარა თავი იმერეთში. დავითმა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალი შესწევდა, იქ ხელი არ ახლო, დაუწერელი "ფეოდალური კონსტიტუცია" არ დაარღვია.

ისტორიული გარემოებების გამო საქართველოში სოფელი ევროპულად ცხოვრობდა, ხოლო ქალაქური ცხოვრება აზიურ ყაიდაზე იყო მოწყობილი. მიუხედავად ამისა, აბსოლუტური საკუთრების არსებობის პირობებში, საქართველო ბურჟუაზიული კლასის ჩამოყალიბების მიმართულებით ვითარდებოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე ქართული არისტოკრატია რუსეთში გადაასახლეს. ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული ფეოდალიზმი, ანუ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული სისტემა გაუქმდა. ფეოდალური დაქუცმაცებულობითა და დეზინტეგრაციით დასუსტებულმა ქართველმა მოსახლეობამ ორიენტირები დაკარგა. სკოლებში, ეკლესიასა და სასამართლოში საქმის უცხო ენაზე წარმოებამ მოსახლეობასა და რეჟიმს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა მოსპო. თაობები დარჩნენ უწიგნური, ეს გარემოება განსაკუთრებით უწყობდა ხელს დეზინტეგრაციის პროცესს. ამ უფსკრულის ამოვსებას ილია ჭავჭავაძე "მომრიგებელი მოსამართლის" ინსტიტუტის შემოღებით ცდილობდა.

საზოგადოება თუ ერთობა...

თანამედროვე ფილოსოფიური და სოციოლოგიური მოძღვრებები ადამიანის სოციალურ განვითარებაში ორ საფეხურს გამოყოფენ: ერთობისა და საზოგადოების.

პირველის (ერთობის) შემთხვევაში,  საზოგადოების ქმედება ტრადიციულად მოტივირებულ ემოციებს ემყარება და, ამდენად, აფექტური და ირაციონალურია, მათი ურთიერთქმედება კი მექანიკური სოლიდარობის ნიშნით ხასიათდება, მაშინ, როდესაც მეორის (საზოგადოების) შემთხვევაში სოციალური ქმედება რაციონალურად არის მოტივირებული...  განვითარების ერთობის საფეხურზე მდგომი მოსახლეობა, რომლის სოციალური ქმედება ტრადიციულად მოტივირებულ ემოციებსა და საკუთრების დაკარგვის შიშს ემყარება, მოკლებულია ხელისუფლებაზე გავლენის ინსტრუმენტს. მოსახლეობის გავლენა ხელისუფლებაზე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოება ხელისუფლებისაგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი ინდივიდების, გადასახადების გადამხდელებისაგან, შედგება. პოსტსაბჭოთა სივრცეში მესაკუთრის არსებობის შესაძლებლობა ჯერჯერობით გამორიცხულია. ეს გარემოება მიგვაჩნია მოდერნიზაციის მცდელობების წარუმატებლობის ძირითად მიზეზად.

საქართველო დღეს

დღეს საქართველოში სახელმწიფოს გარეგნული ნიშნები გვაქვს, შინაარსი კი - არა. რასაც ვესწრაფვით - დასავლურ განვითარებას, ჯერ არ დაწყებულა.

სახელმწიფო არსებობს როგორც ლიბერალური, ისე ტოტალიტარული... ჩვენ, დეკლარირებული ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების მიუხედავად, ავტოკრატიულ და დიქტატორულ ტენდენციებს ვამჟღავნებთ.

საქართველოში არ არსებობს აბსოლუტური საკუთრება, ობიექტები იყიდება, მაგრამ შენ არ გაქვს მათი თავისუფლად ფლობის უფლება. ესე იგი, პრივატიზაცია ქართულად - კერძო საკუთრების შეძენას კი არ გულისხმობს, არამედ ფაქტობრივად ყიდულობ განკარგვის უფლებას, საკარგავს. დაახლოებით ასე იყო რუსეთსა და საბჭოთა კავშირშიც, როდესაც დიდ თანამდებობაზე დიდი ფულის - ქრთამის გადახდის შედეგად ინიშნებოდნენ. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გარემოება თანამედროვეობისათვის შესაფერისად შეფუთა... არც ერთ ჩვენს ბიზნესმენს არ გააჩნია საკუთრების განცდა. სახელმწიფოს მმართველი ძალა პირობებს უყენებს მფლობელს. ხალხის ცნობიერება გაორებულია. ასეთ ვითარებაში ვერ ჩამოყალიბდება დემოსი (ხალხი), ე.ი. ვერც დემოკრატია იარსებებს.

