"აძლევთ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას"? - "არა"! - კვირის პალიტრა

"აძლევთ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას"? - "არა"!

რა წერილი მისწერა მიხეილ სააკაშვილს თანაკლასელმა

"არა! - იმიტომ, რომ დევიზი "მეტი სარგებელი ხალხს" რომ შეასრულო, სულ ცოტა, ხალხი უნდა გიყვარდეს და მათში მხოლოდ საარჩევნო ხმას არ ხედავდე"

"ოცნება დღეს მოდურია და მეც ვიოცნებე"

51-ე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ მაია უნგიაძემ თანაკლასელს, მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართა. მან საჭიროდ ჩათვალა პრეზიდენტისთვის ეთქვა ის, რის თქმასაც სააკაშვილს გარემოცვის წევრები და ახლობლები ვერ უბედავენ. გთავაზობთ წერილს:

ბავშვობის "მიშა"

"მახსოვს, მეშვიდე კლასში რომ გადავედით, ახალი მოსწავლე შემოგვემატა. თავიდან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე მაღალი იყო და დიდ ჩანთას ატარებდა. რამდენიმე დღეში ნათელი გახდა, რომ ჭკვიანი და განათლებული ბიჭი იყო. ერთი შეხედვით მოუწესრიგებელი, მუდამ ამოჩაჩული თეთრი პერანგით, ბოლოებმოჭმული ყელსახვევით და თმააჩეჩილი, არ ტოვებდა ფრიადოსნის შთაბეჭდილებას.

"შატალოზე" ძირითადად გაკვეთილის არცოდნის შემთხვევაში მივდიოდით. მან კი ყოველთვის ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად მოდიოდა, არც ექსკურსიებს აკლდებოდა. უყვარდა ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშიც".

წლების შემდეგ…

"წარმოშობით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან ვარ. იქ ერთი ძველისძველი ხის სახლი გვაქვს. ბავშვობაში რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და ზღაპარივით მახსოვდა. 1999 წელს მომიწია ჩასვლამ. გაღატაკებული, დამშეული და იუმორდაკარგული გურულების ნახვამ გული მომიკლა.  ამ გაუბედურებულ მხარეში, სადაც უმრავლესობის საკვები ტყემალი და მჭადი იყო მხოლოდ, ორი ახალი სახლი (უფრო სასახლე) იყო აშენებული, - ერთი რაიონის გამგებლის, მეორე რაიონის "ქურდის". მაშინ ვინატრე, ამ მხარესაც გადმოხედე, უფალო, ვინმე ღვთისნიერი კაცი გამოგზავნე და გადაარჩინე ეს ხალხი-მეთქი. ის ორი-სამი კაცი მთელ რაიონს თავის ჭკუაზე ატარებდა და აქტიურად უჭერდნენ მხარს შევარდნაძეს.

...ახალი მთავრობა მოვიდა სახელმწიფოს სათავეში. გვაქვს ულამაზესი დროშა და ჰიმნი. გამიჩნდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, დადგა პატიოსანი, შრომისმოყვარე და გონიერი ადამიანების დრო. საუბედუროდ, ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ თუკი ვინმე კორუმპირებულს, უჭკუოს და არაფრისმაქნისს ვიცნობდი, ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გამხდარიყო.

2004 წლის ზაფხულში, ვერსად რომ ვერ მოვახერხე ბავშვის წაყვანა დასასვენებლად, ისევ ჩემს ძველ სახლს მივაშურე. სოფელს უკვე შუქიც ჰქონდა, ავტობუსიც დაენიშნათ, მაგრამ ის "ტიპები", ვინც რაიონს წლების განმავლობაში "პატრონობდნენ" (გამგებელი და ქურდი) ერთბაშად "ნაციონალური მოძრაობის" აპოლოგეტებად ქცეულიყვნენ და "პარლამენტარი და ბიზნესმენი" გამხდარიყვნენ. ისევ ისინი მართავდნენ რაიონს. ...ყველაზე საშიში ცხვრის ქურქით მოსილი მგელია. დრო მოვა და ეს ხალხი დაღუპავს მიშას".

შიმშილი აღმშენებლობის კვალდაკვალ

2005 წელი: "ქვეყანა შენების გზაზეა. მართალია, ჩემს ოჯახს არაფერი დასტყობია, - ორი პენსიონერი მშობელი, ინვალიდი და, ორი მცირეწლოვანი შვილი, მე და ჩემი მეუღლე, უმძიმესი ფიზიკური შრომით ვახერხებთ არსებობას... ზაფხულისთვის ცოტაოდენი თანხა ვისესხე და გადავწყვიტე ბავშვები ორი კვირით ქალაქის სიცხისთვის გამერიდებინა. განახლებულ ბორჯომს მივაშურეთ. ყოფილ სასტუმრო "მთის ხეობაში" ლტოლვილები ოთახებს იაფად აქირავებდნენ და იქ დავსახლდით. საღამოს ბორჯომის პარკში გავისეირნეთ. ვიცოდი, რომ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა პარკის კეთილმოწყობაში. ბავშვებმაც გული იჯერეს კარუსელებით. ჩვენს ნაქირავებ ბინაში კმაყოფილი დავბრუნდით. გული მეტკინა: "ნუთუ ეს ხალხი ვერ ხედავს ამდენ სიახლეს?!"

როდესაც დიასახლისს ჩემი აზრი გავუზიარე, თვალცრემლიანმა მიამბო, თუ როგორ გადახტა მათი სასტუმროს აივნიდან 22 წლის გოგონა იმის გამო, რომ ვეღარ გაუძლო შიმშილისგან ატირებული შვილის ყურებას. "თქვენ სად იყავით, მეზობლებმა ვერ გაუწიეთ დახმარება?!" - დამახრჩო ცრემლმა.

"ყველანი მაგ დღეში ვართ!" - მიპასუხა მან. ვისაც შიმშილი, განსაკუთრებით შვილის, არ გამოუცდია, ვერ გამიგებს".

"მიშა, გახსოვს, როგორ ვსწავლობდით?!"

"2006 წელი: სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ, ჩემი ხელფასი 130 ლარია. ჩემი მეუღლე ისევ ფიზიკურად შრომობს, რომ ჩვენმა ოჯახმა იარსებოს... თანაკლასელს, ეკას ვურეკავ. ტელეფონზე მისი 11 წლის ქალიშვილი ნინო მპასუხობს.

- უკვე ჩამოხვედით? - ვეკითხები და პასუხი: - არსად არ წავსულვართ! ვერ მოვახერხე ჩემი შვილი სადმე წამეყვანა, საშუალება არა მაქვს. მეორე დღეს ვესტუმრე. თურმე ეკა და მისი შვილი დედამისის პენსიით არსებობენ (დეიდა ნუნუ 2009 წლის აპრილში დავკრძალეთ).

მიშა, იცი?... ეკას ნინო, შენი ედუჩი და ჩემი გიორგი ტოლები არიან. მაშინ მე და ეკა ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ თურმე ჩვენს შვილებს ზღვა ჯერ არ ენახათ. ამაზე მანამდე არც დავფიქრებულვარ, ჩვენ ხომ მათ ასაკში ზღვა მობეზრებული გვქონდა?! თურმე მსგავს პირობებში არიან ჩვენი ირმა, ინგა... სამსახურის შოვნა მათთვისაც პრობლემაა. გახსოვს, როგორ სწავლობდნენ ისინი სკოლაში? ვიცი, გახსოვს!.. ხელისუფლებაში რომ მოხვედი, ვფიქრობდი, დამთავრდა ის დრო, როდესაც ღირსეულ ადამიანებს არ სცემდნენ პატივს, რომ შოთა ინწკირველისა და თემურ ლომაიასთანა ადამიანები (მოჭადრაკეები) შიმშილით აღარ დაიხოცებოდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით). რარიგ ძნელია, ტელევიზიით უყურებდე ატირებულ კაცს, რომელიც მთავრობას სთხოვს, ნუ წამართმევთ ნაჩუქარ ბინას და ქუჩაში ნუ დამტოვებთო. საშინელებაა, როდესაც ადამიანის დამსახურება აღარავის ახსოვს: პირველი ქართველი გროსმაისტერი კაცი, წლების განმავლობაში ნანა ალექსანდრიას მწვრთნელი და მრავალი მოჭადრაკის აღმზრდელი, ბუხუტი გურგენიძე არ უნდა ტიროდეს ტელეეთერში!.. მაშინ ძალიან შემებრალა ჩემი ქვეყანა...

...ისევ სკეპტიციზმი და უკმაყოფილებაა საზოგადოებაში. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. ხალხი უნდობლობას  საჯაროდ უცხადებს მთავრობას. საკუთარ თავზე იწვნიეს უსამართლობის სიმწარე".

"ესეც შენი მიშა!"

