"გამაგებინეთ, რა დააშავა თბილისმა ასეთი?" - კვირის პალიტრა

"გამაგებინეთ, რა დააშავა თბილისმა ასეთი?"

"ვერ წარმომიდგენია, ფუქსასს ასეთი კანალიზაციის მილი დაედგა"

ვინ არის ეკა ზუ და რა კავშირი აქვს მიკელე I-ს მიკელე II-სთან

"გიგა ბათიაშვილი: "რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ?"

ერთ დღეს ბარათაშვილის ხიდთან რომ ჩავიარე და იქ მშენებარე "დინოზავრების ჩონჩხს" მოვკარი თვალი, სიბრალულის განცდა დამეუფლა, მაგრამ ვერ გავარკვიე, ვინ უფრო მებრალებოდა, საკუთარი თავი თუ ჩვენი თბილისი. იმ დღეს, როცა რიყეზე წამოჭიმულ უზარმაზარ კონსტრუქციას შევავლე თვალი, ცივი, განდიდების მანიით შეპყრობილი გარემო აღიმართა ჩემ თვალწინ, რომელსაც საერთო აღარაფერი ჰქონდა იმ თბილისთან, რომელიც მიყვარს. შესაძლოა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციები უფრო თანამედროვე, "რკინისებურ" აზროვნებას მოითხოვს და ამიტომ პროფესიონალებს მივმართე...

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: "ის, რასაც ძველ თბილისში სჩადის ჩვენი ხელისუფლება, დანაშაული და საცოდაობაა. ჯერ ამ შუშის ხიდმა შეჭამა, მასშტაბი დაუნგრია ისტორიულ თბილისს, ახლა კი სულ დააქციეს თბილისის ისტორიული არათუ გარემო, მეხსიერებაც კი. შუშის ნაგებობები წინააღმდეგობაშია არქიტექტურულ ღირებულებებთან. როდესაც "კვირის პალიტრაში" პირველად საკონცერტო დარბაზის ესკიზი ვნახე, აღვშფოთდი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს რაში გადაიზრდებოდა.

რამდენიმე დღის წინ აეროპორტში მივდიოდი. მუხრანის ხიდზე რომ გადავედი,  გულზე შემომეყარა, - საშინელი, უზარმაზარი რკინის კონსტრუქცია წამოუმართავთ  ბარათაშვილის აღმართზე, თითქმის უსწორდება პრეზიდენტის რეზიდენციის ქვედა ნაწილს.

სად წავიდა დარეჯანის სასახლე, ანუ საჩინო, პოეზიის ერთ-ერთი ულამაზესი ბუდე? სად წავიდა მეტეხის ეკლესია გორგასლიანად, სად წავიდა თაბორის მთაზე ეკლესია, სიონის ტაძარი? ყველაფერი ამ რკინის მილმა ჩაყლაპა.

ძველი თბილისის უმშვენიერესი ხედი უაზრო მილად იქცა... ამ კონსტრუქციის აშენება რიყეზე დანაშაულია. ეს ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა, ქართველობა და თბილისელობა მნიშვნელოვნად მიაჩნია, სულში ჩააფურთხეს! გამაგებინეთ, რა დააშავა თბილისმა ასეთი?

გაიძახიან, გვირაბი ავაშენეთო და ამაყობენ. გვირაბს ჭრიან მთაში, კლდეში, აშენებენ წყალში. რა უნდოდა რიყეზე გვირაბს, მაშინ როცა მანქანა გამოდიოდა თუ არა ორთაჭალიდან, ფანტასტიკური პანორამა იშლებოდა სიონზე, ნარიყალაზე, მამადავითზე. ახლა აღარ არსებობს ეს ბრწყინვალე პანორამა. რიყის ტერიტორია მთელი ხუთი მეტრით ასწიეს ზევით, რომ გვირაბი გამოეტარებინათ. ამ პლატფორმაზე დასვეს ეს გულივერის ბოტები და პრაქტიკულად ეს ზონა მთლიანად წაიშალა ჩვენი მეხსიერებიდანაც. Aრატომ, რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ? ხშირად მეუბნებიან, რომ ასეთი დანაშაულებრივი დამოკიდებულება თბილისთან, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ და იდეურ შეუთავსებლობასთან, რაც ჩვენს პოლიტელიტას თავიდანვე გაუჩნდა თბილისელებთანო.

არქიტექტურაში აქსიომაა - ადგილმდებარეობა გკარნახობს ასაგები ობიექტის ფორმასა და შინაარსს, თავად არქიტექტურა კი ეროვნული ფილოსოფიის შედეგია, დიახ, ფილოსოფიაა, იდეოლოგია... ქმნის გარემოს, რომელიც იმ ადამიანთა ფსიქიკასაც აყალიბებს, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრობენ. ამიტომ გასათვალისწინებელია იმ პროფესიონალების აზრი, ვინც შემოქმედია და არა მომხმარებელი. შემოქმედი ქმნის ეპოქას, რაც არ ძალუძს მომხმარებელს.

