"ხალხი ასამართლებს" - კვირის პალიტრა

"ხალხი ასამართლებს"

ნოემბრის ბოლოდან  ქართველი საზოგადოება ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში სახალხო სასამართლოს იხილავს, რომელსაც სახალხო მოსამართლის სტატუსით ადამიანის უფლებათა  ევროპის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე წარუძღვება. სახალხო ბრალმდებლის ფუნქციას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იტვირთებს. ნაფიცი მსაჯულების როლს საზოგადოებისათვის ცნობილი და პატივცემული პირები მოირგებენ. დაცვის მხარის დაკომპლექტებას პროექტის ავტორები ხელისუფლებასა და  მისდამი ლოიალურად განწყობილ იურისტებს სთავაზობენ, მაგრამ თუ ხელისუფლება პროცესზე დამცველს არ გამოგზავნის, საზოგადოება მას "სახაზინო ადვოკატს" დაუნიშნავს. სახალხო სასამართლოს დარბაზი, სავარაუდოდ, რომელიმე თეატრის სცენაზე განთავსდება და მასზე დასასწრებად საზოგადოება ბილეთებს შეიძენს. განსასჯელთა სკამის წინ, სცენაზე, ხელისუფლების ცნობილ წარმომადგენელთა სურათები განთავსდება.

პროექტის მიზანი, მისი ავტორის, ფილოსოფოს შიო არსენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების სავარაუდო სამართალდარღვევათა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გატანაა. ხალხი ხელისუფლების წყაროა და მისი გაკონტროლების უფლებაც აქვს.ამ პროექტით ხალხი მოეხმარება ხელისუფლებას შეცდომების გამოსწორებაში, ხალხთან დარღვეული კავშირისა და დაკარგული ნდობის აღდგენაში. სახალხო სასამართლო საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების თანახმად ჩატარდება.

შიო არსენიშვილი: - ეს ობიექტური სასამართლო იქნება, მას  გადაცდომის უფლება არა აქვს.

- სახალხო სასამართლოზე თუ განიხილავენ ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს?

- რა თქმა უნდა. განხილული იქნება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაული, რომელთაც ხალხი ხელისუფლებას სდებს ბრალად. თუ ხელისუფლება უდანაშაულო  აღმოჩნდება - ვაღიარებთ, თუ დამნაშავე, ამას დოკუმენტურად გავაფორმებთ. სახალხო სასამართლოს პიარი მთელ მსოფლიოში განხორციელდება. ჩამოვლენ დამკვირვებლები ჰააგიდან. ცხადია, სასამართლო შეისწავლის იმ აუდიოჩანაწერებს, რაზეც ბატონი თემურ შაშიაშვილი ლაპარაკობს. მანამდე კი წარმოდგენილ მასალას საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

პროექტის ავტორებისათვის ყველაზე ძნელი "სახალხო სასამართლოში" მონაწილეობაზე მინდია უგრეხელიძის დაყოლიება იყო.

მინდია უგრეხელიძე: - როდესაც პროცესები ჩიხში შედის, როდესაც ქვეყანაში  კრიზისია, ქვეყანასა და ხალხს უჭირს და პოლიტიკური საშუალებებით ჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, იურისტების მოშველიება ხდება საჭირო. მინდა დათქმა გავაკეთო, რომ პირუთვნელები ვიქნებით. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე და არაფერი სხვა. რაც მეტი საბუთი აღმოჩნდება ბრალდების წინააღმდეგ, მით უკეთესი. არ ვიცი, რა იქნება პროცესის შედეგი. საყოველთაო, სახალხო იმპიჩმენტი თუ გორგასლის დიდი ორდენი ხელისუფლებისთვის. ნურავინ დაიჯერებს ამქვეყნად, რომ უზადოდ განსჯის ვინმეს. უზადო მსაჯული უზენაესია. არაფერი ისე არ სჭირდება საქართველოს, როგორც სანთელი სიმართლის მოსაძებნად. ოსანა სიმართლესა და სიმართლის მძებნელ ძალებს.

გელა ნიკოლაიშვილი, სახალხო ბრალმდებელი: - ეს არის მცდელობა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება სამართლებრივ დაპირისპირებაში იქნეს გადატანილი. სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს საკითხები, რაც აქტუალურია საზოგადოებაში, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების დანაშაულად მიიჩნევს.

- იქნებ გვითხრათ, ყველაზე მძიმე ბრალდება რა იქნება?

- ყველაზე მძიმე ბრალდებაა ტერიტორიების დაკარგვა, მოქალაქეების დევნილებად ქცევა. ზოგჯერ ერთი კაცის მკვლელობისთვის უსჯიან ადამიანს სამუდამო პატიმრობას, შარშან აგვისტოში კი ასობით დაიღუპა, ათასობით დაიჭრა და დევნილად  იქცა. ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი, არის ომის დაწყება და მისი შედეგები. პროცესზე გამოიკვეთება, რამდენად შეიძლებოდა ამ ომის აცილება, ვისმა არაკომპეტენტურმა თუ ნაჩქარევმა მოქმედებებმა შეუწყო ხელი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას.

ასევე მნიშვნელოვანი ბრალდება იქნება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები.  აქცენტს გავაკეთებთ იმ 8 საქმეზე, რომელში მონაწილე 19 პირი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა პოლიტპატიმრებად. ესენი არიან ნორა კვიციანი, მერაბ რატიშვილი, იგორ გიორგაძის 12 მომხრე და სხვები.

ხელისუფლებას ასევე წავუყენებ  ბრალდებებს კერძო საკუთრების უკანონო ჩამორთმევის ფაქტებზე, ასევე ქუჩებში ჩაცხრილული ადამიანების გამო, რომელთა მკვლელებიც არ არიან დასჯილი. სამწუხაროდ, ბრალდება მრავლადაა.

- კონკრეტულად, სააკაშვილს რის გამო წაუყენებთ ბრალს?

- არის საკითხები, რაც პრეზიდენტის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილიყო. საომარ მოქმედებებს   უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე ვერავინ დაიწყებდა. პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ მისი ბრძანებით ჩაახშვეს ციხეში ბუნტი და გაკეთდა ბევრი ისეთი რამ, რაც  საზოგადოების აზრით არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში. სააკაშვილმა რამდენჯერმე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია.

პ. ს. ნოემბრის ბოლოს, ღამის 23  საათიდან, მთელი საქართველო ტელეეკრანებით მიადევნებს თვალს  "სახალხო სასამართლოს". წინასწარი პროგნოზით, 2-3 თვეში კი სახალხოდ გასამართლებული და განაჩენგამოტანილი ხელისუფლება გვეყოლება. რა იქნება საბოლოო ვერდიქტი, - გორგასლის დიდი ორდენი თუ სახალხო იმპიჩმენტი?"