კახეთი ცრემლში იხრჩობა - კვირის პალიტრა

კახეთი ცრემლში იხრჩობა

"გოგია პაპა დაგლეჯილ მტევნებს პეშვებში მოიქცევს, სახეს ზედ დაადებს და ისე დასტირის, ჯარისკაცის მამა გაგახსენდებათ..."

რა უფრო საშიშია - სტიქიური უბედურება თუ უკანონობა?

83 წლის გოგია პაპას არც თვითონ ახსოვს და არც წინაპრებისგან სმენია, რომ მომხდურ მტერზე მეტად სტიქიას გაენადგურებინა კახეთი. "ნეტავ ბრმა ვიყო, შვილო, შვილმკვდარსა ვგავარ. განა ის მატირებს, რომ შიმშილი გამიწამებს ოჯახს, შვილივით ნაზარდი და მოვლილი ვაზი ფესვებიანად დაგლიჯა ქარიშხალმა, სამი წელი ფეხზე ვეღარ დავაყენებ ვენახს და ამის დარდი მალე მომიღებს ბოლოსო", - მოთქვამს გოგია პაპა. მისი მეზობელი, სტუდენტი მერი შიშნიაშვილი კი ცდილობს, მოხუცი დაამშვიდოს. "პაპა გაპარტახებულ ვენახებსა და ბაღებში დადის, სახლში ვერ შეგვყავს. ფესვებიანად მოგლეჯილ ვაზებს წამოაყენებს, ფესვებზე ხელს უსვამს, იქნებ გადაგარჩინო, დალოცვილოო, დაკვნესის, მაგრამ რა უშველის მკვდარს? დაგლეჯილ მტევნებს პეშვებში მოიქცევს, სახეს ზედ დაადებს და ისე დასტირის, ჯარისკაცის მამა გაგახსენდებათ...

გოგია პაპას მნახველი ცოდვით დაიწვება. ჩვენთან, ვაჩნაძიანთკარში, 1000-მდე ოჯახი ვცხოვრობთ. ახლა ყველა ოჯახში გლოვაა. აოხრებულ მამულზე ვგოდებთ. ატმის კურკაღა შერჩა ხეებზე, თითქოს ტოტებზე ჩამოთალა ვიღაცამო" - მიამბო მერიმ.

ღამის ხუთ საათზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა ფესვებიანად დაგლიჯა დიდრონი კაკლები, უსახურავოდ და უკარფანჯროდ დატოვა სახლები. რაც შეიძლებოდა ქარიშხალს გადარჩენოდა, მუშტისოდენა სეტყვამ გაანადგურა, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში თელავდა ქარიშხლისგან ისედაც სასიკვდილოდ განწირულ ბაღ-ვენახებსა და ბაღჩებს. შიმშილი გარდაუვალიაო, - მოთქვამენ გლეხები.

მერის ოჯახს ათი ტონა ატამი და ვენახები გაუნადგურდა. "არ ვიცით, ბანკის კრედიტი როგორ დავფაროთ, ან სწავლის საფასური როგორ გადავიხადოთ, ან შვილები რით გამოვკვებოთ... ქათამიც კი აღარ დარჩათ გლეხებს; პირუტყვი და ფრინველი სულ დახოცილი ეყარა ეზოებში. მომაკვდავი რომ დაგვეკლა და მაცივრებში შეგვენახა, ამის საშუალებაც არ იყო - მეხუთე დღეა, ელექტროენერგია არ გვაქვს" - ჩივიან გლეხები.

- ტელევიზორს ვერ ვრთავთ, რომ ინფორმაცია მოვისმინოთ, პრეზიდენტის კახეთში გავლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც არავინ მოსულა, რომ ეთქვა, როგორ გვიპირებენ დახმარებას. მეზობელმა მოიტანა ამბავი, მთავრობამ, 1.500 ლარს მივცემთ თითოეულ ოჯახსო. 1.500 ლარი სამ თვესაც ვერ გაატანინებს ამხელა ოჯახებს.

100 ტონა ხილის და ერთი ამდენი ყურძნის იმედად რომ გლეხი იყო, იმას 1.500 ლარი უშველის?

ახლა დაიწყეს ვითომ ფუსფუსი, დაგეხმარებითო. სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მისცვივდნენ, სასწრაფოდ რეაბილიტაცია უნდა გავუკეთოთო. ვაითუ, იმისთვის არემონტებენ, რომ მერე იქ შეგვყარონ, როგორც თავშესაფარში და საკუთარ სოფლებშივე დევნილებივით გვაცხოვრონ...

თუ დროულად არ მოგვაშველეს, რაც საჭიროა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კაცი არ იქნება ჩვენი პატრონი - თავის საქმეს გაიკეთებენ და გვეტყვიან, რა, ჩვენ მოვიყვანეთ სეტყვა, თუ ქარიშხალი თბილისიდან დავუბერეთო?"- ამბობს ლამარა ბაბო, რომელიც განსაკუთრებით უიმედოდ არის მას შემდეგ, რაც თბილისიდან ჩამოსული შვილიშვილის კომპიუტერში პრეზიდენტისა და კახელი ქალბატონის დიალოგი მოისმინა.

- თქვენც ხომ არ გაწუხებთ სტიქიაო, იკითხა სააკაშვილმა, ქალმა დაუძახა, უკანონობა გვაწუხებსო. ახლა ამას მივხედავთ და სხვა რამეზე მერე ვილაპარაკოთო, - პასუხად მიუგო პრეზიდენტმა. - უკანონობაზე მერე უნდა ილაპარაკო?! რომელი სტიქიური უბედურება შეედრება, შვილო, უკანონობით მოყენებულ ზარალს, ეგ ხომ ყოველდღიური სტიქიური უბედურებაა. ახლა სამოწყალოდ 1.500 ლარის გადმოგდებას აპირებენ. ყველა მინისტრმა რომ ერთი თვის ხელფასზე უარი თქვას, ან თითოეულმა ერთი ოჯახი აიყვანოს საპატრონოდ, ეს უფრო საქმედ ჩაეთვლებათ და გლეხიც მეტი ნდობით შეხედავს. კახეთში წელს რთველი არ იქნება, ყურძენი არ დაიწურება და ქვევრი ვერ აივსება!

სოფელ შაშიანში უსახსროდ დარჩენილი ხალხი გაბოროტდა და ყაჩაღობა დაიწყესო, გავიგეთ. იქაურების თქმით, კარფანჯრებჩამოლეწილ სახლში მარტო მყოფ 72 წლის ლეილა ხადურიძეს მივარდნიან ნიღბიანები და ფული მოუთხოვიათ. რა ფული ექნებოდა მოხუცს, ორი დღის აღებული პენსია ამოუღია სახურავახდილ სახლში ჩასული წვიმისგან დამბალი კამოდიდან. ასე როგორ უნდა გაბოროტდეს კაციო, - ვიშვიშებენ გლეხები. - ჯანიანი კაცები ყოფილან, მოხუცი რომ გასძალიანებიათ, თურმე, ახრჩობდნენო...

კახეთი ცრემლში იხრჩობა. არანაკლები უბედურება ტრიალებს სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ხალხი აქაც უმოსავლოდ დატოვა სტიქიამ. ეს ტრაგედია მთელი ქვეყნის სატკივარია, რომელიც გავლენას იქონიებს სასურსათო ბაზარზე და ქალაქში მცხოვრებთა ისედაც მოკრძალებულ ჯიბეს თავის კვალს დაატყობს.