რას სჩადიან პუშკინის ქუჩაზე? იციან კი როგორია პუშკინის ქუჩის განაშენიანების ისტორია? მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის შემდეგ ცხოვრება დამშვიდდა, ქალაქმა ზრდა დაიწყო და გადმოალაჯა გალავნის კედელს. ხალხმა კი არ დაანგრია გალავანი, არამედ გამოიყენა, - კედლებზე აივნები დაკიდა, მერე ოთახები მიაშენა და საუცხოო სურათი მივიღეთ. დაახლოებით ისეთი, ზარბაზანზე რომ ჩიტმა ბუდე გაიკეთოს. იმაზე უკეთეს პანორამას, როგორიც ბარათაშვილის ქუჩაა, მსოფლიოში ვერსად ნახავთ. მას თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ამ თემის შენარჩუნება გვინდოდა პუშკინის ქუჩისათვის. როცა ყავლაშვილმა თავის პროექტზე უარი თქვა, ძველი თბილისის ხათრით მაშინ მოვასწარით სპეციალური ნიშნების დაყენება. პუშკინის ქუჩაზე ეს გალავანი გრძელდება. ვიცოდით, როგორ გადის კედელი. ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს ჰქონდა რუკაზე დატანილი გალავნის ნარჩენები. მაშინ დაგვებადა აზრი, რომ  გალავანი ზემოთ კი არ ამოგვეყვანა, არამედ მიწისქვეშა ქუჩა გაკეთებულიყო გალავნით, სარდაფებით, რესტორნებითა და კაფეებით. საოცარი მიწისქვეშა ქალაქი გვექნებოდა. ახლა კი სულ ბულდოზერით გადაუარეს ყველაფერს, ყოველგვარი ანალიზისა და გეგმის გარეშე დაიწყეს ნგრევა. ასეთი ვოლუნტარისტული დამოკიდებულების გამოა, რომ უგემოვნობა დამკვიდრდა. აღარაფერში იგრძნობა ჰარმონია. ქართული არქიტექტურა დაემსგავსა ორკესტრს, რომელსაც პარტიტურა არ გააჩნია!

- ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გვირაბი ცნობილ არქიტექტორს, ფუქსასს ეკუთვნის.

- თქვეს, რომ ამ ნაგებობის დამპროექტებელი არქიტექტორი ფუქსასია. მას ვიცნობ, ჩვენ ერთი აკადემიის წევრები ვართ. ვერ წარმომიდგენია, ფუქსასს ასეთი კანალიზაციის მილი დაედგა. საქმე ის არის, რომ აქ გამოყენებულია მხოლოდ ფუქსასის ლოგო და ამ ნაგებობას საერთო არაფერი აქვს ფუქსასის პროექტთან. ამ ეგრეთ წოდებული ფუქსასის კონსტრუქციამ დე ლუკის აშენებული "საამაყო" ხიდიც კი "გადაყლაპა".

სხვათა შორის, პოპულარულ იტალიურ ჟურნალ ,,ლ,ესპრესოში" გამოქვეყნდა წერილი სათაურით ,,საქართველოს მიკელე  II", რომელიც სწორედ არქიტექტორ დე ლუკისა და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობას ეხებოდა. წერილის ავტორი ენრიკო აროზიო მიკელე-II-ს უწოდებს მილანელ დიზაინერსა და არქიტექტორს მიკელე დე ლუკის. სტატიაში იუმორით და დიდი კოლორიტითაა აღწერილი, როგორ გახდა მიკელეII (დე ლუკი) საქართველოს მიკელე I-ის (მიხეილ სააკაშვილის) არქიტექტორი და როგორ განახორციელა ორმა მიკელემ გრანდიოზული არქიტექტორული პროექტები პატარა და ღარიბ საქართველოში, სადაც შემოსავალი ერთ სულზე 7-ჯერ ნაკლებია იტალიასთან შედარებით. წერილში მოყვანილია მიკელე II-ის სიტყვები, რომ მიკელე I გადაწყვეტილებებს "ერთ წამში იღებს".

საქართველოს მოქალაქეებმა, ალბათ, არც იციან, რაოდენ უკანონოა მიკელე I-ის ერთ წამში მიღებული ეს გადაწყვეტილებები, საქართველოს ღატაკ მოსახლეობას ასობით მილიონი დოლარი რომ დაუჯდა. მაგრამ ეს ფაქტი, როგორც ამ წერილში ჩანს, ვშიშობ, ნაკლებად ადარდებს მიკელე II-ს, რომლისთვისაც, როგორც ავტორი წერილში მიუთითებს, საქართველო მხოლოდ ლაქაა რუკაზე. თუმცა მიკელე II-ზე მიკელე I-მა თქვა, რომ ის სწორედ საქართველოში ჩამოყალიბდა არქიტექტორად და უმაღლესი ჯილდოც გადასცა. ჯილდო ყველამ დავინახეთ, მაგრამ მიკელე II-ს მიერ საქართველოში მიღებულ ჰონორარებზე არაფერი ვიცით. ისე, ჰონორარებზე ლეგენდებს ჰყვებიან, ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება კი შეუძლებელია. წერილში ავტორი ჰყვება, რა დაატრიალა ამ უღარიბეს ქვეყანაში, ანუ საქართველოში, მიკელე II-მ მიკელე I-თან სიახლოვის წყალობით და დასძენს: "მაგრამ ნამდვილი შუამავალი ორ მიკელეს შორის არის ვანო მერაბიშვილის მომხიბვლელი და ნებისყოფიანი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელსაც ეკა ზუს ეძახიან. ის შესანიშნავად ლაპარაკობს ინგლისურად, უყვარს შოპინგი მილანში და შედის პრეზიდენტის უახლოეს წრეში, სადაც ქალბატონებს დიდი მნიშვნელობა აქვთ".

ცოტა ხნის წინ გამოსცეს წიგნი (თუმცა, არ აწერია, ვინ), სადაც მიგრეხილ-მოგრეხილი შენობებია შეტანილი. გადავათვალიერე და რა ვნახე? ეს ჩემი ნაწვალები შენობა (პრეზიდენტის  რეზიდენცია) - მიკელე დე ლუკიზე არ არის მიწერილი? როდესაც პირველად დე ლუკი გამოჩნდა ეკრანზე და ის წარმოადგინეს როგორც ამ შენობის ავტორი, აღვშფოთდი. ეს შენობა გაცილებით ადრე მქონდა დაპროექტებული, ვიდრე ბატონი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა. ეს ნაგებობა ჩაფიქრებული მქონდა როგორც საქართველოს სახლი და მას შემდეგ, რაც ბატონმა მიხეილმა ჩემს სახელოსნოში ეს პროექტი ნახა, მისი სასახლედ გადაქცევა მოიწადინა. მაშინ მასში ცვლილებები შევიტანე, - შენობას გუმბათი დავადგი.

მოკლედ, ამ კაცის გვარი და სახელი რომ გამოაცხადეს, გამიკვირდა. საავტორო უფლებაც მაქვს, პროექტი ჩემია და მშენებლობასაც მე ვხელმძღვანელობდი, ვიდრე არ შემიწყვიტეს საშვის მოქმედება. ჩანს, არ მოეწონათ, რომ არ დავიწყე ყვირილი, გაუმარჯოს ამ პარტიულ იდეოლოგიას-მეთქი. საშვის მოქმედება კი შემიწყვიტეს, მაგრამ თურმე ჯერ სად ვიყავი. პრეტენზია ნაკლებად მაქვს დამკვეთთან. მანამდეც და მას შემდეგაც იმდენი უტაქტობა და უმსგავსობა ჩაიდინა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, მისგან საკვირველი არაფერია, მაგრამ არსებობს არქიტექტორებში პროფესიული ეთიკა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

როგორ იკადრა დე ლუკიმ სხვისი პროექტის მითვისება? არ არსებობს ასეთი პრეცედენტი მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში.

არქიტექტორებში ძალიან ძლიერია სუბორდინაცია. ჰგონია, ეს ამბავი ასე ჩაივლის? არა, ბატონო, არ ჩაივლის! მე უკვე მივწერე  ლუის კოქსს, არქიტექტორთა მსოფლიო კავშირის თავმჯდომარეს. მსოფლიო არქიტექტორთა შეკრებაზე სიტყვითაც გამოვალ და მთელ ქვეყანას გავაგებინებ ამ ამბავს!

"პოლიცია სუპერმარკეტებივით გამჭვირვალე უნდა იყოს, - განაცხადა სააკაშვილმა და დედაქალაქში შუშის პოლიციის განყოფილებები ააშენეს! მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ რეკონსტრუქციის ციებ-ცხელებას უბედურებაც მოაქვს. დეკემბერში სააკაშვილის გეგმას, რეგიონში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის ადგილზე პარლამენტის ნაგებობა აეშენებინა, დავა მოჰყვა. მან მემორიალის აფეთქების თარიღი ორი დღით ადრე გადმოსწია, რათა ოპოზიციის მანიფესტაციებისთვის დაესწრო. მემორიალის ნაჩქარევად აფეთქებას ქალის და მისი შვილის დაღუპვა მოჰყვა.

პრეზიდენტი სატელევიზიო სადილებს აწყობს მოსახლეობასთან. გურიაში ამ ზამთარს, მისი მასპინძლები სინამდვილეში ადგილობრივი თეატრის მსახიობები იყვნენ!

დაუღალავი პრეზიდენტი თვალისმომჭრელი ნათურებით აბრჭყვიალებს ყველა ფასადს, მაგრამ მის ქვეყანასა და დანგრეულ ინფრასტრუქტურას მისი დევნა არ ძალუძს. ორატორულმა ტალანტმა ის ხელისუფლებაში მიიყვანა, მაგრამ თავისი იმპროვიზებული სტილი დასავლეთის ნდობის დაკარგვად დაუჯდა. საქართველოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ მასკარადის გამო აყვირდა, მაგრამ მასავით მოდერნიზაციის იდეას ამოფარებული მეორე ნაწილი ამ სიყალბეს არ იმჩნევს", - აი, რას წერდა ორიოდე წლის წინ ცნობილი ფრანგი პუბლიცისტი ნიკოლა ლანდრუ.