"მთავარი ვერ წაშალეს - მე ქართველი ვარ..." - კვირის პალიტრა

"მთავარი ვერ წაშალეს - მე ქართველი ვარ..."

"ჩემი მეგობარი გენა ლაკობა მეუბნებოდა: - საქმე ომამდე მიდის და იცოდე, ბრძოლის ველზე რომ შეგხვდე, მე შენ არ გესვრიო..."

ჩემს მასპინძელს თვალებში ლაზეთის ცის სილურჯე უდგას. იმ ცისა, ჰორიზონტის გამყოფი ხაზი მკრთალად რომ მიჯნავს ასეთსავე ლურჯ ზღვასთან... ახლაც კი, როცა სანაპიროს კარგა ხანია დაშორდა და თბილისში, ერთი მაღლივი კორპუსის მე-16 სართულზე გამოიკეტა, იმ ცისა და ზღვის სივრცეები თითქოს თვალებით წამოიღო, რომ საგზლადაც ჰყოფნოდა და სამზერლადაც... ჩემი მასპინძელია მოქანდაკე ნერსე ბაცაში, წარმოშობით ლაზი, სოხუმელი კაცი, რომელიც ცხოვრებამ დევნილად აქცია... მას ძველი ქართული სახელი - ნერსე ჰქვია. ამ სახელამდე გზა იყო გასავლელი, გათურქულებული გვარისა და სახელის შეცვლა ყოველთვის შეიძლება შენს ნამდვილ გვარზე და იმ სახელზე, რომელსაც შინაგანად ისედაც ატარებ და რომელიც ქართულია... ნერსე ბაცაშმა ეს გზა გაიარა, ათას წნეხსა და საცდურს დაუსხლტა, რომ ყოფილიყო ის ვინც იყო... დანარჩენს მისი ნამუშევრები ამბობენ...

დევნაში

ლაზი ვარ და ამის გამო არაერთი სირთულე შემხვდა - საბჭოთა კავშირში ლაზები არ უყვარდათ...

ვცხოვრობდით სოხუმის ახლოს, სოფელ შუბარაში... იქ დავიბადე. პატარა ვიყავი, ციმბირში და მერე ყაზახეთში რომ აღმოვჩნდი მშობლებთან ერთად. ბაბუაჩემი მემედი ნამდვილი ვაჟკაცი იყო. როგორც ჩანს, საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა მისი გამოყენება. ეს გაიგო ბაბუამ და ტყეში გავიდა. მთავრობამ მძევლად მისი ცოლ-შვილი აიყვანა. ბაბუა მივიდა თავის მდევნელებთან, - რას მერჩითო... დაავალეს, გადახვალ თურქეთში, მეჯლისის წევრებს მოელაპარაკები - ისე მოაწყონ, რომ შავი ზღვით გერმანული ფლოტი არ შემოვიდეს თურქეთშიო. ბაბუამ ეს მოახერხა, მაგრამ შინ დაბრუნებული რამდენიმე დღეში მოიშორეს - მოაკვლევინეს...

მამას ურთულესი ცხოვრება ხვდა წილად. განათლების მიღებაც კი ვერ შეძლო. განა რა საშიში იყო საბჭოთა კავშირისათვის, მაგრამ ნაციონალური საკითხის გადაწყვეტა, სტალინის აზრით, ასე უნდა მომხდარიყო: ბერძნები და ლაზები, როგორც თურქები, გადაგვასახლეს. ასიმილაციისთვის ჯერ ციმბირში, მერე კი ყაზახეთში გადაგვრეკეს. იმედი ჰქონდათ, რუსულენოვანი გავიზრდებოდით, არც ჩვენი ვინაობა გვეცოდინებოდა, არც ქართული სული გვექნებოდა... მართალია, ისე ვერ  ვლაპარაკობ ქართულად, როგორც მინდა, მაგრამ მაინც ვერ წაშალეს ჩვენში მთავარი.

სტუდენტის უარი

გადასახლებიდან დაბრუნებულებს აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურორმა ალიოშა ღვინჯილიამ ბაბუაჩემის შესახებ ჰკითხა ჩემს ძმას, - ხომ არ იცი, ამა და ამ კაცის ოჯახი სად არისო... ახლა დავბრუნდით გადასახლებიდანო, - უპასუხა წათემ... თავში წაიშინა ხელი თურმე, - მაგათი დასჯა როგორ შეიძლებოდა, მემედმა იმხელა საქმე გაუკეთა მთავრობასო...

რაც იყო, იყო... მაგრამ ამით არ დასრულდა ჩვენი დევნა. სამხატვრო აკადემიის მეორე კურსზე ვიყავი, თავზე რომ დამადგნენ: სუკ-თან თანამშრომლობა შემომთავაზეს - გადადი ლაზებთან, იმუშავე, რომ რევოლუცია მოაწყონ, სამაგიეროდ, მიგიღებთ მხატვართა კავშირში, გამოფენებს მოაწყობთ აქაც და საზღვარგარეთაცო... უარი ვუთხარი. მეც მიფიქრია ლაზეთის გათავისუფლებაზე, მაგრამ... რა სიკეთეს მოვუტანდი ჩემს ხალხს? ისედაც ცოტანი ვიყავით და მათაც ამოჟლეტდა თურქეთი.

კეთილი დესპანი

გადასახლებიდან დაბრუნებულს ქართულად ლაპარაკი მიჭირდა... საბედნიეროდ, სოხუმში ნიკოლოზ თაბუკაშვილი დამხვდა, სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. სოფელ-სოფელ ეძებდა ნიჭიერ ბავშვებს. აფხაზი მხატვრების რამდენიმე თაობა გაზარდა. ჩემი კლასელის ძმა დადიოდა მასთან ხატვაზე. ჩემი ნახატი უჩვენებია. დამიბარა. მარტო ხატვას კი არა, ყველაფერს მასწავლიდა, საქართველოს ისტორიაზე მელაპარაკებოდა, კულტურაზე მიამბობდა... რომ გაიგო, ლაზი ვარ, ჩამკეტა თავის კაბინეტში და  ლექციებს მიკითხავდა. მან გააღვიძა ჩემში ქართული სული... ნიკოლოზ თაბუკაშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზებისათვის, ქართველებისათვის, ყველა სხვა ეროვნების ბავშვებისათვის მაქსიმალური გაეკეთებინა. სტუდენტი ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მერეღა გავიგე, - თურმე ჩემ მაგივრად იხდიდა ფულს, ოღონდ კი ხატვაზე მევლო. ფასიანი იყო სამხატვრო სკოლა...

ლენინის ძეგლამდე

მას მერე, რაც კა-გე-ბეს თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი, ყველა გზა ჩამეკეტა. აფხაზეთის საგამოფენო დარბაზის იქით ჩემი არც ერთი ნამუშევარი არ გასულა, ერთი-ორჯერ საერთო გამოფენაში ვმონაწილეობდი თბილისში. ადრე ისეთი სიტუაცია იყო, მოსკოვში თუ არ გამოიფინებოდა შენი ნამუშევრები, არ მიგიღებდნენ მხატვართა კავშირში.

ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო "აფხაზეთის სიმბოლო" - მოხუცი აფხაზი. ძალიან მოეწონათ. კარგა ხანს ცდილობდნენ აფხაზეთის სიმბოლო დაედგათ სოხუმში და სასურველი კომპოზიცია ვერ გააკეთეს. გადაწყდა, ფუნიკულიორზე დაგვედგა ეს სკულპტურა. ჩამიშალეს.

1975 წელს იუნესკომ გამოაცხადა ქალთა წელი. მქონდა კომპოზიცია - ქალი ხმალს ტეხავს. ითქვა, - დავდგათ მშვიდობის გამზირზეო. დამაკავშირეს ვიქტორ ანდრეევთან, იური დოლგორუკის ძეგლის კვარცხლბეკის არქიტექტორთან. დავიწყეთ მუშაობა. ერთ დღეს საშინლად გაბრაზებული დამხვდა. მივხვდი: კომპეტენტურ ორგანოებში ესაუბრნენ. იმ პროექტზეც უარი მათქმევინეს.

რაღაც ხომ უნდა მეღონა, რომ თავი გამეტანა. გადავწყვიტე, მოსკოვისათვის ლენინის ძეგლი შემეთავაზებინა - ამაზე მაინც ვერ მეტყოდნენ უარს.

თურმე ლენინის ცენტრალურ მუზეუმს აშენებდნენ და მის წინ უნდა დაედგათ ჩემი ლენინი.. ერთ დღეს ცნობილი მოღვაწე ლარისა ტრახსელი სპეციალურად მეწვია მოსკოვიდან: - იცი, სად უნდათ შენი ლენინის ძეგლი დადგანო? - მაცხოვრის ტაძრის ადგილზეო. როგორც დანა დაგარტყან გულში, ისე დამემართა... ცივად ვთქვი უარი იმ ძეგლის დადგმაზე და ახლა ბედის მადლობელი ვარ, რომ ამ საშინელებასაც ავერიდე.

მე ლაზი ვარ...

მე  საქართველოს იმ კუთხიდან ვარ, რომელმაც უმძიმესი დროება გადაიარა. პირველად რომ ლაზეთის საზღვართან მივედი, ცრემლი მახრჩობდა. ვნახე მთაში შეფენილი სოფლები, სადაც მოხუცები და ქალებიღა ცხოვრობენ. ზღვასა და მთის ფერდობებზე მოყვანილი სარჩო არ ჰყოფნიდათ, ამიტომ   ლაზი კაცები საშოვარზე მიდიოდნენ. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ლაზური ფულუკები ყველა მდინარის სათავემდე ადიოდა თურმე... კოლუმბის ეკიპაჟშიც კი მოხვდნენ ლაზები... შემდეგ მათ შემოიტანეს სიმინდი, კარტოფილი და პომიდორი საქართველოში... სიმინდს თურქები დღესაც "ლაზ ოთუს", ანუ ლაზთა ბალახს ეძახიან...

მე ლაზი ვარ... მე სოხუმელიც ვარ... ბაბუაჩემი 9 წლისა დაობლდა, დიდმა პაპამ ჩაიყვანა აფხაზეთში - იზრდებოდა ავიძბების ოჯახში. აფხაზებთან მეგობრობა და სიყვარული, ძუძუმტეობა გვაკავშირებდა... ჩემი მეგობარი და კოლეგა გენა ლაკობა მეუბნებოდა: - საქმე ომამდე მიდის და იცოდე, ბრძოლის ველზე რომ შეგხვდე, მე შენ არ გესვრიო...

მე ქართველი ვარ, და რაც უნდა ძნელი იყოს, არ მომბეზრდება გასაჭირის გაზიარება, რომელიც სამშობლოს ადგას...