"დააყადაღე პროკურატურა" - კიდევ ერთი აქცია "დაპატიმრებული" თეფშების გასათავისუფლებლად - კვირის პალიტრა

"დააყადაღე პროკურატურა" - კიდევ ერთი აქცია "დაპატიმრებული" თეფშების გასათავისუფლებლად

მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელეკომპანია "მაესტროს" დაყადაღებული თეფშების გათავისუფლების მოთხოვნით ამჯერად  მთავარი პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ. "მაესტროს" მხარდამჭერ აქციას სიმბოლურად ასე უწოდეს - "დააყადაღე პროკურატურა". აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან სიმბოლურად კარი მიიტანეს წარწერით "დაყადაღებულია". მანამდე "მაესტროს" სოლიდარობის აქცია რამდენჯერმე გაიმართა პარლამენტის შენობასთან. ერთ-ერთი აქციის დროს მხარდამჭერებმა ხელმოწერებით აღბეჭდილი სატელიტური თეფში პრეზიდენტს გაუგზავნეს.

ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი: "მიგვაჩნია, რომ დასაყადაღებელი პროკურატურა და იუსტიციის სამინისტროა, რადგან მათ ჩაიდინეს დანაშაული მედიის წინააღმდეგ, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თეფში განკუთვნილია რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც სჭირდება მრავალფეროვანი ინფორმაცია. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა კი იმის მაგივრად, რომ ხელს უწყობდნენ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, ცდილობენ, საზოგადოებას ინფორმაციის სხვადასხვა საშუალება შეუზღუდონ.

უნდა შეწყდეს ის უკანონობა, რომელიც ხელისუფლებამ "მაესტროს" წინააღმდეგ ჩაიდინა. ჩვენი მიზანია, ამ ფორმით გამოვტაცოთ ხელისუფლებას "მაესტროს" კუთვნილი ქონება. აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სამართლიანობა არ აღსრულდება".

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი: "ის ადამიანი, ვინც იბრძვის, დაუმარცხებელია. ბრძოლის შეწყვეტა არ შეიძლება არც ერთი წამით. მით უფრო მაშინ, როცა მოსახლეობა ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას ელის. მინდა, მადლობა გადავუხადო  ყველა იმ მედიასაშუალებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც გვერდში უდგას "მაესტროს", თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ზოგადად მედიის პრობლემაა... აქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. ადრე თუ გვიან, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ".