სასაფლაო წყლისკენ მიიწევს... - კვირის პალიტრა

სასაფლაო წყლისკენ მიიწევს...

"კაცმა არ იცის, რა გაჟონავს ნიადაგიდან, რომელშიც ცხედრები იხრწნება"

"ამ წყალს ჩვენ ვსვამთ და გამოდის, თავს ვიკლავთ?"

"თბილისის ზღვის მიმდებარე ტორიტორიაზე სასაფლაოს არსებობა დაუშვებელია. იოლი შესამჩნევია, რომ მანძილი წყალსაცავებსა და საფლავებს შორის ძალიან სწრაფად მცირდება. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ირღვევა სანიტარიული  ჰიგიენის ნორმები და უზარმაზარი აუზი, საიდანაც სასმელი და სარწყავი წყლით მარაგდება თბილისის მოსახლეობა, დაბინძურების საფრთხის წინაშე დგას",- აცხადებს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე. ლაპარაკია წყალსაცავის მიმდებარედ არსებული ძველი სასაფლაოს გაგრძელებაზე. სამთო დარგში მეცნიერებათა დოქტორი რევაზ ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ ამ მონაკვეთზე სასაფლაოს არსებობა დაუშვებელია.

-ფერდობიდან როგორც გრუნტის, ისე ზედაპირული წყლები პირდაპირ წყალსაცავში ჩაედინება. იოლი წარმოსადგენია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს წყალსაცავს და ადამიანის ჯანმრთელობას. თბილისს უნიკალური წყალსაცავი აქვს, ნახევარი ქალაქი ამ აუზიდან სვამს წყალს. ფერდობზე სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ გაიჭრა ახალი საფლავები. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სასაფლაოს კონსერვაცია, შემდეგ კი გარკვეულ მანძილზე სასაფლაოსა და წყალსაცავს შორის უნდა გაითხაროს დიდი ორმო და ჩაიყაროს ცეოლიტი - ფილტრი, რომელიც წყალს დაბინძურებისგან იხსნის, ხალხს კი - მოწამვლისგან. გვამები ატარებს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა წყალში ჩადინება შესაძლოა კატასტროფის მიზეზი გახდეს. პარიზში შავმა ჭირმა ქალაქი რომ გაანახევრა, გვამები კატაკომბებში დაასაფლავეს. ნიადაგიდან ჭირი რომ არ გავრცელებულიყო. ჩერნობილში ატომური სადგური რომ აფეთქდა, საქართველომ უკრაინას ასი ათასი ტონა ცეოლიტი მიაწოდა. გაიჭრა სადგურის გარშემო ორმო, ჩაყარეს ცეოლიტი და მდინარეებსა და შავ ზღვაში რადიაცია აღარ გამოდის. ასეთი უნიკალური საბადო გვაქვს კასპთან ახლოს, ხანდაკში და მიკვირს, რატომ არავინ იბერტყავს ყურს.

"კვირის პალიტრა" გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. გვითხრეს, ამ საკითხს გავარკვევთ და შეგეხმიანებითო. სამწუხაროდ, პასუხს დღემდე ველით.

ოთარ ტყემალაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში: - კატასტროფული სიტუაციაა იმის გამო, რომ სანიტარიული ნორმები გააუქმეს. ახლა თავისუფლების მოედანზე ცემენტის ქარხანა რომ ააშენოთ, არავინ გეტყვით, გარემო ბინძურდებაო... ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, არც სანიტარიული ნორმები და არც სანიტარიული ზონები დაცული არ არის. პირველ ზონას თავისი მანძილი აქვს, მეორეს - თავისი. სანაპიროდან სასაფლაომდე ფეხით ასვლას 5 წუთიც არ სჭირდება, ასეთ მანძილზე კი კაცმა არ იცის, რა გაჟონავს ნიადაგიდან, რომელშიც ცხედრები იხრწნება. დიდი სიფრთხილეა საჭირო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისას. რა უნდა წყალსაცავთან რკინიგზას? ამ წყალს  ვსვამთ და გამოდის, თავს ვიკლავთ?

მარინა ლაშხაური, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, წყლის ჰიგიენის სპეციალისტი: - თუ წყალსაცავის გარშემო ტერიტორიები დაბინძურებულია (ცხოველს აძოვებენ, ქათმის ფერმა აქვთ, ტუალეტებია განლაგებული), წყალდიდობების დროს მოვარდნილი წყალი მიკრობებს აუზში ჩარეცხავს და შესაძლებელია, გამრავლდეს კიდეც. თუ სათანადო ფილტრაცია არ მოხდა, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს მიკრობი და სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამიტომაც კატეგორიულად დაუშვებელია წყალსაცავის ახლოს პირველ ან მეორე ზონაში სასაფლაოს არსებობა. სანიტარიული ზონა ყველა წყალსაცავისთვის ინდივიდუალურად დგინდება, მაგრამ პირველი ზოლი 500 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სასაფლაოსა და წყალსაცავს შორის მანძილი ხუთას მეტრზე მეტია, ამასთან, არსებობს ზღვრული ნიშნული, რომლის იქითაც საფლავები აღარ გაიჭრება.

- უსაფრთხოების ყველა ნორმას ვიცავთ. ამასთან, თბილისის მოსახლეობა, ძირითადად, ჟინვალჰესიდან მარაგდება და თუ ხალხს თბილისის ზღვიდან მიეწოდება წყალი, განსაკუთრებით სუფთავდება, რომ მოსალოდნელი უბედურება თავიდან ავიცილოთ. გვერწმუნეთ, მაკონტროლებელ ხაზს მიღმა საფლავები აღარ გაიჭრება. სასაფლაო აღარ გაფართოვდება.

კომპანია "ჯეორჯიან ვოთერ პოუერში" აცხადებენ, რომ წყალი სათანადოდ  მუშავდება და ისე მიეწოდება მოსახლეობას. ეს ისეთი ინფორმაციაა, რომლის სიყალბე ხელს არავის უნდა აძლევდეს(?!).

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

"სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია: ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში; ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებსაც მოსახლეობა სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით იყენებს; გ) ქალაქის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე..." - ვკითხულობთ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, თბილისის ზღვასთან მდებარე ძველი სასაფლაო წყლისკენ მიიწევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მერია არ ან ვერ აკონტროლებს ამ პროცესს, ისევე როგორც საბურთალოს სასაფლაოზე, რომელიც ისე "იპყრობს" ტერიტორიებს, რომ ზოგან უკვე საცხოვრებელი სახლების ეზოებს ემიჯნება.