"თუ მართლა განიცდიან, რას პოზიორობენ კამერებთან?" - კვირის პალიტრა

"თუ მართლა განიცდიან, რას პოზიორობენ კამერებთან?"

სტიქიამ კახეთში 38 გამგეობა და მასში შემავალი სოფლები დააზარალა. 22 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული სულ 20 ათას ოჯახს გაუნადგურდა. რეგიონში დაზიანდა 2233 კერძო საცხოვრებელი სახლი და 52 კორპუსი. უმძიმესი ვითარება შეიქნა თელავში - აქ სტიქიამ 50 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, ჩაამსხვრია მინები, გადახადა სახურავები და ჩამოანგრია მანსარდები. თელავის რაიონში კი 1400 კერძო სახლი დაზიანდა. სტიქიამ არც სამცხე-ჯავახეთი დაინდო - დაზარალდა 19 სოფელი და ნაწილობრივ ახალციხე. მცხეთა-მთიანეთს კი სტიქიის შედეგად 500.000 ლარამდე ზარალი მიადგა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 10 მლნ ლარი უკვე გადარიცხა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, რის გამოც ის სახელისუფლებო ბანაკმა ხალხის უბედურებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. კრიტიკულ სიტუაციაში ნათლად ვლინდება პიროვნების ბუნება. რა თვისებები გამოამჟღავნეს ამ მძიმე დღეებში პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა, ამის შეფასება ფსიქოლოგიის პროფესორს, ქალბატონ მარინა ბალიაშვილს ვთხოვეთ:

- ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ყველაფერს საარჩევნო კონტექსტში განიხილავს. ამ შემთხვევამ ნათლად გამოაჩინა, რომ მათთვის პრიორიტეტია არჩევნები, ძალაუფლება და არა ის, რა უბედურება დაატყდა საქართველოს და რა დღეშია ხალხი. ხელისუფლება ფიქრობს, - ივანიშვილი თუ მოსახლეობას დაეხმარება, ვაითუ ქულები ჩაიწეროსო... ხელისუფლება, მგონი, ვერც ხვდება, რა დაგვემართა. არანორმალურია, როდესაც ამხელა უბედურებაც კი იმ დიდი თემის ნაწილია, რასაც არჩევნები ჰქვია.

რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ივანიშვილი ხალხის უბედურებაზე თამაშობს? დაინახონ ხალხის გაჭირვება. სპიტაკში მიწისძვრა რომ მოხდა, მთელი მსოფლიო ეხმარებოდა სომხეთს. არავის უთქვამს, რომ ის სოციალისტური ქვეყანა იყო. დღეს კი, როდესაც ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს, არჩევნები მაინც მთავარი რატომ არის?  როდესაც ასეთ დროს ივანიშვილს ხალხის დახმარება სურს, როგორ შეიძლება ხელისუფლება იმაზე ფიქრობდეს - საარჩევნოდ ეს ჩემთვის ავია თუ კარგიო?

რა არის ეს მოტივაციის ჩხრეკა, - არ არის ივანიშვილის დახმარება გულწრფელი და არჩევნებისთვის არის გამიზნულიო! რა მათი საქმეა, რატომ ეხმარება ხალხს ივანიშვილი? დახმარება დღეს ამ ხალხისთვის აუცილებელია. ეთქვა სააკაშვილს, - მე ჩემი სარეზერვო ფონდი მაქვს და შენი დახმარება არ მინდაო, მაგრამ ხმას ვერ იღებს, რადგან ფონდების თანხები ალბათ უკვე ლობისტებს დაახარჯეს. რაც დარჩათ, ალბათ ინახავენ, რომ მერე სტატიები გამოაქვეყნონ უცხოეთში - როგორ დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები და რა კარგი ცხოვრებაა საქართველოშიო. ამიტომაც ბიუჯეტის გადაკეთება უნდათ, რომ ისევ ხალხს რაღაც დააკლონ.

- იმასაც ვხედავთ, რომ მთელი მთავრობა ამ მძიმე დღეებში კახეთშია. ეს თქვენ პიარი გგონიათ?

- კახეთში ჩავიდნენ და კამერებთან სხედან, რომ მთელმა მსოფლიომ უყუროს, როგორ წუხან ხალხის მდგომარეობაზე. თუ მართლა განიცდიან, რას პოზიორობენ კამერებთან? მიკვირს და მწყინს, რომ ხელისუფლებისთვის არჩევნების თემას არაფერი ჩრდილავს. ლიდერისთვის მთავარია იდეა და არა კონკრეტული ადამიანი. ლიდერს ყველა ადამიანი თუ შეეცოდა, ბევრ რამეს ვერ გააკეთებს. ლიდერის თვისებაა, რომ დანარჩენებს თავისი ნება მოახვიოს, მაგრამ ეს ნება არ უნდა იყოს კაპრიზი და სიგიჟე.

- ხელისუფლება 300-დან 1.500 ლარამდე დახმარებას ჰპირდება დაზარალებულთ.

- ესეც ხომ სისულელე და უპასუხისმგებლობაა. 1.500 ლარი რას უშველის კაცს, რომელიც მთელი წლის სარჩოს გარეშე დარჩა.

ხალხის დახმარებას აპირებს ივანიშვილი და უფლებას არ აძლევენ. ივანიშვილს ხომ არ უთქვამს, - ეს ფული ჩემი სახელით მიეცით ხალხსო. რატომ არის ეს მოსყიდვა? რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი იყიდება, რატომ შეურაცხყოფს მას? ივანიშვილმა ვერაფერი გააკეთა ამ ხელისუფლების მოსაწონი. გაკეთებულიც კი დაიწუნეს - უხარისხოაო. ასეთ შეფასებებში ხელისუფლება უპირველესად თავის უკეთურ ბუნებას და მეწვრილმანეობას ავლენს. ეს არ არის ხალხი, ვისაც სიკეთის დანახვა შეუძლია.

მახსოვს, ატმის მოსავალი რომ დაულპათ გლეხებს და ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. რატომ მაშინ არ ჩავიდნენ და აუნაზღაურეს?! არ აინტერესებთ, ხალხი როგორ იქნება. მათთვის ხალხი არის მხოლოდ ამომრჩეველი. ამომრჩეველი კი - მანიპულაციის ობიექტი. პიარის შესახებ ლიტერატურაში წერია, - ადამიანს ხელი ჩამოართვი, თვალებში შეხედე. ადამიანი, რომელმაც თვალებში შემოგხედა, ჩათვალე, რომ შენია, ვისაც ხელს ჩამოართმევ, ჩათვალე, რომ ის ხმას მოგცემსო. სააკაშვილი ამიტომაც ართმევს ტყუილად ხალხს ხელს, რაც მანიპულაცია და დაცინვაა.

ხელისუფლების ქმედებები აჩვენებს, რომ ძალიან ეშინიათ ივანიშვილისა. რატომღაც, რაც ივანიშვილს ეხება, მათთვის მუქარის შემცველია. ხელისუფლებაში დიდბუნებოვანი ხალხი რომ იყოს, იტყოდნენ, - დაე, ჩვენ გამოვჩნდეთ ცუდად, ოღონდ ხალხს დაეხმარეთო, მაგრამ ასეთი კეთილშობილება მათთვის უცხოა!

ხელისუფლებამ თავისი გაუაზრებელი განცხადებებით შეურაცხყო ივანიშვილი, ხალხი, საკუთარი თავიც, რადგან აჩვენა, რამდენად სულელი და მეწვრილმანეა.

ამ ვითარებამაც დაგვანახა, რომ ივანიშვილის პოპულარობის მიზეზი მარტო ფული არ არის. კაცი გულწრფელად გამოეხმაურა ხალხის უბედურებას. ხელისუფლებამ კი აჩვენა, რომ ხელისუფლებაში დარჩენის გარდა არაფერზე ფიქრობს. ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა რომ მისთვის ძალაუფლების ჟინი უმთავრესია.