მათ შიშს აჯობეს... - კვირის პალიტრა

მათ შიშს აჯობეს...

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - შემთხვევითობა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

გოგა კეთილი და მამაცი იყო, მარიამი - კაფანდარა და ძლიერი. მათ შიშს აჯობეს.

"- რა მაგარია და როგორ მინდა მეეც..."

"- წაგიყვან მერე და გადაგაგდებ, თუ არ დამავიწყდა".

"- ააა, შენ მაქედან გადმოგაგდეს? მე კიდევ მგონია, რომ ხტებიან ხოლმე..."

-" ეს შენ გითხარი, გადაგაგდებ-მეთქი, თორემ მე, თავისთავად, გადავხტი".

-" რაღაც, არა მგონია, მეც ვინმეს დახმარება დამჭირდეს ხიდიდან გადმოხტომაში".

"- ყოჩაღი გოგო ხარ"..."

ეს დიალოგი 20 ივნისს სოციალურ ქსელში მარიამ ყანდაშვილსა და გოგა გოლეთიანს შორის გაიმართა. 15 ივლისს ბიჭმა გოგოს დანაპირები შეუსრულა და ხიდიდან გადასახტომად წაიყვანა. სამწუხაროდ, იმ დღეს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მაღალ ხიდზე არავის ჰქონია ცუდი წინათგრძნობა, არავის უყვირია, რომ შეჩერებულიყვნენ... ახალგაზრდები გართობას აპირებდნენ, მაგრამ იღბალმა მათ, სამწუხაროდ, ზურგი აქცია - სიკვდილი უსაფრთხოების დამცავ სისტემაში აღმოჩნდა ჩასაფრებული...

თბილისი შეაშფოთა ამ უბედურმა შემთხვევამ. ხტომის დროს ექსტრემის მოყვარულს უბედური შემთხვევისაგან არაერთი მექანიზმი იცავს, იმ დღეს კი ყველა მექანიზმი ერთდროულად გამოვიდა მწყობრიდან. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფალი ვარდნის მოყვარული  Xtreme Team-ს ხელმძღვანელები შემოსული თანხით ახალგაზრდა მთამსვლელთა დახმარებას აპირებდნენ, რომლებსაც რამდენიმე ახალბედა ალპინისტთან ერთად ჭიუხის დალაშქვრა სურდათ. ქველმოქმედების და გართობის მიზნით იმ დღეს 30 ადამიანი გადამხტარა ხიდიდან.

საბედისწერო ხიდის ქვეშ ლითონის კონსტრუქციაში სპეციალურად ამ ექსტრემალური სპორტისთვის ჩამონტაჟებული მოწყობილობა ექსპერტიზაზეა წაღებული.

Rope-jumping თოკით ხტომას ნიშნავს. ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა საქართველოში 5 წელია არსებობს. მაღლივი კორპუსის ხიდს თითქმის ყოველკვირა სტუმრობდნენ მისი მოყვარულები. ამ საქმიანობას პროფესიონალ ალპინისტთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. ნახტომი დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლიდან სრულდებოდა.

სანამ ექსპერტიზა საბოლოო სიტყვას იტყვის, არსებობს ვარაუდები.

გელა ოთარაშვილი, ალპინისტი: - ველოდებით ექსპერტის დასკვნას. მითხრეს, რომ თოკი არ გაწყვეტილა, კვანძი არ გახსნილა... გატეხილია ქარხნული წარმოების დეტალი. ორგანიზატორების ბრალეულობა არ იკვეთება. ძნელია სხვისი წარმოებული პროდუქციის გამო პასუხისმგებლობა დააკისრო ვინმეს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - უცხოეთში სპორტის ასეთ სახეობებში მონაწილეს ყოველთვის წინასწარ აწერინებენ ხელს შეთანხმებაზე, რომ ეს ყველაფერი დიდ რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, არც თოკი გაწყდეს, არც მარყუჟი გაიხსნას და არც დეტალი გატყდეს, მაგრამ ჰაერში გული გაუსკდეს ადამიანს. ყველაფრის გათვალისწინება შუძლებელია. როცა ასეთ ნაბიჯს დგამ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შესაძლოა, რაღაც ცუდი მოხდეს.

- იცნობთ Xtreme Team-ის ხელმძღვანელ ირაკლი გუჯაბიძეს?

- მიჭირს მასზე ლაპარაკი. უმძიმეს დღეშია. დაღუპულები მისი ახლობლები იყვნენ. უცხოები რომ ყოფილიყვნენ, ესეც დიდი ტრაგედია იქნებოდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მძიმეა მისი მდგომარეობა.

"კვირის პალიტრა" ცნობილ მთამსვლელს, Xtreme Team-ის ხელმძღვანელ ირაკლი გუჯაბიძის მამას, ბიძინა გუჯაბიძეს დაუკავშირდა.

- ვერაფერს გეტყვით დეტალებზე. მხოლოდ ემოციით შემიძლია ლაპარაკი.  ათასნაირი ვერსია გაჩნდა. იმასაც ამბობდნენ, თითქოს თოკი გაწყდა. არადა, თოკი არ გაწყვეტილა, მაგრამ არც მარჩიელობა გვინდა და ამიტომ გამოძიების დასრულებას ველოდებით. იმედია, უსასრულოდ არ გაიწელება ეს მოლოდინი...

გიორგი კომახიძე, ექსტრემ კლუბ კ2-ის დირექტორი:

- ამას წინათ ერთ-ერთ ტელეარხს მივეცი ინტერვიუ და სიუჟეტს ისეთი შესავალი წაუმძღვარეს, თითქოს საბოლოო დასკვნა გავაკეთე, არადა, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი. სამწუხაროა, როცა შენს ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაციით აშუქებენ. ჩემი ვერსია ეყრდნობა მოსმენილს. პირველად გაწყდა ე.წ. "რემენი", რომელზეც იყო დამაგრებული თოკი და რომელიც პირველ დარტყმას იღებდა. შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა ორი დამცავი მექანიზმი. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, უამრავი კითხვა ჩნდება. მხოლოდ ექსპერტიზისა და გამოთვლების შედეგად შეიძლება სწორი პასუხის მიღება. ის "რემენი" სუსტი არ არის, ბევრ დარტყმას უძლებს, მაგრამ საინტერესოა, იმ დღეს რამდენი წყვილი გადახტა, როგორ ეკიდნენ, ერთსა და იმავე წერტილში იღებდა თუ არა "რემენი" დარტყმას, როგორი ძალის იყო ეს დარტყმები... თუ დარტყმა ერთსა და იმავე კუთხეზე მოდიოდა, მაშინ შესაძლოა, გაწყვეტილიყო.

- უსაფრთხოების რა პროცედურებს გადიან გადახტომის წინ?

- თითოეულ ადამიანს უტარდება ინსტრუქტაჟი და მის თვალწინ მოწმდება სისტემა, რომელიც სხეულზე მაგრდება. სპეციალური ქამრებია, ზედა და ქვედა, რომელთაც ტანზე იმაგრებ და თოკით აერთებ ერთმანეთთან. შემდეგ ეს აღჭურვილობა მაგრდება თოკებზე, რომელიც ხიდის ქვეშ მოთავსებულ დამცავ მექანიზმთან არის დაკავშირებული. ყველა დეტალი, რომელიც ამ აღჭურვილობაში შედის, უძლებს, სულ მცირე, ორ ტონას. დაღუპულებს თან დამატებითი თოკებიც ეკეთათ.

ხიდზე დგანან დამხმარე ინსტრუქტორები, ვინც გადასახტომად ამზადებს მსურველს, ქვემოთ, ძირითად დაცვასთან (სპეც. მექანიზმი), ზის მთავარი ინსტრუქტორი. იქიდან ამოდის თოკი ხიდზე და აბამენ მხტომელს. გადახტომის შემდეგ ადამიანი იწყებს ქანაობას, ნელ-ნელა ჩერდება, ეკიდება და იწყება მიწისკენ მისი დაშვება. ხიდზე მყოფს მუდმივად უნდა ჰქონდეს კავშირი ხიდის ქვეშ მდგომ მთავარ ინსტრუქტორთან, რათა უკეთ აკონტროლოს სისტემა.

- დამცავი ბადეები ან რაიმე მსგავსი თუ არსებობს?

