"ქეიფის სამინისტროდან" შვებულება მაქვს აღებული... - კვირის პალიტრა

"ქეიფის სამინისტროდან" შვებულება მაქვს აღებული...

"იუმორინას" მსახიობი დათო როსტომაშვილი იმდენად შეიჭრა სვანის როლში, რომ ახალ-ახალი სახალისო ამბებით უკვე სვანებიც ამარაგებენ. ცნობილი თამადა ახლა "შვებულებაშია", მაგრამ თავი მაინც ქუდში (ალბათ სვანურში) აქვს - 10 წლის მარაგი უკვე დალეული მაქვსო. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს - ღვინოს ხომ შლანგით მიირთმევს, 22-ლიტრიანი ბოცის დასაცლელად კი მხოლოდ ერთი თანამეინახე ჰყოფნის...

- დათო, როგორი უნდა იყოს მამაკაცი?

- ეს ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ შევეცდები, ძირითადი თვისებები ჩამოვთვალო: მამაკაცი განათლებული უნდა იყოს! მეტ-ნაკლებად მაინც, მიმტევებელი და თავმდაბალი, ყველაფერში ერკვეოდეს. კაცურ თვისებებს ბაზარში ვერ იყიდი, ის ოჯახში, ქუჩაში, მამასთან, მის მეგობრებთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილებაა. შეუმცდარი ამქვეყნად არავინ არის, მაგრამ შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა თუ შეგიძლია, კაცი მაშინ ხარ...

- რა გიყვართ, როგორ ისვენებთ?

- საზღვარგარეთ მოგზაურობა მიყვარს ძალიან. უცხოეთში ჩემი იმდენი მეგობარი ცხოვრობს, მონატრებულებს რომ ჩამოვუვლი და მოვინახულებ, ისინიც ბედნიერები არიან და მეც. თუმცა, მეგობრებთან ყოფნა აქაც ძალიან მიყვარს...

- "იუმორინაში" როგორ მოხვდით?

- პროფესიით მსახიობი ვარ, თუმცა, იურიდიული განათლებაც მაქვს და 1992 წლიდან პოლიციაში ვმუშაობდი. 2002 წელს "იუმორინაში" ბესო ბერულაშვილმა მიმიყვანა. რაღა დროს ჩემი "იუმორინაა", თეატრში თავის დროზე არ მიმუშავია-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა - სხვა თუ არაფერი, ბატონ ჯემალ ბაღაშვილს მაინც გაიცნობო და... მას შემდეგ, დავრჩი და დავრჩი...

- მსახიობ-იურისტი ვარო, ამბობთ, მაგრამ ყოფილი მოჭიდავეც ხომ ხართ?

- ჭიდაობა დღემდე ძალიან მიყვარს. იმ დღესაც, ბადიაურში ვიყავით, საქართველოს ჩემპიონატი იყო ქართულ ჭიდაობაში და მაყურებლის როლს დავჯერდი... შარშან ავტოავარიაში მოვხვდი და ფეხი დავიზიანე. ასე რომ, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვიჭიდავებ. სამაგიეროდ, ჩემი ვაჟი ვარჯიშობს ძიუდოში. მოცეკვავეც არის.

- ცნობილი თამადა ხართ. შვილს თუ უზიარებთ ხოლმე "გამოცდილებას"?

- სუფრის კულტურა არც ერთ სხვა ქვეყანაში ისეთ დონეზე არ არის, როგორც საქართველოში. როცა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ მივდივარ, ვცდილობ, ჩემი ვაჟი (14 წლის ამ დღეებში ხდება) თან წავიყვანო, რომ აქედანვე გაითავისოს და ისწავლოს, ქართული ქეიფი მხოლოდ სმა რომ არ არის!.. როცა მერიქიფეობა შეგიძლია, თამადობისკენ უკვე გვარიანი ნაბიჯი გაქვს გადადგმული. უნდა იცოდე, გურიაში, იმერეთში, კახეთში ყოფნისას, ჭიქა სადამდე შეავსო. თითოეულ კუთხეს თავისი წესი და ტრადიცია აქვს. მაგალითად, სვანეთში მესამე სადღეგრძელო აუცილებლად წმინდა გიორგის სადიდებელია. თამადის შემდეგ, მის მარჯვნივ მჯდომი ამბობს სადღეგრძელოს, მერე მის გვერდით მჯდომი და ასე... ეს სადღეგრძელო აუცილებლად ამ თანამიმდევრობით უნდა ითქვას და ყველამ ბოლომდე შესვას...

