"ღმერთო, მშვიდობით დააბოლოე ჩვენი მგზავრობა..." - კვირის პალიტრა

"ღმერთო, მშვიდობით დააბოლოე ჩვენი მგზავრობა..."

"გული მწყდება, რომ ჩემი მატარებელი საქართველოში დიდი ხანია წავიდა"

სულაც არ ყოფილა კარგი, როცა კაცს რამდენიმე ტოლფასოვანი ნიჭი აქვს და სამწუხაროდ, საზოგადოება ამ დიდი დიაპაზონიდან ერთ მცირედს აიტაცებს ხოლმე, მაგალითად, სახალისო როლს ფილმიდან "ზოგი ჭირი მარგებელია" და ცნობილი ფრაზის "მოიდა ზურაბას" გარდა, სხვა არაფრის დანახვა არ უნდა... ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე "ნიკოლშოუს" ბიჭების მამაა, ზოგს ვერც წარმოუდგენია, რომ ამ მხიარული არტისტის უკან უაღრესად საინტერესო შემოქმედი დგას.

- 2004 წელს თურქეთის მოქალაქეობა რომ მივიღე, ხელისუფლებაში უკიდურესი ფუნდამენტალისტები იყვნენ - გვარ-სახელი უნდა შეიცვალო, ისე არ ვიძლევით მოქალაქეობასო. ანკეტაში იყო გრაფა - რელიგია. ამის შეცვლასაც ითხოვთ-მეთქი. ითათბირეს და - არაო. გაბრაზებულმა რელიგიის გრაფაში "თეატრი" ჩავწერე. ამან დაძაბულობა გამოიწვია. ბოლოს ქრისტიანი ჩამიწერეს. თუმცა ქრისტიან-თეატრალი რომ ჩაეწერათ, უარს არ ვიტყოდი...

ჩემი დილა

დედაჩემის მამა, ვარლამ ბურჯანაძე, საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი გახლდათ და 1937-ში რომ დაიჭირეს, ბებიაჩემი კატო 4 წელი მისდევდა მის კვალს, ბევრჯერ აწამეს, მათრახისაგან ზურგზე უზარმაზარი ნაიარევი ჰქონდა... ბაბუაჩემი 4 წელი ციხის კედელში გამოთხრილ განჯინაში იჯდა. რაკი ვეღარ მოძრაობდა, უკვე  მკვდარიაო და გამოუშვიათ. ორ კვირაში გარდაცვლილა. მის პატივსაცემად ვარლამი დამარქვეს. კითხვა 3 წლისამ დავიწყე. მას მერე ცალ ხელში წიგნი მეჭირა, მეორეს კი ვიქნევდი წინ და უკან. 24 საათი ვკითხულობდი და  ვჩხუბობდი.

ერთი ფილმი იყო - "დიდების პრელუდია". ვუნდერკინდ დირიჟორ რობერტო ბენციზე. ბახის პრელუდიას და ფუგას რე მინორში უკრავდნენ. მე და დედაჩემს გვინახავს ის ფილმი. შინ მისულს იმ პრელუდიისა და ფუგის დიდი ნაწილი ზუსტად დამიკრავს. ამტყდარა ერთი ამბავი... ჰოდა, წამიყვანა დედაჩემმა მუსიკის მასწავლებელთან. ის დღე გველის ნაკბენივით მახსოვს. უზარმაზარ, რუხ სახლს მივადექით. კარი იაპონურ კიმონოში გამოწყობილმა ჭაღარა და წითელპომადიანმა ქალმა გაგვიღო. ხელში სახაზავი ეჭირა. თითქმის ცარიელ სასტუმრო ოთახში როიალი იდგა. მის წინ სკამზე ბინტით მიბმული თვალცრემლიანი კაცი იჯდა (6 წლის ბავშვს კაცი მეგონა 12 წლის ყმაწვილი). ქალმა ხელებზე სახაზავი დასცხო. "კაცმა" წაიზლუქუნა და გამების დაკვრა განაგრძო. ის შემდეგში ცნობილი პიანისტი, ალექსანდრე ნიჟარაძე გახლდათ. ამის დამნახავი გამოვიქეცი და დედაჩემი ძლივს დამეწია. მას მერე ცივი უარი ვთქვი მუსიკის მასწავლებელზე და თუკი რამე მოვახერხე, მხოლოდ ჩემით. საიდანღაც მოვათრევდი შინ ქსილოფონს, საქსოფონს, კლარნეტს, სულს და გულს ვუწუხებდი მეზობლებს. ერთხელ ქვედა სართულიდან იაკოფა ამომივარდა, - უკრამ, უკრამ, მაგრამა ამ ფეხს რაღას აბაკუნებო?!”

