გნიასი დილაბნელზე ნავთლუღის ბაზარში - კვირის პალიტრა

გნიასი დილაბნელზე ნავთლუღის ბაზარში

"საწვავს და გადასახადებს ცეცხლის ფასი დაადეს, გლეხის შრომას კი - ჩალისა"

"ხელისუფლებას თელაველებისთვის კომბაინები დროზე რომ მიეცა, სეტყვა აღარ გაუოხრებდათ მოსავალს"

თუ გამოიცნობთ, მეტროპოლიტენზე ადრე ვინ იწყებს დედაქალაქში მუშაობას? გლეხი!  დედაქალაქის მიმდებარე სოფლებიდან სწორედ ისინი ამარაგებენ და ბაზრების კართან გამთენიისას თავიანთი ნაშრომ-ნაჯაფით არიან ჩამომდგარნი. "აქ იმიტომაც ვდგავართ, რომ ჩვენი ჭირნახულის გასაყიდად ბაზარში არავინ შეგვაყოფინებს ცხვირსა. ნახე, რა გნიასია, შიგნით თუ მაინც შევაღწიეთ, მთელი დღის ნავაჭრი გადასახადებში უნდა დავუტოვოთ!" - მეუბნება მანაველი გოგია ძია.

დილაბნელზე ნავთლუღის ბაზარში მეზობელს გავყევი - მან ჩემზე უკეთ იცის, სად და როდის ნაყიდს აქვს ნამდვილი გემო და მეც წამაქეზა. მაგრამ ნანახით ისე გავოგნდი, რისთვის ვიყავი წასული, კინაღამ დამავიწყდა. მოკლედ, ჩამოდგნენ თუ არა ხილითა და ბოსტნეულით გატენილი "მარშრუტკები", ისეთი გნიასი ატყდა, ვინმე ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი, მანქანას შეშინებული მივუახლოვდი, მაგრამ ვინ მიგიშვა, - საბარგულიდან მძღოლს კალათები ხეირიანად ჩამოღებულიც არ ჰქონდა, რომ გადამყიდველების ისეთი ზედახორა შეიქნა, პატრონებმა ძლივს გამოარჩიეს თავიანთი ჭურჭელი და ბაზრის შესასვლელში  დაალაგეს. იერიში იქაც გაგრძელდა: - აბა, ძიაკაცო, როგორ ყიდი მაგ პომიდორს? - მოუთმენლად დააცქერდა პირველი კლიენტი ჭოპორტული პომიდვრით სავსე ვედროს.

- კილო ლარი! - იყო მოკლე პასუხი.

- ეეე, რა ამბავია ლარი! მე მაგ ვედროს მხოლოდ ლარს ვუგებ, ოთხმოცად მომეცი! - ულტიმატუმს უყენებს კლიენტი.

- ვინ გითხრა, რომ მე უფრო მეტს ვუგებ! რასაც გეუბნები, ისე წაიღე, თუ მიგაქ, წავალ მაინცა, სადა მაქვს აქ დგომის ნერვები!

- კარგი რა, მომეცი, შე კაცო, ოთხმოცად, - ახლა ხვეწნაზე გადადის კლიენტი.

- ვერა-მეთქი, ტყუილად გადაყრილი გამომდის! რა ვქნა, თუ ამის ფასი არ იცი, წადი და აზერბაიჯანელებისა იყიდე, წყალი რო გასდის! - ბრაზდება გლეხიც და მწარედ დაჰყურებს თავის  ნაჯაფ-ნაშრომს.

გადამყიდველიც, სხვამ რომ არ დაასწროს, სავსე ვედროს ხელს სტაცებს და მიაქვს. რა ქნას, ისიც არსებობისთვის იბრძვის, რა მისი ბრალია, რომ ამ ბრძოლის წესები იმ ხალხის შემოღებულია, რომლებმაც საწვავს და გადასახადებს ცეცხლის ფასი დაადეს, გლეხის შრომას კი - ჩალისა.

- მეც რო ჩემი პატარა შვილიშვილების არსებობითვინ ვიბრძვი? აგე, ერთი აქაც გამომეკიდა, - იზო ხუროშვილი მზით დამწვარ ბიჭს მაჩვენებს და თავის ღოღნაშოიან კალათას უმწეოდ დაჰყურებს, - თორემა ამ მოხუც დედაკაცს აქ რა ჭირი მინდა... რომ დაგვეკრიფა, მე და ბიჭი მთელი დღე ვეკიდეთ ხეებზე. ეს დალოცვილი ვედროები რო მოვამზადე წამოსაღებად და ოჯახის საქმეც მოვილიე, ღამის ორი საათი იყო უკვე... მანაველებს, კისისხეველებსა და სხვებსა "მარშრუტკა" გვყავს დაქირავებული, დილაადრიან რო ჩამოვასწროთ ქალაქში - გამთენიის ოთხ საათზე ტვირთი უკვე ჩაბარგებული უნდა გვქონდეს. ასე ჯახირით ჩამომაქ და აგე, თორმეტი კილო ხუთ ლარად გავყიდე. ამ ხუთმა ლარმა მანავიდან მგზავრობის ფული გაისტუმრა და ხელიც დავიცალე. ორ ლარსაც აქ დგომაში ვიხდი. სამი ლარიც ისევ მანავამდე ჩასვლას უნდა. ესეც ათი ლარი. სამი ვედროღა დამრჩა გასაყიდი, უკან 10 ლარს წავიღებ და ეგ იქნება. ამასაც ერთი კვირა ვიმყოფინებ, მერე ისევ ჩამოვალ. აბა, რა ჭირი ვქნა? აგრეა მოწყობილი გლეხის ცხოვრება.

- გლეხისა კი არა, ქვეყნისო, ეგრე თქვი, იზო, ეგ იქნება მართალი! - უსწორებს მეზობელი გლეხი და მწიფე მსხლით სავსე ყუთებს ცოტა განზე აჩოჩებს, ქუჩაში მომრავლებული მანქანები რომ არ დაეჯახოს, - ამ ქვეყანას მანამდე არ ეშველება, ვიდრე ეგ იქნება წესად - აქ რო იყიდი და ათი მეტრის იქით გაყიდი. ეგ არის მიზეზი, ჩვენს ნაშრომს ჩალის ფასი რომ დაედო.

ფასსაც რომ არ აგაწევინებენ, პირი აქვთ შეკრული! იმის დრო კიდევ ჩვენ არა გვაქვს, მყიდველს  ველოდოთ, უკანვე უნდა გავყვეთ ჩვენს "მარშრუტკასა". შინაც ბევრი გავერანებული საქმე გველოდება. აგე, რა ზარალი მოგვივიდა ნახევარ კახეთსა.

- თქვენც მოჰყევით სტიქიაში?

- ღმერთი ყველას ერთად არა სწირავს. ზოგი გადავრჩით, მაგრამა ახლა სტიქიაზე უარესიც გვჭირს, - ქერი და ხორბალი გვილპება მინდორში! - გამწარებული შემომჩივის ნივრის გამყიდველი და უკვე დაცლილ ვედროებს ერთმანეთში აწყობს, თან ჩემს ფოტოაპარატსაც ათვალიერებს, - შენ რომელი პარტიიდანა ხარ?

- არც ერთიდან, ქალბატონო, რატომ მეკითხებით?

- რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყო, მიაწვდინე ხმა მთავრობას, გვიშველონ დედოფლისწყაროელებს და კომბაინები მოგვცენ, -  თქვენი მიზეზით არის, ხალხს მოსავალი რომ ულპება-თქო.

- კარგად გამაგებინეთ, რას ამბობთ?

- რას ვამბობ და ქერი გვილპება, ხორბალი, კიდევ "სემიჩკა"!.. მთავრობა დაგვპირდა, ტრაქტორებს მოგაქირავებთო, მაგრამ ადგნენ და ტექნიკა ბობოლებს ჩაუგდეს ხელში. ისინი რომ მორჩებიან თავიანთ საქმესა, ქერი და ხორბალი მიწაში იქნება ჩაყრილი. რას გვერჩოდნენ, ბანკის ვალები რომ აგვაღებინეს მოსავლის დასათესად?! თელაველებსაც აგრე უქნეს. კომბაინები რომ მიეცათ დროზე, სეტყვა აღარ გაუოხრებდათ მოსავალს. ასე გადაეცი, ზევით რომ ხალხი ზის, - თუ გინდათ გლეხის გასაჭირი იცოდეთ, უბრალო ხალხს დაელაპარაკეთო, - მეუბნება იზო დეიდა და პატარა ბიჭიც თვალებგაფართოებული მიყურებს, დილაადრიან ქალაქში ჩამოსული ალბათ იმაზე ფიქრობს, ბებომ მსხალი მალე გაყიდოს, რომ შინ დაბრუნდეს. მე კი, ყველაზე მეტად ამ ბიჭის იმედი მაქვს, - ნამდვილად ვიცი, რაც ჩვენს გლეხს სჭირს, შეუძლებელია, მისი თაობის დროსაც ასე დარჩეს!