"2007 წლის მარტში განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. 8 წელია სხვადასხვა სკოლაში ვასწავლი, მაქვს გამოცდილება და უამრავი იდეა. საკუთარ თავს მაინც დავუმტკიცებ, რომ ჯერ კიდევ ფორმაში ვარ. მაინტერესებს, ჩემთვის უცხო, ტესტურ გამოცდას ჩავაბარებ თუ არა. ბევრმა მითხრა, რომ ტყუილად ვწვალობ და ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი. მაინც მივიღე მონაწილეობა. ტესტები ჩავაბარე, პირველი ტური ადვილად დავძლიე. მეორე ტური გასაუბრებაა. ახლა უკვე მეც მეპარება ეჭვი, ასე "უპატრონოს" ვინ მომისმენს?! მაგრამ გასაუბრებაც წარმატებით გავიარე. ლოტოტრონით რუსულენოვანი 98-ე სკოლა შემხვდა. სკოლის დირექტორი მაინც ვერ გავხდი, ჩემმა კონკურენტმა "გამარკვია", - ჩემი ახლობელი განათლების სამინისტროში მუშაობს და იმედი ნუ გექნებაო.

იმავე წლის აგვისტოში ქალაქის მერიამ გამოაცხადა კონკურსი საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორობისთვის. წინა კონკურსის შედეგით გათამამებულმა, გადავწყვიტე მონაწილეობა. პირველ ტურში საკმარისზე მეტი ქულა დავაგროვე და მეორეშიც გავედი. გასაუბრება მერიამ ჩაატარა. პროცედურას მაშინდელი მერის მოადგილე გიორგი მელაძე ხელმძღვანელობდა. გასაუბრების შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ უნდა შემქმნოდა. შოკი ის კი არ იყო, რომ არასაკმარისი ქულები მეწერა და დირექტორი ვერ გავხდი, საქმე ის იყო, რომ ქართულში ოცქულიან შეფასებაში თორმეტი ქულა დაეწერათ(?!).

შენ როგორ გახსოვს, ვიყავი ოდესმე ენაბლუ ან ენაბრგვილი? იქნებ მიგაჩნია, რომ ქართულად მეტყველებაში ორიანი მეკუთვნოდა?! შემდეგ ისიც აღმოვაჩინე, რომ ბაღების დირექტორობის "უნარი" მხოლოდ მერიის თანამშრომლების დეიდაშვილებს, რძლებს, დედებსა და ახლობლებს "ჰქონიათ". ამ სამარცხვინო გამოცდებმა დამარწმუნა, რომ "უპატრონო" ვერაფერს მიაღწევს.

მაშინ ბევრმა მითხრა ნიშნის მოგებით: "ესეც შენი მიშა"... სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც ცუდი კეთდება, შენ მოგეწერება და პასუხსაც მხოლოდ შენ მოგთხოვენ, თორემ გიორგი მელაძე დღეს პარლამენტის წევრია".

"წითელ ხიდზე იდგნენ რიგში"

"2008 წელი: აგვისტოში, მომხდარით გაოგნებულს, არ მქონდა ადეკვატური შეფასების უნარი, მაგრამ, როდესაც ტელევიზიით ვიგებდი, როგორ აფეთქებდნენ რუსები 7 მილიონად ღირებულ იახტას, საბრძოლო ინვენტარს, რომელიც ქვეყანას მილიონები დაუჯდა, როგორ გადაწვეს და გაძარცვეს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდათ, ვფიქრობდი, ეს ფული რომ ხალხს მოხმარებოდა, იქნებ ოსები და აფხაზები თავისი ფეხით გამოქცეულიყვნენ ჩვენკენ... იქნებ ბორჯომში იმ ლტოლვილ ორი წლის ბავშვის დედას თავი არ მოეკლა, იქნებ სხვა ბევრ უბედურებასაც ავცდენოდით-მეთქი. პირდაპირ გეტყვი, ამ აზრმაც გამიელვა, - შვილმოკლული დედების ცრემლის სიმწარის გამო ხომ არ დავისაჯეთ-მეთქი?! საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ტელეეთერით აცხადებ: "მიუხედავად დაძაბულობისა, თბილისში პანიკა არ არის, მაღაზიებიდან მარაგიც კი არავინ აიღო". მიშა,  ნუთუ არ იცი, რომ აგვისტოს ხვატში თბილისში ის ხალხი ვრჩებით, ვისაც მარაგის გაკეთების საშუალება არა გვაქვს?! შეძლებულები მაშინაც ან უცხოეთში ისვენებდნენ, ან წითელ ხიდზე იდგნენ რიგში.…

"ყოველი, რომელიც არსებობს, ღვთისაგან არს", - თუ ამის გვჯერა, იქნებ ღირს დაფიქრებად, რომ არასწორად აზროვნების გამო უფალმა სასჯელი მოგვივლინა,– რუსი კი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მომართული იარაღი აღმოჩნდა ამ განსაცდელში.

პასუხი ნაციონალ აგიტატორებს

"2012 წლის ივლისია, თითქმის ყოველდღე მოდიან ნაციონალი აგიტატორები დაახლოებით ამგვარი შეკითხვებით:

- სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით? - დიახ; - კმაყოფილი ხართ ექიმის მომსახურებით? - დიახ; - კმაყოფილი ხართ წამლებზე ფასების შეღავათით? - დიახ; - აძლევთ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას"? - არა!

უკვირთ. აგიტატორები ჩემი უბნელები არიან. იციან, რომ კლასელი ხარ და ადრე შენი მხარდამჭერი ვიყავი. იმათ რა ავუხსნა, შენ კი გეტყვი:

მე ვამბობ "არას" იმიტომ, რომ ჩემი ხელფასი 165 ლარია და აქედან 75 ლარს ჯანმრთელობის დაზღვევაში ვიხდი. ვიხდი იმიტომ, რომ მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ჩემი ერთი ახლობელივით სახლის გაყიდვა არ დამჭირდეს.

არა! - იმიტომაც, რომ ძალიან ბევრი ჩვენი კლასელი ჩემსავით ან უარეს დღეშია, შენ კი ერთხელაც არ დაინტერესებულხარ ჩვენი ბედით. როგორღა დავიჯერო, რომ უცხო ადამიანების ბედი გაწუხებს?!

არა! - იმიტომაც, რომ ჩემს დას, მეორე ჯგუფის ინვალიდს, რომელიც ოცდაათი წელია სახლიდან არ გასულა, 80-ლარიანი პენსია ათი ლარით შეუმცირეთ, ამას დაარქვით დაზღვევა, რომელსაც იგი ვერასოდეს გამოიყენებს, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში არის სამედიცინო მომსახურება უფასო, თუ პოლიკლინიკაში თვითონ მივა. ეს რომ შეეძლოს, ინვალიდიც არ იქნებოდა!

არა! - რადგან შენს ხელქვეითებს ჰგონიათ, რაც უფრო დაუნდობლები იქნებიან, მით მეტად მოგაწონებენ თავს. ამგვარი ხელქვეითების წყალობით გებღალება სახელი და მათ გამო მოგიწია ბოდიშის მოხდამაც, მაგრამ, როდესაც უდანაშაულო ხარ, ბოდიშის მოსმენა კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია.

არა! - იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით, ისევ მინდა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს (ამის გამო გიჭერდი მხარს), შენ კი ბოლშევიკურ-ინტერნაციონალური აზროვნება ბოლშევიკურ-ნაციონალურით ჩაანაცვლე. ამას დასავლურ მსოფლმხედველობასთან საერთო არაფერი აქვს.

არა! - იმიტომ, რომ დევიზი "მეტი სარგებელი ხალხს" რომ შეასრულო, სულ ცოტა, ხალხი უნდა გიყვარდეს და მათში მხოლოდ საარჩევნო ხმას არ ხედავდე.

რადგან უკანასკნელად მეძლევა შანსი შენთან ურთიერთობისა, მინდა ჩემი ოცნება გაგანდო: საქართველო პატარა ქვეყანაა. 4 მილიონი კაცი ზოგიერთი ქვეყნის ქალაქის ერთ ქუჩაზე ცხოვრობს... ამ ხალხმა 2004 წელს სიყვარულით მიგიღო და ჩაგიხუტა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საზოგადოება ბანაკებად არის დაყოფილი და სიძულვილიც გაჩნდა. სიძულვილის განეიტრალება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. ამისთვის კი საჭიროა გულწრფელი მონანიება. მარცხის სხვებზე გადაბრალება კი არა, სინანული. სინანული იესო ქრისტეს და ქვეყნის წინაშე.

ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ ახლაც მჯერა, რომ შენი წონის პოლიტიკოსი და ივანიშვილის წონის მეურნე თუ გაერთიანდნენ ხალხის სამსახურში, ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.

ეს ისე, ოცნება დღეს მოდურია და მეც ვიოცნებე".