ომის დარაჯები - კვირის პალიტრა

ომის დარაჯები

ექსკლუზიური რეპორტაჟი ფრონტისპირა სოფლებიდან

ჩვენ წინ, ასიოდე მეტრში, ცხინვალია. ერგნეთის უკანასკნელი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან ქალაქი ხელის გაწვდენაზეა. პოსტამდე მანქანით მისვლა უსაფრთხო არ ჩანს, რადგან ათიოდე მეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან. ქართულ ბლოკ-პოსტს ფეხით ვუახლოვდებით. ჩვენსა და ცხინვალს შორის მხოლოდ ხეხილის მიტოვებული ბაღია. გარკვევით ვხედავთ ქალაქს, სადაც ომის კვალი ისევე საგულდაგულოდ წაუშლიათ საცხოვრებელ კორპუსებსა და მწვანეში ჩაფლულ პატარა სახლებზე, როგორც გორში. ომი, რომელმაც ოთხი წლის წინ რუსულ-ქართული ბომბდამშენებით ნაცარტუტად აქცია ყველაფერი ცხინვალიდან გორამდე, მხარეებმა მხოლოდ დიდი ქალაქებიდან მიაფარეს თვალს, - საზღვრისპირა ქართულ სოფლებში კი ის თავს ძველებურად შეგახსენებთ. ბლოკპოსტზე მდგომებს, თავზე დაგვყურებს წვერიახოს მთაზე გაშენებული რუსული სამხედრო ბაზა.

სამხედრო ბაზებს აშენებენ დიდი ლიახვის ხეობაშიც, უზარმაზარი ბაზა დააშენეს თავზე სოფელ მეჯვრისხევსაც. ერედვი, უბრალოდ, აღარ არსებობს. ავნევი, ნული, ნიქოზი, ერგნეთი ისევ დგანან და საქართველოს ფაქტობრივ შემადგენლობაშიც შედიან, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგვანან სოფლებს, სადაც მიწას ნაყოფი ეტყობა და ეზოებიდან ქალების ფუსფუსი, ბავშვების ჟრიამული ან საქონლის ბღავილი ისმის. ერგნეთში მკვდარი ზონა დაგვხვდა, ზუსტად ისეთივე დაძაბული სიჩუმით, ღობეებს ამოფარებული მოხუცების შეშინებული სახეებითა და რამდენიმე მეტრში მოფრიალე ოსურ-რუსული დროშებით, როგორიც 2008 წლის აგვისტოში დავტოვეთ.

გორს იქით, ერთი ბეწო, სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაშლილ მიწაზეც კარგად ჩანს ქართული სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი სახე. გორს, რომელიც ომის შემდეგ სწრაფად აღადგინეს და სწრაფადვე დაამსგავსეს "სიყვარულისა და მშვიდობის" სხვა საჩვენებელ ქალაქებს, თითქოს სხვა ხელისუფლება მართავს, მისგან ოციოდე კილომეტრით დაშორებულ ერგნეთსა და ნიქოზს კი - სხვა. Gგორსა და მასთან ახლომდებარე სოფლებს, როგორც სააკაშვილის პირად, პატარა ფენიქსებს, ხშირად იყენებენ პრეზიდენტის აღმშენებლობის არგუმენტად. შიდაპოლიტიკური ბრძოლის ავანსცენაც გორშია მოწყობილი. კარალეთიც აქვეა, ქვების მსროლელების მხარდასაჭერად შორ მანძილზე წასვლა არც პოლიტიკურ ლიდერებს სჭირდებათ და არც ტელევიზიებს. ერგნეთს კი, მეოთხე წელია, არავინ გაჰკარებია.

პირველივე ბლოკპოსტის გამოჩენა მეღვრისკარის გადასახვევთან, რომლის იქით ერგნეთი უნდა დაიწყოს, თავიდანვე გვძაბავს. აქ ვრწმუნდებით, რომ ხელშესახები სამშობლო თბილისიდან რამდენიმე კილომეტრზე მთავრდება. პოსტზე ხუთიოდე წუთით გვაჩერებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ტელეფონით ითხოვენ სასაზღვრო ზონაში, ერგნეთში, ჩვენი შეშვების ნებართვას. სანამ სამინისტროსგან პასუხი იქნება, ჯარისკაცები პოსტიდან მოშორებით დანგრეული ერედვის ნარჩენებს გვანახებენ, სოფლიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი, - გვიხსნიან, - მის გასწვრივ კი თეთრი შენობები რომ მოჩანს, რუსების ახალი სამხედრო ბაზაა. პოსტზევე ვიგებთ, რომ ამის შემდეგ მთელ ტერიტორიაზე მათი ბაზებიდან ყველაფერი კონტროლდება.

ერგნეთი ერთ დროს,  ყველაზე ხალხმრავალი და ეკონომიკურად ძლიერი სოფელი იყო. ცნობილი ბაზრობა, რომელიც დღეს სოფლის იმ ნაწილშია დარჩენილი, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, დასაქმების, შემოსავლის, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პრობლემას წყვეტდა. გლეხებს ბაზრობაზე სავაჭრო ადგილები იჯარით ჰქონდათ აღებული, მათი ყოველდღიური შემოსავალი დღეში 700-800 მანეთს აღწევდა. თითო კომლს ხუთი-ექვსი სული საქონელი ჰყავდა. მერე ეს საქონელი, ოსებმა აქედან რომ გადარეკეს, ცხინვალის სპორტული მოედნიდან ბღაოდა დიდხანს, იქიდან, სადაც ქართულ ნაძარცვს მოუყარეს თავი, - ამას ერგნეთის შესასვლელთან თავმოყრილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გვიყვებიან, რომელთაც იმ წლებისგან განსხვავებით, როცა მგზავრს ვერ ტევდნენ გორიდან ერგნეთში მომავალ მიკროავტობუსებში, დღეს თითქმის ცარიელი მანქანებით უხდებათ რეისის შესრულება.

სოფლის მთავარი გზა ცხინვალისკენ მიდის. ერგნეთის შესასვლელში აქა-იქ მაინც იგრძნობა სიცოცხლის ნიშნები. ეზოებიდან, რომლებშიც კვამლისგან გაშავებული კედლები დგას ძველი სახლების ადგილას, მოვლილი და მსხმოიარე ხეხილი და ახლად ჩამდგარი პატარა კოტეჯები მოჩანს, აქვეა სკოლა, ახალი რემონტით, ორმოციოდე ბავშვითა და სახელმწიფო დროშით, რაც ხელისუფლებისთვის იმის არგუმენტია, რომ ერგნეთი მის მიერ კონტროლირებული, აღდგენილი და მოვლილია. სოფლის ეს მონაკვეთი სრულიად საკმარისია სატელევიზიო კადრებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ გვიჩვენებენ პარალელური სინამდვილის, ანაკლიის “აყვავებული” საზღვრის გვერდით. ოთხი წლის წინ ომმა სოფელი ორად გაყო. წითელი მიწები, სადაც ადრე ქართველების ბაზა იყო, ცნობილი ბაზარი, სოფლის სახნავ-სათესი და საძოვრები ოსებისკენ დარჩა. ერგნეთელები ხელფეხშეკრულები აღმოჩნდნენ - არსებობის ყველა გზა გადაეკეტათ: აღარც ბაზარი, აღარც ხილის მოსავალი, აღარც საძოვარი, რომლის იმედად საქონელი მაინც შეგიძლია იყოლიო, რომ სოფლიდან არ აიყარო.

სოფლის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში გზაზე კაცის ჭაჭანება აღარ ჩანს. - არის აქ ვინმე? - უიმედოდ შევძახით ჭიშკრებგამოკეტილ სახლებს. არც ერთი სახლიდან პასუხს არ გვცემენ. სოფელში ძაღლიც კი არ ყეფს. ხომ ცნობილია, რომ ძაღლი დიდხანს არ რჩება უპატრონო სახლში. მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცის სილუეტს ვხედავთ მზეზე გაწოლილი გზის დასასრულს, უკანასკნელ ქართულ ბლოკპოსტზე, რომელსაც რამდენიმე წუთში მივუახლოვდებით და ხელის გაწვდენაზე აღმართულ ცხინვალს დავინახავთ. რამდენჯერმე ჩაიარეს ევროკავშირის ემბლემებით მანქანებმაც.

აქ, ერგნეთში, თამამად შეიძლება გააკეთო დასკვნა, რომ ტყვიავსა და კარალეთს იქით, ანუ გორის უშუალო საზღვრიდან, საქართველო, როგორც ქვეყანა, აღარ არსებობს. აღარ არის კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია. არც იმის ნიშნები ჩანს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა რამეს აკეთებს 30 კილომეტრზე ჯერ კიდევ ფაქტობრივად კონტროლირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად.

აქ ხვდები, როგორი აბსურდია, როცა ხელისუფლება ახალი ქალაქების გამოგონებისა და აშენებისთვის უზარმაზარი ფინანსების მოზიდვაზე ლაპარაკობს ან აფხაზეთის საზღვართან ანაკლიის ზღაპრულ კურორტად ქცევაზე, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში გავლებულ  საზღვართან მიწაზე მიმხმარი სოფლების შესახებ კი თითქოს არაფერი სმენია. ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ სხვა საზღვრებთან ტელეკამერების წინ მუშტებშემართული საქართველოს პრეზიდენტი ამ საზღვართან არასდროს შეუნიშნავთ.

- როგორ არა, ზოგჯერ ჩამოდიან, დათო ბაქრაძეც იყო, მაგრამ მხოლოდ სკოლამდე მოდიან. მანქანით ჩამოგვიქროლებს ჩვენი გამგებელი  თემო ტეტუნაშვილი და დაგვიძახებს, მთავრობის ხალხია ჩამოსული, სკოლის უბანში მოდითო. არსადაც არ მივდივართ, ვეუბნებით, თუ რამე აინტერესებთ, დოიჯაანთ უბანში ამოვიდნენ ან ზემო უბანში ავიდნენ და თავისი თვალით ნახონ-მეთქი. ეშინიათ თუ რა არი, აქეთ ფეხს არავინ დგამს. აქ სააკაშვილისთვის თვალი არასდროს მოგვიკრავს. მოვიდნენ და ნახონ, რა დღეში ვართ. სახლები დამწვარი გვაქვს. მერე უცხოელებმა კოტეჯები ჩაგვიდგეს ჩვენსავე ეზოებში. დეკემბერში აშენებულ სველ ოთახებში შემოგვყარეს, კედლები შიგნით და გარეთ სველი იყო.

თითო საწოლი და მაგიდა მოგვცეს და იცხოვრეთო. შვილები ქალაქში წავიდნენ. ბავშვებს ხომ არ დახოცავდნენ აქა?!

ეზოსთან, რომლის განაპირას მიშენებული ცალთვალა დანიური ოთახის წინ ვსხედვართ და მოხუცი დოიჯაშვილების საუბარს ვიწერთ, დაძახებაც არ დაგვჭირვებია... უკაცრიელ გზაზე მიმავლებმა ერთადერთ ეზოში შევნიშნეთ მოხუცები, რომლებიც ავადმყოფ ძროხას დაჰფუსფუსებდნენ. ძროხა ნანული ბაბოს მიერ დაწერილი პროექტით წითელი ჯვრისგან მიიღეს და მათი ერთადერთი მარჩენალია. საძოვრების დაკარგვის გამო ომის შემდეგ სოფელში მხოლოდ სამ ოჯახს ჰყავს ძროხა და რძე-მაწონი ეყიდებათ. თავს ამით ირჩენენ. მოხუცებს ფული არა აქვთ, რომ ლიახვიდან საზეიმოდ გაჭრილი ტარიფონას არხიდან ეზოში დარგული პომიდორი მაინც მორწყან, წყალსაქაჩის ასამუშავებლად ამ უქონელ და დაუცველ სოფელში თითოეულ მოსახლეს ახდევინებენ ფულს, თუ არ გაქვს, ნუ მორწყავ. დაკარგული ქვეყნის სასაზღვრო ზოლზე ისეთივე სოციალური “სამართალი” მოქმედებს, როგორიც მთელ ქვეყანაში.

ადამიანებს არ აქვთ არავითარი შეღავათები, სოფლის ყველა მცხოვრები უსახლკაროა, მაგრამ ხელისუფლების მიერ არც ერთი არ არის აღიარებული სოციალურად დაუცველად, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ სარგებლობს სახელმწიფო დახმარებით. სოფლის სულ რამდენიმე ათეული მცხოვრებიდან, რომელთა უმეტესობა ასაკმა თუ არა, ომმა წელში გატეხა და ჯანმრთელობაც გვარიანად შეურყია, არც ერთს არა აქვს სამედიცინო დაზღვევა, რომლის მნიშვნელობაზე ცარიელი საუბრით ხელისუფლებამ ხალხს თავი მოაბეზრა.

ჩვენი მასპინძელი ვიქტორ დოიჯაშვილი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, სამედიცინო დასკვნების მთელი დასტა აქვთ შეგროვილი, მაგრამ უკვე სამი წელია, ოპერაციის რიგში დგას.

ცოლ-ქმარი, მალხაზ და ნონა ტოროშელიძეები ომმა მძიმედ დააავადა: ქმარს, რომელმაც ახლახან გადააბიჯა ორმოცდაათს, დიაბეტი გაუჩინა ორი კვირა ტყვიავის ბაღებში მიწაზე წოლამ, ეგებ სახლში ჩატოვებულ ინვალიდ, მოხუც მამას ავხედო და სამშვიდობოს გამოვიყვანოო; ცოლი, რომელმაც მთელი კვირა ფეხით იარა მეზობლებთან ერთად იგოეთამდე, ჰეპატიტით დაავადდა. ექიმი, მკურნალობა, წამალი, შველა მათთვის ხელმიუწვდომელია. სოფელს ამბულატორიაც კი არა აქვს და ერგნეთის რამდენიმე მცხოვრები ტირძნისში თუ ჩავა ექიმთან.

დოიჯაშვილები გვეუბნებიან, რომ მათზე გაუსაძლის პირობებში ზედ საზღვარზე მცხოვრები ზემოუბნელები არიან - ამ უბნიდან თითქმის ყველა წავიდა და რამდენიმე მოხუციღაა დარჩენილი, ახალგაზრდებიდან - მძიმედ დაავადებული ტოროშელიძეები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და ამიტომ ვერ მიდიან. ეს უბანი ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა, ყველაზე მეტი სახლი იქ დაიწვა.

სახლებს ოსები წვავდნენ და ქონებაც მათვე მიჰქონდათ. რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ახლა სოფელში ათასი ვერსიაა, რატომ აკეთებდნენ ამას. ზოგი ამტკიცებს, რომ ამას ოსები შურისძიების მიზნით აკეთებდნენ და მხოლოდ იმ ოჯახებს ძარცვავდნენ, ვისთანაც პირადი მტრობა ჰქონდათ.

თუმცა, ვის რა მტრობა უნდა ჰქონოდა 87 წლის მანია დოიჯაშვილთან, რომელიც ვიღაცამ აალებულ სახლში შეაგდო და კარი ჩაუკეტა. მოხუცი ახლა ვერ იხსენებს, როგორ მოხდა ყველაფერი, ან ვინ და როგორ გამოიყვანა ცეცხლიდან.

ისევ ერთმა იმათგანმა რომ გადაარჩინა, მხოლოდ ამის თქმა შეუძლია დაზუსტებით. მოხუცი არ მალავს, რომ ჩვენთან საუბარი არ სურს, არ გვენდობა, საუბარში არ მოგვყვება. უნდა, მალე გამოგვისტუმროს უკაცრიელი ეზოდან, რომელშიც ყველაფერი ამწვანებული და მოვლილია. ეზოა ერთადერთი, და მისი მოვლის ჩვევა, რაც ომმა ვერ მოშალა სოფელში. ამიტომ ადამიანის სამყოფელს აქაურობას მხოლოდ ასეთი ეზოები ამსგავსებენ, თორემ ხელისუფლებას არც ერგნეთის გადათხრილი გზა აწუხებს, არც უწყლობისგან ჟანგით შეჭმული, გაუქმებული წყლის ონკანები, საიდანაც წყალს საზღვარზე მუდმივად რისკის ქვეშ მცხოვრები ქართლელები მხოლოდ კვირაში ორჯერ იღებენ, და არც ექიმის გარეშე მიყრილი საზღვრის მცველები.

ერგნეთელი მოხუცები არავის ენდობიან. მათთვის, ვინც ქართულ-ოსური კონფლიქტის ოცწლიანი ისტორია საკუთარ ზურგზე გადაიტანა, ყველა გარეშე და სხვაა. შორიდან მოსული ადრე თუ გვიან წავა და ისევ ერგნეთსა და მის მკვიდრთ შეატოვებს ცვალებად გარემოებებს, ომსა და ომზე საზარელ მშვიდობას. ამიტომ არის, რომ მოხუცები ჩვენი დანახვისას ჭიშკრებს ხმაურით ხურავენ. ყავარჯნიანი ბერიკაცი, რომელიც პირდაპირ სოფლის ორღობეში შემოგვეყარა, სალამზე არ გვპასუხობს, ზურგს გვაქცევს და, როგორც შეუძლია, სწრაფად გვშორდება. ეზოდან მისი შვილი გამოდის, რომელსაც გამომწვარი სახლის წინ გაშენებული სავსე ბაღჩის გავლით ეზოში შევყავართ და გვიყვება თავის ამბავს, რომელიც თითქოს ამ სოფლის საერთო ისტორიაა... მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ოთხი წლის წინანდელი აგვისტო, ჯარმა ჯერ ცხინვალისკენ გაიარა. სოფლელებს სჯერათ პრეზიდენტის დაპირების, რომ გამარჯვება ახლოა. უხარიათ კიდეც, რომ ბოლო მოეღება მათ ცხოვრებას დაუსრულებელი ფრონტის ხაზზე. სოფლის თავზე დაფრინავენ გორიდან ცხინვალს დამიზნებული ჭურვები. მთელი სოფელი სახლში შეიკეტა. რამდენიმე დღეში ჯერ კანტიკუნტად გამოიარეს უკანდახეულმა ჯარისკაცებმა. შემდეგ სოფელში ხმა გავარდა, რუსები ტეკს მოადგნენო. ქართული ჯარი ჯგუფ-ჯგუფად გამორბის. ჯარისკაცები იძახიან, გაიქეცითო. პირველები გარბიან პოლიცია და სოფლის ადმინისტრაცია. კაცებმა ჯერ ქალები გაიყვანეს და შემდეგ დროებით უკან მობრუნდნენ, რომ სახლების დაცვა ეცადათ. სოფელს უკვე ძარცვავდნენ ოსები. გზებზე გორისკენ დაძრული რუსების სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. დარჩნენ მხოლოდ მოხუცები. გადარჩენისთვის ვისაც როგორ შეეძლო, ისე იბრძოდა. ერგნეთში ოსებმა ათამდე ადამიანი დაწვეს საკუთარ სახლებში - გაგვიშვილი ვიქტორი, კასრაძე თემური, კობალაძე გიორგი. მათ შორის, ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი გიგო კასრაძე.

ერგნეთი-ცხინვალის საზღვარზე ახლა სიმშვიდეა, მაგრამ ეს სიმშვიდე რუსების სათვალთვალო პუნქტების სამიზნეზე დევს. ბლოკპოსტზე პოლიციელები გვეუბნებიან, რომ, მაისიდან მოყოლებული, ცხინვალში დამატებითი ჯარები შეჰყავთ და ჯარისკაცები პირდაპირ ქუჩებში დგანან. დიდი ლიახვის სოფლებში, ქართველების ნასახლარებზე, სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყეს. ქურთაში, კეხვში, აჩაბეთში, სადაც ყველა სახლი მიწასთან არის გასწო-რებული, ახალი სახლების შენებას იწყებენ და იქ, სავარაუდოდ, კრასნოდარში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულებს ჩაასახლებენ. საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომში დაშვებულმა შეცდომებმა სამხედრო-სტრატეგიულ და პოლიტიკურ ჩიხში მოაქცია. ამ ომმა გაუხსნა გზა რუსეთს, თბილისს ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ბაზით მოსდგომოდა კარს. გასააზრებელია არა მხოლოდ ის, რა მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს, არამედ ის, რა შედეგამდე მიდის მთელი ეს პროცესი. საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდშიც კი არ ყოფილა რუსეთი ამდენი სამხედრო ბაზით უზრუნველყოფილი. ერთი მოუზომავი ნაბიჯი ცხინვალისკენ არა მხოლოდ გარდაუვალი ომი და 2008 წლის ისტორიის გამეორება იქნება, არამედ მთელი საქართველოს სამხედრო პლაცდარმად ქცევა. ნიშანდობლივია, რომ ცხინვალში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა საეჭვოდ ემთხვევა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. ფაქტი ერთია, სულ ცოტა ხანში ყველა საზღვრისპირა სოფელი დაიცლება. ეს თითქმის გარდაუვალია, თუ ხელისუფლება, ძველი თუ ახალი, არ აღიარებს და გამოიყენებს თუნდაც სრულიად არასაომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების სასაზღვრო პოლიტიკას: მოსახლეობა შენი საზღვრების საუკეთესო გუშაგია და საკუთარი არსებობით იცავს სახელმწიფოს ფლანგებს. მით უმეტეს, თუ ეს საზღვრები, 20 წელია, ქვეყნის სიღრმისკენ მოიწევენ.

(ავტორები მადლობას უხდიან გორის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს მეგზურობისა და კოლეგიალობისთვის)

მაია გოგოლაძე

ლია ტოკლიკიშვილი