სიკეთე მასთან ერთად ცხოვრობდა - კვირის პალიტრა

სიკეთე მასთან ერთად ცხოვრობდა

რეზო ინანიშვილის მოთხრობებს კიდევ ერთი მთავარი გმირი ჰყავს –ქართული სიტყვა, ლაღი და ტევადი, მოქნილი და ყოვლისშემძლე

ლიტერატორი თემურ მაღლაფერიძე რევაზ ინანიშვილზე ამბობდა: "ბევრს არ შევხვედრივარ რეზოსავით ნაკითხ კაცს. ერთ რამედ ღირდა მოსმენა, როცა თავის საყვარელ ავტორებსა და ნაწარმოებებზე იწყებდა მუსაიფს. ჰყვებოდა დინჯად, მდორედ და გემოვნებით, კახური ინტონაციით. გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა, ყველაფერი დეტალურად ახსოვდა, რაც კი ოდესმე წაეკითხა. მიკვირდა, მაშინ უკვე არაერთი შედევრის ავტორს, გულწრფელი აღტაცება რომ შეეძლო, როცა სხვათა მხატვრული სიმაღლეების თაობაზე საუბრობდა".

სხვათა სიმაღლეებით აღფრთოვანება კი მხოლოდ რჩეულ და თავმდაბალ ადამიანებს, შემოქმედებს შეუძლიათ, ვინც საკუთარი თავის ფასიც იცის და გარშემომყოფთათვისაც მხოლოდ სიკეთე ემეტება.

სიკეთე მასთან ერთად ცხოვრობდა, ერთი ხელი ნიჭიერებისათვის ჩაეკიდა, მეორე - თავმდაბლობისათვის და მთლიანად ავსებდა სივრცეს, სადაც მწერალი დადიოდა, წერდა, შვილებსა და შვილიშვილებს ეფერებოდა და ალალ ლუკმას აწვდიდა ოჯახს. სწორედ სიკეთეს განედევნა მისი სახლიდან ყველაფერი, რასაც ჩვენ კეთილმოწყობას ვეძახით. განედევნა კი არა და, არ შემოეშვა, თორემ, არც არასოდეს ყოფილა უზრუნველყოფილი... სამაგიეროდ, სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერი გაანადგურებდა, თავად მისგან მომდინარეობდა.

წერდა პატარა მოთხრობებს, თითქოს უმნიშვნელო, სხვისთვის შეუმჩნეველ ამბებსა და ადამიანურ თვისებებზე. აკაკი ბაქრაძემ ინანიშვილის მოთხრობებს „"სულის პური" უწოდა: "მისი სამყარო მზით გაბრწყინებული სამყაროა, დასახლებული პატიოსანი, კეთილი, მშრომელი, ურთიერთმოყვარული ადამიანებით.“ ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა, - რეზომ თვითონაც არ იცის, როგორი დიდი მწერალიაო. თამაზ ჭილაძე კი: „"თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, რითიც მთელი კახეთი, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი. ლაპარაკობდა დინჯად, მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენს ზევით, უხილავ სახურავზე. მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა".

არ უყვარდა, როცა "ბატონოთი" მიმართავდნენ.… მისი მშვენიერი მოთხრობების გმირებიც, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანები არიან, რომელთა გულებში ისეთი ვნებები ბობოქრობს, ისეთი გრძნობების ჭიდილია, რომ ანტიკური ტრაგედიების გმირებსაც შეშურდებათ. მისი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ რწმუნდები, რომ სამყარო სწორედ“პატარა ადამიანებზე დგას. ანანურელი ულამაზო ("ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები", ქვეყნის ამომგდები”იოსება ("უშიშარი ბიჭი იოსება"), მეოცნებე გოგონა, რომელიც თვალდახუჭული მეტს ხედავდა, ვიდრე თვალხილული ("გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა"), იმ სიკეთესა და სილამაზეს აფრქვევენ, რომლის გარეშეც ყოველდღიურობა აუტანელი გახდებოდა. ღიმილი და ცრემლი ენაცვლება და ავსებს ერთმანეთს, როცა რეზო ინანიშვილის ბრწყინვალე მინიატიურულ პროზას კითხულობ, ამიტომაც ამბობს: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მწერალი გრძლად წერს თუ მოკლედ, მთავარია, კარგად წეროსო. მის მინიატიურებს ფრაზის სისადავე და სიზუსტე გასდევს: "ეთერი მეოთხე კლასში სწავლობს. როგორც ყველა ქართველი გოგო, ისიც მორცხვია და უფროსებთან ყოველთვის თავდახრილი დგას".