ეზოში ქურთი აზნიკას გოგო რომ გათხოვდა, ზურნის ჭყვიტინი და დოლების ბრაგაბრუგი იდგა, მეც ამოვუდექი მეზურნეებს გვერდით, მაგარი დრო ვატარებინე. ოცდახუთმანეთიანიც მომაწებეს შუბლზე.

გურამ დოჩანაშვილის "ხორუმი ქართული ცეკვაა"-ში სოფლის გიჟ მუსიკოსს ვთამაშობდი. ვუკრავდი გიტარაზე, გელიკონზე, ზურნისმაგვარ რაღაც უცნაურ მოკლარნეტო ინსტრუმენტსა და დოლზე ერთდროულად, ბოლოს, სუფრაზე დალაგებულ თეფშებსა და ჭიქებზე - დანა-ჩანგლით "ჩემო ტკბილო მეგობარო"-ს.

6 წლის ვიყავი, მამამ თავის სამსახურში, ანუ კინოსტუდიაში წამიყვანა. ქართულ ზღაპარს იღებდნენ. ეზო სავსე იყო კუდიანი დედაბრებითა და დევებით, რომლებიც გამალებით ჭამდნენ ძეხვს და პურს. მერე ერთი ბიძია მოვიდა რუპორით და რაღაც დაიძახა. კუდიანი დედაბრები და დევები შეგროვდნენ და იმის გაკეთება დაიწყეს, რასაც ის ეუბნებოდა. მერე შინ გამოვაცხადე, "ის ბიძია" უნდა გამოვიდე-მეთქი... სკოლა რომ დავამთავრე, ვგიკში მოვინდომე სწავლა. ატყდა ამბავი - იქ რუსის ქალები შეგაცდენენ, ბევრჯერ ითხოვ ცოლსო (თორემ თბილისში რომ დავრჩი, 6-ჯერ არ ვითხოვე!). მთელი ოჯახი ფილოლოგები ვართ და შენც ამ გზას გაჰყევიო. დავიწყე უნივერსიტეტის დერეფნებში ხეტიალი. ერთ დღეს მივედი კოტე კვაჭანტირაძესთან - რუსული ენის კათედრაზე მუშაობდა და თან საყვირზე უკრავდა ორკესტრში. მიმიღეთ-მეთქი. ყველაფერი ვაჩვენე გიტარაზე სიმღერის ჩათვლით. მიმიღეს. მეორე დღესვე მოვიყვანე ჩემი კლასელი ნიკო ჯადუგიშვილი, რომელიც ისტორიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი ხმის პატრონს ვინ არ მიიღებდა!.. დიპლომი რომ ავიღე, მივწერე ვგიკში - რომელ კურსზე დამსვამთ-მეთქი. სამი წელი პროფილით სტაჟი დააგროვე, მერე მოდი, გამოცდები ჩააბარე და ვნახოთო... გავიგე, რომ საქართველოს მოდელების სახლი მიდიოდა მოსკოვში დეკადაზე. მოდების ჩვენებისთვის ცოცხალი აკომპანემენტი შევთავაზე (მაშინ ენრი ლოლაშვილი, თამაზ ყურაშვილი და მე ცნობილი ჯაზტრიო ვიყავით). მოკლედ, სახელმწიფო ხარჯზე აღმოვჩნდით მოსკოვში, მაგრამ ვგიკში საბუთების მიღება უკვე დამთავრებული იყო. სულ ტირილით დავბრუნდი თბილისში... მითხრეს, - წელს მიშა თუმანიშვილს აჰყავს ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში და მიდიო. თუმანიშვილმა პირველ კურსზევე დამნიშნა ჯგუფის მთავარ რეჟისორად.  მახსენდება: რუსთაველის თეატრის სპექტაკლში "ჭინჭრაქა" ბოროტი ვეზირის როლის შემსრულებელი უშანგი კაპანაძე ავად გახდა. ბატონმა მიშამ მე დამნიშნა მის შემცვლელად, ერთი რეპეტიციით მომიწია სპექტაკლში შესვლამ და თანაც ეროსი მანჯგალაძის, რამაზ ჩხიკვაძის, გოგი გეგეჭკორის, ზინა კვერენჩხილაძისა და სერგო ზაქარიაძის გვერდით აღმოვჩნდი... აი, იქ კი კინაღამ გული წამივიდა და ამერია მარჯვენა და მარცხენა.

სულ ციცქნა იყო ჩემი უფროსი ვაჟი გია. სპექტაკლს ესწრებოდა. ბოლოს, დათვმა, მგელმა, მელიამ და ტურამ რომ დამიჭირეს, შემჭამეს, კივილით გამოქანდა სცენისაკენ, - ჩემს მამიკოს რა უქენითო...

ჩემი შუადღე

მაშინდელი კულტურის მინისტრის მოადგილის, აკაკი დვალიშვილის ინიციატივით ბათუმის თეატრის მთავარ რეჟისორად დამნიშნეს. იქ რამდენიმე დამსახურებული არტისტი მუშაობდა. როგორ გინდა ამათ უხელმძღვანელო? თეატრში კი ღვინის სუნი იდგა... სპექტაკლის მერე შევედი კულისებში და გამოვაცხადე: ყველას შინ გეპატიჟებით-მეთქი. მთელი ღამე ვქეიფობდით. დილით, ზუსტად 11 საათზე, რეპეტიციაზე ვიყავი დარჭობილი, დაგვიანებულებს და კვნესა-კვნესით მოსულებს რეჟისორის ასისტენტს დავთარში ვაწერინებდი. ასე გაგრძელდა 10 დღეს. ხელფასის დღეს აღმოჩნდა, რომ ზოგს 50% ჰქონდა დაქვითული, ზოგს - 70%, ზოგსაც - სრულად. მიზანს მივაღწიე: თეატრში მტკიცე დისციპლინამ დაისადგურა...

1988 წელს შევარჩიე 4 უსინათლო და 8 ყრუ-მუნჯი ბავშვი. მთელი წელი ვავარჯიშე. სპექტაკლში როლებიც მივეცი. ვერ მიხვდებოდით, მსახიობებს შორის რომელი იყო ყრუ-მუნჯი ან უსინათლო...

დიდი ზარ-ზეიმით გავხსენით ჩვენი თეატრი გია კაჭარავას პოლიტიკური სატირით. მერაბ ელიოზიშვილის არაჩვეულებრივი პიესის  "უზუნდარას" პრემიერა დავამთხვიეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს, ამას მოჰყვა ორი მოსკოველი ავტორის პიესა "ბიჭების პალატა"... 1989 წელს საგასტროლო მოგზაურობაც გვქონდა. უცხოეთიდან დელეგაცია დელეგაციაზე მოდიოდა, გვთავაზობდნენ თეატრის საზღვარგარეთ გადაბარგებას, მაგრამ ჯიუტად მქონდა აჩემებული - ეს თეატრი აქ დაიბადა და საქართველოს სახელით უნდა იარსებოს-მეთქი... არ დაგვცალდა. "ზვიადისტობის" გამო არ დაგვადგა კარგი დღე, დამინგრიეს თეატრი... ერთი წელი ვიჯექი ჩაბნელებულ სახლში. მერე... მოტყუებით ჩამომიყვანეს თურქეთში და დამტოვეს შუა ტრაპიზონში. უკან წამოსასვლელი ფული რომ მეშოვა, დუქანში დამლაგებლობა დავიწყე. თურქულად ერთი სიტყვა არ ვიცოდი. მეზობელმა ინგლისურად მკითხა, - ვინ ხარო. ვუთხარი. დამავლო ხელი და ამერიკულ ბარში წამიყვანა, სადაც ბარის პატრონმა მომღერალ-მუსიკოსად მიმიღო. იქ გავიცანი ფიზიკოსი ნეჯათი ზენგინი, ფანატიკურად შეყვარებული თეატრზე. ვოცნებობ, ჩემი თეატრი მქონდესო. განცხადებები გავაკარით ქუჩაში... 100 კაცი შეგროვდა. წლისთავზე 15 კარგად მომზადებული ადამიანი გვყავდა. პრემიერისთვის დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" ვთარგმნე და დავდგი. დიდებულად ითამაშა ნეჯათიმ დარისპანის როლი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული პიესა ითარგმნა და დაიდგა თურქულ სცენაზე.