როცა ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების ხაზზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ არასამთავრობოების არსებობას. მათი შექმნა, როგორც "მესამე სექტორისა", მოდერნიზაციის პოლიტიკის შემოქმედთაგან ჩაფიქრებული იყო, როგორც მეტი დემოკრატიის მოთხოვნის ფორმა ძირითადად ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებისათვის. მათი ფუნქცია მოქალაქეების საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა უნდა ყოფილიყო, იმ ხვრელების ამოვსება, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ცხადყოფს, რომ ქართველები არჩევნებს უკიდურესად ემოციურად და არარაციონალურად ეკიდებოდნენ. სამივე შემთხვევაში ერთსულოვნად მისცეს ხმა, მაგრამ არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ წინააღმდეგ: კომუნისტების წინააღმდეგ - გამსახურდიას, გამსახურდიას წინააღმდეგ - შევარდნაძეს, შევარდნაძის წინააღმდეგ - სააკაშვილს... ალტერნატივა ყოველთვის ბოლო ჟამს ჩნდებოდა, არჩევანი დიდი ხნით ადრე იყო გაკეთებული, სადღაც სხვაგან, ამომრჩევლების ცნობიერების მიღმა.

ამგვარი მიდგომის შედეგია უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მოსახლეობის გამუდმებული გაუცხოება სულ ცოტა ხნით ადრე თითქმის ერთსულოვნად არჩეული ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციის" გმირები და შემოქმედნი ე.წ. მესამე სექტორიდან, ე.ი სამოქალაქო საზოგადოებიდან იყვნენ წარმომავლობით, მათი ქმედების წესი კვლავ ორთოდოქსული ბოლშევიზმის ტყვეობაში დარჩა. დღევანდელი ხელისუფლება "დიად მიზნად" ქვეყნის მოდერნიზაციას აცხადებს. ტრადიციულსა და საბჭოურ მენტალობას დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა. "ახალი ადამიანი" ახალი საზოგადოების საწინდარი უნდა იყოს. სააკაშვილი აკეთებს ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყოს ბურჟუაზიული კლასის შექმნას, ამ მიმართულებით არც კი ფიქრობს, ამიტომაც არ ხარ დასავლური სახელმწიფო... ამაზე, ბოლო 20 წელი, არ უფიქრია არც ერთ მმართველს. 20 წელი რატომ უნდა ვიყოთ ასეთ დღეში? იმიტომ, რომ ისევ რუსული ქარგით ვიმართებით.

როცა რუსები კავკასიის მართვით დაინტერესდნენ, უამრავი თეორიული და პრაქტიკული მოდელი შეიმუშავეს. ერთ-ერთი ვასილი ველიჩკოს შრომაა - "კავკასია". იქ არის თავი "მოძმე" ქართველებზეც: თუ გინდა საქართველოში საწადელს მიაღწიო, ქართველს უნდა მოეფერო და უთხრა, რომ ის არის ყველაზე უკეთესი, ყველაზე ჭკვიანი... ან უნდა მიუშვა თავის ნებაზე, თან წააქეზო და თვითონ გამოიჭრის ყელსო. ჩვენთან ორივე ხერხი გამოიყენეს... რა საზოგადოების შექმნაზეა ლაპარაკი, როცა მონური ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვედით, როდესაც ტელევიზიით საჯაროდ კამათობ იმაზე, რომელი პარტიის სასარგებლოდ გააკეთა განცხადება ჯონ ბასმა, ესე იგი, მისგან შიდა პრობლემის გადაწყვეტას ითხოვ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ისევ მეფისნაცვლის მოთხოვნილება გაქვს...

...და ისევ არჩევნები

სამართლიანი არჩევნების მთავარი პირობა დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე ადამიანებია, ძველბერძნულად - დემოსი... თავად განსაჯეთ: გვყავს თუ არა დემოსი? მაშ, დემოკრატია საიდანღა გვექნება? ჩვენი ხელისუფლების ამომრჩეველი ისევ "ჰომო სოვეტიკუსია". ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ "ჰომო სოვეტიკუსი" (უქონელი, უუფლებო და ამიტომ იძულებით ფლიდი და გაიძვერა) დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე მოქალაქედ (ბურჟუად) აქციოს... იგი ქვეყანას ფეოდალიზმის აღმოსავლურ-რუსული მოდელით მართავს...

P.S. როგორც მიამბეს, საქართველოს განვითარების რეალური სურათი რომ არ თანხვდება დასავლური სახელმწიფოების განვითარების კურსს, ამის შესახებ ბატონ დავით პაიჭაძეს კონფერენციაზე წაუკითხავს თემა. პროტესტის ნიშნად კახა ლომაიასა და გია ბარამიძეს დარბაზი დაუტოვებიათ... იმ კონფერენციიდან 6 თვის მერე დავით პაიჭაძე სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ...