ამერიკული ბოჰემის "ავტორი" - კვირის პალიტრა

ამერიკული ბოჰემის "ავტორი"

ჰემინგუეი და ფიცჯერალდი - მეგობრები და ამავდროულად, მეტოქეები

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "დაკარგული თაობის" კიდევ ერთი მწერალი "კვირის პალიტრის" პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ისე, კარგად დაემთხვა - აგვისტო შვებულებების პერიოდია და ჰამაკში წამოწოლილი, ან საღამოობით სოფლის სახლისა თუ აგარაკის აივანზე სავარძელში მჯდომი, ფიცჯერალდის "ნაზია ღამეზე" უკეთესს რას ინატრებს კაცი...

ეს ისე, ხუმრობად მიიღეთ. თუმცა, ყოველ ხუმრობაში ნახევარი თუ არა, ნახევრის ნახევარი მაინც ხომ არის სიმართლე და ამიტომ გამორთეთ ტელევიზორები (სეზონი მაინც დამთავრდა და ძველ გადაცემებს იმეორებენ) და ამ რომანს ზოგი - კიდევ ერთხელ, ზოგი კი პირველად "ჩაუჯექით".

სხვათა შორის, ფიცჯერალდის ნაწარმოებთაგან, როგორც კრიტიკოსთა, ასევე ინგლისურენოვანი მკითხველის აღიარებით, საუკეთესო არა "ნაზია ღამე", არამედ "დიდი გეტსბი" გახლავთ და არ ვიცი, რატომ, მაგრამ  მკითხველთა გამოკითხვაში მაინც ეს რომანი მოხვდა. ალბათ, "ტრადიციის"  გამოც არის - "ნაზია ღამე" ქართულად რამდენჯერმეა გამოცემული, საქართველოს (საბჭოთა საქართველოს) კინოეკრანებზე მისი ეკრანიზაციაც დიდი ანშლაგით გადიოდა და, რაც მთავარია, ეს კარგი რომანია, მწერლის მიერ მართლაც განცდილი და საკუთარ ტყავზე გადატანილი შეცდომებითა და იმედგაცრუებით, სიყვარულითა და ღალატით სავსე სიუჟეტით.

ვინც ფიცჯერალდის ბიოგრაფიას იცნობს, დამეთანხმება, რომ "ნაზია ღამე" მართლაც ერთადერთია მის რომანებს შორის, რომელიც ძალიან ჰგავს ავტობიოგრაფიულს და ძალიან, ძალიან განსხვავდება წარმატებული, მდიდარი, ამ სიმდიდრისგან ცოტა არ იყოს კი არა, ზედმეტად გაამპარტავნებული მწერლის ნაწარმოებებისაგან.

არადა, ამ რომანის გამოქვეყნებამდე სწორედ ასეთი იყო - ერთ დროს თვითონ ვერ იტანდა ფუქსავატ მდიდრებს, მერე კი ისეთ ექსტრავაგანტურ რაღაცებში ხარჯავდა ფულს (თუმცა კი, საკუთარი შრომით ნაშოვნს), რომ ახლობელთა აღშფოთებაც ხშირად დაუმსახურებია.

ექსტრავაგანტურები კი ნამდვილად იყვნენ - თვითონაც და თავისი ცოლიც: ხან მანჰეტენზე მიმავალი ტაქსის სახურავზე ცეკვავდნენ, ხან სპექტაკლზე გამოცხადდებოდნენ... შიშვლები, ხან კი მეგობრის ქორწილში სამგლოვიარო არშიითა და წარწერით მორთული გვირგვინი მიჰქონდათ საჩუქრად... მასზე უთქვამთ: სანამ ფიცჯერალდი გამოჩნდებოდა, ამერიკაში ნამდვილი ბოჰემა არც იყოო! და ის ამით ამაყობდა.

