რამ გააღიზიანა გიორგი ფოჩხუას მკვლელი?.. - კვირის პალიტრა

რამ გააღიზიანა გიორგი ფოჩხუას მკვლელი?..

"სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, საოცრად კეთილი, ყურადღებიანი, თბილი და ხალისიანი", - ასე ახასიათებენ მეგობრები გიორგი ფოჩხუას. მასზე წარსულ დროში საუბარი უჭირთ. მომღერალი და მსახიობი 27 წლის ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ცხედარი ანაკლიაში ზღვამ 14 ივლისს გამორიყა, სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ეჭვმიტანილის ფოტოები და დასახელდა მისი ვინაობა. ბექა ცობეხია 17 ივლისს პოლიციას ჩაჰბარდა. სამეგრელოს მედიაორგანიზაციის ინფორმაციით, ის გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დედამ გადმოიყვანა და სამართალდამცველებს ჩააბარა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია მისი მეგობარიც, დაცვის პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ ბაძაღუა.

ელენე ფოჩხუა, გიორგის და: - გიორგი ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. ის სახლიდან 13 ივლისს გავიდა. სამსახურის შემდეგ ანაკლიაში მეგობრებთან ერთად წასულა. ბულვარში ფოტოები გადაუღიათ. იქ შეხვედრია ბექა ცობეხია და გამოლაპარაკებია. გიორგის ხელზე სამაჯური და საქორწინო ბეჭედი ეკეთა, თან ჰქონდა ძვირად ღირებული ფოტოაპარატი და ოქროს ყელსაბამიც. როგორც ჩანს, იმ ადამიანმა (თუ შეიძლება, "ადამიანი" ვუწოდო) იფიქრა, დავაყაჩაღებო. მშვიდი ლაპარაკით შეიყოლია. გიორგი მეგობრებს ჩამორჩა. მათ რამდენჯერმე დაურეკავთ. ჩემი ძმა ყოველ ჯერზე ეუბნებოდა, 5 წუთში მოვალო. ისინიც ფიქრობდნენ, დაგვეწევაო. მერე ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს.

- გიორგიმ მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია?

- ჩვენ ვიცით, რომ ცობეხიას პირველად ძლიერად დაურტყამს. გიორგის უთქვამს: რას მიკეთებ, ბიჭოო და მერე გონება დაუკარგავს. ახლა თავს იმართლებს, შემომაკვდაო. ჩემი ძმა ნაწამებია. ყელზე ფოტოაპარატის თოკი შემოუხვევია და უთრევია, მერე ზღვაში ჩაუგდია. ისეთი დასახიჩრებულია... ლაპარაკი ძალიან მიმძიმს.

რუსკა მაყაშვილი, მეგობარი: - შოკიდან ვერ გამოვდივარ. გიორგი უკონფლიქტო ადამიანი იყო. წლების განმავლობაში ერთად ვსწავლობდით და ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, ვინმესთან ეჩხუბოს. გიოს წლინახევრის ლუკა დარჩა. შვილზე ჭკუა ეკეტებოდა.

სოსო ხვედელიძე, მეგობარი:

- გიორგის ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა. მე სახეზე ვნახე და სულ სილურჯეები აქვს. ყელზე მოხრჩობის კვალი ეტყობა.

- იმ ადამიანებს თუ იცნობ, ვისთან ერთადაც ანაკლიაში იმყოფებოდა?

- ერთ-ერთს ვიცნობ. როგორც მითხრეს, ეჭვმიტანილი გააღიზიანა გიორგისა და მისი მეგობრების ქართულმა პასუხმა: უსაყვედურია, - მეგრელები ხართ და ქართულად რატომ ლაპარაკობთ? მეგრულად მიპასუხეთო!.. როგორც მითხრეს, გაძარცვეს. გიორგის კარგად ვიცნობდი და არ იყო ისეთი ბიჭი, ამის გამო ვინმესთვის თავი რომ შეეკლა.

- გიორგი ბოლოს როდის ნახე?

- მისი შვილის ნათლია ვარ. ბოლოს ლუკას ნათლობაზე ვნახე - თბილისში მონათლა, სამებაში. მას შემდეგ აღარ მინახავს.

- გიორგის მეუღლე ვინ არის?

- რუსკა წურწუმია. ისიც ზუგდიდელია. გიორგის 9 წელია, ვიცნობ და რაც ვიცნობ, ერთმანეთი უყვართ. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს ერთად.

დაბოლოს - ამონარიდები გიორგი ფოჩხუას დღიურიდან, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ Liverpress.ge-ზე გამოქვეყნდა:

24 მაისი, სამშაბათი

"იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათა სასუფევლის კარია", ამ სიტყვებით იწყება ჩემი სპექტაკლი...

27 მაისი, პარასკევი

...რუსო მირეკავს, ლუკა ტირის, მამა ენატრებაო...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა" (იბეჭდება შემოკლებით)