...უკვე 20 წლისაც ვხდებით!

იმ წლებში (1992-93) თურქეთის რესპუბლიკაში სასტიკად აკრძალული იყო ტელევიზიაში თურქულის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკი, მაგრამ მე რა ჭკუამ მომცა არ ვიცი, ტრაპიზონის ETV არხზე კვირაში ერთი საათი მქონდა აღებული და ქართულ ენაზე გადავცემდი საქართველოს ახალ ამბებს. როგორ არ დამიჭირეს, არ ვიცი. ამას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია საქართველოში და მწყინს. სულაც არ მინდა ვასო ყუშიტაშვილის ბედი გავიზიარო - დიდი ხნის წინ თბილისში საგასტროლოდ ჩამოვიდა პარიზში მისი დაარსებული თეატრის "ატელიეს" დასი, თაიგულით ხელში - "მოსიე კუშიტას" საფლავზე გვინდა მივიტანოთო. არავინ იცოდა რეჟისორ "მოსიე კუშიტას", ანუ ვასო ყუშიტაშვილის საფლავი...

ჩემი საღამო

მიხარია, რომ ჩემი შვილები ხელოვნებას მისდევენ: გია სიმღერებს წერს, დათო რეჟისორია და თურქეთში მსახიობის ოსტატობას ასწავლის, ტატა ხელოვნებათმცოდნეა, სანდრო მუსიკოსია, კოკა მევიოლინე და ახლა უკვე კომპოზიტორი... დათოს მეუღლე ნინო ანდრიაძე კარგი მსახიობია, ტატას მეუღლე გოგა თავაძე ცნობილი რეჟისორი. სანდროს მეუღლე ნინი გაგნიძე მოცეკვავე, კოკას მეუღლე მარიამ მაღრაძე მევიოლინე... შვიდი შვილიშვილი მყავს, ყველა მღერის, უკრავს და ცეკვავს. მოკლედ, მთელი დასი ვართ... ჩავიყენებთ სათავეში დასის მმართველად ჩემს უსაყვარლეს რძალს, ნატული ჩხაიძეს და აქეთაც შევუბერავთ და იქითაც...

მაინც როგორი ვარ? - ალბათ რომ ვხატავ, ის კაცები შეიძლება ჩაითვალოს ჩემს ავტოპორტრეტად. მოწყენილი, ნაღვლიანი, სევდიანი მაგრამ მაინც ჯამბაზი და ოინბაზი. უამრავი თავისნაირი ადამიანის თვალწინ გიტარის სახრჩობელაზე ჩამომხრჩობელი, ჯვარზე თვითონაც გაკრული, ცალ თითზე ბურთის მოტრიალეც და ჰაერში სალტოს მკეთებელიც... გული მწყდება, რომ ჩემი მატარებელი საქართველოში დიდი ხანია წავიდა. რომც ჩამოვიდე, რა გავაკეთო?

ენერგია არ მაკლია, უამრავი გეგმა მაქვს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი. როგორც დარისპანი ამბობს,“- ეგ იმედიც თუ გადაგვეწურა, რაღად ღირს მაშინ ჩვენი ცხოვრება?”ჰოდა, ისევ იმ დარისპანის საფინალო რეპლიკისა არ იყოს, - "ღმერთო, მშვიდობით დააბოლოე ჩვენი მგზავრობა..."