თუმცა, მოდი, თავიდან დავიწყოთ და ცოტას მაინც მოვყვეთ ფიცჯერალდის ბობოქარი და ხანმოკლე ცხოვრებიდან: 1896 წელს დაიბადა მინესოტის შტატის პატარა ქალაქ სენტ-პოლში. მამამისი ძველი ირლანდიური გვარის ჩამომავალი იყო (ისევე, როგორც დედა) და ავეჯით ვაჭრობდა, თუმცა გაკოტრდა და ოჯახი მისი პაპის - დედის მამის სარჩენი გახდა. მოხუცი მაკკუილანი რამდენიმე საბაყლო დუქნისა და საბითუმო საწყობის მფლობელი იყო და იმის მიუხედავად, რომ სულაც არ ეხატებოდა გულზე გაკოტრებული სიძე, ნანატრი შვილიშვილის ხათრით (მანამადე ორი ბავშვი მოუკვდათ) არაფერი გაუჭირვა ქალიშვილის ოჯახს: ბიჭი ჯერ სენტ-პოლის საუკეთესო სკოლაში შეიყვანეს, შემდეგ კი პრინსტონის უნივერსიტეტშიც გადაუხადეს სწავლის ფული. მაგრამ უნივერსიტეტი აღარ დაამთავრა - ბავშვობიდანვე "უცნაურმა", დაჰკრა ფეხი და მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წელი იდგა.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მოუხდა - გენერლის ადიუტანტობა ერგო და ერთ წელიწადში დაბრუნდა შინ მტკიცე გადაწყვეტილებით - მწერალი გამხდარიყო. მით უმეტეს, რომ ეს "ხელობა" მთლად უცხო არ იყო მისთვის: ჯერ კიდევ სენტ-პოლში მოწაფეობისას გამოაქვეყნა "რაიმონდ მორტჰაჯის საიდუმლო" ჟურნალში Now ant Then. მაშინ მხოლოდ 13 წლისა იყო.

სამწუხაროდ, სერიოზულ მწერლობაში დებიუტი ასეთივე წარმატებული არ გამოდგა: "რომანტიკული ეგოისტი" გამომცემლობამ უკან დაუბრუნა. ეს მისთვის ორმაგად სამწუხარო იყო: წიგნი წიგნად და ამან მისი ნიშნობაც ჩაშალა - ზელდა სეირი ალაბამის შტატის მოსამართლის ქალიშვილი იყო, მდიდარი და ამპარტავანი. შეუმდგარი მწერალი კი მის ოჯახს სიძედ არ სჭირდებოდა.

მაგრამ გული არ გაიტეხა და გადამუშავებული და სათაურშეცვლილი ეს ნაწარმოები შემდგომ, 1920 წელს, უკვე ბესტსელერად იქცა - "სამოთხის აქეთა მხარეს" მთელი ამერიკა კითხულობდა. დიდება და პირადი ბედნიერება ერთად მოვიდა: ამერიკამ ახალი მწერალი მიიღო, ხოლო გოროზი მოსამართლის ოჯახმა - ახალი სიძე.

ქორწინებისთანავე დაიწყო მათი ბოჰემური და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, რომელსაც ხშირად არცთუ უსაფუძვლო ეჭვით გამოწვეული სკანდალები წამლავდა...

ყველაფერთან ერთად ფიცჯერალდი მუშაობდა - მუშაობდა ბევრს და კარგად: რამდენიმე რომანი და მოდური ჟურნალების საავტორო სვეტები იმხელა შემოსავლით უზრუნველყოფდა, რომ 1924 წელს ევროპული ტურნეც მოიწყო, სადაც გერტრუდა შტაინი, ჯეიმს ჯოისი და რაც მთავარია - ერნესტ ჰემინგუეი გაიცნო. მთავარიაო, იმიტომ ვამბობთ, რომ მისი და ჰემინგუეის ურთიერთობის, მეგობრობისა და ამავდროულად, მეტოქეობის შესახებ შემდეგ წიგნები დაიწერა...

დანარჩენი კი... დანარჩენი შეგიძლიათ ამ რომანში წაიკითხოთ: ფსიქიატრის მაგივრად მწერალი იგულისხმეთ (ისიც ხომ ადამიანთა სულებს "მკურნალობს"), ამპარტავანი და მდიდარი ცოლი, რომელიც მთავარმა გმირმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაიცნო და უმკურნალა (ოღონდ ცხოვრებაში პირიქით მოხდა - ზელდამ სიგიჟით კი არ დაიწყო, დაამთავრა), უცებ გამოჩენილი "ზედმეტი მესამე", სასმელში ჩამხრჩვალი დარდი და ძალიან კარგი ადამიანის აუხსნელი დაცემა ფსკერზე...

მხოლოდ 44 წლისა იყო, როდესაც გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ამ დროს ზელდა უკვე ფსიქიატრიული კლინიკის განუკურნებელი პაციენტი იყო - მანაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე - საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

ზელდა და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდები - ცოლ-ქმარი, რომელმაც ყველაფერს დაამჩნია თავისი კვალი, რასაც შეეხო...

გენიოსი იყო ჯეიმს ჯოისი: პარიზში გაცნობის შემდეგ უთქვამს: "ეს ახალგაზრდა გიჟი უნდა იყოს - მეშინია, რომ ის საკუთარ თავს დიდ ტკივილს მიაყენებს..."