- ქართველები ორიგინალური სადღეგრძელოებითაც გამოვირჩევით და სასმისებითაც. ყველაზე უცნაური რომელი შეგხვედრიათ?

- სადღეგრძელო ისეთი რამ არის, წინასწარ მოფიქრებული არაფრად ვარგა. იმ წუთში რის განწყობაზეც ხარ, რაც ჯიგარში გაქვს, ის უნდა ადღეგრძელო. ცნობილი თამადა სიმონიკა სხირტლაძე ამბობდა, - ისეთ კაცს რა ვუთხარი, მოფიქრებული სადღეგრძელოთი რომ წამოდგება ფეხზე. სიტყვას ვიტყვი ისეთს, ბულბულს დავსვამ ჭიქაზეო...

ვახტანგურად დალევა საყოველთაოდ არის ცნობილი. რაჭაში პორტიჩულად დალევაც მასწავლეს. ვინმე პორტიჩას მოფიქრებული გახლავთ და ვახტანგურს წააგავს - ოღონდ, თანამეინახეს კისერზე უნდა შემოხვიო ხელი და ისე მიირთვა.

კიდევ, დავითურიც არსებობს, ჩემი მოგონილია, სუფრასთან რომ შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ გაჩვენებთ... მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ლავუაზიეს კანონზეა დამყარებული (იცინის)...

მარნეულში მეგობარი მყავს - სოსო მუმლაძე. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, 22-ლიტრიანი ბოცა მხოლოდ მე და სოსოს გამოგვიცლია... საშუალოდ, 7-8 ლიტრის დალევა მიწევს ხოლმე. ამჟამად ვისვენებ, "ქეიფის სამინისტროდან" შვებულება მაქვს აღებული... ჯანმრთელობას მოვიწესრიგებ და გავაგრძელებ ისევ. ისე კი, ერთი ათი წლის მარაგი უკვე დალეული მაქვს და შემიძლია, მშვიდად ვიყო...

- "იუმორინაში" მაინცდამაინც სვანის როლი რატომ შეგხვდათ?

- მარნეულში ვმუშაობდი. სოფელ თამარისში სვანები არიან ჩამოსახლებული, ხშირი ურთიერთობა გვქონდა და მათი ხასიათი დავიჭირე...

- მაშინ სვანებზე რაიმე ახალი მკითხველსაც ვუთხრათ...

- ერთმა მეგობარმა სვანმა ჩვენი საერთო მეგობარი სახლის საჩვენებლად წაიყვანა - პატრონს ეჩქარება და იაფად ყიდისო. დიდხანს ეძებეს, მაგრამ მის ეზო-კარს ვერ მიაგნეს. ამ სვანმაც იხტიბარი არ გაიტეხა და მეგობარს უთხრა, - ეტყობა, გაყიდეს, თორემ როგორ ვერ მივაგნებდიო...

ქუთაისში შემხვდა ორმეტრიანი სვანი. გამომელაპარაკა. ვერ ვიცანი, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ, სუფრასთან შევხვედრივართ ერთმანეთს-მეთქი (აბა, ბიბლიოთეკაში ვერ ვნახავდი, იქ მე არ დავდივარ და). არც უკითხავს, ისე დაათვალიერა ჩემი ჯიპი - მანქანაც სვანური გყოლიაო. რამდენ ლიტრს წვავს?

- მეკითხება. 14-15 ლიტრს-მეთქი. - ყოველდღე? - არა, დღეგამოშვებით-მეთქი, - ვუპასუხე...

- ახალი ანეკდოტებიც გეცოდინებათ...

- ნამდვილ ამბავს მოგიყვებით: კახელი მიდის ვირის "ტაჭკით". ქარიანი ამინდია. დაატრიალა ნიავმა გაზეთი და ვირს პირდაპირ თვალებზე ააფარა. გადაირია ვირი, ახტა-დახტა, ტლინკები ყარა, გადააბრუნა საზიდარი და მიხო ქვეშ მოიყოლა. ძლივძლივობით გამოძვრა "ტაჭკის" ქვეშიდან და ამოიკვნესა: "ნეტა, რა ეწერა ამისთანა ამ გაზეთში, ასე რომ გადაირია ეს შობელძაღლი, ჯოო..."

სომეხმა ფული იპოვა. გადათვალა და, - აკლია, ტოო...

- ამდენს რომ ხუმრობთ, სვანები ხომ არ გიბრაზდებიან?

- უკვე იმდენი სვანი მეგობარი მყავს, ახალ ამბავს რომ გაიგებენ, თვითონ მირეკავენ ხოლმე, - ასე და ასე მოხდა და ახლა შენ იცი, შენებურად მიხედეო.