- ბადე არა, მაგრამ არის გასაბერი ლეიბები. ამ შემთხვევაში ეს არ იყო "ბანჯი ჯამფინგი", როდესაც ვერტიკალურად მიფრინავ და ზუსტად იცი, სად დაამთავრებ ფრენას. "როუპ ჯამფინგი" აბსოლუტურად სხვადასხვა მონაცემს მოგცემს სხვადასხვა წონაზე. 50 და 100 კგ წონაზე მოქნევის ტრაექტორია სხვადასხვანაირი იქნება. ვერ გათვლი, სად შეიძლება მხტომელი დაეცეს. ამხელა ბადეებს ვერ გაშლი. "როუპ ჯამფინგშიც" თავიდან კი ხტებიან ვერტიკალურად, მაგრამ თოკი ისეა დამაგრებული, რომ აუცილებლად მოიქნევს ბოლოს.

ტატო ნადირაძე, მთამსვლელი, ორგანიზატორთა ჯგუფის - Xtreme Team-ის წევრი: "ეს ბავშვები ოთხი თოკით იყვნენ დამაგრებული!.. გადახტომის მსურველები ხშირად კითხულობენ, საშიშია თუ არაო. Xtreme Team-ის ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძე პასუხობდა, ამდენ ნაცნობსა თუ უცნობს უფასოდ ვახტუნებ და გიჟი ხომ არ ვარ, თავი საფრთხეში ჩავიგდო, ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, თავს ვიღუპავო!.. იმ დღეს 18 ადამიანის გადახტომას შევესწარი, მეც ორჯერ გადავხტი: ერთხელ - მარტო, მეორედ - გოგონასთან ერთად. ხშირად პირველი ვხტებოდი, რომ თოკის უსაფრთხოება სხვებისთვის მეჩვენებინა. თოკი არ გაწყვეტილა... უსაფრთხოების სისტემა ოთხმაგ დაცვაზეა აწყობილი. გადახტომისას პირველი დარტყმა ღვედზე მოდის, რომელიც სპეციალური ჩამკეტით იკეტება; ეს ღვედი მხტომელებს ტანზე აქვთ დამაგრებული. მეორე დაცვა - ალპინისტურ სისტემა "რვიანებზე" მოდის, რომელსაც თავისი დამუხრუჭების მექანიზმი აქვს. 2-3 თვეში ერთხელ ამ ღვედებსაც ვცვლიდით.

როგორც ირაკლიმ მითხრა, ღვედების ჩამკეტში კბილანები გატყდა; "რვიანის" სამუხრუჭეებმაც ვერ დაიჭირა  და მათზე გადახვეული თოკი გასრიალდა...

მარიამმა და გოგამ გადახტომისას რამდენიმე მეტრი თავისუფალი ვარდნით იფრინეს, მერე დარტყმის ძალამ ღვედების ჩამკეტი გატეხა, სამუხრუჭე თოკიც გასრიალდა და დაბლა ჩაცვივდნენ". ”

როგორც ამბობენ, სპორტის ეს სახეობა საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ ყოფილა, მაგრამ ექსტრემის ამ სახეობით მაღალჩინოსნებიც ყოფილან დაინტერესებული. წლების განმავლობაში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან 1200-მდე ნახტომი განხორციელებულა.

გამოძიების დასრულების შემდეგ დადგინდება, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - შემთხვევითობა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

მარიამის და გოგას შესახებ უამრავი რამ ითქვა, თითქოს შეყვარებულები იყვნენ, თითქოს სულაც იმ დღეს პირველად ჰაერში აპირებდა ბიჭი გოგოსთვის სიყვარულის  ახსნას. მეგობრები კი, ვისაც მათ შესახებ ლაპარაკი უმძიმს, ამბობენ, რომ ისინი, უბრალოდ, ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ.

გოგა ძალიან მამაცი და კეთილი იყო, მარიამი - კაფანდარა და შინაგანად ძლიერი, მათ შიშს აჯობეს...

Xtreme Teamის აღჭურვილობა შედგებოდა ორი, ქვედა და ზედა ქამრებისგან, რომლებიც ტანსაცმელივით უნდა ჩაიცვა. დარტყმის დროს დატვირთვა მთელ  სხეულზე თანაბრად ნაწილდება და დარტყმა ძლიერი აღარ გამოდის.

ზედა და ქვედა ქამარი ერთმანეთთან თოკით არის დაკავშირებული

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში