"ფემინისტების ბიბლია" თუ "ჩემი თავგადასავალი"?.. - კვირის პალიტრა

"ფემინისტების ბიბლია" თუ "ჩემი თავგადასავალი"?..

ორი კვირის წინ დორის ლესინგის შესახებ პირველი წერილი შემოგთავაზეთ, რადგან "50 წიგნის" პროექტით სწორედ ამ ინგლისელი მწერალი ქალის "ოქროს რვეულის" ბეჭდვას ვიწყებდით, ორ ნაწილად.

არც გასულ ნომერში დარჩენილა ნობელიანტი მწერალი და მისი რომანი "კვირის პალიტრის" მკითხველთა ყურადღების მიღმა - გაზეთში ინტერვიუ შემოგთავაზეთ მწერალ ირაკლი ლომოურთან, რომელმაც შესანიშნავად თარგმნა ეს რომანი.

ცხადია, ძნელია, მთარგმნელსა და მწერლის შემოქმედების დეტალებში მცოდნეს შეეკამათო შეფასებაში და ამას არც ავიღებ საკუთარ თავზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლის ინტერვიუში ეს სიტყვები წავიკითხე: "ცოტა ეჭვით შევუდექი მის "ოქროს რვეულზე" მუშაობას. მეგონა, მართლა ფემინისტი იყო... არადა, მივხვდი, პირიქით - ეს ანტიფემინისტური რომანია..." ამ დროს პირველი წიგნის კითხვა დასრულებული და მეორისა კი ახალდაწყებული მქონდა და მეც ამ განწყობით განვაგრძე კითხვა.

არ ვიცი, იქნებ ვინმემ სწორედ ასე გაიგო ანა ვულფის ხასიათიც და თავგადასავალიც... იქნებ ესეც არის კარგი ლიტერატურული ტექსტის ერთ-ერთი ღირსება - ყველა მკითხველმა "თავისი მხრიდან მიაბას ყური"... მაგრამ ეტყობა, ნობელის კომიტეტმაც ჩემსავით "ვერ გაიგო", როდესაც ფაქტობრივად ფემინისტობაში მიანიჭა პრემია.

ნაწარმოებზე ამჯერად მხოლოდ ერთს ვიტყვი, თანაც ამით სიამოვნებით წავიღებ უკან ჩემს სიტყვებს, რომლებიც ორი კვირისწინანდელი წერილის დასაწყისში დავწერე, - არ გამხარებია, "50 წიგნში" სწორედ ამ რომანის რიგი რომ მოვიდა, რადგან ფემინისტები არ მიყვარს-მეთქი: მგონი, ფემინისტები შემიყვარდა!.. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და, ბატონი ირაკლი ლომოურის აზრის გათვალისწინებით ("ოქროს რვეული" სწორედაც ანტიფემინისტური რომანიაო), იქნებ სრულიად ბუნებრივიც იყოს ჩემი აღტაცება ამ წიგნით.

ქალბატონები ნუ მიწყენენ და, რაღაცნაირი, "კაცური ჭკუით" დაწერილი წიგნია, მტკიცე და გაბედული ხელით.

ერთი სიტყვით, ვისაც ჯერ არ დაუწყია კითხვა, დაბეჯითებით ვურჩევ დაიწყოს, რომ მომავალ კვირას "მზად" დახვდეს მეორე წიგნის გამოსვლას.

როდესაც ლესინგის შესახებ მასალებს ვეძებდი ინტერნეტში, 2007 წელს პოპულარული გერმანული ჟურნალის - "შპიგელისათვის" მიცემულ ერთ ინტერვიუს წავაწყდი, ნობელის პრემიის მინიჭებიდან რამდენიმე დღეში ჩაწერილს, სადაც მწერალი თავის ახალგაზრდობასა და გერმანელ ქმარზე ლაპარაკობს (ცხადია, "შპიგელს" ძალიან აინტერესებდა ეს თემა). ლესინგი არაფერს ერიდება და პირდაპირ ეუბნება ჟურნალისტს, - გერმანიასა და გერმანელებზე ჩემი პირველი შთაბეჭდილება მამაჩემის მონათხრობით შემექმნა, რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძოდა I მსოფლიო ომში, ფეხიც დაკარგა და ნერვიული აშლილობაც "იშოვა", ამიტომ თითქოს არ უნდა მყვარებოდა გერმანელები, მაგრამ ამის მიუხედავად სწორედ გერმანელს გავყევი ცოლადო.