რეზო ინანიშვილის მოთხრობებს კიდევ ერთი მთავარი გმირი ჰყავს - ქართული სიტყვა, ლაღი და ტევადი, მოქნილი და ყოვლისშემძლე. სიტყვებს ძველი სკივრიდან იღებს და აცოცხლებს, ახალ ძალას ანიჭებს. ამიტომ არც ის არის შემთხვევითი, რომ ის ერთ-ერთია იმ ქართველ მწერლებს შორის, რომლითაც "ჰარი პოტერითა" და "ბეჭდების მბრძანებლით" გატაცებული ბავშვები მშობლიური ლიტერატურის კითხვას იწყებენ, ქართული მწერლობის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. რეზო ინანიშვილის პროზაში დღეს ასე გაძარცული და გაღატაკებული ქართული სიტყვა მოზარდებს მთელი სისავსით წარმოუდგება, მშობლიური ენის უკეთ დაუფლებაში ეხმარება. ამიტომაც არის მისი მოთხრობები, სხვა ქართველ კლასიკოსებთან ერთად, ასე უხვად შესული სასკოლო სახელმძღვანელოებში. რევაზ ინანიშვილი ჩვენს მერკანტილურ დროში ყველა თაობის მკითხველს მარადიულ და“უბრალო კითხვებზე აფიქრებს, იმაზე, რაზეც ყოველდღიურობაში ჩაფლულებს დრო არა გვაქვს, თვითონ ვეძებოთ პასუხი.  მწერალს თავისი სტაჟიანი, ერთგული მკითხველიც ჰყავს და არც ახალწამკითხველები, ანუ "მისალოცები" ელევა, ამიტომ მისი ექვსტომეულის გამოსვლა საჩუქარია  ჩვენი მკითხველისთვის. მისი ნოველები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჰუმანიზმს, ანუ კაცთმოყვარეობას, თუნდაც ოდნავ გადაჭარბებულს, არასოდეს გასდის ყავლი.

რეზო ინანიშვილს უნდოდა სამყარო, მისი გარშემომყოფნი  უკეთესები ყოფილიყვნენ და ამისათვის ნიჭსა და ოსტატობას არ იშურებდა. მწერლის შედევრების წაკითხვის შემდეგ საკუთარი თავიც უკეთესი გეჩვენება და სამყაროც შენ ირგვლივ, ხვალინდელ დღესაც მეტი ოპტიმიზმით ხვდები; ნამდვილ ლიტერატურას ხომ მეტი არც არაფერი მოეთხოვება.

როგორც თავად წერდა, "ზამთრის ერთ გაცრიაცებულ დღეს" მიაბარეს მიწას. მრავლისმეტყველია ისიც, რომ რეზო ინანიშვილი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა, არ ისურვა ყოფნა გახლეჩილ, დაპირისპირებულ ქვეყანაში და წავიდა. იმ ლიტერატურული სამყაროს მარადიული ნაწილი გახდა, სადაც ყველა მოთხრობაში ასეთი გულმოდგინებით გვეპატიჟება და უნდა, ამ სამყაროს ღირსი ვიყოთ, - თუნდაც ოდნავ უკეთესი, ვიდრე ვართ, ანანურელ ულამაზოსავით ბედს არ შევურიგდეთ და ბოლომდე ველოდოთ "დამძახებელს".

რევაზ ინანიშვილი არ იყო "ელიტური"”მწერალი, რომელიც მუდამ წუწუნებს, მკითხველს ჩემი არ ესმისო, მას სჯეროდა თავისი მკითხველის, ხშირად ამბობდა: მწერლის ნაწერს რომ წაიკითხავენ, ასე უნდა ამოიძახონ: ოჰო, აი, როგორი ვიღაცები ყოფილან ჩვენშიო.

რეზო ინანიშვილს, მის პროზას ამგვარი "ამომძახებლები" არასოდეს დაელევა.

P.S. ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად "ჩემი რჩეულის" სერიით რეზო ინანიშვილის ექვსტომეულის პირველი ტომი გამოვა. მისი მინიატიურები და მოთხრობები ყველაზე საჭირო სალბუნად უნდა ვაქციოთ და წონასწორობადაკარგულ სამყაროში სწორედ მისით გავიმაგროთ დაღლილი გულები. რევაზ ინანიშვილის  წიგნებში ხომ ნამცეცებად შეგროვებული სიკეთეები გელოდებათ.

ნინო კვიტაშვილი