ისე, თავის გერმანელ მეუღლეზე - გოტფრიდ ლესინგზე საკმაოდ აგდებით, შეიძლება ითქვას, აგრესიითაც კი ლაპარაკობს ამდენი წლის მერეც კი: "ის კომუნისტი იყო და ნაცისტებს ჯერ ინგლისში, შემდეგ კი აფრიკაში გამოექცა. იქ რაღაც მემარცხენეთა ჯგუფში გავიცანი. რომანი უკვე დასრულებული გვქონდა, როდესაც ცოლად გავყევი - უბრალოდ შემეცოდა, სხვანაირად გერმანიაში დააბრუნებდნენ, როგორც მტრული ქვეყნის მოქალაქეს. ამაში არაფერი იყო რომანტიკული".

სხვათა შორის, 50-იანი წლების დასაწყისში ლესინგი აღმოსავლეთ ბერლინში ჩავიდა (მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტებს თანაუგრძნობდა) და ეცადა კიდეც ქმარყოფილთან ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ უკვე გდრ-ის პარტიულმა ფუნქციონერმა გოტფრიდ ლესინგმა აღარ ისურვა "კაპიტალისტური ინგლისიდან" ჩამოსულ მწერალთან ურთიერთობა და არც შვილის მონატრება მოსძალებია, ალბათ, მაინცდამაინც. ასე რომ, ქალბატონ ლესინგს იმ ქორწინებიდან და წლებიდან მართლაც მხოლოდ შვილი და გვარი შერჩა.

მოდი, ისევ ლესინგის ახალგაზრდობის წლებს დავუბრუნდეთ, რომლებმაც, როგორც თვითონ ამბობს, "ასწავლეს" მწერლობა: სარკაზმით ამბობს, შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, მთელი დღე თოფით ხელში დავეხეტებოდი ველურ ბუნებაში (სწავლაში, როგორც წინა წერილშიც აღვნიშნეთ, დიდ დროს არ "კარგავდა") და ვნადირობდიო. ბევრი იქაური ბავშვობიდან ნადირობდა და ზოგი სულაც ამით შოულობდა ლუკმაპურს, მაგრამ დორისი ერთადერთი იყო მათ შორის. სამაგიეროდ, თოფის გარდა, წიგნებით სავსე დიდი ყუთიც მქონდაო (ესეც მისი სიტყვებია) და რაც მთავარია - მოვლენებზე, გარემოსა და ადამიანებზე დაკვირვებისა და ამ დაკვირვებათა შედეგების აღწერის საოცარი უნარი, რაც მწერლობისათვის, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი "იარაღია".

და სულაც არ იქნება ლესინგის შემოქმედების დაკნინება, თუკი ვიტყვით, რომ მასში სიტყვაკაზმულობაზე უფრო მნიშვნელოვანი, სწორედ მოვლენათა აღწერა და ანალიზია, რაც მთავარია - ხშირად საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დამყარებული: როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი, რომ ქალად ყოფნა უპირატესობად აქციოს და არა პრობლემად, რომ სიძნელეს გადალახვა სჭირდება და არა უკან დახევა...

ზემოხსენებულ ინტერვიუში ცხოვრებისეული სირთულეების გახსენებისას, იმ ამბავსაც ჰყვება, - ინგლისში მცირეწლოვან შვილთან ერთად პირველად ჩამოსული, როგორ ცხოვრობდა მეძავებთან ერთად და როგორ შეძლო "ფსკერიდან მწვერვალზე" ასვლა...

სამაგიეროდ, როდესაც პოპულარული გახდა, ასეთადვე დარჩა და არა მხოლოდ ლიტერატურის გამო - მისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ცოტა არ იყოს, "ხულიგნურად" გამოთქმული თამამი აზრები, ყოველთვის იწვევდა მძაფრ რეაქციას საზოგადოებაში, ამ რეაქციის ამპლიტუდა დიდი იყო - აღფრთოვანებიდან აღშფოთებამდე, მაგრამ არასოდეს არავინ ყოფილა გულგრილი.

თანაც ეს მისი აქტიურობა მოხუცებულობამდე არ განელებულა: მაგალითად, ჯორჯ ბუშ-უმცროსს "ამკობდა" ისე, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობას; 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს "არც ისეთი საშინელებაა, როგორიც "ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" (IRA) მრავალწლიანი ტერაქტების სერია ინგლისელთა წინააღმდეგ" და საერთოდ, ამ ამერიკელებს ყველაფრის გაბუქება სჩვევიათო(!)...

ასეთია იგი - "მოხუცი მეამბოხე", რომელიც დღემდე ამტკიცებს: "მე სულაც არ ვაპირებდი დამეწერა "ბიბლია ფემინისტებისთვის", მე მხოლოდ აღვწერე ჩემი გამოცდილება და ის, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქალები, რომლებიც ეძებდნენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, პოლიტიკასა და სექსში. დღემდე მაოცებს, რომ ბევრი ადამიანი ამას რევოლუციის მცდელობად მითვლის..."

ა, ბატონო - არ ყოფილა ეს ადამიანი ფემინისტი და რევოლუციონერი!